საქმე №ას-39-2019 27 მაისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.თ. (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.შ–ძე (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის უარყოფა და ძირითადი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსასრულებელი თანხის შემცირება, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების განხორციელება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.თ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ძირითადი მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი მყიდველი ან მსესხებელი), შ.ტ–ძესა (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც გამყიდველი ან უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე) და ლ.შ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ძირითადი მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან იპოთეკარი) შორის 2012 წლის 22 მაისს დაიდო სესხის, ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც ხელშეკრულება), რომლის თანახმად, ძირითადმა მოსარჩელემ გამყიდველისგან ქ. თბილისში, ..... მდებარე # 72 საცხოვრებელი ბინა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ძირითადი მოსარჩელის საკუთრება, საცხოვრებელი ბინა, უძრავი ქონება, უძრავი ნივთი ან იპოთეკის საგანი) 16200 აშშ დოლარად იყიდა. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, უძრავი ქონების ნასყიდობის ფასის გადახდისას (რომელიც განხორციელდა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე) ძირითადმა მოპასუხემ, ძირითად მოსარჩელეს 3 თვით - 2012 წლის 22 აგვისტომდე, 15 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის - 3.5 %-ის დარიცხვით ასესხა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ძირითადი მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა.
2. ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტის თანახმად, სარგებლის (პროცენტის) გადახდისას სავალდებულო იყო წერილობითი აქტის შედგენა, ხოლო 3.2.2 პუნქტის მიხედვით, მსესხებელმა გამსესხებელს ერთი თვის სარგებელი (პროცენტი) ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე გადასცა.
3. ხელშეკრულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო - სესხის ძირითადი თანხის - 0.14%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. 2012 წლის 29 მაისს, ძირითადმა მოსარჩელემ, ძირითადი მოპასუხისგან დამატებით 4000 აშშ დოლარი ისესხა (იხ. ხელწერილი, ტ.1, ს.ფ. 81).
5. მხსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, მან სესხი არ დააბრუნა. ამასთან, სესხის სარგებელი (პროცენტი) გადაიხადა სამჯერ, სახელდობრ: პირველი გადახდისას, რომელიც განხორციელდა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე, მან სარგებლის სახით მსესხებელს 525 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგი ორი თვის სარგებლის სახით ჯამში 1330 აშშ დოლარი (665+665) გადაუხადა.
6. 2013 წლის 27 თებერვალს კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა №130185695 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, ძირითადი მოსარჩელის ვალდებულება ძირითადი მოპასუხის მიმართ განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 15 000 აშშ დოლარი, ორი თვის სარგებელი (3.5%) - 1 050 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო (0.14%) - 21 აშშ დოლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2012 წლის 23 აგვისტოდან აღსრულებამდე.
7. 2013 წლის 27 მარტს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა :
7.1. სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და სესხის ძირითადი თანხის ნაცვლად 15 000 აშშ დოლარისა 13 915 აშშ დოლარით განსაზღვრა;
7.2. სააღსრულებო ფურცლის გაუქმება სარგებლის სახით - 1 050 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში;
7.3. სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, და დღეში 0.14%-ის ნაცვლად, 0.01%-ით (ნაცვლად 3 969 აშშ დოლარისა, 262.31 აშშ დოლარით) განსაზღვრა.
7.4. ძირითადი მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 1-3, ასევე, მე-5 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ ძირითადი მოპასუხე არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი სარგებელს ახდევინებდა გაცილებით დიდი ოდენობით ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, გამსესხებელმა სააღსრულებო ფურცლის აღებისას ნოტარიუსს არ აცნობა, რომ მოსარჩელეს ორი თვის სარგებელი უკვე გადახდილი ჰქონდა, შესაბამისად, ნოტარიურის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით, მსესხებელს დაეკისრა იმ 2 თვის სარგებლის ანაზღაურებაც, რომელიც მას უკვე გადახდილი ჰქონდა. მოსარჩელეს მთლიანობაში გადახდილი აქვს ოთხი თვის სარგებელი, რაც გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, დასტურდება ასევე, ხელშეკრულებაზე არსებული მინაწერით. გარდა ამისა, სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო, და სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უნდა შემცირებულიყო.
8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მისი მტკიცებით, მსესხებელმა სარგებელი არა ოთხჯერ, არამედ სამჯერ გადაუხადა. ამასთან, პირველი გადახდისას მოსარჩელემ სარგებლის სახით გადაიხადა 525 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი ორი გადახდის ჯამმა შეადგინა 1 330 დოლარი, აღნიშნული თანხა აღემატება ორი თვის სარგებელს, შესაბამისად, მოპასუხემ თანხმობა განაცხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის მოსარჩელის მიერ გადახდილი ზედმეტობით, კერძოდ, 280 აშშ დოლარით შემცირებაზე. მოპასუხის მტკიცებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შესაბამისად, რადგანაც მსესხებელმა ჯეროვნად, დათქმულ დროში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, სასარჩელო მოთხოვნა დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე უსაფუძვლო იყო.
მოგვიანებით, გამსესხებელმა შეგებული სარჩელი წარადგინა ძირითადი მოსარჩელის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის 4000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა. მისი მტკიცებით, 2012 წლის 29 მაისს მოსარჩელეს სესხის სახით დამატებით გადაცა 4000 აშშ დოლარი, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით. მსესხებელს არც მითითებული თანხა დაუბრუნებია მოპასუხისთვის, შესაბამისად, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
9. ძირითადმა მოსარჩელემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით, შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას სესხის სახით მოპასუხისგან დამატებით თანხა არ მიუღია, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ძირითად მოსარჩელეს, ძირითადი მოპასუხის სასარგებლოდ, 4000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 27 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, მოვალისათვის კრედიტორის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 15 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და სესხის ძირითადი თანხის სახით მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე 14 720 აშშ დოლარით განისაზღვრა; გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 27 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, მსესხებლისათვის გამსესხებლის სასარგებლოდ, სარგებლის სახით 1 050 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში; სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლით, მსესხებლისათვის, გამსესხებლის სასარგებლოდ, 2012 წლის 23 აგვისტოდან აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დაკისრებული (0.14%) 21 აშშ დოლარის შემცირების თაობაზე, უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 115-ე, 623-ე, 625-ე მუხლები გამოიყენა.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძირითადმა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებისა და შეგებებული სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად არ შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა;
12.2. სააპელაციო სასამართლომ, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, სახელდობრ, მან საქმეში წარმოდგენილ ხელწერილზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ სახეზე იყო სესხის ხელშეკრულების მაკვალიფიცირებელი ქმედება, კერძოდ, ფულის დროებით საკუთრებაში გადაცემა, შესაბამისად, დადგენილად უნდა მიჩნეულიყო ფაქტობრივი გარემოება, რომ ძირითადმა მოსარჩელემ ძირითადი მოპასუხისაგან 2012 წლის 29 მაისს სესხის სახით დამატებით მიიღო 4 000 აშშ დოლარი, რაც ძირითად მოპასუხეს უკან უნდა დაბრუნებოდა.
13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ძირითადმა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებისა და შეგებებული სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
13.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ის, სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირებულიყო;
13.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ დაასკვნეს, რომ მან გამსესხებლისგან დამატებით 4 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი მიიღო.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
16.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნისა (სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანით პირგასამტეხლოს შემცირება; სესხის ძირითადი თანხის შემცირება; სააღსრულებო ფურცლის გაუქმება სესხის სარგებლის სახით 1050 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში) და შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის (სესხის დაბრუნება) სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო), 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)) და 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა.
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით, შესაბამისად, მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს, სახელდობრ:
18.1. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2012 წლის 22 მაისის ხელშეკრულებით მხარეები ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე შეთანხმდნენ და მისი ოდენობა განსაზღვრეს სესხის ძირითადი თანხის 0.14%-ით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ასევე, უდავოა, რომ მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, კერძოდ მან სესხის ძირითადი თანხა არ დააბრუნა, ხოლო სარგებელი (პროცენტი) გადაიხადა სამჯერ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
18.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
18.3. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
18.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და მიყენებული ზიანის მოცულობის შესატყვის ჯარიმის ოდენობად მიაჩნია, შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა, მართებულად იქნა უარყოფილი.
19. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მას ძირითადი მოპასუხისგან დამატებით 4000 აშშ დოლარი სესხის სახით არ მიუღია.
19.1. სსკ-ის 623-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა. სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან.
19.2. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ძირითადი მოსარჩელის მიერ შედგენილი ხელწერილით, დადგენილია, რომ ძირითადმა მოსარჩელემ მოპასუხისგან 2012 წლის 29 მაისს დამატებით სესხის სახით 4 000 აშშ დოლარი მიიღო. აღნიშნულ ხელწერილში, კასატორი მიუთითებს, რომ მან ძირითადი მოპასუხისაგან დამატებით ისესხა 4 000 აშშ დოლარი და სულ მთლიანი თანხა შეადგენს 19 000 აშშ დოლარს (იხ. ტ. І, ს.ფ. 81).
19.3. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მსესხებლის მიერ ხელწერილში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მან დამატებით ისესხა 4 000 აშშ დოლარი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მან აღნიშნული თანხა ძირითადი მოპასუხისგან მიიღო, შესაბამისად, სესხი, როგორც რეალური ხელშეკრულება შემდგარია.
19.4. ამრიგად, პალატა თვლის, რომ შეგებებული სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და არც ამ ნაწილში იკვეთება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში რჩება საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 30%. საკასაციო პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით კასატორს გადაუვადდა რა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო, წინამდებარე განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული მისი საკასაციო საჩივარი, პალატა თვლის, რომ მას, ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს გადავადებული ბაჟის - 385.33 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის გადახდა - 115.6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.თ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.თ–ს (პ/ნ ....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით (საქმე №ას-39-2019) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 385.33 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30% - 115.6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი