№ას-1438-2018 31 მაისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი.ს.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ს. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) 2012 წლის 26 ნოემბრიდან მუშაობდა შემოსავლების სამსახურში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) სხვადასხვა თანამდებობაზე (იხ. ბრძანებები, ს.ფ.13-14. ტ.1).
2. დამსაქმებლის 2013 წლის 23 ივლისის #პ-797 ბრძანებით, მოსარჩელე იმავე წლის 22 ივლისიდან გადაყვანილ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლოს“ მთავარი ოფიცრის თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 1000 ლარს შეადგენდა (იხ. ბრძანება, ს.ფ. 15. ტ.1; დამსაქმებლის წერილი, ს.ფ. 66. ტ.2).
3. საბაჟო დეპარტამენტის უროსის 2013 წლის 24 სექტემბრის #105527-21-10 წერილიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 21 სექტემბერს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლოს“ გავლით, სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და მალევე უკან მობრუნდა სატრანსპორტო საშუალება „ტოიოტა პრადო“. საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ტელეფონით დავალება მისცა ცვლის უფროსს, რომ უზრუნველეყო ზემოაღნიშნული ავტომობილის რიგის გარეშე საზღვრის კვეთის რეგისტრაცია და დეტალურად არ დათვალიერებულიყო. ცვლის უფროსმა დავალება გადასცა მოსარჩელეს, რომელმაც სატრანსპორტო საშუალების საზღვრის კვეთა საბოლოოდ დაარეგისტრირა, რაც ამ უკანასკნელის სამსახურიდან დათხოვნის წინაპირობა გახდა (იხ. წერილი, ს.ფ 18-19. ტ.1).
4. დამსაქმებლის 2013 წლის 26 სექტემბრის #პ-998 ბრძანებით (შემდეგში სადავო ბრძანება), სამსახურებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა და იმავე წლის 25 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებას საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტი, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2 მუხლის „ვ“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტები და მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი დაედო საფუძვლად (იხ. ბრძანება, ს.ფ.16. ტ.1).
5. 2013 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, გათავისუფლების დღიდან, 2013 წლის 25 სექტემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 1000 ლარის გათვალისწინებით. ის ამტკიცებდა, რომ სადავო ავტომობილის მიერ საზღვრის კვეთისას, საერთოდ არ იმყოფებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტზე, ტერიტორია დატოვებული ჰქონდა ცვლის უფროსთან შეთანხმებით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების საზღვრის კვეთის რეგისტრაცია შსს საპატრულო ტეპარტამენტის თანამშრომელთა ფუნქციებში შედიოდა და თავად ვერც შეძლებდა.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა და განმარტა, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან კანონიერად გათავისუფლდა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტის მთავარი ოფიცრის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე; მოპასუხეს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის - 1000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. დავის მოსაწესრიგებლად სასამართლომ გამოიყენა: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები; ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი და მე-4 მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4, მე-8 და მე-14 მუხლები; საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, სშკ-ის, 32-ე და 37-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 408-ე და 411-ე მუხლები.
8. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.1. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, მასზე რომ საბაჟო დეპარტამენტის უროსის 2013 წლის 24 სექტემბრის #105527-21-10 წერილის გარდა, საქმეში არ წარდგენილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ მართლაც შეასრულა მითითებულ წერილში აღნიშნული მოქმედებები.
9.2. სააპელაციო პალატის დასკვნით, წარდგენილი მტკიცებულებებით, დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა არ დასტურდებოდა, კერძოდ, მოწმის/ცვლის უფროსის ჩვენებით, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას სშს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები ახორციელებენ, სადავო შემთხვევაშიც, ავტომობილი პატრულის თანამშრომლებმა აღრიცხეს. მოწმემ, მოსარჩელისათვის იმგვარი დავალების მიცემის ფაქტიც, რომ არ დაეთვალიერებინა სადავო ავტომობილი, უარყო, მისი ჩვენებით, სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით საზღვრის კვეთისას პირადად გაესაუბრა ავტომობილის მძღოლს (ზეპირი დეკლარირება) და რაკი ეჭვის საფუძველი არ არსებობდა, ავტომობილმა გაიარა საბაჟო გამშვები პუნქტი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
10. აღნიშნული განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
10.1. კასატორის მტკიცებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N303 ბრძანების მე-17 მუხლის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის ფუნქციებია: უზრუნველყოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლი, განახორციელოს საბაჟო პოლიტიკის ღონისძიებები და საბაჟო კონტროლი, გამოიყენოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საბაჟო საზღვრის სტაბილურობას. ამდენად, პირი, რომელიც დასაქმებულია დეპარტამენტში, ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში დაიცვას აღნიშნული დებულებითა და შინაგანაწესით დადგენილი მოვალეობები, რომელიც მოსარჩელემ დაარღვია უხეშად.
10.2. კასატორის მითითებით, მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის დროს, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლდა, არ იმყოფებოდა საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. ამას დაადასტურებდა კამერების ჩანაწერი, რომლის გაცემაზეც მას 2013 წლის 7 ოქტომბრის წერილით ეთქვა უარი. კასატორის მტკიცებით, ჩანაწერები საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაა და წერილიც სრულიად შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.
10.3. კასატორის მტკიცებით, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 24 სექტემბრის #105527-21-10 წერილი, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას, სათანადო გამოკვლევისა და ფაქტების შესწავლის შედეგადაა გამოცემული, ანუ დოკუმენტი, რომელზეც სასამართლო მიუთითებს, არის მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის გარემოების მოკვლევის შემდეგ გამოიცა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
16. დამსაქმებელმა მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა სშკ-ის, 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2 მუხლის „ვ“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა და მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას გულისხმობს. მოპასუხის მტკიცებით, უხეში დარღვევა მოსარჩელის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერებისა და რიგის გარეშე საზღვრის კვეთის რეგისტრაციით გამოიხატა, რაც დამსაქმებლის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის აბსოლუტური საფუძველია.
17. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს შრომითი ვალდებულებები არ დაურღვევია.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, კასატორია (მოპასუხე) ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელეების მიერ, მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული.
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამართალწარმოების მიმდინარეობისას დაკითხული მოწმისა და მოსარჩელის მიერ შედგენილი მტკიცებულებებით, დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა არ დასტურდება, კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ ხდის წერილში აღწერილ გარემოებებს და განმარტავს, რომ ავტომობილის მიერ საზღვრის კვეთისას იგი საერთოდ არ იმყოფებოდა გამშვებ პუნქტზე. ამ ფაქტის დასადასტურებლად მან მოითხოვა საბაჟო გამშვებ პუნქტთან დამონტაჟებული კამერების ჩანაწერი, რაზეც მოპასუხის 2013 წლის 7 ოქტომბრის წერილით ეთქვა უარი (იხ, წერილი, ს.ფ.17. ტ.1). მოწმის/ცვლის უფროსის განმარტებით კი, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არა მოსარჩელის, არამედ სშს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლების უფლებამოსილებას წარმოადგენდა, სადავო შემთხვევაშიც, ავტომობილი პატრულის თანამშრომლებმა დაარეგისტრირეს. მოწმემ, მოსარჩელისათვის იმგვარი დავალების მიცემის ფაქტიც, რომ მას არ დაეთვალიერებინა სადავო ავტომობილი, უარყო. მისი ჩვენებით, სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით საზღვრის კვეთისას პირადად გაესაუბრა ავტომობილის მძღოლს (ზეპირი დეკლარირება) და, ვინაიდან, ეჭვის საფუძველი არ არსებობდა, ავტომობილმა გაიარა საბაჟო გამშვები პუნქტი (იხ. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განჩინება, ს.ფ. 96-119. ტ.2). კასატორს ამის საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ვალდებულება არ დაურღვევია, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელის დათხოვნის შესახებ ბრძანება, სსკ-ის 51-ე მუხლი), სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა, რადგანაც არ იყო შესრულებული ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესსაც და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უკანონო იყო. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას-637-637-2018, 28.08.2018; #ას-1558-2018, 02.01.2019).
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი