Facebook Twitter

№ას-826-2019 10 ივნისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) – შპს ,,U.S.H.“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ე–ის“ დირექტორი მ.გ.,

შპს ,,ე–ის“ პატრნიორი ქ.გ., ე.ი.

გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლისა და 2019 წლის 28 მარტის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- ე.ი–ის (შემდეგში მოსარჩელის) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

- ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 15 აპრილს ნოტარიუს თ.რ–ას მიერ, სანოტარო რეგისტრაციის ნომრით N1303630012013 დამოწმებული შპს „ე–ის“ პარტნიორის ქ.გ–ს (შემდეგში პირველი მოპასუხის) ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება Nეფ-1/01კ და ამავე თარიღის ხელშეკრულება დამოწმებული ნოტარიუს თ.რ–ას მიერ, სანოტარო განაცხადის რეგისტრაციის ნომერი N130363028, 1609.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით ....., შპს „ე–ის“ (შემდეგში მეორე მოპასუხე) საწესდებო კაპიტალში შეტანის თაობაზე;

- მოსარჩელე ცნობილ იქნა მესაკუთრედ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...... ქ. თბილისი, ....., ნაკვეთი N41/19 მიწის(უძრავი ქონების) ს/კ ......;

- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 400 000 აშშ დოლარის გადახდა გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის გათვალისწინებით. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განცხადება საქმისწარმოების განახლების შესახებ შეიტანა შპს ,,U.S.H–ის“ დირექტორმა კ.ჟ–მა (შემდეგში განმცხადებელი) და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

4. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხეებმა. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მოსამართლე ნანა კალანდაძის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინებით:

- კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება;

- განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლისა და 2019 წლის 28 მარტის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა და მოითხოვა აღნიშნული განჩინებების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც არ გასაჩივრდება.

9. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება, მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 2019 წლის 28 მარტის განჩინება, რომლითაც მოსარჩელისა და მოპასუხეების კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომელიც საბოლოაა და მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებას, აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს 2019 წლის 30 აპრილს #12 საგადახდო დავალებით ნაირა შალვაშვილის მიერ გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე , 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,U.S.H–ის“ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს ,,U.S.H–ს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.შ–ის მიერ 2019 წლის 30 აპრილს #12 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პ. ქათამაძე