№ას-1342-2018 31 მაისი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ჯ.უ.ე.ფ.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ლ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2016 წლის 11 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე ლ.ბ–ძე (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება “Honda Fit”, სახელმწიფო ნომრით .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ავტომანქანა ან ავტომობილი), დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით, მოძრაობდა თბილისში, ..... ქუჩის მხრიდან ..... ქუჩის მიმართულებით, .....თან მიახლოებისას, წინ, მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავმა დაუდგენელმა მარკის ავტომობილმა გადაუარა იმავე სამოძრაო ზოლში არსებული ჭის რკინის ლუქს, როდესაც ლუქი ამოტრიალდა. მოსარჩელემ ჭაზე შეჯახების თავიდან აცილების მიზნით დაამუხრუჭა და შეეჯახა წინა ნაწილით. მძღოლი გადაყვანილ იქნა შპს „ე.ბ.ჰ–ში“. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება (იხ. ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, ს.ფ. 19. ტ.1).
2. მოსარჩელის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმეზე შეწყდა გამოძიება, სახელდობრ, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, მძღოლს/მოსარჩელეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის ქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ იკვეთება (იხ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, ს.ფ. 24-25. ტ.1).
3. 2016 წლის 11 მაისს, დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ავტომობილი აღწერა და ჩაიბარა სსიპ „112-ის“ წარმომადგენელმა. ევაკუატორის მომსახურების ღირებულება - 106 ლარი მოსარჩელემ გადაიხადა (იხ. აქტი და ქვითარი, ს.ფ. 18; 20. ტ.1).
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 17 მაისის დასკვნით, ავტომანქანაზე არსებული დაზიანებები ფორმითა და განვითარებით დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება - ურთიერთქმედებისათვის, კერძოდ, ძარის სხვადასხვა ნაწილში აღენიშნება მრავალმხრივი ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები, სახელდობრ: დაზიანებულია წინა ბამპერი, ძრავის ზეთის ავზი ე.წ. „კარტერი“, წინა საკიდარი, სამუხრუჭე სითხის ავზი, წინა ორივე დისკი, საბურავები დაბერილია. როგორც საჭის მართვის მექანიზმი, ასევე, სამუხრუჭე სისტემა ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად მწყობრიდანაა გამოსული, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის ბრალია (იხ. დასკვნა, ს.ფ. 35-36. ტ.1).
5. სსიპ მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 მაისის ცნობის თანახმად, ავტომობილი სსიპ მომსახურების სააგენტომ აღრიცხვიდან მოხსნა ჩამოსაწერად (იხ. ცნობა, ს.ფ. 21. ტ.1).
6. ჩამოწერილი ავტომანქანა მესამე პირმა 2016 წლის 19 მაისს შეიძინა 900 ლარად (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 23. ტ.1).
7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2016 წლის 27 ივლისის წერილის თანახმად, წყლისა და კანალიზაციის ჭები შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) საკუთრებაა (იხ. ს.ფ. 26.ტ.1).
8. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შპს „თ.ჯ–ის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის წერილის თანახმად, თბილისში, .....თან არსებული ჭა არ ეკუთვნის სანიაღვრე ქსელს და, შესაბამისად, სანიაღვრე სამსახურიც არ ემსახურება (იხ. ს.ფ 83. ტ.1).
9. 2016 წლის 1 სექტემბერს, მოსარჩელემ წერილობით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს.
10. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2016 წლის 18 ნოემბრისა და იმავე წლის 15 დეკემბრის საპასუხო წერილებით, მოსარჩელეს განემარტა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, ვინაიდან შემთხვევამდე ავტომანქანის ღირებულებისა და მას შემდეგ ავტომანქანის მდგომარეობისა და შეფასების შესახებ მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა) არ წარდგენილა. 2017 წლის 17 მაისის დასკვნაც არ შეიცავდა მითითებას ავტომობილის აღდგენის შეუძლებლობის შესახებ (იხ. წერილი, ს.ფ.38; 39. ტ.1).
11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1 დეკემბრის დასკვნით, 2016 წლის 11 მაისს ავტომანქანის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ - 4900 ლარი იყო (იხ. დასკვნა, ს.ფ. 27-31. ტ.1).
12. 2016 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ ზიანის - 4000 ლარის, ევაკუატორის მომსახურების - 106 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის - 141 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
13. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით დაუდასტურებელია, რომ ამოტრიალებული ჭა საკანალიზაციო იყო, კომპანიის ბრალეულობა ავტომობილის საჯარიმო სადგომთან დაკავშირებით არ არსებობდა. მოპასუხეს არც ბრალი არ მიუძღვის და არც მიზეზობრივი კავშირი არ არსებობდა შედეგსა და კომპანიის ქმედებას შორის.
13.1. მოპასუხის მითითებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში მოპასუხე კომპანია ბრალეულ პირად მითითებული არ არის, ექსპერტისათვის დასმული კითხვა არ შეიცავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, მათ შორის, არც იმ გარემოებაზეა მითითება, თუ ვინ წარმოადგენდა ავტომობილის დაზიანებაში ბრალეულ პირს და იქცა, თუ არა ავტომობილი უვარგისად, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენი სჭირდებოდა აღსადგენ სამუშაოებს. ავტომობილის უვარგისად ქცევასთან დაკავშირებით კი, არ შეიძლება, მტკიცებულებად ჩაითვალოს ფიზიკური პირის/მესამე პირის ხელწერილი, ვინაიდან იგი თავად იყო დაინტერესებული ნაკლებ ფასად ეყიდა კარგი ავტომანქანა.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს ზიანის - 4 000 ლარის, ევაკუატორის მომსახურების - 106 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის გაწეული ხარჯის -141 ლარის ანაზღაურება დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 317-ე, 408-ე, 409-ე და 992-ე მუხლები გამოიყენა.
15. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
16.1. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და დავის საგანთან მიმართებით საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივად კვლევის შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ წაყალმომარაგებასა და წყალსარინებას თბილისში, ...... მიმდებარე ტერიტორიაზე მოპასუხე კომპანია უზრუნველყოფდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით, დასტურდებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტი, რომელიც გამოწვეული იყო ჭაზე შეჯახების შედეგად; გამომძიებლის მიერ შედგენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების სქემით, შემთხვევის ადგილზე - ..... მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე მდებარეობდა ჭა. საბურთალოს რაიონის გამგეობის 2016 წლის 27 ივლისის წერილით კი, წყლისა და კანალიზაციის ჭებზე პასუხისმგებელი პირი, მოპასუხე კომპანიაა და წყალსარინების ქსელისა და მისი შემადგენელი ელემენტების გამართვაც, მიმწოდებელს ეკისრებოდა.
16.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ზიანი მოპასუხის ქმედებითაა (უმოქმედებით) გამოწვეული, რადგან მან ვერ უზრუნველყო წყალსარინების ქსელისა და მისი შემადგენელი ელემენტების სათანადოდ გამართვა.
16.3. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ავტომობილის საბაზრო ღირებულება 2016 წლის 11 მაისის ვითარებით, საორიენტაციოდ - 4900 ლარია. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხემ/აპელანტმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას გამაქარწყლებელი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა.
17. განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
17.1. კასატორის მტკიცებით, საქმეში არ წარდგენილა კომპანიის ბრალეულობის დამდგენი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნით, არც ვინმეს ბრალეულობა და არც მიყენებული ზიანის ოდენობა არ დადგენილა.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
21. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა, სახელდობრ:
22.1. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
22.2. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).
22.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სსკ-ის 409 მუხლი).
22.4 განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით (უმოქმედებით), მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა, სახელდობრ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით, დასტურდება ქალაქ თბილისში, ..... მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე მდებარე ჭის სახურავთან შეჯახების შედეგად მოსარჩელის ავტომანქანის დაზიანების ფაქტი. ამასთან, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ წყლისა და კანალიზაციის ჭებზე პასუხისმგებელი პირი მოპასუხე კომპანიაა, კერძოდ, დადგენილია, რომ ზემოხსენებული ჭა მოპასუხეს ეკუთვნის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მოხმარებისა და წესების“ - 24.5 მუხლის (მიმწოდებელი ვალდებულია, მუდმივად აკონტროლოს ჭების სახურავების მდგომარეობა. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და აღმოფხვრას დაზიანება, ხოლო ასეთი მოქმედების შეუძლებლობის შემთხვევაში, დააყენოს სათანადო გამაფრთხილებელი ნიშანი და შესაძლოდ მოკლე ვადაში გამოასწოროს მდგომარეობა) მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია, ჭის სახურავი ისეთ მდგომარეობაში იქონიოს, რომ მესამე პირებს არ მიადგეთ ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ეს ვალდებულება არ შეასრულა, რამაც მოსარჩელის ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია, შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირი სახეზეა.
22.5. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სსიპ მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 მაისის ცნობას რომლის თანახმად, ავტომობილი სსიპ მომსახურების სააგენტომ აღრიცხვიდან მოხსნა ჩამოწერასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომანქანის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, მიზანშეწონილი არ იყო. ჩამოწერილი ავტომანქანა კი, მესამე პირმა 2016 წლის 19 მაისს შეიძინა 900 ლარად. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1 დეკემბრის დასკვნით, 2016 წლის 11 მაისს ავტომანქანის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ - 4900 ლარია. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ/კასატორმა კვალიფიციური შედავების პირობებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტებისა და ისეთი დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ავტომანქანის დაზიანებაზე პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენს. შესაბამისად, რადგანაც ვლინდება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის - 4 000 ლარის, ევაკუატორის მომსახურების - 106 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნის ხარჯის -141 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: #ას-383-383-2018, 15.05.2018წ).
24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #120, გადახდის თარიღი 16.10.2018), 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი