Facebook Twitter

№ას-1544-2018 24 აპრილი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) – ხ.პ., მ.ქ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ი.წ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკამყოფილება

დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2014 წლის 27 ნოემბერს ხ.პ–ს (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე), როგორც პირადად და შვილის, მ.ქ–ძის (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე), წარმომადგენელსა და ი.წ–ს (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) და ნ.მ–ს (შემდეგში - მეორე გამსესხებელი ან კრედიტორი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 21 000 აშშ დოლარზე, საიდანაც მოპასუხემ მოსარჩელეებს 14 000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე გამსესხებელმა 7 000 აშშ დოლარი გადასცა ექვსი თვით, 2015 წლის 28 მაისამდე, თვეში - 2.5%-იანი სარგებლით, პირგასამტეხლო განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0.12%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქალაქ თბილისში, ....., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #..... (შემდეგში - იპოთეკის საგანი), (იხ. ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 37-42).

2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-13 მუხლით განსაზღვრულია, გამსესხებლის უფლებამოსილება, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

3. მსესხებლებმა მოპასუხის მიმართ დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

4. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 22-24), რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 14 000 აშშ დოლარით, სამი თვის პროცენტი - 1050 აშშ დოლარითა და პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.12%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 28 მაისიდან აღსრულებამდე, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარით. ვალდებულების შესრულების მიზნით, აღსასრულებლად მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

5. 2016 წლის 30 მარტს, მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს დაკისრებული სამი თვის სარგებლის - 1050 აშშ დოლარის გადახდისაგან გათავისუფლება და ამ ნაწილში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ასევე - პირგასამტეხლოს, 3511 აშშ დოლარის, 200 დოლარამდე შემცირება. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პირველი თვის პროცენტი, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე,სესხთან ერთად გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა, შესაბამისად, იხდიდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ 21 000 აშშ დოლარის 2,5%-ს, 525 აშშ დოლარს. ამდენად, უნდა გათავისუფლდნენ დარიცხული სამი თვის სარგებლის გადახდისაგან. დაკისრებული პირგასამტეხლოც არაგონივრულია და უნდა შემცირდეს.

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 302.11 , 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე,417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე და 625-ე მუხლები გამოიყენა.

8. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ სესხის პროცენტის - 1050 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების შესრულების შესახებ აპელანტების მითითებას, ვერ გაიზიარებდა, რადგან მათ კანონით გათვალისწინებული კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება, არ წარუდგენიათ.

9.2. სააპელაციო პალატამ უარყო აპელანტების პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირების შესახებაც და განმარტა, რაკი უდავოა, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 14 000 აშშ დოლარია, ხოლო პროცენტი - 1 050 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 3511. 20 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლოც გონივრული და სამართლიანია. პალატამ ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ 2015 წლის 25 დეკემბრის შემდგომ მოვალეს არ შეუსრულებია ვალდებულება, ხოლო 3511.20 აშშ დოლარი პირგასამტეხლო შეადგენს თანხას, ვადაგადაცილების დაწყებიდან 2015 წლის 12 დეკემბრამდე, კრედიტორს კი, დღემდე ადგება ზიანი, რაც არ ანაზღაურდება.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით: გასაჩივრებული განჩინებით, არ იქნა გაზიარებული მათი პოზიცია, რომ 2014 წლის ნოემბრიდან იხდიდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ 21 000 აშშ დოლარის 2,5%-ს, 525 აშშ დოლარს. კასატორები წინააღმდეგი არ არიან, დაფარონ სესხის ძირითადი თანხა - 14 000 აშშ დოლარი. სესხის პროცენტი მათ სრულად გადაიხადეს ექვსი თვის ვადაში და სხვა, შემდგომი ვადა არ მოქმედებს, რადგან ეს მხარეებს არ გაუგრძელებიათ. პირგასამტეხლოც შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითება, იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი სესხის პროცენტის - 1050 აშშ დოლარის ნაწილში, ვალდებულების შესრულების აღიარება და ამ ნაწილში ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 24 დეკემბერს გაცემული #151387980 სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაა, ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულებას, ანუ გამოვლინდებოდა უფლების მომსპობი შესაგებლის წინაპირობები (სსკ-ის 427-ე მუხლი - ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

16. იმისათვის, რომ ვალდებულება სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე შეწყდეს კრედიტორის სასარგებლოდ, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).

17. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2014 წლის 27 ნოემბერს კრედიტორმა/მოპასუხემ მოსარჩელეებს 6 თვის ვადით 14 000 აშშ დოლარი ასესხათ, ყოველთვიური 2,5% - იანი სარგებლის დარიცხვით; ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა ან დარღვევისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, საერთო თანხის 0.12 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ კასატორებს მოწინააღმდეგე მხარისათვის სესხის, სამი თვის პროცენტის - 1050 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

18. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, მსესხებლებმა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ივალდებულეს. უდავოა, რომ მსესხებლებმა ვალდებულება დაარღვიეს, რამაც დასახელებული ნორმის საფუძველზე მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა წარმოშვა. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლო - 3511.20 აშშ დოლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით, შესაბამისად, მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს (შდრ. სუსგ. #ას-241-241-2018, 25.09.2018წ). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეებს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებიათ, რითაც კრედიტორს ბევრად მეტი ზიანი ადგება, ვიდრე მოთხოვნილი პირგასამტეხლოა.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-28-28-2018, 18.05.2018წ) .

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ.პ–ისა (....) და მ.ქ–ძის (.....) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს: ხ.პ–სა (....) და მ.ქ–ძეს (....) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე თ.ი–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 581.75 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 27.11.2018) 70% – 407.22 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი