№ას-1824-2018 24 აპრილი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „მ.ს.ტ.ს.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (შემდეგში - შემკვეთი, შემსყიდველი, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან სამინისტრო) და შპს „მ.ს.ტ.ს–ს“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მიმწოდებელი) შორის 2016 წლის 28 ოქტომბერს დაიდო #პ/3504-07 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; იხ. ტ. 1. ს. ფ. 16-19), რომლის მიხედვით, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ სამინისტრომ 37 350 ლარად შეისყიდა რეანომობილებისათვის 5 ერთეული ელექტროამომქაჩი და 5 ერთეული ხელოვნური სუნთქვის აპარატი.
1.2. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ შეთანხმებული პროდუქციის 2016 წლის 27 ნოემბრამდე მიწოდების ვალდებულება იკისრა.
1.3. ხელშეკრულების 14.2 პუნქტით, მიმწოდებლის მხრიდან შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრა შესასრულებელი ვალდებულების 0.1%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
1.4. 2016 წლის 28 დეკემბერს მოპასუხემ შეასრულა 1 440 ლარის ვალდებულება (დაგვიანება 31 დღე).
2. მხარეებს შორის 2015 წლის 29 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #პ/3504-82 ხელშეკრულება, იხ. ტ. 1. ს. ფ. 27-30), რომლის მიხედვითაც სამინისტრომ 355 750 ლარის სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურა შეისყიდა. ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარულ დღეში - 2016 წლის 8 მარტამდე.
2.1. ხელშეკრულების 15.2 პუნქტით, მიმწოდებლის მხრიდან შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრა შესასრულებელი ვალდებულების 2%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.2. 2016 წლის 23 მარტს მოპასუხემ შეასრულა 102 050 ლარის ვალდებულება (დაგვიანება 15 დღე).
3. მხარეებს შორის 2015 წლის 29 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #პ/3504-81 ხელშეკრულება, იხ. ტ. 1. ს. ფ. 45-48), რომლის მიხედვითაც სამინისტრომ 99 500 ლარის სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურა შეისყიდა. ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარულ დღეში - 2016 წლის 8 მარტამდე.
3.1. ხელშეკრულების 14.2 პუნქტით, მიმწოდებლის მხრიდან შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრა შესასრულებელი ვალდებულების 2%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.2. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა 2016 წლის 9 მარტს.
4. 2017 წლის 21 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, 2016 წლის 28 ოქტომბრის #პ/3504-07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 44.46 ლარის, 2015 წლის 29 დეკემბრს #პ/3504-81 ხელშეკრულებიდან - 30 615 ლარისა და 2015 წლის 29 დეკემბრს #პ/3504-82 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 11 216 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებაში ასეთი მაღალი პირგასამტეხლოს მითითება არ ნიშნავს, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალი არ არის. ამასთან, 2016 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულება შეასრულა, რაც შეეხება 2015 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებას, იგი, მართალია, 15 დღის დაგვიანებით შეასრულა, მაგრამ მოსარჩელემ იცოდა, რომ ეს გამოწვეული იყო საქონლის მწარმოებლის მიერ მიწოდების დაგვიანებით. მოპასუხემ გაფრთხილების წერილების მიღების ფაქტის უარყო.
6. თბილისის საქალაქო სასამარლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს ჯარიმის - 4 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია 2016 წლის 28 ოქტომბრის #პ/3504-07 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რადგან, ნაცვლად შეთანხმებული ვადისა, მოსარჩელეს 1 440 ლარის პროდუქცია 2016 წლის 28 დეკემბერს (31 დღის დაგვიანებით), ხოლო 2015 წლის 29 დეკემბრის #პ/3504-81 ხელშეკრულების ფარგლებში -102 050 ლარის პროდუქცია 2016 წლის 23 მარტს (15 დღის დავიანებით) მიაწოდა, რაც კრედიტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესაძლებლობას აძლევდა.
6.2. საქალაქო სასამართლოს დასკვნით, 2016 წლის 28 ოქტომბრის #პ/3504-07 ხელშეკრულებით პირგასამტეხლო - 44.46 ლარია, რაც, თავის მხრივ, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, გონივრული თანხაა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება უნდა გამოყენებულიყო 2015 წლის 29 დეკემბერის #პ/3504-81 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ნაწილში, რადგან მოთხოვნილი საჯარიმო სანქციის მოცულობა დისპროპორციულია დარღვევის ხასიათთან, რადგან დარღვევის 15 - დღიან ვადას არ გამოუწვევია მოსარჩელისათვის ამ მოცულობის შესატყვისი შედეგები. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ამგვარი ოდენობა გამოიწვევდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას საჯარიმო სანქციის ხარჯზე. 2015 წლის 29 დეკემბერს #პ/3504-82 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ანაზღაურება კი, არ შეესაბამებოდა სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ვადის უკანასკნელი დღის (2016 წლის 8 მარტი უქმე დღეა) მომდევნო სამუშაო დღეს.
7. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასაართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.1. სააპელაციო პალატამ 2015 წლის 29 დეკემბრის #პ/3504-81 ხელშეკრულების შესრულებასთან მიმართებით არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების გარემოება სწორად დადგინდა (სსკ-ის 127-ე მუხლი).
8.2. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მისი მტკიცების ფარგლებში არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, თუ რა კანონიერი ინტერესი ჰქონდა ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ, როდესაც ასეთ მაღალ პირგასამტეხლოს აწესებდა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლო და არ არსებობდა მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
9.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება 2015 წლის 29 დეკემბრის #პ/3504-82 ხელშეკრულების შესრულების შესახებ სახელდობრ, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვალდებულება 2016 წლის 9 მარტს შესრულდა, თუმცა საქმის მასალებით დგინდება, მხარის მიერ ამ დროს ვალდებულების ნაწილობრივ, ხოლო დანარჩენი ნაწილის 2016 წლის 23 მარტს შესრულება.
9.2. სასამართლომ მართალია, მიუთითა პირგასამტეხლოს სამართლებრივ არსსა და მის მნიშვნელობაზე სამოქალაქო ბრუნვაში, თუმცა არსებითად არ უმსჯელია, კონრკეტულ შემთხვევაში რა გახდა პირგასამტეხლოს - „შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად“ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასებთან მიმართებით იყო განსაზღვრული. გაუგებარია და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, თუ რატომ არის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 9-10%-იანი პირგასამტეხლო „შეუსაბამოდ მაღალი“, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესყიდვა ეხებოდა სამედიცინო აპარატურას. საქმეში არ წარდგენილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა მძიმე ტვირთად დააწვებოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში, ისევე, როგორც კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოცემულ რეკომენდაციებში, არაერთგზის არის აღნიშნული, რომ ხელშეკრულების შესრულებისა და მხარის დარღვეული უფლების კომპენსირებისათვის პირგასამტეხლოს განსაზღვრა მიზანშეწონილია მთლიანი - სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 10% -ით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც იკვეთება მხარის განსაკუთრებული ინტერესი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, სრულიად შესაბამისია პირგასამტეხლოს განსაზღვრა „ხელშეკრულების ფასის“ 15%-მდე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა იმით გამოიხატა, რომ მან 2016 წლის 28 ოქტომბრის #პ/3504-07 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 31 დღის დაგვიანებით, 2016 წლის 28 დეკემბრს, ხოლო 2015 წლის 29 დეკემბრის #პ/3504-81 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 102 059 ლარის ვალდებულება, 15 დღის დაგვიანებით, 2016 წლის 23 მარტს შეასრულა. 2015 წლის 29 დეკემბრის #პ/3504-82 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კი, შესრულდა, 2019 წლის 9 მარტს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უკანასკნელი ვადის, მომდევნო სამუშაო დღეს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
16. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სასამართლოს არ უმსჯელია, კონრკეტულ შემთხევაში, რა გახდა პირგასამტეხლოს - „შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად“ მიჩნევის საფუძველი.
17. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მიმწოდებლის მხრიდან დარღვევის უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, დაკისრებული ჯარიმა (4 000 ლარი) ადეკვატურად მიაჩნია. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარ-ისხს; პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (შდრ. ას-144-140-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება)“. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა - 4 000 ლარია.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, #ას-800-756-2015).
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი