Facebook Twitter

№ას-1810-2018 31 მაისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – მ.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს „ს.რ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სარჩოს გადაანგარიშება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 1930 წლის 15 ივნისს დაბადებული მ.ნ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან დაზარალებული) მუშაობდა სს „ს.რ–აში“ (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე, საწარმო ან დამსაქმებელი) ამიერკავკასიის რკინიგზის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ზესტაფონის რეგიონის, დგკუს მძღოლის თანამდებობაზე. 1985 წელს მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრავმა, დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 60 %-ით. (იხ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ს.ფ. 13-16).

2. ზესტაფონის რაიონის სახალხო სასამართლოს 1988 წლის 18 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დამსაქმებელს, ყოველთვიურად ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის - 105 მანეთისა და 93 კაპიკის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ.17-18).

3. სს „ს.რ–ა“ მოსარჩელეს სარჩოს - 195.20 ლარს უხდიდა (იხ. დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს უფროსისა და მთავარი ბუღალტერის მიერ გაცემული ცნობა, ს.ფ. 13).

4. 2008 წლის იანვრიდან ე.წ. დგკუს მძღოლის თანამდებობრივი სარგო იცვლებოდა, 2012 წლის მაისიდან სექტემბრამდე 560 ლარს შეადგენდა, ხოლო სექტემბრიდან - 750 ლარით განისაზღვრა.

5. 2015 წლის 5 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და 2015 წლის მაისიდან სიცოცხლის მანძილზე სარჩოს - 750 ლარისა და 2008 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისამდე მიუღებელი სარჩოს, 38 941,15 ლარის, დაკისრება მოითხოვა.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

7. მოსარჩელე 2016 წლის 3 მარტს გარდაიცვალა, მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა მ.ნ–ძე (შემდეგში - უფლებამონაცვლე, აპელანტი ან კასატორი), (იხ. სამკვიდრო მოწმობა და საქმო განჩინება, ს.ფ. 55-56; 63-65).

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი უარყოფილ იქნა; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 408-ე და 992-ე მუხლები გამოიყენა.

9. გადაწყვეტილება მოსარჩელის უფლებამონაცვლემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით, ზიანის ანაზღაურება განისაზღვრება ჯანმრთელობის დაზიანებამდე დაზარალებულის ხელფასის რაოდენობით, აგრეთვე - რამდენსაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას მიიღებდა.

10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომლის მიხედვით, მოქმედებდა პრეზუმფცია, რომ დაზარალებული 65 წლამდე (საპენსიო ასაკამდე) იმუშავებდა და ზიანის მიმყენებელი ვალდებული იყო, სარჩოს სახით მისთვის ზიანი აენაზღაურებინა, თუმცა, საპენსიო ასაკის მიღწევისას, პრეზუმფციის შინაარსი იცვლებოდა და იგი საწინააღმდეგო მნიშვნელობით მოქმედებდა. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის სადავო პერიოდში (2008-2012 წლებში) კომპენსაცია არ უნდა გადაეხადათ, ვინაიდან ამ დროის განმავლობაში არ არსებობდა ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, რადგან დაზარალებული იმ დროს 78-82 წლისა იქნებოდა და, სამოქალაქოსამართლებრივი პრეზუმფციის თანახმად, 65 წლამდე იმუშავებდა.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. კასატორის მტკიცებით, უდავოა, რომ მოსარჩელემ საწარმოო ტრავმა მიიღო და 60%-ით დაკარგა შრომის უნარი, რის გამოც დაენიშნა სარჩო სიცოცხლის ბოლომდე. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩოს გადაანგარიშება და გაუგებარია, შემდგომ შესული ცვლილებები მასზე რატომ უნდა ასახულიყო.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. განსახილველ შემთხვევაში, სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408-ე მუხლის მეორე ნაწილს (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით) შეიძლება, დაეფუძნოს, თუმცა ის შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, წარმატებული ვერ იქნება, რადგანაც არ არის დასაბუთებული ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დადგენილი სარჩოს გადაანგარიშებას, დამსაქმებელთან დასაქმებული პირების ამჟამინდელი ხელფასის მიხედვით ითხოვდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამგვარი მოთხოვნა სამართლებრივად უსაფუძვლოა, რადგანაც არ შესრულებულა სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა.

17. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირ, პროპორციულად დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას. სარჩოს მიღებით პირი შემოსავლით უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელის მიერ სამუშაოსა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობის დაკარგვა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს, თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდენით, რამდენითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას.

18. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 65 წელი პენსიის დანიშვნის საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე 1930 წლის 15 ივნისს დაიბადა, შესაბამისად, მას საპენსიო ასაკი 1995 წლის 15 ივნისს შეუსრულდა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ, ერთ შემთხვევაში, 65 წლამდე დაზარალებულის მუშაობის პრეზუმფცია მოქმედებს და ზიანის მიმყენებელი ვალდებულია, სარჩოს სახით აუნაზღაუროს მას ზიანი. საპენსიო ასაკის მიღწევისას კი, იცვლება პრეზუმფციის შინაარსი და იგი მოქმედებს საწინააღმდეგო მნიშვნელობით. ვარაუდის ჭრილში, უკვე განიხილება დაზარალებულის მუშაობის პერსპექტივა და ამგვარი საგამონაკლისო შემთხვევების დადასტურების მოვალეობა დაზარალებულის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნულის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც გონივრულად არის მოსალოდნელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, 78-82 წელს მიღწეული პირისათვის სარჩო გადახდისას, სამტკიცებელია, რომ სხვა ამდენივე წლის პირები დასაქმებული არიან კონკრეტულ დარგში და ხანდაზმული ასაკი არ არის დამაბრკოლებელი კონკრეტულ სფეროში საქმიანობისთვის. კასატორმა ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელეს ზიანის არარსებობის პირობებში შეეძლო, შეესრულებინა ე.წ დგკუს მძღოლის ფუნქციები დამსაქმებელთან ამ მიმართულებით სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და ის მართებულად არ დაკმაყოფილდა.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: #ას-738-690-2017, 11.07.2017წ).

21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი