№ას-1135-2018 31 მაისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ა(ა)იპ თბილისის … საბავშვო ბაგა-ბაღი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.ჯ–ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ჯ–ა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) ა(ა)იპ #... საბავშვო ბაგა-ბაღის (შემდეგში მოპასუხე, კასატორი დამსაქმებელი ან ბაგა-ბაღი) დირექტორის მოადგილედ უვადო შრომით-სამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე იყო დასაქმებული. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 600 ლარს შეადგენდა (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 37-42. ტ.1).
2. დამსაქმებლის 2015 წლის 19 ნოემბრის #2/26 ბრძანებით, 2015 წლის 24 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, მოსარჩელეს დირექტორის მოვალეობის შესრულება დაეკისრა მისი შვებულებაში ყოფნის გამო.
3. 2015 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელეს ნათესავი/მაზლი გარდაეცვალა.
4. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ჯგუფის მიერ 2015 წლის 2 დეკემბერს ბაგა-ბაღი შემოწმდა. სამზარეულოს დათვალიერებისას აღმოჩნდა თანამშრომლების მიერ გადამალული რამდენიმე დასახელების პროდუქტი, კერძოდ: ყველი - 1 კგ და 125 გრ; შვრია - 1 კგ; მოხარშული ქათმის ხორცი - 1 კგ და 100 გრ; ვაშლის ჯემი - 1 ქილა; ბულგარული წიწაკა - 3 კგ და 800 გრ; ლიმონი 5 კგ და 440 გრ (იხ. დასკვნა, ს.ფ.123-126. ტ.1).
5. აღნიშნულ ფაქტზე ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ მზარეულსა და მზარეულის თანაშემწეებს. თანაშემწეებმა აღიარეს, რომ პროდუქტები გადამალეს (იხ. ახსნა-განმარტება, ს.ფ. 300- 303. ტ.1).
6. დამსაქმებლის შინაგანაწესის მე-9 მუხლის თანახმად, საწყობიდან მიღებული პროდუქტების სათანადო ხარჯვაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღში დასაქმებული მზარეული, მე-4 მუხლის შესაბამისად კი, ბაგა-ბაღის საწყობებში (სამეურნეო, საკანცელარიო, კვების, თეთრეულის) არსებული მარაგების მოძრაობა, აღრიცხვა და კონტროლი სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის მოვალეობებში შედიოდა (იხ. ს.ფ. 91-93. ტ.1).
7. მონიტორინგის სამსახურის 2015 წლის 8 დეკემბრის დასკვნით, ბაგა-ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი/მოსარჩელე არ იმყოფებოდა სამსახურში, მან თვითნებურად მიატოვა ბაღი და გაემგზავრა ქალაქგარეთ. მისი ბაღში არ ყოფნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა დირექტორი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კადრების სამსახური. სააგენტოს სამსახურის მიერ ბაღის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია, დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სახით.
8. ბაგა- ბაღის დირექტორის 2015 წლის 16 დეკემბრის #2/28 ბრძანებით (შემდეგში სადავო ბრძანება), შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებას სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის 2015 წლის 8 დეკემბრის დასკვნა და ბაგა-ბაღის სათათბირო ორგანოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად. იმავე ბრძანების მეორე პუნქტით, 2015 წლის დეკემბერში არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელეს სამი დღის ხელფასი დაექვითა (იხ. ბრძანება, ს.ფ. 43. ტ.1).
9. დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის პერიოდში, დასაქმებულის მიმართ გარდა სარჩელით სადავო ბრძანებისა, დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე სახის ზომა არ გამოყენებულა.
10. 2016 წლის 14 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მოითხოვა სარჩელის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი; სშკ-ის მე-2, 37-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 361-ე და „ბავშვთა უფლებების კონვენციის 3.3 მუხლი გამოიყენა.
13. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; 2015 წლის 16 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე მოპასუხეს ყოველთვიურად იძულებით განაცდურის - 600 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
14.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეს, როგორც საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, უფლება-მოვალეობები უხეშად არ დაურღვევია, შესაბამისად, არ არსებობდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების სშკ-ის 37-ე მუხლის„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები.
14.2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული სამსახურიდან ვალდებულების უხეში დარღვევის ელემენტზე მითითებით თავისუფლდება, დამსაქმებელი ვალდებულია, დაადასტუროს გარემოებები იმის შესახებ, რომ გათავისუფლებული თანამშრომელი ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ართმევდა თავს. მუშაკის მიერ „შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება გულისხმობს - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უგულებელყოფას; შრომის შინაგანაწესის დარღვევას (განსაკუთრებით, უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვის წესების კუთხით); დამსაქმებლის ლეგიტიმური ბრძანების დაუმორჩილებლობას; არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე დაგვიანებას ან საერთოდ გამოუცხადებლობას“. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო, მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რაც უფლებამოსილი პირის წინასწარი გაფრთხილების გარეშე სამსახურის გაცდენით გამოიხატა. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტი, რაც განპირობებული იყო ოჯახის წევრის (მაზლის) გარდაცვალებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეფასდა საპატიოდ. სასამართლოს ეს შეფასება მოპასუხეს სდავოდ არ გაუხდია და სააპელაციო პალატამაც გაიზიარა.
14.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მზარეულის ან/და მისი თანაშემწეების მიერ პროდუქტების გადამალვის ფაქტი, მოსარჩელეს ბრალად ვერ შეერაცხებოდა, ვინაიდან, ბაგა-ბაღის შინაგანაწესის მე-9 მუხლის თანახმად, საწყობიდან მიღებული პროდუქტების სათანადოდ ხარჯვაზე, დამუშავებასა და საკვების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი მზარეულია, ამავე შინაგანაწესის მე-4 მუხლის თანახმად კი, ბაგა-ბაღის საწყობებში არსებული მარაგების მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება (იხ. წესდება ს.ფ. 74-95. ტ.1). მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე საპატიო მიზეზით არ იმყოფებოდა სამსახურში. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში (2008 წლიდან) მუშაობდა #.. ბაგა-ბაღში და სადავო ბრძანების მიღებამდე მის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება არ გამოყენებულა, რაც ქმნიდა იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელე კეთილსინდისიერად ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს.
14.4. პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული ღონისძიების ადეკვატურობასა და თანაზომიერებასთან დაკავშირებითაც და განმარტა, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ვლინდებოდეს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდიდა. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულება და შრომის შინაგანაწესით გაწერილი ქცევის სტანდარტი არ დარღვეულა, რაც დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ნდობას გააქარწყლებდა. დასაქმებულს არ ჩაუდენია კანონით გათვალისწინებულ სამსახურებრივ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო.
15. გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
15.1. კასატორის მტკიცებით, ბაღის დირექტორის ბრძანებით, მოსარჩელეს სრულად დაევალა დირექტორის უფლება-მოვალეობების შესრულება, მაგრამ, დირექტორისაგან განსხვავებით, კვების ბლოკსა და სამზარეულოს არ ამოწმებდა.
15.2. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს მაზლი 2015 წლის 28 ნოემბერს გარდაეცვალა, მაგრამ რამდენიმე დღე დადიოდა სამსახურში და სულ მცირე სამი დღე ჰქონდა საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად, მან კი, თვითნებურად დატოვა სამსახური და ამის შესახებ არავინ გააფრთხილა, იგი არც დირექტორს არ დაკავშირებია და შვებულებიდან ვადაზე ადრე დაბრუნება არ უთხოვია, არც, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში არ განუსაზღვრავს საბავშვო ბაღზე უფლებამოსილი პირი. მოპასუხის/კასატორის მითითებით, სადავოდ არ გაუხდიათ მხოლოდ მოსარჩელის მაზლის გარდაცვალების ფაქტი, ისინი დავობენ მოსარჩელის წინდაუხედავობაზე, თვითნებობასა და უპასუხისმგებლობაზე, რაც სამსახურის გაუფრთხილებლად მიტოვებით გამოიხატა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 32.1 (თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით) მუხლები.
21. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის 2015 წლის 8 დეკემბრის დასკვნისა და ბაგა-ბაღის სათათბირო ორგანოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას გულისხმობს. მოპასუხის მტკიცებით, უხეში დარღვევა გამოიხატა უფლებამოსილი პირის წინასწარი გაფრთხილების გარეშე სამსახურის გაცდენაში, რაც ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესით დადგენილი ქცევის სტანდარტების ისეთი დარღვევაა, რომელიც მისთვის ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას გამორიცხავდა.
22. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს შრომითი ვალდებულებები უხეშად არ დაურღვევია.
23. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).
24. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს პროდუქტების სათანადო ხარჯვაზე კონტროლი არ ევალებოდა და ეს მზარეულისა და სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის მოვალეობებში შედიოდა, ამდენად, ბაგა-ბაღის საწყობიდან მიღებული პროდუქტების ყოველდღიური კონტროლი არა მოსარჩელის, არამედ მზარეულის უფლებამოსილებას წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელის დათხოვნის შესახებ ბრძანება, სსკ-ის 51-ე მუხლი) სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა, რადგანაც არ იყო შესრულებული ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესსაც და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უკანონო იყო. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას-637-637-2018, 28.08.2018; #ას-1558-2018, 02.01.2019).
28. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
30. სკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ თბილისის №... საბავშვო ბაგა-ბაღის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა(ა)იპ თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 930 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 03.08.2018), 70% – 651 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი