№ას-1225-1145-2017 30 ნოემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ი.რ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „პ.კ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება -კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2015 წლის 7 დეკემბერს შპს „პ.კ–მა“ (შემდგომში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ი.რ–ძის (შემდგომში - მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 63017.62 ლარის გადახდა და პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.01%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2012 წლის 11 ნოემბრიდან აღსრულებამდე; ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა აბაშის რაიონში, სოფელ ...., (საკადასტრო კოდი #.....) მდებარე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით; სარჩელი, მოპასუხისათვის 252 ლარის დაკისრების ნაწილში უარყოფილ იქნა.
3. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ უარყოფილ იქნა; სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებით, მოპასუხის/აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე უარყოფილ იქნა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის (საჩივრის ფასის 4%-ის) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4.2. 2017 წლის 22 მარტს მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს რომლითაც ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, სახელდობრ, მან მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ღირებულება განსაზღვრა (20 000 ლარი), ხოლო სახელმწიფო ბაჟის ნაწილში, ფინანსური მდგომარეობის გამო, ვადის გაგრძელება ითხოვა.
4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აპრილის განჩინებით, მოპასუხეს 7 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.
4.4. 2017 წლის 24 მაისს მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით, მოპასუხეს 15 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.
4.6. 2017 წლის 4 ივლისს მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
4.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე და 368.5-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის შუამდგომლობა ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ხოლო ვადის კვლავ გაგრძელება მიზანშეუწონლად, ვინაიდან, ამით საქმის განხილვა ჭიანურდებოდა და დაუსაბუთებლად ილახებოდა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ვინაიდან, ეკონომიკური სიდუხჭირისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მისი შუამდგომლობა ხარვეზის შვსების ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლომ მიიჩნია საქმის გაჭიანურების მცდელობად, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
7. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.
8. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს, ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება, გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს.
10. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს/აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, მან ვერ დაამტკიცა გადახდისუუნარობის ფაქტი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაუსაბუთებელი იყო და ვერ დაკმაყოფილდებოდა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368.5 და 374-ე მუხლები და მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან მან ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული მოთხოვნა არ შეასრულა.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი), რომლის შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, მიიღებს იმ უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
13. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ, გადახდისუუნარობის გამო, ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა, შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი არ არსებობდა და სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ. #ას-920-886-2016, 29 .12.2016 წ; #ას-299-299-2018, 22.06.2018წ) .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.რ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი