საქმე №ას-194-2019 27 მაისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „G.C.” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ყ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.ყ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შემკვეთი ან მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „G.C“-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მენარდე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) 2014 წლის 16 დეკემბერს გააფორმეს წერილობითი შეთანხმება, რომელიც დასათაურებელია როგორც „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება“, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს ქ. ბათუმში ..... მშენებარე საცხოვრებელ სახლში (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მშენებარე საცხოვრებელი სახლი ან საცხოვრებელი სახლი) არსებულ ანტრესოლში 2.20-4.80 ნიშნულზე, საკუთრებაში გადაეცემოდა „C“ ბლოკში 38.40 კვ.მ, ხოლო „D“ ბლოკში 38.99 კვ.მ კომერციული ფართები. 38.40 კვ მ. ფართის ღირებულება 16 000 აშშ დოლარს, 28.99 კვ.მ ფართის კი, 14 495 აშშ დოლარს (ჯამში 30 495 აშშ დოლარი) შეადგენდა.
2. შეთანხმების 3.2 და 3.3 პუნქტების თანახმად, ფართების შეძენის მიზნით, მოსარჩელემ 21 000 აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო დარჩენილი თანხა მას შემდეგი გრაფიკით უნდა დაეფარა: - 2500 აშშ დოლარი 2015 წლის მაისის ბოლომდე, 6995 აშშ დოლარი კი, მშენებლობის დასრულებამდე.
3. მოპასუხემ მოსარჩელეს საკუთრებაში არ გადასცა შეპირებული კომერციული ფართები.
4. 2016 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და მოპასუხისათვის 30 495 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელე ამ განჩინების 1-3 პუნტებში აღწერილ გარემოებებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ კომერციული ფართების ღირებულება 38.40 კვ მ. ფართზე 16 000, 28.99 კვ.მ ფართზე კი, 14 495 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მთლიანობაში 30 495 აშშ დოლარი იყო. 2014 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით, მას გადახდილი ჰქონდა 21 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადა ეტაპობრივად: 2500 აშშ დოლარი - 2015 წლის 19 აპრილს, 6995 აშშ დოლარი კი, 2015 წლის 22 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ დასამზადებელი ნივთის საფასური მან სრულად გადაიხადა, მოპასუხემ უარი განაცხადა ფართების მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე იყო, ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის - 30 495 აშშ დოლარის უკან დაბრუნების წინაპირობები.
5. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, მოსარჩელის ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო თანხის დაკისრების ნაწილში გამორიცხა მოთხოვნა და განმარტა, რომ მართალია, 2014 წლის 16 დეკემბერს, მხარეთა შორის გარიგება დაიდო, თუმცა ფართების საფასური - 30 495 აშშ დოლარი მოსარჩელეს არ გადაუხდია, შესაბამისად, თანხის დაკისრების ნაწილში, სარჩელი უსაფუძვლო იყო, და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 21 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 352-ე, 398-ე, 399-ე, 405-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე და 629-ე მუხლები გამოიყენა.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 2014 წლის 16 დეკემბრის შეთანხმების გაფორმების მომენტისათვის გადახდილი ჰქონდა 21 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
8.2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კრედიტორის ხელმოწერით დადასტურებული, ნებისმიერი წერილობითი ფორმით შედგენილი დოკუმენტი, რომლის შინაარსი სარწმუნოდ ადასტურებს თანხის გადახდას, სათანადო მტკიცებულებად უნდა მიჩნეულიყო, ამდენად, პირველი პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 21 000 აშშ დოლარის გადახდა;
8.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს, მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით, რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია, რის გამოც, არ არსებობდა სხდომის სხვა დროისათვის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
9. აღნიშნული განჩინება, მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. მან გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის მხოლოდ 16 000 აშშ დოლარის ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით:
9.1. მოწმეთა ჩვენებებით მოსარჩელის მხრიდან მხოლოდ 16 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დადასტურდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ გამოიტანეს დასკვნა, მოპასუხისათვის 21 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე;
9.2. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინება სხდომის გადადებაზე უარის თქმის შესახებ.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
13. ამასთან, საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქ/პუნქტზე დაყრდნობით, კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია მიუხედავად იმისა, რომ მისი სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებას. 2014 წლის 16 დეკემბრის შეთანხმება, რომელიც დასათაურებულია, როგორც „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება“, თავისი შინაარსით ნარდობაა და სწორედ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობა. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. სამართლის ნორმის გამოყენება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება და არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითების გამო, არ შეიძლება სარჩელის უარყოფა (შდრ. სუსგ-ები: ას 1851-2018, 2.05.2019, 1490-2018 17.04.2019, 1215-2018, 29.03.2019, 679-633-2017, 5.12.2017).
13.1. ამრიგად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები), 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), და 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ) გამომდინარეობს.
13.2. მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 16 დეკემბრის შეთანხმებით კასატორმა (მენარდე) იკისრა ვალდებულება დაემზადებინა (აეშენებინა) და მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში ..... მშენებარე საცხოვრებელ სახლში არსებულ ანტრესოლში 2.20-4.80 ნიშნულზე „C“ ბლოკში 38.40 კვ.მ, ხოლო „D“ ბლოკში 38.99 კვ.მ კომერციული ფართები, ანუ ინდივიდუალურად განსაზღვრული საგანი. თავის მხრივ, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა ნარდობის საზღაური (დამზადებული ნივთის ღირებულება) 30 495 აშშ დოლარი, ანუ მხარეთა შორის შეთანხმება აკმაყოფილებდა ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებს. დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია წარდგენილი მეორადი მოთხოვნის (ხელშეკრულებიდან გასვლის) წინაპირობების განხორციელება. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხეს მოსთხოვოს გადაცემულის უკან დაბრუნება.
13.3. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ნარდობის საზღაურის სახით 21000 აშშ დოლარი გადასცა.
სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს ეკისრებოდა.
სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სსკ-ის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი-ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა (შდრ. სუსგ 11.11.2015, №ას-570-541-2015).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტში ყოველთვის იგულისხმება წერილობითი საბუთი, შესაბამისად, მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილ, მხარეთა მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადახდილი აქვს 21000 აშშ დოლარი, რაც, პალატის შეფასებით, საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს სადავო ფაქტობრივი გარემოების - 21000 აშშ დოლარის გადახდის დასადგენად.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებული წერილობითი მტკიცებულების საფუძველზე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადახდილი აქვს 21000 აშშ დოლარი.
14. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას პირველი ინსტანციის სასამართლოს სადავოდ გამხდარი საოქმო განჩინების მართებულობასთან დაკავშირებითაც.
14.1. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს, მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მოპასუხეს ხსენებული მტკიცებულება არც სააპელაციო სასამართლოში წარუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ გააჩნდა (სსსკ-ის 216-ე მუხლი), შესაბამისად, მოპასუხის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ მართებულად არ დაკმაყოფილდა და არც სადავო საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი არსებობს.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 462.22 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „G.C–-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „G.C-ს” (ს/კ ....) დაუბრუნდეს შ.ჯ–ძის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 660.32 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 18.02.2019წ.) 70% - 462.22 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი