№ას-23-2019 24 აპრილი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ნ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.პ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.თ.პ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ნ.ჩ–ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ქალაქ თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით ...... (შემდეგში - სადავო ქონება), უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გადაეცა მოსარჩელეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 80 ლარის, გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. განჩინება კანონით დადგენილი წესით მოპასუხის/აპელანტის წარმომადგენელს ჩაჰბარდა - 2018 წლის 30 ნოემბერს.
4.2. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 1 დეკემბერს დაიწყო და იმავე წლის 5 დეკემბერს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე და 368.5-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან ხარვეზის განჩინება არც მას და არც მის წარმომადგენლებს კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებიათ, სახელდობრ, პირი, რომელსაც სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაჰბარდა, ამ განჩინების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი არ იყო, ვინაიდან, იგი საადვოკატო ბიუროს ადმინისტრაციის თანამშრომელი არ არის. გზავნილი არ ჩაჰბარებია ორგანიზაციის კანცელარიას, ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულსა და ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
8. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო.
9. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1 პუნქტი).
10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არაუფლებამოსილ პირს ჩაჰბარდა. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით მოწესრიგებულია ორგანიზაციისათვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინების ასლი მოპასუხის/აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ. ს.ფ. 40; 97) და ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს (იხ. გზავნილი, ს.ფ. 118), რაც, სსსკ-ის 70.1 და 73.8 მუხლების მიხედვით, მიიჩნევა ხარვეზის განჩინების აპელანტისათვის ჩაბარებად. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი არ ჩაჰბარებია, დაუსაბუთებელია (შდრ. იხ. სუსგ, #№ას-1187-1107-2017, 22.02.2018წ; #ას-1064-984-2017, 31.10.2017წ).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჩ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი