Facebook Twitter

საქმე №ას-430-2019 5 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „პ. ფ.“ (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. რ-ა, ც. ნ-ა (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2016 წლის თებერვალიდან შპს „პ. ფ.“ (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) და შპს „პ. გ.“ (შემდეგში: კომპანია ან კერძო კომპანია) შორის არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე აწვდიდა პროდუქციას კერძო კომპანიას, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 477-ე, 327-ე და 69-ე მუხლები).

2. 2016 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით მოსარჩელემ კერძო კომპანიას მიაწოდა 20,451.94 ლარის ღირებულების პროდუქცია. 2016 წლის 11 აპრილს კერძო კომპანიამ მოსარჩელეს გადაუხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება 9,110.20 ლარის ოდენობით. 2016 წლის თებერვლიდან მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია. 2016 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 11,341.74 ლარს.

3. 2016 წლის 13 აგვისტოს შპს „ქ. რ.“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე) მოსარჩელეს გაუგზავნა წინადადება კომპანიის ვალდებულების აღების შესახებ. ამ ოფერტით პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა კომპანიის ვალის დაფარვა. 2016 წლის 19 სექტემბრის აქცეპტით მოსარჩელე დაეთანხმა პირველი მოპასუხის ოფერტს. კომპანიამ ვალი გადააკისრა პირველ მოპასუხეს, რაზედაც თანხმობა გამოთქვა მოსარჩელემ.

4. 2016 წლის 8 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების თანახმად, კერძო კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა მეორე მოპასუხე და დირექტორად დაინიშნა მესამე მოპასუხე, რომელიც დღემდე კომპანიის დირექტორია.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა კერძო კომპანიის, პირველი მოპასუხის, თ. რ-სა (შემდეგში: მეორე მოპასუხე) და ც. ნ-ას (შემდეგში - მესამე მოპასუხე) მიმართ 11,341.74 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

6. სარჩელი ეფუძნება ამ განჩინების პპ: 1-4-ში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის თებერვალში მოსარჩელესა და კერძო კომპანიას შორის დაიწყო საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე აწვდიდა პროდუქციას კერძო კომპანიას, ხოლო კომპანია ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულ-ება. 2016 წლის ივლისში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, მოსარჩელემ დამატებითი ზარალის თავიდან ასაცილებლად მოპასუხისაგან უკან დაიბრუნა პროდუქცია, რომლის რეალიზებაც არ მომხდარა და რომელიც ვარგისი გახლდათ და დაუყოვნებლივ მოითხოვა არსებული დავალიანების დაფარვა. 2016 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით მოსარჩელემ კერძო კომპანიას მიაწოდა 20,451.94 ლარის ღირებულების პროდუქცია (აღნიშნული თანხა არ მოიცავს უკან დაბრუნებული პროდუქციის ღირებულებას). 2016 წლის 11 აპრილს კერძო კომპანიამ მოსარჩელეს გადაუხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება 9,110.20 ლარის ოდენობით. მოპასუხეს 2016 წლის თებერვლიდან სხვა გადახდა არ განუხორციელებია. 2016 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით კერძო კომპანიის დავალიანება შეადგენს 11,341.74 ლარს. 2016 წლის 13 აგვისტოს პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა წინადადება კერძო კომპანიის ვალდებულების აღების შესახებ. 2016 წლის 19 სექტემბერს მოსარჩელე დაეთანხმა (აქცეპტი) კერძო კომპანიის ოფერტს. მიუხედავად ვალდებულების აღებისა, კერძო კომპანია უარს აცხადებს მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებაზე. თანხის გადახდაზე უარს აცხადებს კერძო კომპანიაც.

7. კერძო კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა მეორე მოპასუხე და დირექტორად დაინიშნა მესამე მოპასუხე. მიუხედავად საწარმოს გადახდისუუნარობისა არც ყოფილ დირექტორს - მეორე მოპასუხეს და არც ამჟამინდელ დირექტორს - მესამე მოპასუხეს არ განუცხადებიათ საწარმოს გადახდისუუნარობის შესახებ.

8. მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის გამომრიცხელი შესაგებელი.

9. მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო კერძო კომპანიის მიმართ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 831 მუხლი) მოთხოვნის ნაწილში.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძო კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11341,74 ლარის გადახდა. სარჩელი მეორე და მესამე მოპასუხეების მიმართ არ დაკმაყოფილდა.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მეორე და მესამე მოპასუხის მიმართ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 230-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, (მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე) რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

14. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება აპელანტი, მაგრამ არ გამოცხადდება მისი მოწინააღმდეგე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: - აპელანტი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე; - არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით; - სააპელაციო საჩივარში მითითებული და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას.

15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებულ მოთხოვნათა ნაწილში სარჩელის უარყოფასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა რომ აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს პირველ მოპასუხესთან ერთად მეორე და მესამე მოპასუხეებისათვის 11,341.74 ლარის სოლიდარულად დაკისრება, აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით პალატამ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ:1-4 -ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი მოპასუხის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს არ წარმოადგენენ მეორე და მესამე მოპასუხე.

16. დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ვალის გადაკისრება მოხდა პირველ მოპასუხეზე, რაზედაც თანხმობა გამოთქვა მოსარჩელემ. მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო კერძო კომპანიის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან კომპანიის მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 თებერვლის განჩინებით საქმეზე N2/2611-17.

17. მოსარჩელემ სოლიდარულად მოითხოვა პირველი, მეორე და მესამე მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, რადგან არც ყოფილ დირექტორს - პირველ მოპასუხეს და არც ამჟამინდელ დირექტორს - მესამე მოპასუხეს არ განუცხადებიათ საწარმოს გადახდისუუნარობის შესახებ, რითაც საწარმოს დირექტორებმა დაარღვიეს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი.

18. სააპელაციო პალატამ უარყო მითითება იმის თაობაზე, რომ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხისადმი მიმართული სარჩელის მოთხოვნა სოლიდარულად 11 341 74 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების შესახებ გამომდინარეობდა ერთი სამართლებრივი ურთიერთობიდან და ეფუძნებოდა ერთიან ინტერესს, რადგან იურიდიულად მნიშვნელოვანი ქმედებების განხორციელების საფუძველზე კერძო კომპანიის მიმართ მოთხოვნიდან წარმომდგარ ვალდებულებას თანმიმდევრულად სოლიდარულობის საწყისებზე შეუერთდნენ: პირველი მოპასუხე - მის მიერ კომპანიის ვალის აღიარებით, კომპანიის დირექტორები, მათ მიერ კანონისმიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად წარმომდგარი დელიქტური ზიანით, რაც ქმნის ერთიანი ინტერესიდან გამომდინარე სოლიდარულ ვალდებულებას.

19. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ საწარმო გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დგას, ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულმა პირებმა ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა უგვიანეს 3 კვირისა, უნდა განაცხადონ ამის თაობაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადება ბრალეულ გაჭიანურებად არ მიიჩნევა, თუ ზემოხსენებული პირები ამ განცხადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებით ეპყრობიან. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ ამყარებს სსკ-ის 992-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ კანონის“ მე-9 მუხლზე და განმარტავს, რომ ყოფილ დირექტორს მეორე მოპასუხეს და არც ამჟამინდელ დირექტორს მესამე მოპასუხეს არ განუცხადებიათ საწარმოს გადახდისუუნარობის თაობაზე, რითაც საზოგადოებას მიადგა ზიანი.

20. მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებთან და სარჩელის მატერიალურ წინაპირობებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 992-ე მუხლი, ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი.

21. იმავდროულად, აღინიშნა, რომ ეს უკანაკნელი ნორმა ზოგადად განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისა და საწარმოს არაკეთილსინდისიერად (საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ) მართვისათვის, ხოლო სსკ-ის 992-ე მუხლი წარმოადგენს იმ სამართლებრივ ნორმას, რომელსაც შეიძლება დავუკავშიროთ ის კონკრეტული მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი - ზიანის ანაზღაურება, რომლის დადგომაც სურს მოსარჩელეს.

22. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა (სუსგ №ას-848-806-2013).

23. სსკ-ის 992-ე ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ.

24. ამდენად, მოცემული მუხლის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

25. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები.

26. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე, პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე.

27. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულს.

28. „მეწარმეთა შესახებ კანონის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს – დირექტორს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო მე-6 პუნქტით დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ზიანის, ანუ ფაქტობრივი დანაკლისის არსებობა სსკ-ის 992-ე მუხლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის არარსებობის გარეშეც, მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება მოპასუხის პასუხისმგებლობას ვერ გამოიწვევს.

29. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს პირველი მოთხოვნა მიმართული იყო პირველი მოპასუხის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და პირველ მოპასუხეს დაეკისრა 11341,74 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა სააღსრულებო პროცედურების განხორციელებაზე და მის დამარბკოლებელ გარემოებებზე აპელანტს არ მიუთითებია. პალატას მიაჩნია რომ, ისეთ ვითრებაში, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო თანხა 11341,74 ლარი უკვე დაკისრებული აქვს მოპასუხეს და მოსარჩელეს შეუძლია მატერიალური ინტერესის თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მექანიზმები გამოიყენოს, 992-ე მუხლით გათვალისწინებული უმთავრესი წინაპირობა - ზიანი სახეზე ვერ იქნება.

30. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას ნასყიდობის თანხის სოლიდარულად დაკისრებასთან დაკავშირებით, სსკ-ის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

31. სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სსკ-ის 463-ე მუხლში აყალიბებს. მუხლის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ. სსკ-ის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე.

32. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, კრედიტორის მოთხოვნები სოლიდარულ მოვალეთა მიმართ ერთიანი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობდეს. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არის დაკავშირებული და ერთ მთლიანობას ქმნის. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულს და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა (სუსგ Nას-1307-1245-2014) და იმ შემთხვევაში, თუკი, მოსარჩელე ვერ მიიღებდა ნასყიდობის თანხას ვალდებული პირისაგან, მყიდველისაგან, მას შემდეგ შესაძლოა სახეზე ყოფილიყო 992-ე მუხლით გათვალიწინებული მესამე პირების პასუხისმგებლობის წინაპირობები.

33. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მეორე და მესამე მოპასუხის მიმართ.

34. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალურ სამართლებრივი ნორმების დარღვევით (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი). თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

35. კასატორი ციტირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, სადაც საუბარია სსკ-ის 922-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რითაც დაარღვია საპროცესო ნორმა, გასცდა შეჯიბრობითობის პრინციპს და ინკვიზიციურად ჩაერია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების არსებობა/არარსებობის შემოწმებაში და არასწორად დაადგინა ზიანის ფაქტის არარსებობა.

36. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ზიანის ფაქტის არარსებობა დაასკვნა იმის საფუძველზე, რომ პირველი მოპასუხის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც არ აღსრულებულა, რაზე დაყრდნობითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ფაქტი არ არსებობდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორად დაადგინა ზიანის არარსებობის ფაქტი.

37. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე აქარწყლებს ზიანის არსებობას, რადგან ზიანი, ანუ მოთხოვნა სხვა სოლიდარულ მოვალეთა მიმართ ქარწყლდება მხოლოდ მაშინ, როცა ვალდებულება შესრულებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი ციტირებს სსკ-ის 465-ე მუხლს. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ზიანის ფაქტის არარსებობასთან დაკავშირებული მითითება, რადგან ზიანი, როგორც ფაქტობრივი გარემოება, დადგენილად ითვლება სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და არსებობს მოთხოვნის ფაქტობრივად აღსრულებამდე.

38. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 463-ე და 464-ე მუხლები - სოლიდარული ვალდებულების შინაარსი და მისი წარმოშობის საფუძვლები. კასატორი ციტირებს გასაჩივრებულ განჩინებას (გვ.11) და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა გააკეთა.

39. კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიჩნია, რომ მოვალეთა ვალდებულებები თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და ყოფილი და ამჟამინდელი დირექტორების ვალდებულებები დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ერთი საერთო მიზნით - კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით არ არის დაკავშირებული. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ფულადი შესრულების მიღება, რომელიც მას უნდა მიეღო ნასყიდობის საფუძველზე; ვალის აღიარების საფუძველზე; დირექტორების მხრიდან დელიქტური ქმედების ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანისთვის, რომლის გამოც, შეუძლებელი აღმოჩნდა კომპანიის მიმართ აღსრულების განხორციელება.

40. კასატორის განმარტებით, მოთხოვნა მიმართ ემყარებოდა სსკ-ის 922-ე მუხლსა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტს, თუმცა, სააპლეაციო სასამართლომ გამოიყენა მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი, რაც არსებითად განსხვავებული მოწესრიგებისა და მიზნის მქონე დანაწესია. კასატორი ციტირებს მე-9 მუხლის მე-9 და მე-6 პუნქტების შინაარს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რამაც გამოიწვია საქმეში მტკიცების ტვირთის არასწორი გადანაწილება და არასწორი სამართლებრივი შედეგი.

41. კასატორი ციტირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 06 მაისის Nას-1158-1104-2014 გადაწყვეტილებას, სადაც განმარტებულია სოლიდარული მოვალეების მიმართ სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

42. ზემოაღნიშნული არგუმენტაციიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

43. გარდა აღნიშნულისა, კასატორი შუამდგომლობს მოპასუხეების მიმართ საპროცესო ხარჯების - 1511.45 ლარის დაკისრების თაობაზე.

44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

45. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

46. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მეორე და მესამე მოპასუხეების სოლიდარული პაუსუხისმგებლობის საკითხი. კასატორი ციტირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 06 მაისის Nას-1158-1104-2014 გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ მასში განმარტებულია სოლიდარული მოვალეების მიმართ სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მოხმობილი სასამართლო პრაქტიკა არარელევანტურია მოცემულ საქმეზე სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან და სარჩელის მოთხოვნასთან, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ Nას-1158-1104-2014 გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის თაობაზე (აგრეთვე, შდრ: სუსგ Nას-1307-1245-2014), მოცემულ შემთხვევაში, კი მოსარჩელეს გააჩნია პრეტენზია ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ კერძო კომპანიის მიმართ, რომლის ვალდებულების გადაკისრება მოხდა პირველ მოპასუხეზე (იხ., ამ განჩინების პპ:1-4), ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეებს, როგორც სოლიდარულად ვალდებულ პირებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მათ მიმართ წარმოშობილია დელიქტური სამართლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (სსკ-ის 992-ე მული). ამდენად, მითითებული პრაქტიკის საფუძველზე მეორე და მესამე მოპასუხისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

47. საკასაციო პალატას მაიჩნია, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მატერიალურსამართლებრივი ნორმების დარღვევის საფუძვლითაც (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მეორე და მესამე მოპასუხეებთან მიმართებაში მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების არარსებობის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართული იყო პირველი მოპასუხის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისაკენ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და პირველ მოპასუხეს დაეკისრა 11341,74 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

48. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს იმის მიღწევა სურს, რომ 11341,74 ლარის გადახდა, პირველ მოპასუხესთან ერთად, სოლიდარულად დაეკისროთ მეორე და მესამე მოპასუხესაც, თუმცა, ნიშანდობლივია, რომ კასატორს არ მიუთითებია პირველი მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების დამაბრკოლებელ გარემოებებზე სააღსრულებო პროცედურის შეფერხების კუთხით. ამ ვითარებაში, კერძოდ, როდესაც სადავო თანხა 11341,74 ლარი უკვე დაკისრებული აქვს მოპასუხეს და მოსარჩელეს შეუძლია მატერიალური ინტერესის თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მექანიზმები გამოიყენოს, 992-ე მუხლით გათვალისწინებული უმთავრესი წინაპირობა - ზიანი არ დასტურდება და არც სოლიდარული ვალდებულების დაკისრების მიმართ გააჩნია მოსარჩელს დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესი.

49. ამასთან, საგულისხმოა, რომ „მეწარმეთა შესახებ კანონის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს – დირექტორს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო მე-6 პუნქტით დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ზიანის, ანუ ფაქტობრივი დანაკლისის არსებობა სსკ-ის 992-ე მუხლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის არარსებობის გარეშეც, მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება მოპასუხის პასუხისმგებლობას ვერ გამოიწვევს. იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ თანხა დაკისრებული აქვს პირველ მოპასუხეს, როდესაც დადგენილია, რომ 2016 წლის 8 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კერძო კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა მეორე მოპასუხე და დირექტორად დაინიშნა მესამე მოპასუხე, რომელიც დღემდე კმპანიის დირექტორია, მეორე და მესამე მოპასუხე არ წარმოადგენდნენ პირველი მოპასუხის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს. შესაბამისად, მათთვის სოლიდარულად თანხის დაკისრებას არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი.

50. ზემაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

51. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

52. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წიანმდებარე განჩინებაში.

53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც, მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

54. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, კასატორის შუამდგომლობა საპროცესო ხარჯის ანაზღაურების შესახებ უარყოფილი უნდა იქნეს (ტ.2. ს.ფ. 58).

55. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „პ. ფ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „პ. ფ.“ შუამდგომლობა საპროცესო ხარჯის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. შპს „პ. ფ.“ (ს/კ: 405096...) უკან დაუბრუნდეს გიორგი ფანცხავას მიერ 2019 წლის 12 მარტს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (567.10 ლარი) 396.97 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ.ალავიძე