ბს-21-2-კს-04 15 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 15 ნოემბერს გ. ც.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ და მოითხოვა ცესკოს იმ განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც “...-ის” ჟურნალისტებს გაუუქმდათ აკრედიტაცია და ცესკოს შესაბამისი თანამდებობის პირთათვის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 ნოემბრის განჩინებით ¹3ა/526 ადმინისტრაციულ საქმეზე, ნ. ც.-ის სარჩელისა გამო, ცესკოს მიმართ შეწყდა საქმის წარმოება. გ. ც.-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის, გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ძირითადად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ხოლო, რაც შეეხება ცესკოს შესაბამისი თანამდებობის პირთათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას, სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-7 მუხლი (კანონის ანალოგია) და 272-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოება ასევე შეწყვიტა ადმინისტრაციული სახდელის დადების ნაწილში.
გ. ც.-მ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა და იმაზე მითითებით, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენება საპროცესო ნორმები, მოითხოვა მითითებული სასამართლოს 2003წ. 18 ნოემბრის განჩინების გაუქმება ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 24 დეკემბრის განჩინებით გ. ც.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და გ. ც.-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 2,5 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საოლქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სასჯელის დადების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტისას არასწორად იქნა გამოყენებული სსკ-ის 272-ე მუხლის “ა” პუნქტი, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის წესს, ხოლო ამავე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებები.
სსკ-ის მე-11 მუხლის I ნაწილის შესაბამისად კი, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლებების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ.
რაც შეეხება გ. ც.-ის მოთხოვნას შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იგი ვერ მოექცევა ზემოაღნიშნული კოდექსების რეგულირების ფარგლებში შემდეგი გარემოებების გამო: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას.
ამავე კოდექსის 24-ე მუხლი შეიცავს იმ სახდელების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელის სახით, ხოლო, რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლოში წარმოების წესს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, განისაზღვრება ამავე კოდექსით.
ამდენად, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ადმინისტრაციული სახდელის დადების ნაწილში არ ექვემდებარება სასამართლო განხილვას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სამართალწარმოების წესების დაცვით და განხილული უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნებისა და იმ პროცედურების სრული დაცვით, რასაც მითითებული კოდექსი ითვალისწინებს.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. ც.-ის მხრიდან მოთხოვნა წარდგენილ იქნა საერთო სასარჩელო წარმოების წესით, საოლქო სასამართლო უფლებამოსილი იყო, ანალოგიის სახით გამოეყენებინა სსკ-ის 272-ე მუხლის “ა” პუნქტი და აღნიშნულზე მითითებით შეეწყვიტა საქმის წარმოება.
რაც შეეხება ბაჟის დაკისრების საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ მითითებულ ნაწილში კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო სასამართლო საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნულზე ვეღარ იმსჯელებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ც.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 ნოემბრის განჩინება.
3. გ. ც.-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.