საქმე №ას-1958-2018 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – პ. კ-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ ნ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
პ. კ-მა (შემდგოში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-სა და მ. მ-ის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, მ.მ-ი ,ასევე, წოდებული, როგორც აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, ქ...., რუსთაველის ქ#..-ში მდებარე მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მხარეთა საზიარო უფლების გაუქმებისა და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილის პროპორციულად განაწილების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო, ხოლო, მეორე მოპასუხე არ დაეთანხმა მოთხოვნას უსაფუძვლობის გამო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მხარეთა საზიარო უფლება მათ საკუთრებაში არსებულ ქ...., რუსთაველის ქ#...-ში მდებარე უძრავ ნივთზე მისი აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეთა შორის განაწილდა კუთვნილი წილების შესაბამისად.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მისი გაუქმება და სააპელაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ დასაბუთებით, რომ პალატამ არასწორად არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რომელიც ემყარებოდა აპელანტის როგორც ქონებრივ, ისე _ ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ, მხარე არის პენსიონერი და დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება, შესაბამისად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ, რომელიც შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ მოტივით, რომ არის პენსიონერი და დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით. სააპელაციო საჩივარს ერთვის აპელანტის პორადობის მოწმობის ასლი, ასევე, ცნობა _ სამედიცინო დოკუმენტი ფორმა #100/ა, რომელის თანახმადაც მეორე მოპასუხე არის ინსულინდამოკიდებული, აქვს შაქრიანი დიაბეტი მრავლობითი გართულებებით, გარდა ამისა, სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ იგი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სხვა მოთხოვნებს, კერძოდ, არ შეიცავს მითითებას, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და რა გარემოებები ასაბუთებდა აპელანტის მოთხოვნას. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორს 10-დღიანი ვადის დაცვით დაავალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა, ასევე, ამომწურავად განემარტა საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგები;
1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 28 სექტემბერს პირადად ჩაბარდა ადრესატს, შესაბამისად, მას დადგენილი ხარვეზის გამოსწორება ან სხვა შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვა შეეძლო ამავე წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით;
1.2.3. უდავოა, რომ საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით არც ხსენებულ ვადაში და არც ამ ვადის გასვლის შემდგომ აპელანტს სასამართლოსათვის აღარ მიუმართავს.
1.3. საკასაციო პალატა ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც აპელანტს სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის არგუმენტს სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის არასწორად არ დაკმაყოფილების შესახებ და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (სასამართლო ხელმისაწვდომობა) ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს ხელმისაწვდომობა თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან მოგვარებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის გარანტირებულ უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპის შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად მიიჩნევიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
1.4. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტს საკუთარი ქონებრივი ვითარების დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები არ წარუდგენია, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობით არ იზომება მხოლოდ პირის უსახსრობა, ამასთან, სააპელაციო საჩივარს არ ერთვის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც პირს ეძლევა სახელმწიფო გასაცემელი, თუმცა, ასეც რომ იყოს, მხოლოდ პენსიის მეღების ფაქტი არასაკმარისია მოთხოვნის დასადასტურებლად.
1.5. გარდა ზემოხსენებულისა, უდავოდაა გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით აპელანტს სასამართლომ ასევე დაავალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებთან საკუთარი სააპელაციო პრეტენზიების შესაბამისობა. ამ განჩინების უშუალოდ ადრესატისათვის ჩაბარების მიუხედავად, მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც ქვემდგომმა სასამართლომ სავსებით სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი