საქმე №ას-327-2019 27 მაისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.მ.მ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „უ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბ.მ.მ–ასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან მერია) და შპს „უ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია, მენარდე ან შემსრულებელი) შორის 2017 წლის 31 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №144 ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს ქ. ბორჯომში, .... ქუჩებზე ფეხით სავალისა და .... ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება 458 000 ლარით, სამუშაოს შესრულების ვადა კი, .... და .... ქუჩაზე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღით, ხოლო ... ქუჩაზე - 90 დღით განისაზღვრა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629.1 მუხლი).
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით დაეკისრებოდა. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი I, ს.ფ. 22-28), (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).
3. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შემკვეთი ყოველი შუალედური ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ს დააკავებდა. აღნიშნული თანხა მენარდეს ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის ბიურო) ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე უკან უნდა დაბრუნებოდა (ტომი I, ს.ფ. 22-28).
4. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიამ 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებით, კერძოდ, 12 დღის დაგვიანებით დაიწყო.
5. 2017 წლის 12 ივლისს მხარეებს შორის შედგა შუალედური მიღება- ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბორჯომში ... და ..... ქუჩებზე ფეხით სავალი და .... ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის 458 000 ლარად ღირებული სამუშაოები, დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი #2 ფორმის მიხედვით, შესაბამისობაში იყო, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება 31810.64 ლარს შეადგენდა, რომელიც გადახდას ექვემდებარებოდა. კომპანიას სამუშაოების დაწყებიდან 7 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების გამო, საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.3% - 1374 ლარი, დაეკისრა (ტომი I, ს.ფ. 45).
6. 2017 წლის 1 აგვისტოს მხარეებმა შეადგინეს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბორჯომში .... ქუჩებზე ფეხით სავალი და .... ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 458 000 ლარი, დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა #2 ფორმის მიხედვით, შესაბამისობაში იყო, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება 41447.77 ლარს შეადგენდა, აღნიშნული თანხა გადახდას ექვემდებარებოდა. კომპანიას ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლო (ხელშეკრულების ღირებულების 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) - 4122 ლარი (1374 ლარი*3 დღეზე) დაეკისრა (ტომი I, ს.ფ. 46).
7. 2017 წლის 18 აგვისტოს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულ იქნა, რომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბორჯომში .... ქუჩებზე ფეხით სავალი და .... ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 458 000 ლარი, დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი # 2 ფორმის მიხედვით, შესაბამისობაში იყო, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება 40550.08 ლარს შეადგენდა, რომელიც გადახდას ექვემდებარებოდა. კომპანიას შესრულების ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 12366 ლარი (1374*9 დღეზე) დაეკისრა (ტომი I, ს.ფ. 47).
8. 2017 წლის 23 ოქტომბერს კომპანიის დირექტორმა მოპასუხეს წერილობით მიმართა და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.3% ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალი იყო, და მენარდის გაკოტრებას გამოიწვევდა. შესაბამისად, ხელშეკრულებაში ცვლილებება უნდა შესულიყო და პირგასამტეხლო 0.02%-ით უნდა განსაზღვრულიყო. მერიის მხრიდან აღნიშნულ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია.
9. კომპანიამ აღმაშენებლის ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაცია (ღირებულებით 203 382.99 ლარი) ნაწილობრივ მოახდინა, კერძოდ მან შეასრულა სამუშაოთა 22% - რომლის ღირებულებიდან - 44 744.25 ლარიდან შემკვეთს (მერიას) გადასახდელად დარჩა 40 269.83 ლარი.
10. 2017 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 85 888.94 ლარი იყო. აღნიშნული თანხიდან კომპანიას ხელშეკრულების 10.5 პუნქტის შესაბამისად, დაუკავდა 10 % - 8588.89 ლარი (რომელიც ამ უკანასკნელს არ დაუბრუნდა ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარუდგენლობის გამო). კომპანიას მოპასუხისგან ავანსის სახით მიღებული ჰქონდა 70 000 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოდან გადასახდელად დარჩენილი იყო 7300 ლარი.
11. მერიამ კომპანიისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 17 862 ლარი, ამ უკანასკნელს შესრულებული (დადასტურებული) სამუშაოების ღირებულებიდან დაუკავა.
12. 2018 წლის 24 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა, მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა :
12.1. ხელშეკრულების მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეწყვეტილად აღიარება;
12.2. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს 0.3%-დან 0.02%-მდე შემცირება. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ჯარიმის სახით დაქვითული 17 862 ლარის 1190 ლარამდე დაყვანა და მოპასუხისათვის ჯარიმის სახით დაქვითული 16 672 ლარის ანაზღაურების დაკისრება;
12.3. მოპასუხის მიერ არაღიარებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების 44 744.25 ლარის დაკისრება;
12.4. 2017 წლის 12 დეკემბრის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით გადასახდელი შესრულებული სამუშაოების ღირებულების (85 888.94 ლარს გამოკლებული საავანსო ღირებულება 70000 ლარი) – 15 888.94 ლარის დაკისრება.
12.5. მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ ის პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რამაც კომპანიას შეუქმნა ფინანსური პრობლემები. სახელდობრ: გარკვეული სამუშაოები შესრულდა, რის თაობაზეც შედგა სათანადო დოკუმენტაცია (ფორმა №2) და წარედგინა მოპასუხეს თანხის ასანაზღაურებლად, ხოლო ამ უკანასკნელმა რეაგირების გარეშე დატოვა კომპანიის მოთხოვნები, ანგარიში არ გაუწია იმ გარემოებას, რომ თუ შესრულებულ სამუშაოებზე შუალედურ ანგარიშსწორებას არ მოახდენდა მოპასუხე, მაშინ კომპანია ვერ შეძლებდა სამუშაოების დასრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით. ამდენად, სამუშაოთა ნაწილის შეუსრულებლობა და ვადაში დაგვიანება, სწორედ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევით იყო გამოწვეული, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
13. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლო - 0,3 % გონივრული იყო და მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მისი მტკიცებით, უსაფუძვლო იყო, არაღიარებულ სამუშაოთა ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაც, ვინაიდან მითითებული თანხა მოსარჩელეს არ აუნაზღაურდა ინსპექტირების ორგანოს მიერ სამუშაოთა ნაწილის დაუდასტურებლობის გამო.
14. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2017 წლის 31 მაისის N144 ხელშეკრულებით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ დაკავებული პირგასამტეხლო 17 862 ლარი 3 862 ლარამდე შემცირდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 14 000 ლარის გადახდა დაეკისრა; ასევე, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ქ. ბორჯომში ... ქუჩის გამყოლი კედლის რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 40 269.83 ლარის გადახდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი თანხის - 7300 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე და 629-ე მუხლები გამოიყენა.
15. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილბის მიღებისა და სარჩელის უარყოფის, ან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. აპელანტს, სააპელაციო საჩივარში პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობის გარდა, არცერთი ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი შედავება არ განუხორციელებია.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ძირითადი ვალდებულების მოცულობის, ასევე, მოგების იმ მარჟის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს კონკრეტული სამუშაოს შესრულებიდან უნდა მიეღო, დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, და მის შემცირებაზე უარის თქმის პირობებში ის მხოლოდ მიმწოდებლის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნებოდა, რაც სსკ-ით პირგასამტეხლოს ინსტიტუტისთვის გათვალისწინებულ მიზნებსა და დანიშნულებას სცდებოდა. შესაბამისად, პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს 3 862 ლარამდე შემცირება მართებულად მიიჩნია;
17. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, ან, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
17.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მათ უგულებელყვეს სსკ-ის 418-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვითაც, ხელშემკვრელი მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს;
17.2. არც სააპელაციო და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა მიიღო მონაწილეობა ტენდერში, გაეცნო სატენდერო დოკუმენტაციას, გამოხატა თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციის პირობებზე. გარდა ამისა, მოსარჩელე გაეცნო ხელშეკრულების პროექტს, მის ყველა დანართსა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და სწორედ ამის შემდეგ გაფორმდა მხარეთა შორის ხელშეკრულება.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
20.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
21. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირებისა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა. სახელდობრ:
21.1. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
21.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
21.3. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
21.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს გონივრულად მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს, ნაცვლად 17 862 ლარისა, 3862 ლარით განსაზღვრა.
ამდენად, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმ ნაწილშიც, რომ მოსარჩელეს 14 000 ლარი (17862 - 3862) დაუკავდა არამართლზომიერად, ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, პირგასამტეხლოს ანგარიშში, მხოლოდ 3862 ლარის დაკავების მართლზომიერი საფუძველი აქვს. შესაბამისად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 14 000 ლარის ანაზღაურებაც, მართებულად დაეკისრა.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: 2019 წლის 17 იანვრის №ას-1373-2018 განჩინება; 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).
23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი