Facebook Twitter

საქმე №ას-134-126-2017 22 მარტი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.ა. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ.გ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნება.

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ა. (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) არის შპს „ფ.პ”-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ასევე ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი (იხ. ტ. 1, ს. ფ. 64-65).

2. მოსარჩელე არის შპს „ნ.გ”-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი არის გ.ნ. (იხ. ტ. 1, ს. ფ. 157-158).

3. შპს „ფ.პ”-სა და „S.A.F.Z”-ს შორის, რომლის დირექტორიც იყო მ.მ.გ. (შემდეგში: მოპასუხე, იპოთეკარი ან გამსესხებელი) 2012 წლის 5 იანვარს, შემდეგ კი 2013 წლის 5 მაისს დაიდო საგზაო ბიტუმის ნასყიდობის ხელშეკრულებები (იხ. ტ. 1, ს. ფ. 66-69, 87-90).

4. შპს „ნ.გ“-სა და „S.A.F.Z”-ს შორის, რომლის დირექტორიც იყო მოპასუხე, 2012 წლის 5 იანვარს, შემდეგ კი 2013 წლის 11 მარტს დაიდო საგზაო ბიტუმის ნასყიდობის ხელშეკრულებები (იხ. ტ. 1, ს. ფ. 91-94).

5. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 25 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა მხარეთა შორის ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ხელშეკრულებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადად 2013 წლის 25 იანვარი განისაზღვრა, ხოლო იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა - 200 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 200 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკარის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში: იპოთეკის საგანი) (იხ. ტ. 1, ს. ფ. 6-14).

6. მსესხებელმა, 2013 წლის 26 სექტემბერს, 2012 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით სს „ს.ბ–ში“ გამსესხებლის ანგარიშზე 70 000 აშშ დოლარი შეიტანა (იხ. ტ. 1, ს. ფ. 17-18).

7. ნოტარიუსმა 2015 წლის 20 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლითაც იპოთეკის საგნის რეალიზაცია დადგინდა. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 200 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. სააღსრულებო ფურცელში მითითებულია, რომ მესაკუთრის მიერ ნაკისრი ვალდებულება 2013 წლის 25 იანვარს უნდა შესრულებულიყო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 20-22).

8. სარჩელის საფუძვლები

8.1. მოსარჩელემ (მსესხებელმა) 2015 წლის 21 სექტემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის (გამსესხებლის) წინააღმდეგ, 2012 წლის 25 ივლისის №120784804 იპოთეკის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 20 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობისა და მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 239 800 აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების მოთხოვნით.

8.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-7 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და განმარტა, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულება დადების მომენტშივე წარმოადგენდა არარეალურ ხელშეკრულებას მისი საფუძვლის, ზეპირი სესხის ხელშეკრულების, არარსებობის გამო, შესაბამისად მის მიერ მოპასუხის პირად ანგარიშზე უსაფუძვლოდ, ვალდებულების გარეშე იქნა გადარიცხული 239 800 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს.

9. მოპასუხის შესაგებელი

9.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია ნებაყოფლობით, წერილობითი ფორმით, დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ და მისი შინაარსი ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის წინაშე ფულადი ვალდებულების (სესხის) არსებობას, რაზეც ასევე მეტყველებს მოსარჩელის მიერ მოპასუხის პირად ანგარიშზე სესხის დასაფარად 70 000 აშშ დოლარის შეტანა.

9.2. მხარეთა კუთვნილი კომპანიების საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე გადახდები მოპასუხის პირად ანგარიშზე ხორციელდებოდა, რადგან კომპანია „S.a.F.z.c.” საქართველოში არ არის რეგისტრირებული და მას საქართველოში საბანკო ანგარიში არ გააჩნია. ამავდროულად მოპასუხემ წარადგინა კომპანია „S.a.F.z.c”-სა, რომლის დირექტორიც თავად იყო, და შპს „ფ.პ.“-ს და შპს „ნ.გ“-ს შორის საქმიანი ურთიერთობების დამადასტურებელი ხელშეკრულებები (იხ. ტ. 1, ს/ფ 161-177), რომელთა საფუძველზეც შპს „ფ.პ.“ და შპს „ნ.გ.“ ანგარიშწორებას მოპასუხის პირად ანგარიშზე ახდენდნენ (იხ. ტ. 1, ს/ფ 148-154).

10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 289-ე, მე-300, 301-ე, 385-ე, 976-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების არსებობა დასტურდება სადავო იპოთეკის ხელშეკრულებით და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სესხის დასაფარად 70 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტით.

11. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

11.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (მსესხებელმა) გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინების (გ. მუმლაძის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ცნობის თაობაზე) გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მსესხებლის სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.2. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 56-ე მუხლზე მითითებით არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულება მოჩვენებითია.

12.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იპოთეკა, როგორც სანივთო სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არსებობს იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის, ემსახურება ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას, რომლის მონაწილეებიც არიან კრედიტორი (მოთხოვნის მფლობელი) და მოვალე. ამდენად, იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, იგი არ შეიძლება არსებობდეს იმ უფლების გარეშე, რომელთანაც არის დაკავშირებული.

12.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრე სარჩელით სადავოდ ხდიდა იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობას და მიუთითებდა, რომ მხარეებს შორის რეალურად არ არსებობდა სესხის ურთიერთობა, იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო მოსაჩვენებლად, მოპასუხის ირანელ პარტნიორებთან წარსადგენად, რამდენადაც მას სჭირდებოდა რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა ერთგვარი გარანტიის შინაარსის მატარებელი და დამადასტურებელი იმისა, რომ მათ შორის საქმიანი ურთიერთობა ისევ გრძელდებოდა. მოსარჩელის მტკიცებით, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ აპელანტს გადაეცა 200 000 აშშ დოლარი ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც იპოთეკის ხელშეკრულების მოჩვენებით ბუნებას ადასტურებდა.

12.5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 105-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცებისა და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაცემის ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება, რომელშიც ასახული იქნება თანხის რეალურად გადაცემის ფაქტი. რაც შეეხება ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებას, აღნიშნული, ამ ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, კონკლუდენტურ მოქმედებაში, სესხის სახით თანხის გადახდაში გამოიხატება. სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს, მისი სადავოობისას, გამსესხებელი ვალდებულია ადასტუროს ხელშეკრულების ნამდვილობა ე.ი. მსესხებლისათვის სესხის გადაცემის ფაქტი. განსახილეველ შემთხვევაში, სადავო იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იგი იდება მხარეებს შორის უკვე არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების შესასრულებლად. განსაზღვრულია ვალდებულების შესრულების ვადა და მოცულობა. სსკ-ის 52-ე მუხლით, ხელშემკვრელ მხარეთა ნება დგინდება როგორც სიტყვასიტყვითი აზრიდან, ასევე - გონივრული განსჯის შედეგად. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც სიტყვასიტყვითი განმარტების, ასევე გონივრული განსჯის შედეგად გულისხმობს, რომ სესხის ხელშეკრულების მაკვალიფიცირებელი ქმედება, კერძოდ, ფულის დროებით საკუთრებაში გადაცემა უკვე განხორციელებულია. შესაბამისად, საპირისპიროს დადასტურებამდე, იგულისხმება, რომ სესხება, როგორც რეალური ქმედება, განხორციელდა იპოთეკის ხელშეკრულების დადებამდე. ამასთან, უდავოდ დადგენილია, რომ აპელანტმა, 2013 წლის 26 სექტემბერს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხის ანგარიშზე შეიტანა 70 000 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულება ადასტურებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დამყარების ფაქტს, ვინაიდან თუ მოსარჩელე სესხის სახით არ მიიღებდა საკუთრებაში თანხას, მას არც ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება არ წარმოეშობოდა.

12.6. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უდავოა აპელანტის მიერ სესხის ხელშეკრულების შესასრულებლად 70 000 აშშ დოლარის გადახდა, გარდა ამისა, აპელანტი ამტკიცებს ამ ხელშეკრულების შესრულების მიზნით 169 800 აშშ დოლარის გადახდას, რაც 39 800 აშშ დოლარით აღემატება იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას. მოსარჩელის განმარტებები არარსებული ვალდებულების შესრულების მოტივებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რამდენადაც საქმის მასალებით არ დასტურდება გარემოებები, რომლებსაც შეიძლებოდა გავლენა ჰქონოდა მოსარჩელის ნების გამოვლენის ფორმირებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც საფუძვლად დაედებოდა და განაპირობებდა მის ქმდებებს, რამდენადაც სხვაგავარად შეუძლებელია რაიმე მოქმედების გამომწვევი მიზეზების დადგენა.

12.7. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 385-ე მუხლსა და 976-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, რაც სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და გადახდილი თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების შესაძლებლობას გამორიცხავს.

12.8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია დადგენილად მსესხებლის მიერ 186 000 აშშ დოლარის სესხის დაფარვის ანგარიშში გადახდის ფაქტი. მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე 2013 წლის 22 იანვრიდან ამავე წლის 26 სექტემბრის ჩათვლით შეტანილ თანხებზე.

12.9. საქმეში წარდგენილი საგადასახადო დავალებების, ასევე სს „ს.ბ–ის“ მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ მოპასუხის პირად ანგარიშზე შეტანილია შემდეგი თანხები: 2013 წლის 22 იანვარს - 14 800 აშშ დოლარი გ.ნ–ის მიერ, დანიშნულებაში მითითებულია - პირადი, იმავე წლის პირველ ივლისს - გ.ნ–ის მიერ 65 000 აშშ დოლარი დანიშნულებით - თანხის შეტანა, 5 სექტემბერს - ნ.ჭ–ას მიერ 90 000 აშშ დოლარი დანიშნულებით - თანხის შეტანა; 26 სექტემბერს 50 000 აშშ დოლარი და 20 000 აშშ დოლარი თავად მოსარჩელის მიერ - დანიშნულებით სესხის დასაფარად.

12.10. სს „ს.ბ–ის“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მოპასუხის კუთვნილ ამ ანგარიშზე 2012 წლის 20 სექტემბრიდან 2013 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით ფიქსირდება ასევე სხვა შენატანები - 2012 წლის 20 სექტემბრიდან 2013 წლის 21 იანვრის ჩათვლით - შენატანები ლარში, რომელთა დანიშნულებაც 2012 წლის 20 სექტებრის გარდა, მითითებულია საქონლის ღირებულება, ხოლო 20 სექტემბერს შეტანილი თანხის დანიშულება განსაზღვრული არ არის და მითითებულია თანხის შემოტანა - შემომტანი: ნ.გ., დანარჩენ შემთხვევებში შპს ,,ნ.გ.”. 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით მოპასუხის ანგარიშზე შეტანილია 185 000 აშშ დოლარი გ.ნ–ის მიერ პირადი დანიშნულებით.

12.11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე საერთოდ უარყოფს ვალდებულების არსებობას, თუმცა მისივე განმარტებით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თავიდან აცილების მიზნით, იგი იძულებული გახდა გადაეხადა იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. შესაბამისად, მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს ის გარემოება, რომ მოპასუხის ანგარიშზე შეტანილი სადავო 169 800 აშშ დოლარი (70 000 აშშ დოლარის გარდა) სწორედ ამ სესხის დაფარვას ემსახურებოდა. მოსარჩელემ ამ გარემოების დამტკიცების მიზნით წარმოადგინა მოწმეები ნ.ჭ. და გ.ნ., რომლებიც დასაქმებული არიან მოსარჩელის კუთვნილ საწარმოებში.

12.12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო 169 800 აშშ დოლარის დანიშნულების დასადგენად მნიშვნელოვანია ასევე განიმარტოს იმ თანხების დანიშნულება, რაც შეტანილი იყო მოპასუხის ანგარიშზე სხვადასხვა დროს და რომელთა დანიშნულებაც პირდაპირ არ არის მითითებული შესაბამისი თანხების შეტანისას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სარჩელით სადავო თანხების გარდა მოპასუხისათვის გადახდილი თანხების დანიშნულებას საქმესთან კავშირი არ აქვს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანია სადავო თანხების გადახდის დანიშნულების დასადგენად, რადგან თავად მოსარჩელის განმარტებით, გამსესხებლის პირად ანგარიშზე თანხების შეტანა ხორციელდებოდა რამდენიმე დანიშნულებით, კერძოდ:

12.12.1. მოსარჩელის კუთვნილი საწარმოების მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების დასაფარად, მოსარჩელის სესხის დასაფარად, ასევე მხრეებს, მსესხებელსა და გამსესხებელს შორის არსებული პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, რისთვისაც აპელანტის განმარტებით, ამ უკანასკნელის დავალებით გ.ნ–მა 2013 წლის ოქტომბერში 185 000 აშშ დოლარი შეიტანა (იხ. 30.11.2015წ. სხდომის ოქმი 14:29:02- 14:30:17). აღსანიშნავია, რომ სხვა განმარტებები მხარეებს შორის არსებული ამ პირადი ურთიერთობის თაობაზე მსესხებელმა არ გააკეთა და მიუთითა, რომ ეს უნდა გაირკვეს მხარეებს შორის და განსახილველ დავასთან კავშირი არ აქვს;

12.12.2. მოსარჩელის მიერ წარდგენილმა მოწმე ნ.ჭ–ამ განმარტა, რომ 2013 წლის 5 სექტემბერს, მოსარჩელესთან ერთად იმყოფებოდა ბანკში და რადგანაც მოსარჩელეს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, მან მოსარჩელის დავალებით მოპასუხის ანგარიშზე 90 000 აშშ დოლარი შეიტანა. შენატანის დანიშნულება მისთვის უცნობი იყო;

12.12.3. მოწმე გ.ნ–მა განმარტა, რომ 2013 წლის 22 იანვარს და ამავე წლის პირველ ივლისს მოსარჩელის დავალებით მის მიერ გადაცემულ ანგარიშზე შეიტანა შესაბამისად 14 800 აშშ დოლარი და 65 000 აშშ დოლარი. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო ამ თანხის დანიშნულება;

12.12.4. რაც შეეხება მოწმის მიერ 2013 წლის ოქტომბერში შეტანილ 185 000 აშშ დოლარს, მოწმემ განმარტა, რომ ეს თანხა წარმოადგენდა შპს ,,ნ.გ–ის” მიერ შეძენილი საქონლის ღირებულებას, რაც ეწინააღმდეგება მოსარჩელის განმარტებას ამ თანხების დანიშნულებასთან დაკავშირებით და მოსარჩელისავე განმარტებას, რომ ანგარიშზე შეტანილი თანხებიდან მხოლოდ ლარში შეტანილი თანხები წარმოადგენდა საქონლის ღირებულებას ( იგივე სხდომის ოქმი: 14:35:16).

12.13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეების მიერ იმ გარემოების დადასტურება, რომ მათ თანხები მოპასუხის ანგარიშზე შეიტანეს აპელანტის დავალებით, საკმარისი არ არის სადავო გარემოების დასადგენად, რადგან, თავად მოსარჩელე მიუთითებს მხარეებს შორის სხვა ურთიერთობის არსებობაზე, რომლის საფუძველზეც, ასევე მოსარჩელის დავალებით ხდებოდა თანხების შეტანა, ამ ურთიერთობის შინაარსისა და მოცულობის განმარტებაზე კი მოსარჩელემ უარი განაცხადა.

12.14. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში არსებული მასალებით დასტურდება მოპასუხისათვის 2012 წლს 25 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე მხოლოდ 70 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

12.15. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 301-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, მე-300 მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ 2012 წლის 25 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ შეასრულებდა იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილება ნოტარიუსის სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე უზრუნველეყო.

12.16. იმის გათვალისწინებით, რომ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 2012 წლის 25 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და მსესხებლის მიერ ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა 2015 წლის 20 აგვისტოს ნოტარიუსის მიერ გაცემული #150896680 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე.

12.17. აპელანტი (მოსარჩელე) სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას ითხოვდა იმ საფუძვლითაც, რომ მინდობილობა, რომლის საფუძველზეც ნოტარიუსმა გასცა 2015 წლის 20 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი, არ არის გაცემული სსსკ-ის 96-ე მუხლის და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (შემდეგში: სპეციალური ინსტრუქცია) შესაბამისად (იხ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი 13:21:31 სთ).

12.18. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე და განმარტა, რომ სსსკ-ის XII თავი აწესრიგებს სასამართლოში წარმომადგენლობის საკითხებს, ხოლო 96-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს რწმუნებულების (მინდობილობის) გაცემისა და გაფორმების წესს იმ პირებისათვის, რომლებიც წარმომადგენლობას ახორციელებენ სასამართლოში და მითითებული მუხლის პირველი ნაწილი სწორედ ამ შემთხვევაში მოიაზრებს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის წარდგენის აუცილებლობას, რაც განხორციელებული უნდა იქნეს სპეციალური ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც სხვა სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად ნოტარიუსმა უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 96-ე მუხლის საფუძველზე გაცემული რწმუნებულებით, გათვალისწინებული არ არის არც ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონითა და არც სპეციალური ინსტრუქციით. განსახილეველ შემთხევევაში მოპასუხესა და მინდობილ პირს შორის ურთიერთობა წესრიგდება დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

12.19. ამასთან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოსწორებული იქნა აპელანტის (მოსარჩელე) მხარის მიერ მითითებული ხარვეზი და წარმოდგენილი იქნა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც გ.მ–ძეს, ი.გ–სა და ა.ქ–ძეს, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, მინიჭებული აქვთ, სააღსრულებო ფურცლის მიღების, გადასახდევინებლად წარდგენისა და საქმის აღსრულების უფლებამოსილება.

12.20. აპელანტი, გადაწყვეტილებასთან ერთად, ასაჩივრებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებას გ.მ–ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. აპელანტი განმარტავს, რომ მინდობილობა, რომლის საფუძვლზეც გ.მ–ძე წარმოადგენდა მოპასუხეს, არ იყო გაცემული სსსკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად - არ იყო დამოწმებული სანოტარო წესით (საჯარო აქტი) და ნოტარიუსმა მასზე მხოლოდ ხელმოწერების ნამდვილობა დაამოწმა.

12.21. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს, მოპასუხის წარმომადგენელმა წარადგინა სსსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც მოპასუხემ გ.მ–ძეს მიანიჭა ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი რწმუნებულებით მოპასუხემ დაადასტურა მის მიერ 2015 წლის 13 აგვისტოს გაცემული მინდობილობით წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, ამიტომაც არ არსებობდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

13. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის 70 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი და მიუხედავად ამისა ძალაში დატოვა 200 000 აშშ დოლარის ფარგლებში გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

13.3. კასატორის განმარტებით დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების მიერ მოპასუხისათვის თანხების გადარიცხვის ერთი იურიდიული პირის მიერ მეორისათვის თანხის გადარიცხვის იგივეობრიობასთან დაკავშირებით. კასატორი მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია მის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშებით ნათლად დასტურდება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ისინი არასწორად შეაფასა, მოპასუხეს კი საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

13.4. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულება თავისი შინაარსით არასტანდარტულია და ხელშეკრულებიდან არ დგინდება გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ფაქტი.

13.5. კასატორმა მოწმეების - ნ.ჭ–ასა და გ.ნ–ის ჩვენებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ 169 800 აშშ დოლარი მოპასუხეს სესხის დაფარვის მიზნით გადაურიცხა, რაც საქმეში არსებული მასალებით დასტურდება. კასატორის განმარტებით, საქმეში არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოპასუხისათვის გადარიცხული თანხები ის თანხებია, რომლებიც რომელიმე იურიდიულ პირს სხვა იურიდიული პირისათვის უნდა გადაერიცხა. შესაბამისად, მხოლოდ მოსარჩელის განმარტებით შეიძლება დადგინდეს თანხების გადარიცხვის მიზანი.

13.6. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მოსარჩელეს კანონით დადგენილზე მეტი მტკიცების ტვირთი დააკისრა, რითაც მოპასუხის მდგომარეობა შეამსუბუქა.

13.7. კასატორი სსკ-ის 96-ე, 111-ე მუხლების, სპეციალური ინსტრუქციის მე-15, მე-19, 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე, 29-ე, 30-ე, 31-ე, 33-ე, 35-ე მუხლების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის დანაწესებზე მითითებით არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გ.მ–ძე უფლებამოსილი იყო, სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოეთხოვა და აეღო კიდეც.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსესხებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

14.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნებია - 1) სადავო იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 2) იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა; 3) მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული - 239 800 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით სადავო იპოთეკის ხელშეკრულება ბათილია მისი მოჩვენებითი ხასიათის გამო, ვინაიდან არ არსებობს სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი გაფორმდა. სადავო ხელშეკრულების ბათილობის გამო კი ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელიც ბათილია. რაც შეეხება, თანხას ის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე დაბრუნებას ექვემდებარება (სსკ-ის 976-ე, 978-ე, 991-ე მუხლები).

20. საკასაციო სასამართლო უპირველესად სადავო იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობას შეაფასებს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, სანოტარო წესით დამოწმებულ, იპოთეკის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ წინამდებარე იპოთეკის ხელშეკრულება იდება მხარეთა შორის არსებული ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულების თანახმად იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლები 200 000 აშშ დოლარია. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთახმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით (იხ. ტ. 1, ს. ფ. 78-86). იპოთეკის ხელშეკრულება შედგენილია ნოტარიუსის თანდასწრებით და ხელს აწერენ მხარეები (მოსარჩელე და მოპასუხე).

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 12.3-12.6 ქვეპუნქტებში ასახულ, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონმდებლობა წერილობით ფორმას არ ითვალისწინებს (სსკ-ის 624-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა სადავო იპოთეკის ხელშეკრულებით დაადასტურეს, რომ მათ შორის ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება არსებობდა. მოსარჩელე სადავოდ ხდის ამ გარემოებას და აღნიშნავს, რომ მას მოპასუხისაგან თანხა არ უსესხებია, იპოთეკის ხელშეკრულება კი მოჩვენებითად დაიდო მოპასუხის ბიზნეს-ინტერესების გათვალისწინებით (სსკ-ის 56.1-ე მუხლი).

21.1. „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ, საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12. 2015).

21.2. სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო სასამართლო გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ: სუსგ №აs-398-371-2017, 06 ივნისი, 2017 წ.). სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა (შდრ. სუსგ №ას-127-119-2015, 22.07.2015). განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა როგორც წერილობითი იპოთეკის ხელშეკრულება, ზეპირი სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმებული, ასევე გადახდის ქვითრები დანიშნულებით - „სესხის დასაფარად“.

21.3. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი;

21.4. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში გამოვლენილია გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედება, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას;

21.5. მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა (შდრ. სუსგ #ას-976-908-2017, 22.01.18 წ.);

21.6. კასატორმა (მოსარჩელემ) ვერ შეძლო სასამართლოსათვის დაესაბუთებინა, თუ რატომ არის სადავო იპოთეკის ხელშეკრულება მოჩვენებითი ან ბათილი რაიმე სხვა საფუძვლის გამო. კასატორი აცხადებს, რომ მას სესხის თანხა არ გადასცემია, თუმცა მან ხელი მოაწერა გარიგებას, რომლითაც იპოთეკით მისი კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა მის მიერ ნაკისრი ვალდებულების, 200 000 აშშ დოლარის ფარგლებში, უზრუნველსაყოფად. მსესხებელი ვერც ასახელებს და ვერც ამტკიცებს, თუ რის გამო მოაწერა ხელი ხელშეკრულებას მისი ნების საწინააღმდეგოდ. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც ნათქვამია, რომ მოსარჩელემ მოპასუხისაგან თანხა ისესხა და თუ აღნიშნულ თანხას არ დააბრუნებს, მოვალის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რის გამოც მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი);

21.7. მსესხებლის (მესაკუთრის) საკასაციო პრეტენზიები წინააღმდეგობრივია. კასატორი აცხადებს, რომ მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულება არ გაუფორმებია და არც თანხა მიუღია, თუმცა იმავდროულად მის მიერ გადახდილი 70 000 აშშ დოლარის სესხის ანგარიშში ჩათვლას ითხოვს (რაც დაკმაყოფილდა კიდეც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ამით სესხის ხელშეკრულების არსებობას ადასტურებს თავად მოსარჩელე). სესხის ანგარიშში სხვა თანხების ჩათვლასაც ითხოვს კასატორი, რომელთა დანიშნულებაც თანხის გადარიცხვის დროს დაუზუსტებელი იყო.

22. ამ განჩინების 21.1-21.7 ქვეპუნქტებში მოხმობილი პრაქტიკისა და საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ მხარეთა შორის ზეპირი სესხის ხელშეკრულება არსებობდა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება დაიტვირთა. შესაბამისად, არ არსებობს სადავო იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

23. არც სადავო სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის საფუძველი არსებობს, რადგან მხარეთა შეთანხმება მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. მოსარჩელეს, როგორც მოვალეს, არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მან გამსესხებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და სრულად შეასრულა (სსკ-ის 408.1-ე მუხლი) (იხ. ამ განჩინების 12.15-12.16 ქვეპუნქტები).

24. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას უსაფუძვლოდ გადახდილი თანხების უკან დაბრუნების შესახებ, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 12.8-12.13 ქვეპუნქტებში ასახულ, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობაზე მითითებით განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები, სსკ-ის 976-991-ე მუხლებიდან გამომდინარეობენ. ამ სახის მოთხოვნების განხორციელების მთავარი წინაპირობა მიმღების მიერ ფართო გაგებით ქონებრივი სარგებლის მიღებაა. შესრულების კონდიქციის (სსკ-ის 976-981-ე მუხლები) დროს, როგორც წესი, სხვა პირის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას აქვს ადგილი. შესრულება მიზანმიმართულია, ვინაიდან ამით უნდა მოხდეს ვალდებულების შესრულება (სსკ-ის 976-ე მუხლი). შესრულების კონდიქციის შემთხვევაში უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად დაზარალებულ პირს სურს თავისი შესრულებით განახორციელოს/შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულება. შესრულების მიმღები იმიტომ არის უსაფუძვლოდ გამდიდრებული, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება არ არსებობდა ან შეწყდა შემდგომში. ვინაიდან ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა მიღებული საგნის/სიკეთის უკან დაბრუნების შესახებ არ არსებობს, საჭიროა ამ მოთხოვნის კანონისმიერი გზით მოგვარება (შდრ. სუსგ #ას-1900-2018, 12.03.19 წ.).

25. მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და მის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსესხებლის, მოწმე ნ.ჭ–ასა და მოწმე გ.ნ–ის მიერ მოპასუხის პირად ანგარიშზე თანხების გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებული იყო: თანხის შეტანა, პირადი, სესხის დასაფარად, პროდუქციის ღირებულება. მოსარჩელე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოპასუხისათვის გადარიცხული თანხების მიზნობრიობის დახარისხებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ პირად გადარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებები არ გააკეთა, ისინი არ დააკონკრეტა, განაცხადა, რომ მხარეთა შორის სხვა ურთიერთობაც არსებობდა, თუმცა მას აღნიშნული არ დაუზუსტებია.

26. კასატორი სადავოდ ხდის გამსესხებლის წარმომადგენლის უფლებამოსილების საკითხს და საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებას (იხ. ამ განჩინების 13.7 ქვეპუნქტი). ამ ნაწილში, კასატორის პრეტენზია ნაწილობრივ დასაბუთებულია. საკასაციო სასამართლო ამ მიმართულებით ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას (იხ. ამ განჩინების 12.18 ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა და საქმის წარმოება განაახლა საქმეზე, რომელშიც საკასაციო სასამართლოს მხრიდან სამართალწარმოების ეტაპზე შეცდომა იყო დაშვებული მხარის წარმომადგენლის უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტის (მინდობილობა) შემოწმებისას. აღნიშნული შეცდომის გამოსწორების მიზნით საკასაციო სასამართლომ ამავე სასამართლოს მიერ ამავე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის განხილვა განაახლა. არსებითი განხილვის შედეგად გადაწყვიტა დავა, თუმცა, აღნიშნულ საქმეზე დავის გადაწყვეტის შედეგი არ შეცვლილა, რადგან მინდობილობის საკითხი პროცესუალური მხარეა და დავის არსებით გადაწყვეტაში წვლილი არ მიუძღვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვა, ყველა თვალსაზრისით, კანონით დადგენილი წესით უნდა წარმართულიყო (იხ.სუსგ #ა-4550-ა-12-2016, 31.05.17 წ.).

27. საკასაციო სასამართლო ერთმანეთისაგან გამიჯნავს წარმომადგენლის მიერ განხორციელებული მოქმედების (გარიგების) მატერიალურ- (სსკ-ის709-ე მუხლი) და საპროცესოსამართლებრივ (სსსკ-ის 93-ე მუხლი) მნიშვნელობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით დასაშვებია, მარწმუნებელმა წარმომადგენლის მოქმედება (გარიგების მიღმა განხორციელებული) მოიწონოს, ხოლო საპროცესო სამართალში სპეციალური ნორმები მოქმედებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა როგორც მხარეთათვის, ასევე -სასამართლოსათვის. სსსკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. ამ შემთხვევაში საპროცესოსამართლებრივი ნორმები მატერიალურსამართლებრივ ნორმებთან მიმართებით უპირატესია (შდრ. სუსგ #ა-4550-ა-12-2016, 31.05.17 წ.).

28. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებას და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაშვებული ხარვეზი გამოასწორა (იხ. ამ განჩინების 12.20-12.21 ქვეპუნქტები) და საქმე არსებითი განხილვის შედეგად გადაწყვიტა, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების აღნიშნულის გამო გაუქმების წინაპირობა. საქმე არსებითად იქნა განხილული საკასაციო სასამართლოშიც, სამივე ინსტანციის სასამართლოში დავა ერთი და იგივე შედეგით დასრულდა.

29. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სარჩელი დასაბუთებულად მიეჩნია, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

30. საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო კასატორს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ა–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. ნ.ა–ას (პ/ნ .......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე № ას-134-126-2017) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 30 %-ის 1800 ლარის გადახდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე