Facebook Twitter

№ას-1873-2018 31 მაისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – თვითმმართველი ერთეულის - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმის ცენტრი“ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009-ის“ უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ბ.მ., დ.გ.

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ.მ–ა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) 2017 წლის 1 თებერვლიდან ა(ა)იპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ,,ჩხერიმელა 2009-ში“, ამჟამად ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმის ცენტრი“ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, საფეხბურთო კლუბი ან დამსაქმებელი) წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დაინიშნა მთავარ მწვრთნელად. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 2500 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი, 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 30-31. ტ.1).

2. დ.გ–ი (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) 2017 წლის 1 თებერვლიდან საფეხბურთო კლუბში, წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დაინიშნა დამხმარე მწვრთნელად. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 875 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი, 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 32-33. ტ.1).

3. საფეხბურთო გუნდისათვის სათანადო შედეგის მისაღებად, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კლუბის სახელით, კლუბის ხელმძღვანელობის თანხმობითა და ნებით, მოსარჩეელეებმა დაარეგისტრირეს საჯარო სკოლის 6 მოსწავლე.

4. საფეხბურთო კლუბის შემადგენლობაში ძირითადად იყვნენ თბილისში მცხოვრები ფეხბურთელები და, მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დანიშნული კალენდარული მატჩებისათვის, გუნდის ძირითადი შემადგენლობა მოსამზადებელ ვარჯიშს თბილისში მდებარე რომელიმე საწვრთნელ ბაზაზე გამართავდა. შესაბამისად, 2017 წლის მარტსა და აპრილში ივარჯიშეს მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სკოლა ,,ავაზა 1970 -ს“ საფეხბურთო მოედანზე;

5. 2017 წლის 17 მაისს, მოპასუხე გუნდის ფეხბურთელები საკუთარ მოედანზე თბილისის საფეხბურთო კლუბ „მარკ სტართან“ თამაშის შემდეგ, გუნდის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მიკროავტობუსით დასასვენებლად თბილისში გაემგზავრნენ.

6. 2017 წლის 19 მაისისდან 22 მაისის ჩათვლით, გუნდის ვარჯიშები არ ჩაშლილა, სახელდობრ, 2017 წლის 23 მაისს გუნდს, კალენდარული თამაში ჰქონდა კლუბ „ნორჩ დინამოსთან“, კლუბის ხელმძღვანელობასთან ზეპირი შეთანხმების თანახმად, 19 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით ფეხბურთელების ძირითადი შემადგენლობა მოსარჩელეთა ხელმძღვანელობით თბილისში, 35-ე სკოლის საფეხბურთო მოედანზე, ხოლო გუნდის მეკარეები და მათი მწვრთნელი ხარაგაულის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდნენ და 2017 წლის 23 მაისს, თამაშის წინ შეუერთდნენ გუნდის შემადგენლობას. ფეხბურთელები სახლში იკვებებოდნენ.

7. მოპასუხის 2017 წლის 29 მაისის #18 და #19 ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებისათვის მოსარჩელეებთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და საფეხბურთო კლუბის შინაგანაწესის მე-15.2. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და აუნაზღაურდათ 2017 წლის მაისის ხელფასი 1 მაისიდან 25 მაისამდე პირველ მოსარჩელეს 1612 ლარი, ხოლო მეორე მოსარჩელეს - 214 ლარი (იხ. ბრძანება ს.ფ. 26;27. ტ.1).

8. 2017 წლის 21 ივნისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი საფეხბურთო გუნდში ექვსი ბავშვის მიყვანა გახდა, რომლებმაც, მოპასუხის მტკიცებით, ვერ შეძლეს შეპირებული შედეგის მოტანა გუნდისათვის და დამსაქმებელი დაზარალდა გაწეული ხარჯების გამო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ბავშვები შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გუნდში კლუბის ხელმძღვანელობის თანხმობით აიყვანეს და ავარჯიშებდნენ კალენდარულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. მხარეთა შეთანხმებით, გუნდი მე-3 ლიგის გათამაშების პირველ ხუთეულში უნდა მოხვედრილიყო, მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის დროისათვის კი, გუნდს ჯერ კიდევ ჰქონდა შეთანხმებულ ლიგაში მოხვედრის შესაძლებლობა. მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით, თბილისში დანიშნული თამაშებისათვის გუნდი თბილისში მდებარე რომელიმე საფეხბურთო მოედანზე ივარჯიშებდა, ხოლო სხვა შემთხვევაში - ხარაგაულის საფეხბურთო მოედანზე.

8.1. მოსარჩელეების მითითებით, 2017 წლის 17 მაისს საფეხბურთო გუნდმა კალენდარული თამაში გამართა ხარაგაულში და 23 მაისს უნდა ეთამაშა საფეხბურთო კლუბ ,,ნორჩ დინამოსთან“ თბილისში, რის გამოც საფეხბურთო კლუბის ძირითადი შემადგენლობა იქ გაემგზავრა და 22 მაისის ჩათვლით ვარჯიშობდა 35-ე სკოლის საწვრთნელ ბაზაზე. მეკარეებს კი, მათი მითითებით, ხარაგაულის საწვრთნელ ბაზაზე ავარჯიშებდა მეკარეების მწვრთნელი. შესაბამისად, ხარაგაულის საწვრთნელ ბაზაზე მათი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, უხეშად არ დაურღვევიათ შრომის ხელშეკრულებით და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულება. ამდენად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება უკანონოა, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, პირველ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი ხელფასი 15 000 ლარი, ხოლო მეორე მოსარჩელეს 5250 ლარი, ამასთან, მეორე მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ ბოლო თვის ანაზღაურების სახით, ნაცვლად 700 ლარისა, 214 ლარი დაურიცხა, იმ მოტივით, რომ მას ერთ-ერთი თანამშრომლის ვალი ჰქონდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ამის თაობაზე მისი სახელით დაწერილი განცხადებაც მას არ ეკუთვნის.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ ბრძანებები გამოცემულია კანონის შესაბამისად, მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა იმ პირობით, რომ 2017 წლის 24 ივლისის ჩათვლით საფეხბურთო გუნდი მოხვდებოდა მე-3 ლიგის გათამაშების პირველ ხუთეულში, ხოლო დამატებითი მიზანი იყო უფრო მოწინავე რიგებში ასვლა. ვალდებულება არ შესრულდა და გუნდმა განიცადა მატერიალური ზიანი გაცემული ხელფასებით. მოსარჩელეების მიერ მოპასუხის სახელით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დარეგისტრირდა ექვსი ბავშვი, რომელთაც გუნდში არ გაუმართავთ არცერთი კალენდარული თამაში. მათზე ვრცელდებოდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების ყველა შეღავათი და კლუბმა კვებისა და საცხოვრებელისათვის გაწეული ხარჯით განიცადა 6370 ლარის ზიანი. მოსარჩელეების გათავისუფლების საფუძველი გახდა უდისციპლინობაც, ჩაშლილი ვარჯიშები და კვება; მაისში სამსახურში ზედიზედ 5 დღე გამოუცხადებლობა. ამით მოსარჩელეებმა უხეშად დაარღვიეს შრომის ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გახდა მათთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, შესაბამისად, არ ეკუთვნით ხელფასი შრომის ხელშეკრულების ვადით.

9.1. რაც შეეხება მეორე მოსარჩელის სახელით 2017 წლის 17 მაისს დაწერილი განცხადებას, კუთვნილი ხელფასიდან 350 ლარის მესამე პირისათვის გადარიცხვის შესახებ, ვინაიდან ვერ იქნა მოძიებული განცხადების დედანი და მეორე მოსარჩელე უარყოფს ამ ფაქტს, ამ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო.

10. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებები, რომლის საფუძველზეც სამსახურიდან გათავისუფლდნენ დასაქმებულები, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 1 თებერვლის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში 2017 წლის 30 ნოემბრამდე, მიუღებელი ხელფასის, 15 000 ლარის, ხოლო, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, 5 250 ლარის ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები, ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი, მე-4 და 24-ე მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლები, სშკ-ის, მე-2, მე-6, 32-ე და 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 54-ე, 115-ე 408-ე და 411-ე მუხლები გამოიყენა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობა კანონით მინიჭებული უფლებით (ხელშეკრულებიდან გასვლა) უნდა შეუწყდეს მართლზომიერად. სსკ-ის 115-ე მუხლით სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც სასამართლოს უპირველესი ფუნქციაა. სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. სააპელაციო პალატის დასკვნებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაღაურების თაობაზე.

12.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, საჯარო სკოლის 6 მოსწავლის კლუბში მოსარჩელეთა ბრალეული ქმედებით მიყვანის თაობაზე და მიიჩნია, რომ ამ ბავშვებისათვის საფეხბურთო კლუბმა დახარჯა გარკვეული თანხა, რაც გამორიცხავდა აპელანტის მსჯელობას, ნების არარსებობის შესახებ. ამ შემთხვევაში, მოსარჩელეები იყვნენ მხოლოდ მწვრთნელები, ხოლო დამსაქმებელი - უშუალოდ მოპასუხე მხარე. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთელების გუნდში აყვანის საჭიროებისა და მათთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოპასუხე იღებდა.

12.3. რაც შეეხება ხარაგაულის საწვრთნელ ბაზაზე მოსარჩელეების გამოუცხადებლობას, პალატამ აღნიშნა, რომ, მოწმეთა ჩვენებით, დასტურდებოდა, მხარეთა შორის თბილისში გამართული თამაშებისთვის ფეხბურთელების დედაქალაქშივე მომზადების თაობაზე შეთანხმება და ეს პირობა პირნათლად სრულდებოდა, კერძოდ, მარტსა და აპრილში ივარჯიშეს მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სკოლა ,,ავაზა 1970“ -ს საფეხბურთო მოედანზე, ხოლო 2017 წლის 19 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით ფეხბურთელების ძირითადი შემადგენლობა მოსარჩელეთა ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა თბილისში 35-ე სკოლის საფეხბურთო მოედანზე, ხოლო გუნდის მეკარეები და მათი წვრთნელი, მოსარჩელეების მითითების საფუძველზე, ხარაგაულის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდნენ, შესაბამისად - არათვითნებურად, რადგან ადმინისტრაციამ ამის შესახებ იცოდა და ფეხბურთელების თბილისში გამგზავრებაც თავადვე უზრუნველყვეს. პალატის დასკვნით, მოსარჩელეების გამოუცხადებლობა ხარაგაულის საწვრთნელ მოედანზე და ფეხბურთელების თბილისში ვარჯიში ზეპირსიტყვიერად იყო შეთანხმებული საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციასთან.

13. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:

13.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეებმა უხეშად დაარღვიეს შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი, კერძოდ, 2017 წლის 19, 20, 21, 22, 25, 26 და 27 მაისს, პატივსადები მიზეზის გარეშე არ გამოცხადდნენ სამსახურში და არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოსდა მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, გასვლით თამაშებზე გუნდის თბილისში მომზადების შესახებ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, წინაღმდეგ შემთხვევაში, ეს უნდა ასახულიყო შრომით ხელშეკრულებაში. სინამდვილეს არ შეეფერება აღნიშნულის თაობაზე მოწმეთა ჩვენებებიც, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ თბილისის 35-ე საშუალო სკოლის ადმინისტრაციასთან მომსახურების გაწევის თაობაზე (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ) ხელშეკრულება არ გაფორმებულა და არც შესაბამისი ანაზღაურება არ გადახდილა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს მათ წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

20. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად შეწყდა, სახელდობრ:

20.1. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო, პირველ რიგში, ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი და შინაგანაწესის 15.2. „ვ“ ქვეპუნქტი დაედო. სადავო ბრძანების კანონიერება უნდა შემოწმდეს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილის „ზ“ პუნქტთან მიმართებით, რომლის მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება ნორმის შემადგენლობის სრული დაცვით შეწყდა თუ არა, რაც, თავის მხრივ, სადავო ბრძანების ბათილობის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა. ამ მიზნით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, კასატორია (მოპასუხე) ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელეების მიერ, მათზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული.

20.2. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელეებმა უხეშად დაარღვიეს შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი, კერძოდ, 2017 წლის 19, 20, 21, 22, 25, 26 და 27 მაისს, პატივსადები მიზეზის გარეშე არ გამოცხადდნენ სამსახურში, ჩაშალეს ვარჯიშები და არ შეასრულეს მოვალეობა. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს: მოპასუხის/კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მარტსა და აპრილში ვარჯიში გაიმართა მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სკოლა ,,ავაზა 1970 -სა“ და 35-ე სკოლის საფეხბურთო მოედანზე; წარდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების არსებობა, რომ თბილისში კალენდარული თამაშებისთვის გუნდს მოამზადებდნენ და ავარჯიშებდნენ თბილისში მდებარე საფეხბურთო მოედანზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხარაგაულის საფეხბურთო მოედანზე მოსარჩელეების გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, კერძოდ, კლუბის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, 2017 წლის 19 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, ფეხბურთელების ძირითადი შემადგენლობა ვარჯიშობდა მოსარჩელეთა ხელმძღვანელობით თბილისში 35-ე სკოლის საფეხბურთო მოედანზე, ხოლო გუნდის მეკარეები და მათი მწვრთნელი - ხარაგაულის საწვრთნელ ბაზაზე, შესაბამისად, მწვრთნელები თვითნებურად არ ავარჯიშებდნენ, რადგან ადმინისტრაციამ ამის შესახებ იცოდა და ფეხბურთელების თბილისში გამგზავრებაც თავადვე უზრუნველყვეს.

20.3. რაც შეხება საფეხბურთო სკოლა ,,ავაზა 1970 -სა“ და 35-ე სკოლასთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების არასებობის თაობაზე კასატორის მსჯელობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მოწმედ დაკითხულმა მოპასუხე კლუბის ერთ-ერთმა მწვრთნელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ კლუბის მიერ წინასწარ არ გაფორმებულა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და ხელშეკრულება მისი მომზადების შემდგომ, თავადვე წაიღო თბილისში ხელმოსაწერად, რა დროსაც ვარჯიშები უკვე მიმდინარეობდა (იხ. 22.02.2018 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 41-42. ტ.2). საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორს არ წარმოუდგენია.

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, დაკისრებული ვალდებულება არ დაურღვევიათ, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელეების დათხოვნის შესახებ ბრძანება, სსკ-ის 51-ე მუხლი), სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა, რადგანაც არ იყო შესრულებული ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელეების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული სანქცია (სამსახურიდან გათავისუფლება) არ იყო მოსარჩელეების მიერ ჩადენილი ქმედების ადეკვატური, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულებს საფეხბურთო კლუბში მუშაობის პერიოდში, რაიმე დისციპლინური სახდელი არ დაჰკისრებიათ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: #ას-483-457-2015 , 07.10.2015წ; #ას-861-861-2018, 25.09.2018წ).

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თვითმმართველი ერთეულის - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმის ცენტრის“ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009-ის“ უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ თვითმმართველი ერთეულის - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმის ცენტრს“ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009-ის“ უფლებამონაცვლე), (443569513) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1012 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #00310, გადახდის თარიღი 12.02.2019), 70% – 708.4 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი