Facebook Twitter

№ას-1349-2018 31 მაისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – კ.ლ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ს.რ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სარჩოს გადაანგარიშება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 1931 წლის 1 ოქტომბერს დაბადებული კ.ლ–ა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დაზარალებული) მუშაობდა სს „ს.რ–ში“ (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე, საწარმო ან დამსაქმებელი) „თ–ის“ სადგურის მორიგის თანამდებობაზე. 1974 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა, დაკარგა საერთო და პროფესიული შრომის უნარი 100 %-ით და განესაზღვრა ინვალიდობის 1-ლი ჯგუფი. დამსაქმებლის ბრძანებით, მოსარჩელეს 1975 წლის 7 იანვრიდან ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის - 64 მანეთისა და 10 კაპიკის გადახდა დაუდგინდა (იხ. ბრძანება და სამედიცინო შემოწმების აქტი, ს.ფ. 15-16. ტ.1).

2. 2012 წლის აგვისტოდან მოსარჩელის ყოველთვიური სარჩო 275 ლარია (იხ. ცნობა , ს.ფ. 66. ტ.1).

3. „თ–ი“ მე-4 კატეგორიის სადგურია. 2013 წლის იანვრიდან სადგურის მორიგის თანამდებობრივი სარგო - 500 ლარით, ხოლო 2013 წლის 1-ლი მარტიდან ღამის საათებში მუშაობისათვის დანამატი, თვეში საშუალოდ - 41 ლარით განისაზღვრა.

4. 2015 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და 2017 წლის 1 ოქტომბრიდან სარჩოს - 541 ლარისა და 2013-2017 წლებში მიუღებელი სარჩოს სხვაობის დაკისრება მოითხოვა.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი უარყოფილ იქნა; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 408-ე, 411-ე და 992-ე მუხლები გამოიყენა.

6.1. საქალაქო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან მოსარჩელე ამჟამად 86 წლისაა, პრეზუმირებულია, რომ იგი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმ პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსით (1973 წლის 28 ივნისის რედაქცია) - მამაკაცებისათვის 65 წელი იყო, შესაბამისად, სადავო პერიოდში (2013-2017 წლებში) მოსარჩელე საწარმოში ვერ შეასრულებდა შრომით მოვალეობას და მასზე ვერც იმ პერიოდის სახელფასო ცვლილება აისახებოდა, შესაბამისად, სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და უარყო.

7. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით, ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ჯანმრთელობის დაზიანებამდე დაზარალებულის ხელფასის რაოდენობით, აგრეთვე - რამდენსაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას მიიღებდა.

8.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომლის მიხედვით, მოქმედებდა პრეზუმფცია, რომ დაზარალებული 65 წლამდე (საპენსიო ასაკამდე) იმუშავებდა და ზიანის მიმყენებელი ვალდებული იყო, სარჩოს სახით მისთვის ზიანი აენაზღაურებინა, თუმცა, საპენსიო ასაკის მიღწევისას, პრეზუმფციის შინაარსი იცვლებოდა და იგი საწინააღმდეგო მნიშვნელობით მოქმედებდა. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის სადავო პერიოდში (2013-2017 წლებში) კომპენსაცია არ უნდა გადაეხადათ, ვინაიდან ამ დროის განმავლობაში არ არსებობდა ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, რადგან დაზარალებული ამჟამად 86 წლისაა და სამოქალაქოსამართლებრივი პრეზუმფციის თანახმად, იგი 65 წლამდე იმუშავებდა.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9.1. კასატორის მტკიცებით, ჯანმრთელობის მოშლის გამო დაერღვა ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, რაც განაპირობებს შრომის უნარის სრულ დაკარგვას, ყოფა-ცხოვრების არსებით გაძნელებას, ქმედუნარიანობის მუდმივ შეზღუდვასა და სოციალური დაცვის საჭიროებას. შრომის უნარი არ ნიშნავს მხოლოდ სამუშაო ადგილას მუშაობას, სახლში შესაძლებლობა არ აქვს, შეასრულოს ელემენტარული საყოფაცხოვრებო ფუნქციები, ის ვერ გაუთანაბრდება პირს, ვინც 65 წლის მიღწევის შემდეგ გასულია პენსიაზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. განსახილველ შემთხვევაში, სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408-ე მუხლის მეორე ნაწილს (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით) შეიძლება დაეფუძნოს, თუმცა ის შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, წარმატებული ვერ იქნება, რადგანაც არ არის დასაბუთებული ამ შედეგის განაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დადგენილი სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას, დამსაქმებელთან დასაქმებული პირების ამჟამინდელი ხელფასის მიხედვით ითხოვს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამგვარ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგანაც არ არის შესრულებული სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა.

15. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირ, პროპორციულად დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას. სარჩოს მიღებით პირი შემოსავლით უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელის მიერ სამუშაოსა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობის დაკარგვა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს, თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდენით, რამდენითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას.

16. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 65 წელი პენსიის დანიშვნის საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე 1931 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა, შესაბამისად, მას საპენსიო ასაკი 1996 წლის 1 ოქტომბერს შეუსრულდა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ, ერთ შემთხვევაში, 65 წლამდე დაზარალებულის მუშაობის პრეზუმფცია მოქმედებს და ზიანის მიმყენებელი ვალდებულია, სარჩოს სახით აუნაზღაუროს მას ზიანი. საპენსიო ასაკის მიღწევისას კი, იცვლება პრეზუმფციის შინაარსი და იგი მოქმედებს საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ვარაუდის ჭრილში, უკვე განიხილება დაზარალებულის მუშაობის პერსპექტივა და ამგვარი საგამონაკლისო შემთხვევების დადასტურების მოვალეობა დაზარალებულის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნულის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც გონივრულად არის მოსალოდნელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

17. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ 86 წელს მიღწეულ პირს სარჩო გადაუხადონ, უნდა ამტკიცოს, რომ სხვა ამდენივე წლის პირები დასაქმებული არიან კონკრეტულ დარგში და ხანდაზმული ასაკი არ არის დამაბრკოლებელი კონკრეტულ სფეროში საქმიანობისთვის. მოსარჩელემ/კასატორმა ვერ დაამტკიცა, რომ მას ზიანის არარსებობის პირობებში შეეძლო, შეესრულებინა სადგურის მორიგის ფუნქციები იმგვარად, რომ დამსაქმებელთან შეენარჩუნებინა მისთვის ამ მიმართულებით სამუშაო ადგილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და ის მართებულად არ დაკმაყოფილდა.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: #ას-738-690-2017, 11.07.2017წ).

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ლ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი