საქმე №ას-232-2019 27 მაისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ა–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) და ი.მ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) შორის 2013 წლის 4 მარტს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კრედიტორმა მსესხებელს 3 თვით საკუთრებაში 20 000 აშშ დოლარი გადასცა, ყოველთვიური 3% სარგებლის დარიცხვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე მუხლი).
2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო - სესხისა ან/და სარგებლის გადაუხდელი თანხის 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).
3. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე : ქ. თბილისი, ....... ფართით 155,81. ს/კ-ით ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება, უძრავი ქონება, უძრავი ნივთი ან იპოთეკის საგანი), (სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი და 311-ე მუხლი).
4. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, მან სესხი არ დააბრუნა.
5. 2016 წლის 5 მარტს კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა N160206567 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის ვალდებულება კრედიტორის მიმართ განისაზღვრა 80 840 აშშ დოლარით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 20 000, სარგებელი - 600, ხოლო ჯარიმა - 60 240 აშშ დოლარი (2013 წლის 4 ივნისიდან - 2016 წლის 5 მარტამდე (1004 დღე) იყო. ამავე სააღსრულებო ფურცლით, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (იხ. ტომი I, ს.ფ. 20-22).
6. 2017 წლის 27 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ. მან სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და დღეში 0.3%-ის ნაცვლად, 0.005%-ით განსაზღვრა მოითხოვა. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო, და სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უნდა შემცირებულიყო.
7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის პროპორციული იყო, და მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რადგანაც ის მსესხებლის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, თანახმობა განაცხადა, ჯარიმა ნაცვლად 0,3 %-სა 0,1 %-ით განსაზღვრულიყო, რაც ჯამში 20 080 აშშ დოლარი იყო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის ვალდებულება, 2013 წლის 4 ივნისიდან - 2016 წლის 5 მარტამდე (1004 დღე), ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05 % -ით, მთლიანობაში - 10 040 აშშ დოლარით განისაზღვრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, სსკ-ის 623-ე, 316-ე, 361-ე, 417-ე-418-ე და 420-ე მუხლები გამოიყენა.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობა, ასევე გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 0.05%-მდე (მთლიანობაში 10 040 აშშ დოლარი) შემცირებული ჯარიმა გონივრული იყო და სრულად შეესაბამებოდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0,05% (10 040 აშშ დოლარი) შეუსაბამოდ მაღალია და ის, სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, გონივრულ ოდენობამდე - 0,005%-მდე უნდა შემცირდეს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.
15.1. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ის გონივრულ ოდენობამდე - 0.005 % -მდე უნდა შემცირდეს.
15.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ, მოსარჩელეს საკუთრებაში 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 3% სარგებლის დარიცხვით გადასცა; ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სარგებლის, ან/და ძირითადი ნასესხები თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%; უდავოა, რომ მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია, მან სესხი უკან არ დააბრუნა; კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც პირგასამტეხლოს ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 0,3%-ით, ხოლო, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და ჯარიმა 0,05 %-მდე შეამცირეს.
15.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
15.4. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
15.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა, საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს გონივრულად მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს 0,05 %-ით განსაზღვრა, რაც მთლიანობაში 10 040 აშშ დოლარს შეადგენს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის მეტად შემცირების სამართლებრივი საფუძველი, არ ვლინდება.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: 2019 წლის 17 იანვრის №ას-1373-2018 განჩინება; 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).
17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი