საქმე №ას-1012-2018 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-14“, ჯ. ც-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. გ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ-14-ისა“ და ჯ. -ის (შემდგომში_ პირველი და მეორე მოპასუხე, შპს „გ- 14“ _ მეორე აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები, შპს ასევე წოდებული, როგორც დამსაქმებელი ან კომპანია, ხოლო ჯ.ც-ე, როგორც დირექტორი) მიმართ მოპასუხეებისათვის სახელფასო დავალიანების _ 5 400 ლარის, ასევე, მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს (0,07%) დაკისრების მოთხოვნით (დავალიანებული პირგასამტეხლოს ოდენობა 2 391,90 ლარი, ხოლო სარჩელის აღძვრიდან ყოველდღიურად 3,78 ლარი).
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 500 ლარს (ხელზე ასაღები). 2015 წელს კომპანიას დაუგროვდა გარკვეული სახელფასო დავალიანება, რომლის ოდენობამაც შეადგინა 9 900 ლარი. ამავე წლის 18 ივლისს მხარეები შეთანხმდნენ დავალიანების ეტაპობრივად, 500-500 ლარის გასტუმრებაზე. დავალიანების სრულად დაფარვის ვადა იწურებოდა 2017 წლის მაისში. ვალდებულების შესრულება წერილობით იკისრა კომპანიის დირექტორმაც. 2016 წლის ივნისის ჩათვლით მოპასუხე ვალდებულებას ასრულებდა და ჯამში 4 500 ლარი აუნაზღაურა დასაქმებულს. ამ დროიდან მოყოლებული კომპანია აღარ იხდის დავალიანებას, შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დარჩენილი თანხის _ 5 400 ლარის, ასევე, ვადაგადაცილების გამო დავალიანებული თანხის 0,07%-ის გადახდა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. კომპანიამ სარჩელის წინააღმდეგ მარტივი შესაგებელი წარადგინა, მან დავალიანების ძირი თანხის ნაწილში მოთხოვნა ცნო, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, შესაგებლის თანახმად, კომპანიამ, უსახსრობის გამო, შეაჩერა საქმიანობა და თანამშრომლები გაუშვა ანაზღაურებისგარეშე შვებულებაში, შესაბამისად, არ გააჩნია მატერიალური შესაძლებლობა, გადაიხადოს პირგასამტეხლო;
2.2. კომპანიის დირექტორს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი კომპანიის მიმართ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 5 400 ლარის, ასევე, მისი ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის ამ თანხის 0,07%-ის გადახდა (დაგროვებული დავალიანების _ 2 391,90 ლარის, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 3,78 ლარის გადახდა), დასაქმებულის სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხემ, დასაქმებულმა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო დამსაქმებელმა _ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო პირგასამტეხლოს მეორე მოპასუხისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის/გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს თანხის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირთა წრის დადგენა წარმოადგენს, კერძოდ, ეკისრება თუ არა კომპანიის დირექტორს კომპანიასთან ერთად სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს, რომლებიც, ძირითადად, სასამართლოს მხრიდან მატერიალური სამართლის ნორმათა დარღვევას შეეხება, კერძოდ, კასატორი სადავოდ მიიჩნევს სასამართლოს დასკვნას თავდების ნების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე იმ მოტივით, რომ ხელწერილში არ იყო განსაზღვრული პასუხიმგებლობის მოცულობა. ამ მხრივ მხარე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხემ თავდებობა ვალდებულების სრულ მოცულობაზე იკისრა სოლიდარულად, უფრო მეტიც, კომპანიის დირექტორს ხსენებული გარემოებები სადავოდ არ გაუხდია და მას სარჩელის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელიც არ წარუდგენია, ხოლო, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, დავალიანებას აღიარებდა და მოითხოვდა მისი ოდენობის შემცირებას.
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში და მისი ყოველთვიური ხელფასი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, შეადგენდა 500 ლარს;
1.2.2. დამსაქმებელმა მოსარჩელეს ხელფასი დროულად ვერ გადაუხადა. გადაუხდელმა სახელფასო დავალიანებამ 2015 წლის 18 ივლისის მდგომარეობით შეადგინა 9 900 ლარი;
1.2.3. პირველმა მოპასუხემ 2015 წლის 18 ივლისს წერილობით დაუდასტურა დასაქმებულს სახელფასო დავალიანების არსებობა და იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა იგი 2015 წლის ოქტომბრიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე ყოველთვიურად, 500-500 ლარის გადახდით. ამავე წერილში საწარმოს დირექტორმა აღნიშნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ვალდებულება შესრულებული იქნებოდა, როგორც საწარმოს, ისე _ მისი, როგორც ფიზიკური პირის უძრავ-მოძრავი ქონებით;
1.2.4. 2015 წლის 18 ივლისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით, კომპანიამ დასაქმებულს გადაუხადა 4 500 ლარი.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის შედავებას სააპელაციო პალატის მხრიდან მატერიალური სამართლის ნორმათა დარღვევის თაობაზე და ხსენებული საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს შრომის სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელ რამდენიმე საკითხზე:
1.3.1. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები სახელშეკრულებო _ შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და ამ ურთიერთობიდან გამომდინარეობს მოცემული დავის ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს შრომის კოდექსის 31-ე მუხლი, რამდენადაც, სადავოს არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების წესზე კანონით განსაზღვრული რეგულაციისაგან განსხვავებული ორმხრივი შეთანხმების არსებობა და შრომის ანაზღაურების დაყოვნების ფაქტი. უდავოა ისიც, რომ დამსაქმებელს აღიარებული აქვს დავალიანება ჯამში _ 9 900 ლარის ოდენობით, რომლის ნაწილიც _ 4 500 ლარი ანაზღაურებულია. მოსარჩელე მოითხოვს სახელფასო დავალიანების დარჩენილი ნაწილის _ 5 500 ლარისა და მისი გადახდის დაყოვნების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრებას. სოლიდარული ვალდებულების საფუძვლად კი, მიიჩნევს დავალიანების წერილობით აღიარებას.
1.3.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობის სუბიექტები კომპანია და დასაქმებული არიან, კომპანია კი, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სრულად აკმაყოფილებს სამოქალაქო სუბიექტუნარიანობისათვის დამახასიათებელ წინაპირობებს და სამართლებრივ ურთიერთობაში გვევლინება მხარედ, რომლის ინტერესებს წარმოადგენს კანონისმიერი წარმომადგენელი _ დირექტორი, თანახმად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა. კანონიერი წარმომადგენელი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია კომპანიის და არა მისი კონტრაჰენტების წინაშე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია სახეზე არის თუ არა დირექტორის იმგვარი ქმედება, რომელიც მას კომპანიასთან ერთად წარმოუშობდა პასუხისმგებლობას. ამ მხრივ, სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ 2015 წლის 18 ივლისის წერილს, რომელიც ხელმოწერილია მეორე მოპასუხის მიერ. ამ წერილით ის, როგორც კომპანიის დირექტორი, კაუზალურად ადასტურებს ვალდებულების არსებობას, გასცემს დაპირებას მის შესრულებაზე (განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების წესსა და პირობებს: თანხის გადახდა ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად, ვალდებულების სრულად შესრულებამდე) და დამატებით კისრულობს პასუხისმგებლობას, როგორც ფიზიკური პირი, აუცილებლობის შემთხვევაში, ვალდებულება შეასრულოს პირადი ქონებითაც.
1.3.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დირექტორის, როგორც ფიზიკური პირის მიერ ცალმხრივად ნაკისრი ვალდებულების შესრულების აუცილებლობა სრულად ექცევა სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ რეგულაციაში, რომლის თანახმადაც თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივი გარიგებაა, რომლის ნამდვილობისათვს საკმარისია თავდების ნამდვილი ნება, გაცნობიერებულად გამოთქვას თანხმობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, გარდა ამისა, ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით თავდებობის ნამდვილობისათვის კანონი ადგენს მეორე სავალდებულო წინაპირობას _ ნება უნდა იყოს წერილობით, რაც, მოცემულ შემთხვევაში დაცულია. რაც შეეხება ამავე ნორმის დანაწესს პასუხისმგებლობის რაოდენობრიოვად განსაზღვრის თაობაზე, იგი თავდებობის იურიდიულ ძალმოსილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგანაც ვალის კაუზალური დადასტურების დოკუმენტში გადმოცემულია ძირითადი დავალიანების ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, დირექტორმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, სწორედ 9 900 ლარის გადახდის ვალდებულებაზე იკისრა თავდებობა და სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში ის პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. მოცემულ შემთხვევაში, არც საქმის მასალებით დგინდება და არც კასატორს წარმოუდგენია იმგვარი დასაბუთებული შედავება, რომლის ანალიზი პალატას მისცემდა შესაძლებლობას, სახელფასო დავალიანების დაყოვნებისა და სხვა ხარჯების თავდებისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ემსჯელა ამავე ნორმის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ წინაპირობებზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ თავდებობის ხელშეკრულება, ფორმადაუცველობის გამო (მასში არ არის გადმოცემული თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები), ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს (სკ-ის 54-ე მუხლი).
1.3.4. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება კასატორის პოზიციას თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიზნებისათვის თავდებობის ხელშეკრულებიდან ცალსახად უნდა ირკვეოდეს, რომ თავდები მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც თანახმაა, შეასრულოს ვალდებულება სოლიდარულად (შდრ: სკ-ის 464-ე მუხლი: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტის სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის კონტექსტში შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი ნება თავდებს არ გამოუვლენია, რამდენადაც ცალმხრივ დოკუმენტში ის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას კისრულობს არა მოვალის თანაბარმნიშვნელოვნად, არამედ _ აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისად, სახეზე არ არის სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები. ამასთანავე, პალატა კვლავ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სახელფასო დავალიანების დაყოვნების გამო, კანონისმიერი პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება (შკ-ის 31.3 მუხლი) თავდებს არ უკისრია, შესაბამისად, დაყოვნების ყოველი დღისათვის დირექტორისათვის დავალიანებული თანხის 0,07%-ის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში სააპელაციო პალატამ მართებულად უარყო სარჩელი.
1.3.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს პროცესუალურ საკითხზეც: კასატორი აპელირებს იმ ფაქტზე, რომ კომპანიის დირექტორს, როგორც ფიზიკურ პირს, სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია, რაც სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევას განაპირობებს. საქმის მასალებით მართლაც დასტურდება, რომ დასაქმებულმა ცალ-ცალკე აღძრა სარჩელები კომპანიისა და დირექტორის მიმართ ერთი და იგივე მოთხოვნებით, რაც მოგვიანებით, სასამართლომ ერთ წარმოებად გააერთიანა. კომპანიის მიმართ აღძრულ სარჩელზე წარდგენილია შესაგებელი, ხოლო, დირექტორს დამოუკიდებელი შესაგებელი არ წარუდგენია, თუმცა, მაინც არ არსებობს ამ საფუძვლით დირექტორის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, რადგანაც შესაგებელი ფაქტობრივად მეორე მოპასუხემ, როგორც კომპანიის კანონიერმა წარმომადგენელმა წარადგინა და მანვე განკარგა საკუთარი დისპოზიციური ნება ძირი დავალიანების ნაწილში სარჩელის ცნობით (სსსკ-ის მე-3 და 83-ე მუხლები), ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ფორმალური განმარტება არ შეიძლება პირის მიმართ დაუსწრებელი სამართალწარმოების განხორციელების საფუძველი გახდეს, როდესაც იგი საპროცესო დოკუმენტის წარდგენით გამოავლენს საკუთარ ნებას მის წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნის თაობაზე, თუმცა, სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, ზემოხსენებულ დასაბუთებასთან ერთად პალატა თვლის, რომ არსებობდა კომპანიის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი და ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად თავდებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები (4 500 ლარის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელემ აღიარა, რომ ვალდებულება შეწყდა სკ-ის 427-ე მუხლის შესაბამისად).
1.3.6. საკასაციო პალატა 5 400 ლარის დაკისრების მოთხოვნასთან მიმართებით მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საკასაციო შესაგებელს მოწინააღმდეგე მხარემ დაურთო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება _ სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის საფუძველზეც კასატორის ანგარიშზე გადარიცხულ იქნა 5 400 ლარი. ეს მტკიცებულება გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და ეთხოვა წერილობითი პოზიციის წარმოდგენა. სასამართლო მიმართვის პასუხად მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაადასტურა შესრულების მიღების ფაქტი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გადაუხდელი სახელფასო დავალიანების თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, შეწყდა ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით. ამ ფაქტის პროცესუალურ მხარეს წარმოადგენს ის, რომ აღარ არსებობს მოპასუხეებისათვის ამ ოდენობით თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელის საგანი.
1.3.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლი გარკვეული „ინკვიზიციურობით“ ხასიათდება და მიუხედავად იმისა, შუამდგომლობს თუ არა მხარე საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე, სასამართლოს ავალდებულებს, გამოიკვლიოს, ხომ არ არსებობს ნორმით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა. მოხმობილი ნორმის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელფასო დავალიანების _ 5 400 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მომართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
1.3.8. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, კომპანიას ამ ნაწილში ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია და ის შესულია კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264.2 მუხლი), ხოლო, როგორც უკვე ითქვა (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.3.4.), ამ თანხის თავდებისათვის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
1.4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის საგნის არარსებობის მოტივით პალატა წყვეტს საქმის წარმოებას დასაქმებულის მოთხოვნაზე მოპასუხეებისათვის სახელფასო დავალიანების _ 5 400 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო, ამ თანხის დაყოვნების გამო პირგასამტეხლოს თავდებისათვის სოლიდარულად დაკისრებაზე უარს აცხადებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), ძალაში ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას, რადგანაც მიიჩნევს, რომ იგი კანონიერია და კასატორი ვერ ამტკიცებს ამ განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობას.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. ხსენებულისა და საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო, არ არსებობს პროცესის ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთანავე, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე მუხლებით, 272-ე მუხლის ა1“ ქვეპუნქტით, 273-ე, 372-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს წარმოება გ. გ-ის სარჩელზე შპს „გ-14-ისა“ და ჯ. ც-ის მიმართ სახელფასო დავალიანების დარჩენილი ნაწილის _ 5 400 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დავის საგნის არარსებობის გამო.
2. გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები შპს „გ-14-ისათვის“ გ. გ-ის სასარგებლოდ 5 400 ლარის დაკისრების, ასევე, ჯ. ც-ისათვის ამავე თანხის სოლიდარულად დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე და განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მომართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
3. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს ჯ. ც-ისათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი