Facebook Twitter

№ას-119-119-2018 30 მარტი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – თ.ჩ–ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ვ.გ–ა, შპს „ფ....“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ჩ–ამ (შემდგომში - მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.გ–ასა (შემდგომში - პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „ფ....-ის“(შემდგომში - მეორე მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. მეორე მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც შეგებებული მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის 2016 წლის 30 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე (ს/კ #.....). მოპასუხეებს, 3000 ლარის გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეგებებულ მოპასუხეს - 45000 აშშ დოლარისა და 3315 ლარის გადახდა დაეკისრა შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ. შეგებებული სარჩელი პროცენტის - 30000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ უარყოფილ იქნა.

4. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 4446 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

5.2. აღნიშნული განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2017 წლის 5 ოქტომბერს, კერძოდ, მოსარჩელის მამას, საქმეში მითითებულ მისამართზე (იხ. გზავნილი, ს.ფ. 122, ტ.2), 2017 წლის 6 ოქტომბერს კი, აპელანტის წარმომადგენლის ნათესავსაც საქმეში მითითებულ მისამართზე (იხ. რწმუნებულება, ს.ფ. 67-68, ტ.1 და გზავნილი, ს.ფ. 121, ტ.2).

5.3. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო და იმავე წლის 16 ოქტომბერს (15 ოქტომბერი იყო კვირა) დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინება ჩაჰბარდა მამამისს, რომელიც სხვაგან ცხოვრობს და გაუგებარია, თუ როგორ მოხვდა მასთან გზავნილი, ამასთან, მამამისს, არც არაფერი არ უთქვამს ამის შესახებ და არც გადაუცია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

9. გასაჩივრებული განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო.

10. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1 პუნქტი).

11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას არ ჩაჰბარებია. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 70.1 მუხლით მოწესრიგებულია მხარისათვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. იმავე კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინების ასლი მოსარჩელეს/აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ. ს.ფ. 59; 103) და 2017 წლის 5 ოქტომბერს ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს/მამას (იხ. გზავნილი, ს.ფ. 122), განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელსაც (იხ. რწმუნებულება, ს.ფ. 67-68, ტ.1) მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე (იხ. ს.ფ. 65, ტ.1) და 2017 წლის 6 ოქტომბერს ჩაჰბარდა ოჯახის წევრს/ნათესავს (იხ. გზავნილი, ს.ფ. 1221) ზემოაღნიშნული კი, სსსკ-ის 70.1 და 74.1 მუხლების მიხედვით, მიიჩნევა ხარვეზის განჩინების აპელანტისათვის ჩაბარებად. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი არ ჩაჰბარებია, დაუსაბუთებელია (შდრ. იხ. სუსგ, #№ას-1187-1107-2017, 22.02.2018წ; #ას-1064-984-2017, 31.10.2017წ).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ჩ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი