Facebook Twitter

საქმე №ას-321-2019 31 მაისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „ე.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს „ს.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ე-მა“ (შემდგომში - მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს–ის“ (შემდგომში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით - სარჩელი უარყოფილ იქნა.

3. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი - 46 300 ლარის ნაწილში, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის/აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე უარყოფილ იქნა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 4 352 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. მასვე დაევალა სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარდგენა, რამდენი მონაწილეც არის საქმეში. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

4.2. 2018 წლის 9 ნოემბერს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, მოსარჩელის ფინანსური პრობლემების გამო, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება ითხოვა.

4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით - აპელანტს/მოსარჩელეს 5 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.

4.4. 2018 წლის 19 ნოემბერს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, სახელდობრ, მან სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის მხოლოდ - 1500 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარუდგინა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილ ნაწილში მისი გადავადება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კვლავ ვადის გაგრძელება ითხოვა.

4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, აპელანტს 5 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.

4.6. 2018 წლის 5 დეკემბერს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და დამატებით სახელმწიფო ბაჟის - 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარადგინა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილ ნაწილში მისი გადავადება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისევ ვადის გაგრძელება ითხოვა.

4.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების შესახებ დარჩა განუხილველად; მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; აპელანტს 3 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა, კერძოდ, დაევალა სახელმწიფო ბაჟის, 1852 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა.

4.8. ზემოხსენებული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 12 დეკემბერს (იხ. შეტყობინება/აქტი, ს.ფ. 51. ტ.2) და განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.

4.9. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 3 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 13 დეკემბერს დაიწყო და იმავე წლის 17 დეკემბერს (15-16 დეკემბერი შაბათ-კვირა იყო) დასრულდა. ამ დროის მანძილზე, დავის საგნის ღირებულების - 46 300 ნაწილში, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი, დავის საგნის - 46 300 ლარის ნაწილში, განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი 46 300 ლარის ნაწილში განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მძიმე ფინანსური მდგომარეობით იყო განპირობებული, რაც დიდ წილად მოწინააღმდეგე მხარის უკანონო ქმედებითაა განპირობებული.

6.2. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტთან ვერ იქნება შესაბამისი, თუ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებულ შეზღუდვა და მისი განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს შორის არ იქნება დაცული სამართლიანი ბალანსი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინებაც უცვლელად დარჩეს.

9. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.

10. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან, მძიმე ფინანსური პრობლემების გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული, დაუსაბუთებელია, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. მას არც შემდეგში, ხარვეზის ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად, რაიმე მტკიცებულება, რაც მის გადახდისუუნარობას დაადასტურებდა, არ წარუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად დაუდგინა ხარვეზი სააპელაციო საჩივარს და აპელანტს არაერთხელ მისცა ვადა მისი გამოსწორებისათვის. კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც სასამართლო, კერძო საჩივარში მითითებულ მხარის ქონებრივ ვითარებას ვერ გამოიკვლევდა საკუთარი ინიციატივით.

11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა, ს.ფ 126. ტ.1) ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინების თაობაზე ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 12 დეკემბერს (იხ. შეტყობინება/აქტი, ს.ფ. 51. ტ.2) და განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ. შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 3 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 13 დეკემბერს დაიწყო და იმავე წლის 17 დეკემბერს (15-16 დეკემბერი შაბათ-კვირა იყო) დასრულდა, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით, არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

13. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (1) მუხლით, ისე _ „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

14. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი