№ას-93-2019 31 მაისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – მ.ჩ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – თ.ბ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, საპროცენტო განაკვეთის შემცირება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2015 წლის 22 სექტემბერს თ.ბ–ასა (შემდეგში - მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) და მ.ჩ–ას (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ -ის, 623-ე და 286-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება, ს.ფ 17-20, ტ.1), შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 18 000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა - 2016 წლის 22 სექტემბერი, სარგებელი - 2,5% თვეში, პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.09% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ...... მდებარე ბინა #85, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #...... (შემდეგში - იპოთეკის საგანი).
2. 2016 წლის 15 ნოემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით, სესხის დაბრუნების ვადა 2017 წლის 15 ნოემბრამდე გაიზარდა (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 136-138).
3. 2017 წლის 15 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით კი, სესხის დაბრუნების ვადა 2018 წლის 15 ივნისამდე გაიზარდა (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 139-142).
4. მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
5. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2018 წლის 23 მარტს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 21-23). სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 18 000 აშშ დოლარით, ძირითადი თანხის გადაუხდელი ოთხი თვის პროცენტი - 1800 აშშ დოლარი,თ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 152.68 ლარით, პირგასამტეხლოს მიღებაზე კრედიტორმა უარი განაცხადა. ვალდებულების შესრულების მიზნით, სესხის უზრუნველსაყოფად აღსასრულებლად მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
6. 2018 წლის 19 აპრილს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა კრედიტორის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული #180307594 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანისა და საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოთხოვნით, ის ამტკიცებდა, რომ სარგებლის სახით მოპასუხეს 13.03.2018 წელს გადაუხადა 600 აშშ დოლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს. მოპასუხისათვის გადახდილი სარგებლის ჯამი 10 000 აშშ დოლარია, ყოველთვიური პროცენტის ოდენობის შემცირების შემთხვევაში, 10 000 აშშ დოლარიდან 6600 აშშ დოლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი პროცენტი, სესხის ძირითად თანხაში გადახდილად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში ძირითადი თანხა 11400 აშშ დოლარამდე, ხოლო სარგებელი 600 აშშ დოლარამდე უნდა შემცირდეს.
7. მოპასუხემ ერთი თვის სარგებლის - 450 აშშ დოლარისა და სააღსრულებო ხარჯის, 120 ლარის, ანაზღაურების ნაწილში სარჩელი ცნო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და მოსარჩელის აღსასრულებელი ვალდებულება სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯის ნაწილში - 32.68 ლარით და სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი პროცენტი - 1350 აშშ დოლარით განისაზღვრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 54-ე, 623-ე და 625-ე მუხლი გამოიყენა.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ 2015 წელს მხარეთა მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთის უცხოური ვალუტით 30%-ით განსაზღვრა ზნეობისა და მორალის საწინააღმდეგო შეთანხმებას არ წარმოადგენდა, რადგან სსსკ-ის 625-ე მუხლში განხორციელებული ცვილებების თანახმად იმ ფარგლებში ექცეოდა რომელიც შემდგომ კანონმდებელმა კანონშესაბამისად მიიჩნია. ამასთან, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა არა ზემოაღნიშნულ ნორმას არამედ, მხარეთა მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთის უცხოურ ვალუტაში 30%-ით განსაზღვრა ზნეობისა და მორალის საწინააღმდეგო შეთანხმებად არ მიიჩნია.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის მტკიცებით, სარგებლის ის ოდენობა, რაც კრედიტორმა განსაზღვრა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. კასატორის შეფასებით, მხარეთა შორის 2015 წლის 22 სექტემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და, სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილი და სამართლებრივად უშედეგოა.
18. კასატორის მსჯელობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, მხარეებს შორის სანოტარო წესით გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ნოტარიუსმა მისი შინაარსი წაუკითხა მხარეებს, რომელთაც თავადაც წაიკითხეს ხელშეკრულება და დანართები. მათ ნათლად და მკაფიოდ დაადასტურეს, თავიანთი ნება, რაზეც ნოტარიუსის თანდასწრებით ხელიც მოაწერეს (იხ. ხელშეკრულება - ს.ფ. 17-20).
19. პალატა განმარტავს, რომ ზოგადად კეთილსინდისიერების ჭრილში განიხილება სსკ-ის 54-ე მუხლი, რომელიც ბათილად ცნობს ისეთ გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ მუხლთან მიმართებით არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა (შდრ. სუსგ-ებს: №ას-755-811-2011, 10.09,.2012წ ; ას-40-38-2013,25.02.2013წ; ას-63-58-2013, 11.02.2013წ; საქმე №ას-813-764-2015, 28.10.2015წ; საქმე №ას-1167-1087-2017, 23.01.2018წ.).
20. მოცემულ შემთხვევაში, სარგებლის შეთანხმებული ოდენობა განისაზღვრა წლიური 30%-ით, რაც საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტის შესაბამისად, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისგან შეუსაბამო და მართლსაწინააღმდეგო პირობას არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ კასატორს, განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით, დასაბუთებული პრეტენზია შესაბამისი მტკიცებულებებით არ წარმოუდგენია, ამასთან, წლიური საპროცენტო სარგებელი - 30%, მოვალის უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების დასკვნის საფუძველს არ ქმნის.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-1325-2018 22.02.2019წ).
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჩ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ.ჩ–ას (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.კ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 25.02.2019), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი