საქმე №ას-1971-2018 27 მაისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან სააგენტო) სარჩელი, რომლითაც ის, მ.მ–ძისათვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან აპელანტი) იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3493.80 ლარისა და პირგასამტეხლოს - 810.15 ლარის დაკისრებას მოითხოვდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, საიჯარო ქირის დავალიანება - 2943.80 ლარის, ხოლო პირგასამტეხლო - 810.15 ლარის ოდენობით დაეკისრა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და ამავე განჩინებით, საქმის განხილვა დაინიშნა მთავარ სხდომაზე, 2018 წლის 24 სექტემბერს, 12:00 საათზე.
4. 2018 წლის 24 სექტემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არც მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა, რის გამოც, აპელანტმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე იშუამდგომლა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387.2 მუხლი).
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი უარყოფილ იქნა.
6. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა სააგენტომ, მისი გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სასამართლომ სსსკ-ის 70-ე-78-ე, 387.2, 241-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, 230-ე, 233-ე და 215.3 მუხლებით იხელმძღვანელა.
7.1. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააგენტო, 2018 წლის 24 სექტემბერს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებული იყო, სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი სასამართლო უწყებით, თუმცა ის სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის;
7.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სააგენტომ არაჯეროვნად შეასრულა იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მან მოპასუხეს არ გადასცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი; მოიჯარე ვერ სარგებლობდა მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთით, რადგან არსებობდა ზედდება მოცემული მიწის ნაკვეთსა და მესამე პირების მიწის ნაკვეთებს შორის, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზიას გამოთქვამდნენ მესამე პირები; 2016 წლის 30 სექტემბერს მოიჯარემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სხვა მიწის ნაკვეთზე შეთანხმებისგაფორმების მოთხოვნით იმ დასაბუთებით, რომ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება.
პალატამ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 581-ე, 533-ე, 534-ე, 536-ე და 541-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარში ასახული ახსნა-განმარტება შეიცავდა იმ სახის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, რაც იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. ამასთან, დადგენილი იყო, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, სახელდობრ, როგორც უკვე აღინიშნა, გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო, სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით; სასამართლოსთვის ცნობილი არ გამხდარა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, ან სხვა მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ სააგენტოს არც საჩივარში მიუთითებია ზემოხსენებული საფუძვლებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ რაიმე გარემოებაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში, არ ვლინდებოდა.
8. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია არა მხოლოდ აპელანტის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, არამედ მხარის მიერ ფაქტის სამართლებრივი შეფასებაც.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო :
10. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ კანონის სრული დაცვით მიიღო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ასევე, სწორად არ დააკმაყოფილა კასატორის საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
13. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:
13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით (სსსკ-ის 372-ე მუხლი).
13.2. აპელანტის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, იმავე წლის 24 სექტემბერს 12:00 საათზე, დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა (სსსკ-ის 373-ე და 376-ე მუხლები);
13.3. საქმეში განთავსებული 2018 წლის 30 ივლისს გაგზავნილი სასამართლო უწყება, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, სააგენტოს (მოწინააღმდეგე მხარეს) გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 2 აგვისტოს ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელ - ა.ტ–ს (იხ. ს.ფ. 257, 261);
13.4. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა; აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილით და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. კასატორის მტკიცება, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინამძღვრები დაუსაბუთებელია;
13.5. უტყუარადაა დადგენილი, რომ მხარის გამოუცხადებლობას არ გააჩნდა საპატიო მიზეზი. სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და დაასკვნა, რომ 2018 წლის 24 სექტემბრის სხდომის თარიღისა და ადგილის შესახებ, ასევე, გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე, კასატორს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის ჩატარებამდე დიდი ხნით ადრე, 2018 წლის 2 აგვისტოს (სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი).
14. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოობის შესაფასებელ წინაპირობებად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შედგენილი შეტყობინება ჩაიბარა; გარდა ამისა, ის არც იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მის გამოუცხადებლობას საპატიო მიზეზი ჰქონდა, აღნიშნულის დასადასტურებლად მას კანონით დასაშვები მტკიცებულებ არ წარუდგენია სასამართლოსთვის.
15. სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. შესაბამისად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილი იმ შემთხვევების ჩამონათვალს იძლევა, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (შდრ. სუსგ საქმე #ას-914-876-2014, 19.02.2014, # ას-1243-1166-2015, 9.03.2016); ჩამოთვლილთაგან არცერთი გარემოება საქმეზე დადგენილი არ ყოფილა.
16. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, სააგენტო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას ჩაჰბარდა სასამართლო უწყება, რომელშიც მითითებული იყო 2018 წლის 24 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს და ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიიჩნეულ სააპელაციო საჩივარში მითითებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
16.1. სააგენტომ არაჯეროვნად შეასრულა იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მან მოპასუხეს არ გადასცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი;
16.2. მოიჯარე ვერ სარგებლობდა იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული მიწის ნაკვეთით, რადგან არსებობდა ზედდება მოცემული მიწის ნაკვეთსა და მესამე პირების მიწის ნაკვეთებს შორის, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზიას გამოთქვამდნენ მესამე პირები;
16.3. 2016 წლის 30 სექტემბერს მოიჯარემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ახალი იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება.
16.4. აღნიშნული ფაქტები, სააპელაციო სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას გამოეტანა დასკვნა სააპელაციო საჩივარში ასახული აპელანტის ახსნა-განმარტების დასაბუთებულობასთან მიმართებით, რაც იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. სახელდობრ, ვინაიდან დადგენილია, რომ აპელანტს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში გადაეცა ნაკლიანი ნივთი, რის გამოც საიჯარო დროის განმავლობაში მოიჯარეს წართმეული ჰქონდა სარგებლობისა და შესაბამისად, ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, საკასაციო პალატას აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა საკმარისად მიაჩნია იმისთვის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხსენებული იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, სსკ-ის 581-ე, 533-ე და 541-ე მუხლების საფუძველზე, უარეყო.
17. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ და მატერიალურ სამართლებრივ საფუძვლებს, ანუ არ შეიცავს იმ საპატიო გარემოებათა აღწერას, რაც მოწინააღმდეგე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის პირობებში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას გამორიცხავდა.
18. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.3-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი