Facebook Twitter

საქმე №ას-54-2019 6 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – სს "ვ.ბ.ჯ."

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ვ.ბ.ჯ–ამ“ (შემდეგში: საარბიტრაჟო მოსარჩელე, კრედიტორი, განმცხადებელი ან საჩივრის ავტორი) 2018 წლის 19 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35618-ე, 191-ე მუხლების თანახმად საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ითხოვა (ს/ფ 3-5).

2. განმცხადებლის განმარტებით, საარბიტრაჟო მოსარჩელესა და ნ.მ–ძეს (შემდეგში: საარბიტრაჟო მოპასუხე ან მოვალე) შორის 2016 წლის 20 ივნისს გაფორმებული „ოვერდრაფტით სარგებლობის შესახებ“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოვალემ დაარღვია, რის გამოც მას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ დავალიანება ეკისრება (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 6-11).

3. საარბიტრაჟო მოსარჩელემ განცხადება იმ გარემოებებს დააფუძნა, რომ მან საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა საარბიტრაჟო სასამართლოს, თუმცა, მისი მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი, რის გამოც შესაძლებელია საფრთხე შეექმნას მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით სს-ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 35612, 35613, 35618, 192-ე, 198-ე, 191-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო სარჩელის დავის საგანია მოპასუხისათვის 1 616.78 ლარის დაკისრება. სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოთხოვნილი ღონისძიება არ არის დავის საგანთან დაკავშირებით ადეკვატური. მოთხოვნილ დავალიანებას მკვეთრად აღემატება უზრუნველყოფის საგნის ფასი, ასეთ ვითარებაში დაუსაბუთებელია ვარაუდი იმის შესახებ, რომ საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება.

6. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა საარბიტრაჟო მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილების მოთხოვნით.

7. საჩივრის ავტორის განმარტებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია გადაწყვეტილება აღუსრულებელი არ დარჩეს, გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში მართლმსაჯულება ეფექტიანი იყოს, აღსრულება არ გაჭიანურდეს. კრედიტორი მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობა ნათელია, რადგან მოვალე განმცხადებლის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს, ლოგიკურია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც არ შეასრულებს გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით. საარბიტრაჟო მოსარჩელემ სსსკ-ის 191-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ პროპორციულობის პრინციპზე მსჯელობისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შესაბამისობა უზრუნველყოფის საგანთან, არამედ საკუთრების შეზღუდვა პასუხობს თუ არა დასახულ მიზანს, საკუთრების უფლების შეზღუდვით შესაძლებელი იქნება თუ არა გადაწყვეტილების აღსრულება. საჩივრის ავტორმა კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობაზე მიუთითა, რომლითაც მოპასუხეს შეუძლია დავის საგნის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს სასამართლოს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

9. სააპელაციო სასამართლომ გაიმეორა ის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება, რაც წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტშია ასახული. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სარწმუნოდ დაადასტურებს მხარე მისი გამოყენების იურიდიულ ინტერესს, აღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობით შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან საერთოდ აღსრულების შეუძლებლობის საშიშროებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საარბიტრაჟო მოსარჩელის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და კრედიტორის განცხადება, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდეს.

10. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

11. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, სსსკ-ის 35618-ე, 192-ე, 198-ე, 191-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და, ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.

12. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).

13. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტშია ასახული, რადგან იგი საპროცესო კანონმდებლობით გამტკიცებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსიდან არ გამომდინარეობს. ამასთან, საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაშია მიღებული (იხ. ს. ფ. 18-19).

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

15. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

16. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ საარბიტრაჟო მოპასუხემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეული იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, განცხადება შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.

17. სსსკ-ის 198.1-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლო წყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. საქმის გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მოთხოვილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რამდენადაც ამგვარი შეზღუდვით უზრუნველყოფილი იქნება საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულება. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქონება, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს უზრუნველყოფის ღონისძიება, მოვალის საკუთრებაა (შდრ. სუსგ #ას-413-413-2018, 27.04.18 წ.).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის სახის დავის საგანთან ადეკვატურობის თაობაზე, არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სარჩელი საერთოდ უზრუნველყოფის გარეშე დარჩეს.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზეა დასაშვები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის საჩივარი დასაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და კრედიტორის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე, 197-ე, 199-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ''ვ.ბ.ჯ–ა''-ს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინება;

3. სს ''ვ.ბ.ჯ–ა''-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს;

4. ყადაღა დაედოს ნ.მ–ძის (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს მდებარე: ქ. თბილისი, ...... ს/კ ......;

5. განემარტოს მოსარჩელეს, რომ საქართველოს სსკ-ის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ მოსარჩელე ვალდებული იქნება აუნაზღაუროს მოწინააღმდეგე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე