Facebook Twitter

საქმე №ას-698-2019 28 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. ჩ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. რ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი. რ-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ჩ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 2000 აშშ დოლარი.

3. მხარეები არ შეთანხმებულან ვალის დაბრუნების კონკრეტულ თარიღზე, თუმცა განსაზღვრეს, რომ მსესხებელს აღნიშნული თანხა უნდა დაებრუნებინა მოსარჩელის მოთხოვნისთანავე. მოსარჩელე არაერთხელ ითხოვდა ვალის დაბრუნებას მოპასუხისაგან, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებას და ითხოვა დახმარება თანხის დაბრუნების მიზნით. ვინაიდან საქმე არ შეიცავდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ პოლიციაში აღიარა ვალის არსებობა, რაც დასტურდება ძველი თბილისის სამმართველოში დაცული მასალებით.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც სასესხო ურთიერთობას დაადასტურებდა. რაც შეეხება გამოკითხვის ოქმებს, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელემ თანხა ასესხა სხვა პირს (შემდგომ – მესამე პირი), რომელიც არის პასუხისმგებელი აღნიშნული თანხის გადახდაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხე ვალდებულია, გადაუხადოს მოსარჩელეს სესხის სახით მიღებული 2000 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორად მიუთითა მოპასუხის ვალდებულებაზე, დაედასტურებინა სადავო გარემოება.

8. სააპელაციო პალატამ სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ: შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილებიდან გამოთხოვილ მხარეთა ზეპირი გასაუბრების ოქმებზე.

9. მოპასუხის ზეპირი გასაუბრების ოქმში აღნიშნულია შემდეგი: ,,დაახლოებით ორი წლის წინ მას დაუკავშირდა მისი მეგობარი და უთხრა, რომ მისულიყო მოსარჩელესთან და ის მისცემდა 2000 აშშ დოლარს და აღნიშნული თანხა მიეტანა სხვა ფიზიკური პირისათვის. აღნიშნულზე მოპასუხე დათანხმდა, რადგანაც იგი ისედაც მისასვლელი იყო მოსარჩელესთან, რადგან სჭირდებოდა ტანსაცმელი, იმიტომ რომ იგი აპირებდა ზღვაზე წასვლას დასასვენებლად. მართლაც მოპასუხე მივიდა მოსარჩელესთან, ქ. თბილისში ... სახლში მასთან. მისი განმარტებით, არ ახსოვს სახლის ნომერი და იქ სახლში მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 2000 აშშ დოლარი და აღნიშნული თანხა მან მიუტანა სხვა ფიზიკურ პირს (შემდგომ – ფიზიკური პირი).“

10. მოსარჩელის ზეპირი გასაუბრების ოქმში მიუთითებს შემდეგზე: ,,2012 წლის 14 იანვარს დამიკავშირდა მესამე პირი და მთხოვა, მისი მეგობრისათვის მესესხებინა 3500 აშშ დოლარი. გარანტად მესამე პირი დადგა. მოვიდა ფიზიკური პირი ჩემთან სახლში და გადავეცი თანხა. 2013 წლის 23 სექტემბერს დამიკავშირდა ფიზიკური პირი და მთხოვა 1500 აშშ დოლარი, ეს თანხაც გადავეცი ჩემს სახლში. 2014 წლის 29 აგვისტოს ისევ დამიკავშირდა მესამე პირი და მთხოვა 2000 აშშ დოლარი, რაზეც მე უარი ვუთხარი, არ მინდოდა ფიზიკური პირისათვის მიმეცა თანხა. მაგრამ ამ პირმა მითხრა, რომ მის მეგობარ გოგოს ჭირდებოდა, ამ შემთხვევაში მე თანხმობა ვუთხარი. მითხრა, რომ ჩემთან მოვიდოდა მოპასუხე და რომ ეს თანხა გამეტანებინა მისთვის. მოვიდა მოპასუხე ჩემთან სახლში და გადავეცი 2000 აშშ დოლარი.“

11. სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ უნდა განსაზღვროს სადავო და უდავო ფაქტები. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ჰპოვებს გამოვლინებას. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას.

12. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის ამავე კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მხარე, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მას აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი.

13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სსსკ-ში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარე არ უარყოფს თანხის მიღებას, თუმცა მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებად მიუთითებს მოსარჩელისა და მესამე პირს შორის არსებულ სასესხო ურთიერთობაზე, პალატის შეფასებით, სწორედ მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა და, შესაბამისად, სასამართლოსათვის წარედგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ფიზიკური პირის ან მესამე პირის ნება სადავო თანხის მიღებასთან დაკავშირებით. ასეთი მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია და მხოლოდ მითითება ზეპირი გასაუბრების ოქმზე იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა გადასცა მესამე პირის თხოვნით, არ ადასტურებს სადავო ფაქტობრივ გარემოებას, მოსარჩელესა და მესამე პირს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 316-ე მუხლის პირველი, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან.

15. ამავე კოდექსის 623-ე, 624-ე, 365-ე მუხლების, 626-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელისათვის სესხის – 2000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება. გარდა ამისა, არსებობს სესხის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და სესხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველი, რის გამოც სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.

16. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა, რის გამოც არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორმა მიიჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, ხოლო საკასაციო საჩივარი დასაშვებია ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით.

19. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა (საქმე №ას-788-748-2013), რომ თუ სააპელაციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი მასალები შეაფასა როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ამ შემთხვევაშიც, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩვენებები იმ პირთა ახსნა-განმარტებებია, რომლებიც კონკრეტული სამოქალაქო საქმეში პროცესის მონაწილეები არიან და განმარტებებს იძლევიან სამოქალაქო პროცესში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოცემული მოწმეთა ჩვენებები შეფასდეს როგორც წერილობითი მტკიცებულებები, მაგრამ პროცესუალურ-სამართლებრივ წესებთან ერთად სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მტკიცებულების მატერიალურ-სამართლებრივი მხარე, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს მტკიცებულებათა კვლევა-შეფასების ეტაპზე.

20. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ მოახდინა პოლიციიდან მიღებული მასალების სწორი იურიდიული და კრიტიკული ანალიზი.

21. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელისათვის 2000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. პოლიციიდან გამოთხოვილი მასალები ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსისაა, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ:

25. მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 2000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა მოპასუხეს კრედიტორისათვის არ დაუბრუნებია.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

29. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელისაგან სესხად 2000 აშშ დოლარის მიღების ფაქტს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნული გარემოება არასწორად დაადგინეს.

30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

31. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

32. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

33. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

34. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, პოლიციიდან გამოთხოვილი მოპასუხის განმარტება, რომლითაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა მოსარჩელისაგან სადავო 2000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, თუმცა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ აღნიშნული თანხა გადასცა სხვა ფიზიკურ პირს სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა. მითითებული გარემოება მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა. შესაბამისად, მოპასუხემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა.

35. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას 20.10.2014წ. №ას-788-748-2013 საქმეზე. აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაფიქსირებული განმარტებების წერილობით მტკიცებულებებად შეფასებას, შესაბამისად, კასატორის პოზიცია საფუძველს მოკლებულია.

36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

39. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გაიოზ ნიჟარაძის მიერ 2019 წლის 10 ივნისს №8044958049 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ რ. ჩ-ეს (პირადი №01024....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ნ-ის მიერ 2019 წლის 10 ივნისს №804495... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე