საქმე №ას-41-41-2018 15 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნოტარიუსი ნ. კ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ე. კ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუს ნ. კ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ნოტარიუსი) მიმართ, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 8 000, აშშ დოლარისა და სარგებლის _ 1 960 აშშ დოლარის, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 8 000 აშშ დოლარის 3,5%-ის _ 280 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2013 წლის 16 სექტემბერს მოსარჩელესა და გ. კ-ს (შემდგომში _ მსესხებელი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ სამი თვის ვადით, ყოველთვიური 3,5%-ის დარიცხვის პირობით, მსესხებელს გადასცა 8 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოაღნაგე მსესხებლის აღნაგობის უფლებით დატვირთული 96 კვ.მ და 77 კვ.მ სასაწყობო ფართები. ხელშეკრულებები გაფორმდა მოპასუხე ნოტარიუსთან, რომელმაც საკუთარი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, სათანადოდ არ გადაამოწმა მსესხებლის მდგომარეობა, არ მოიძია საჭირო გარემოებები, რის შედეგადაც, ზიანი მიადგა მოსარჩელეს. მან ვერ შეძლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, ვინაიდან, მსესხებელი მოვალეთა რეესტრში იყო რეგისტრირებული. აღნიშნულის შესახებ, კრედიტორისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მსესხებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემდეგაც არ დაუბრუნა თანხა. მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც სანოტარო მოქმედების განხორციელებაზე უარი განაცხადა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ხელშეკრულებები კანონმდებლობის დაცვით დაამოწმა. გარიგების დადების მომენტისათვის რაიმე შეზღუდვა ან აკრძალვა არ იყო რეგისტრირებული, მათ შორის, მოვალეთა რეესტრშიც. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები დაიდო 2013 წლის 16 სექტემბერს, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან კი, განახლებული იყო 2013 წლის 13 სექტემბერს. ნოტარიუსის უარი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განპირობებული იყო სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან, რადგან იპოთეკა ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, რაც მხარემ არ განახორციელა. მსესხებლის იმ ქონებაზე, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა 2013 წლის 16 სექტემბერს, ხელშეკრულებებზე დართულ საჯარო რეესტრის ამონაწერში რაიმე უფლებრივი დატვირთვა არ ფიქსირდებოდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2013 წლის 16 სექტემბერს მოსარჩელესა და მსესხებელს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 3.5%-ის დარიცხვის პირობით, გამსესხებელმა მსესხებელს 4 000 აშშ დოლარი გადასცა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული აღნაგობის უფლება;
1.2.2. ამავე მხარეებს შორის, ამავე დღეს დაიდო მეორე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც, სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 3.5%-ის დარიცხვის პირობით მსესხებელს გადაეცა 4 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული აღნაგობის უფლება;
1.2.3. გამსესხებელმა 2013 წლის 16 სექტემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე;
1.2.4. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 192-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოვალეთა რეესტრიდან მსესხებლის ამორიცხვამდე, 2013 წლის 20 სექტემბერს შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება;
1.2.5. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების თაობაზე გამსესხებელმა შეიტყო 2014 წლის ოქტომბერში;
1.2.6. 2014 წლის 24 ოქტომბერს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, იპოთეკის ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე ნოტარიუსმა განაცხადა უარი. უარის მიზეზად კი, მიუთითა, რომ „იპოთეკის ვალდებულება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, სესხის ხელშეკრულების ნაწილში კი, გასცა სააღსრულებო ფურცლები. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხა - 4 000-4 000 აშშ დოლარი და პროცენტი _ 980-980 აშშ დოლარი განისაზღრა. აღსრულების სახედ დადგინდა მოთხოვნის დაკმაყოფილება მსესხებლის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონებებით;
1.2.7. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 5 მაისის წერილის თანახმად, „გიორგი კვანტალიანი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრის ერთიან ბაზაში. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონებისა და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლება, ასევე შესაბამისი სამსახურები და ბანკები ვალდებულნი არიან, პირის მიერ რაიმე უფლების დარეგისტრირებისა და შესაბამისად ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ აღსრულების ეროვნულ ბიუროს“. აღმასრულებელ დ. ტ-ის პასუხში მითითებულია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია #1409... სააღსრულებო საქმე, ნოტარიუს ნ. კ-ის მიერ 2014 წლის 24 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც გ. კ-ს დაეკისრა თანხის გადახდა ე. კ-ის სასარგებლოდ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა სრულად უარყოფს კასატორის ძირითად პრეტენზიას, რომლის თანახმადაც დადგენილი გარემოებები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ არსებობს ზიანი და ეს ფაქტი ქვემდგომმა სასამართლომ არასწორად შეაფასა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისათვის სწორად გამოიყენა დელიქტური ვალდებულების მომწესრიგებელი ნორმები, რამდებნადაც განსახილველი სარჩელის საფუძველს ნოტარიუსის მიერ გარიგების დამოწმებისას ვალდებულების დარღვევა და ან დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნა _ ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ გარიგების დამოწმებისას ნოტარიუსმა დაარღვია „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნები, როდესაც არ გადაამოწმა მსესხებლის რეგისტრაციის ფაქტი მოვალეთა რეესტრში, რაც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, მის შესაძლო პასუხისმგებლობაზე მეტყველებს, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებსაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც უნდა დგინდებოდეს არა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამედ, უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და შედეგს შორის. თუმცა, საკასაციო პალატის დასკვნით, იმ პირობებში, როდესაც მოვალისაგან სესხის დაბრუნების შეუძლებლობა არ არის დადასტურებული (სააღსრულებო ფურცლის აღსრულების გამომრიცხველი გარემოებები, თანახმად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავისა), გამორიცხულია, ვიმსჯელოთ ზიანის დადგომის ფაქტზე, რომელიც ნოტარიუსის ქმედების პირდაპირი შედეგი იქნება, შესაბამისად, ამ ფაქტობრივ მოცემულობაში სარჩელი გაუმართლებელია და იგი სწორად უარყვეს ქვემდგომმა სასამართლოებმა. ზიანის შემადგენლობის თვალსაზრისით, გასაჩივრებული განჩინების დასკვნები გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტიდან, ხოლო, კასატორი ვერ ამტკიცებს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც კანონისმიერი ვალდებულების _ დელიქტის წინაპირობებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
ვინაიდან, წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლადაა მიჩნეული, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ. ს-ის მიერ კასატორის სახელით 10.01.2018წ. #2 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 284,99 ლარისა და მ. კ-ის მიერ ასევე კასატორის სახელით 29.01.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 238,73 ლარის, სულ _ 2 523,72 ლარის 70% _ 1 766,604 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ე. კ-ეს (პ/#60001...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ. ს-ის მიერ კასატორის სახელით 10.01.2018წ. #2 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 284,99 ლარისა და მ. კ-ის მიერ ასევე კასატორის სახელით 29.01.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1 238,73 ლარის, სულ _ 2 523,72 ლარის 70% _ 1 766,604 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი