საქმე #ა-227-ა-6-2019 1 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ს.“ განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საქმეზე _ შპს „ფ. ს. ..-ის“ სარჩელის გამო, შპს „ს.“ მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ფ. ს. ..-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 185 163,83 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით შპს „სალხინოს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ს.“, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განცხადება ძირითადად ემყარება იმ არგუმენტს, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძველია
გაზეთ „მ. და მ.“ 2019 წლის ივნისის ნომერში დაბეჭდილი ინფორმაცია. განცხადებას ერთვის ხსენებული გაზეთის 2019 წლის ივნისის გამოშვების არაერთი ეგზემპლარი, ხოლო, გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის შესწავლით ირკვევა, რომ სტატიის ავტორი არ ეთანხმება წინამდებარე საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და აკრიტიკებს, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, ისე _ სასამართლოს შპს „ს.“ შპს „ფ. ს. ..-ის“ სასარგებლოდ თანხის დაკისრების გამო. საგაზეთო ნომერში გადმოცემული ინფორმაცია ძირითადად ემყარება შპს „ს.“ გენერალური დირექტორის პოზიციას სასამართლოში წარმოებული დავისა და სასამართლოს მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების შეფასების თაობაზე.
საკასაციო პალატა გაეცნო განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, ამ საკითხს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ერთპიროვნულად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება, გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ითქვა, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძველი ფაქტობრივად მის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა საგაზეთო პუბლიკაციაში, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობს, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს არც ერთ ზემოხსენებულ მოთხოვნას, ამასთანავე, განმცხადებელი ფორმალურადაც კი ვერ მიუთითებს საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე თუ 423-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი წინაპირობაა სახეზე ან დაცული არის თუ არა განცხადების წარდგენისათვის ამავე კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული ვადა, მასვე არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მიუხედავად ამისა, პალატა არ ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვინაიდან სახეზეა მისი დაუშვებლად ცნობის აბსოლუტური წინაპირობა:
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა მიღებული 2015 წლის 20 მარტს. საქალაქო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლოების მიერ, შესაბამისად, 2018 წლის 9 ნოემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი ადგენს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსჯადობის პრინციპს და ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრულია შემდეგი: განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული საგაზეთო სტატია ერთმნიშვნელოვნად არ არის მიმართული საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებისკენ, ამასთანავე, ვინაიდან საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერაა გამოტანილი, საკასაციო პალატა, განსჯადობის წესებისათვის დადგენილი საპროცესო სტანდარტიდან გამომდინარე, არ არის უფლებამოსილი, შეამოწმოს განცხადების საფუძველიანობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „ს.“ განცხადების დაშვების კანონით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე