Facebook Twitter

24 ივნისი, 2019 წელი, №ას-921-2019 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – გ.გ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.ვ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, თ.ვ–ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა; გ.გ–ისა (შემდეგში პირველი მოპასუხისა) და ბ.ღ–გან (შემდეგში მეორე მოპასუხისგან) გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი, კერძოდ თელავის რაიონის სოფელ ..... მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადატრო კოდით N......

2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 23 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.გ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.

8. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2019 წლის 6 თებერვალს, რაც დასტურდება ფოსტის უკუგზავნილით (ტ. 2, ს.ფ. 67). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 7 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 18 თებერვალს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეტანილია 2019 წლის 28 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

11. მოცემულ შემთხვევაში პირველმა მოპასუხემ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე