Facebook Twitter

საქმე №ას-631-631-2018 18 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ლ-ი, გ. კ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ გ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ. კ-ემ და ი. ლ-მა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. ნ-ისა და ნ. ბ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, გ.ნ-ე ასევე წოდებული, როგორც თავდაპირველი თანამოპასუხე, ხოლო ნ.ბ-ე _ აპელანტი და/ან კასატორი) მიმართ, ზიანის _ 9 581 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 22 დეკემბერს, ი. ლ-ის საკუთრებაში არსებული „მერსედესი“ (ე 350 , სახელმწიფო #TH ...) სამართავად გადაცემული ჰქონდა გ. კ-ეს, რომელიც მოძრაობდა ქ.თბილისში, ... გამზირზე, რა დროსაც შეეჯახა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის უხეში დარღვევით მოძრავი თეთრი ფერის ავტო-მანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეჯახების შედეგად გ. კ-ემ მიიღო დაზიანება, ასევე, დაზიანდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ი. ლ-ის კუთვნილი ავტო-მანქანა. გამოძიებისას დადასტურდა გ. ნ-ის ბრალი მომხდარ ა/საგზაო შემთხვევაში. საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლ გ. ნ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მომხდარ ავტო-საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ამავე დასკვნის თანახმად, მძღოლ გ. კ-ეს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. გ. კ-ის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ქ.თბილისის პროკურატურის 2016 წლის 7 მარტის დადგენილებით, გ. ნ-ის მიმართ შეწყდა გამოძიება და ადმინისტრაციული წესით განსახილველად გადაეცა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. ავტო-საგზაო შემთხვევაში ბრალეული გ. ნ-ე ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 23 მარტს დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად ი. ლ-ის კუთვნილი და გ. კ-ის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა გადაყვანილ იქნა შსს სსიპ „112-ის“ სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე. შსს საჯარიმო სადგომზე ი. ლ-ის ავტო-მანქანის ევაკუატორის მომსახურებისა და საჯარიმო სადგომზე განთავსებისათვის გადახდილია 100 ლარი. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გ. კ-ის მიერ სს „აკად. ო.ღ. ს. ე. ც.“ ჩატარებული მკურნალობისათვის გადახდილია 108,20 ლარი. საქმეზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „მერსედესის“ ე 350 მარკის ა/მანქანის დაზიანება შეადგენს 5 000 ლარს. ი. ლ-ის კუთვნილი და გ. კ-ის მართვის ქვეშ მყოფი დაზიანებული ა/მანქანის აღდგენა მოხდა შპს „კ.“ ავტოსერვისში, დაზიანებული ავტო-ნაწილების ღირებულებაში გადახდილი იქნა 4 381 ლარი, ხოლო, აღდგენაში (გამოცვლა, შეღებვა და ა.შ) _ 4 993,66 ლარი (სულ 9374,66 ლარი).

2. მოპასუხეების პოზიცია:

სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა, მართალია, არ ცნეს მოთხოვნა, თუმცა, მოსარჩელეების მიერ მითითებული რომელიმე ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ შედავება არ განუხორციელებიათ, მიუთითეს მხოლოდ ის, რომ არ ეთანხმებოდნენ აღნიშნულ ფაქტებს. სასამართლო სხდომაზე კი, მხოლოდ ზიანის ოდენობა გახადეს სადავო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: გ. ნ-ესა და ნ. ბ-ეს მოსარჩელე ი. ლ-ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის _ 9 374,66 ლარის, ევაკუატორის მომსახურებისა და საჯარიმო სადგომზე განთავსებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის გადახდა. გ. ნ-ესა და ნ. ბ-ეს მოსარჩელე გ. კ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 108,20 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის 5 000 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დამაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა. მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2015 წლის 21 დეკემბერს ქ.თბილისში, ... გამზირზე, ვარაზის ხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა ი. ლ-ის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება _ მერსედესის მარკის ავტომობილი;

1.2.2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია გ. ნ-ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ, რომელიც მართავდა ნ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს;

1.2.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ირინე ლუაშვილის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა;

1.2.4. მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 9 374,66 ლარს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას, რომელიც სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასწორ შეფასებას და ამ გზით მიყენებული ზიანის ოდენობის არასწორად განსაზღვრას შეეხება (კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს იმ შეფასებას, რომლის თანახმადაც ზიანი განისაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენისას გაწეული ფაქტობრივი ხარჯებით და მიიჩნევს, რომ სასამართლოს ნაცვლად მითითებული მტკიცებულებისა, უნდა ეხელმძღვანელა მოსარჩელის მიერვე წარდგენილი შსს-ს საექსპერტო დეპარტამენტის შეფასებით). საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების საპროცესო-სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხე ზიანის გაანგარიშების თაობაზე სარჩელში მითითებულ გარემოებებს არც შესაგებლით და არც საქმის მომზადების ეტაპზე კვალიფიციურად არ შედავებია (სსსკ-ის 201-ე მუხლი), რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის საფუძველზე მან დაკარგა ამ ფაქტების საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე შედავების შესაძლებლობა (იხ. სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი), ამ პირობებში კი, მოსარჩელის მტკიცება ზიანის ოდენობასთან მიმართებით დასაბუთებულია და გამყარებულია შესაბამისი წერილობითი დოკუმენტით, გარდა ამისა, დავის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიმართ ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად მოიძიეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი და ვინაიდან კასატორი არ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავს (მაგ: სამართალდამრღვევი მძღოლი ჰყავდა თუ არა მას დანიშნული სატრანსპორტო საშუალების სამართავად _ სსსკ-ის 999.4 მუხლი), იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრის თაობაზეც. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-504-481-2016, 30 სექტემბერი, 2016 წელი; 494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი; №ას-463-445-2016, 8 ივლისი, 2016 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გ. ნ-ის მიერ ნ. ბ-ის სახელით 29.05.2018წ. #564 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ. ბ-ეს (პ/#6000110...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ. ნ-ის მიერ ნ. ბ-ის სახელით 29.05.2018წ. #564 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი