Facebook Twitter

საქმე №ას-398-398-2018 25 დეკემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი – ა.გ–ის უფლებამონაცვლე გ.გ–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - თ.ჟ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ვ–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ე.ა–ძე

თავდაპირველი მოპასუხე - ც.ნ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა და მისი აღდგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.გ–ი (შემდეგში: მოსარჩელე ან ანდერძით მემკვიდრე) 1994 წლიდან ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში დაბრუნდა 2015 წელს (იხ. ტ.1, ს.ფ. 4; 37-38; მხარეთა ახსნა - განმარტებები).

2. მოსარჩელის მამა, მ.გ–ი გარდაიცვალა 1985 წლის 14 თებერვალს, ხოლო დედა ქ.გ–ი (შემდეგში: მოანდერძე) - 2001 წლის 6 თებერვალს (იხ. ტ.1, ს.ფ. 19-20).

3. მოანდერძემ მისი ქონება ანდერძით მოსარჩელეს დაუტოვა (იხ. ტ.1, ს.ფ. 21-23).

4. ანდერძით მემკვიდრეს, კანონით დადგენილ სამკვიდროს მიღების ვადაში ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს. ასევე, არ დასტურდება ამ უკანასკნელის დედის ქ.გ–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 4-7; 24, მხარეთა ახსნა - განმარტებები).

5. ამბულატორიული, სტაციონარული ავადმყოფობის ბარათიდან ამონაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე 2001 წლის 25 მარტს მოთავსდა სტაციონარში, დიაგნოზით: მარჯვენა ფილტვის ქვედა ნაწილის მწვავე პნევმონია, ხოლო 2001 წლის 11 აპრილს საავადმყოფოდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 26).

6. ნოტარიუსმა ც.ნ–ძემ (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან ნოტარიუსი), 2015 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით, მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენამდე ან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის დადასტურებამდე, ვინაიდან, მემკვიდრეს გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მიღების ვადა (იხ. ტ.1, ს.ფ. 24).

7. სარჩელის მოთხოვნა

7.1 ანდერძით მემკვიდრემ, 2015 წლის 19 ოქტომბერს, სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მ.ვ–ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან მოსარჩელის და) და ნოტარიუსის წინააღმდეგ, მოითხოვა, სამკვიდროს მიღების კანონით გათვალისწინებული, გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევა და სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა.

7.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ სამკვიდროს მიღების ვადა, საპატიო მიზეზის გამო გაუშვა, კერძოდ, რუსეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა.

8. პირველი მოპასუხის (მოსარჩელის დის) შესაგებელი

8.1 პირველმა მოპასუხემ, წერილობით წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ სარჩელს ნაწილობრივ ცნობდა, კერძოდ, თანახმა იყო, მის ძმას გაგრძელებოდა სამკვიდროს გაშვებული ვადა, თუ პირველ მოპასუხეს გაუფორმდებოდა კუთვნილი სავალდებულო წილი (იხ. მოპასუხის შესაგებელი - ტ. 1, ს.ფ. 36, 38 და 39). შესაგებელშივე მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მიუთითა, რომ არიან ოთხი დედმამიშვილი, რომელთაგან ერთ-ერთი, გ.გ–ი დაეღუპათ. სწორედ ამ უკანასკნელმა გაიღო დედის დაკრძალვის ხარჯები. თავად პირველი მოპასუხე 1990 წელს დაოჯახდა, თუმცა, განქორწინების შემდეგ, შვილებთან ერთად, დედ-მამის სახლში ცხოვრობს, ქ. ახალციხეში, ..... უვლიდა დედას და თითქმის 21 წლის განმავლობაში გადასახადებს იხდიდა.

8.2 ძმები, მათ შორის მოსარჩელეც, საკუთარ ოჯახებთან ერთად, ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მოსარჩელე რუსეთში ცხოვრობს. ეს უკანასკნელი მას ეუბნებოდა, რომ ყურადღება მიექცია დედისთვის, სანაცვლოდ კი ფულს გამოუგზავნიდა და სახლსაც უყიდდა დას. სადავო ქონება, სწორედ მოსარჩელის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად გადაუფორმა მოანდერძემ მოსარჩელეს, თუმცა, სანაცვლოდ არასდროს დახმარებია დას, დედის დაკრძალვის თანხაც არ გამოუგზავნია დისთვის.

8.3 პირველი მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ, 2015 წელს, მას შემდეგ, რაც ის რუსეთიდან ჩამოვიდა, სახლიდან გამოაგდო, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ქონებას დედის გარდაცვალების შემდეგ თავად ფლობდა და განკარგავდა, ასევე იხდიდა გადასახადებს.

9. მეორე მოპასუხის შესაგებელი

9.1 მეორე მოპასუხემ (ნოტარიუსმა) სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მას სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა, რაც სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა, ამასთან, მოსარჩელეს მისთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სამკვიდრო ქონების მიღებისათვის მისი ფაქტობრივი დაუფლების გარემოება.

10. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1 ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1320-ე, 1421-ე, 1424-ე, 1426-ე მუხლებით და განმარტა, რომ კანონმდებელი სამკვიდროს ვადის გაშვების საპატიოობის კრიტერიუმებს არ აკონკრეტებს, აღნიშნული ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებიდან გამომდინარეობს, თუმცა, სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს: ა) თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე; ბ) თუ მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა.

10.3 სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ფაქტი, რომ მოსარჩელისათვის 2001 წლის 6 თებერვალს ცნობილი იყო მისი დედის - ქ.გ–ის გარდაცვალებისა და სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა, სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის 2015 წლამდე არ მიუმართავს.

10.4 სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და სამკვიდროს მიღებას ფაქტობრივი ფლობით.

10.5 საქმეში არსებული N150836612 სანოტარო აქტით, მოსარჩელემ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2015 წლის 31 ივლისს. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი განამტკიცებს პირის უფლებას, მიიღოს ან არ მიიღოს სამკვიდრო, თუმცა, აწესებს აღნიშნული ნების გამოვლენის ვადას. სამკვიდროს მიღების ნების არსებობის შემთხვევაში, ნება გამოვლენილ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში სამკვიდროს მიღებაზე ნების გამოუხატველობა ქმნის სამკვიდროს მიღებაზე ნების არარსებობის პრეზუმფციას, შესაბამისად, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ქარწყლდება მემკვიდრის უფლება, სხვა მემკვიდრეების თანხმობის გარეშე, მიიღოს სამკვიდრო. გარდა ამისა, სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებული ვადის გაშვების საპატიოდ მისაჩნევად საკმარისი არ არის მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში მემკვიდრის ნების არსებობაზე აპელირება, არამედ - მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ფორმალური საფუძველი - ნების გამოვლენის შეუძლებლობის დადასტურება კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადის ამოწურვიდან, ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის თარიღამდე.

10.6 მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის საპატიო მიზეზით გაშვებას. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2001 წლის 6 თებერვალს, ხოლო მოსარჩელემ ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად 14 წლის შემდეგ მიმართა. ამასთან, საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციით, არ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ თოთხმეტი წლის განმავლობაში მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მას არ შეეძლო გამოეხატა ნება სამკვიდროს მისაღებად. საგულისხმოა ისიც, რომ ექიმთან მოსარჩელის ერთი ვიზიტიდან მეორე ვიზიტამდე გასულია 14 წელი, ხოლო დიაგნოზში მითითებულია მარჯვენა ფილტვის ქვედა ნაწილის მწვავე პნევმონია. ამასთან, მოსარჩელე საავადმყოფოდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა, უბნის თერაპევტის ზედამხედველობის ქვეშ. ამის შემდეგ მოსარჩელეს მიმართული აქვს კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტისათვის მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩასატარებლად და შპს ,,უნიმედი სამცხე" ახალციხის სამედიცინო ცენტრისათვის - 2015 წელს.

10.7 აღნიშნულ მტკიცებულებათა გაანალიზების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ 2001 წლიდან 2015 წლამდე იყო ავად, რის გამოც ვერ მოახერხა სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის მიემართა. წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ 2001 წლის შემდეგ 2015 წლამდე მოსარჩელეს ექიმისათვის ავადმყოფობის გამო არ მიუმართავს. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, საპატიო მიზეზის არსებობა, რაც ხელს უშლიდა სამკვიდროს მიღებაში.

11. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

11.1ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.2 აპელანტი არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებსა და მითითებებს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია და სადავო არ არის, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან, 2001 წლიდან 2015 წლამდე, იგი არ იმყოფებოდა საქართველოში, სასამართლოს ეს პერიოდი უნდა მიეჩნია საპატიოდ და აღედგინა სამკვიდროს მიღების ვადა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად შეფასდა ნოტარიუსის განმარტება, რომელიც არ იყო წინააღმდეგი სასამართლოს მიერ ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შემთხვევაში გაეცა სამკვიდრო მოწმობა. ასევე, მცდარია პირველი მოპასუხის პოზიციის შეფასება, რომელიც შესაგებლით დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას - გაშვებული ვადის აღდგენას, რაც საკმარისი საფუძველია სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

11.3 მოსარჩელის მეუღლემ გ.გ–მა 2016 წლის 12 ივლისს მიმართა სასამართლოს, როგორც მოსარჩელის პირველი რიგის მემკვიდრემ, მოითხოვა საქმეში გარდაცვლილი მეუღლის უფლებამონაცვლედ ჩართვა (ტ. 2, ს.ფ.51-52).

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით აპელანტის უფლებამონაცვლეების გ., ო., ვ. ვ. გ–სა და ქ. მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

12.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რასაც აპელანტი სადავოდ ხდიდა და დამატებით განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებიდან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ორი გარემოება, კერძოდ: ა) ცნო თუ არა სარჩელი პირველმა მოპასუხემ (მოსარჩელის დამ); და ბ) წარმოადგენს თუ არა მემკვიდრის საქართველოში არყოფნა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის საფუძველს.

12.3 სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის საკითხთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 1421-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვის ან/და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების გზით. სამკვიდროს მიღება გულისხმობს, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით გამოხატოს სამკვიდროს მიღების სურვილი ნოტარიუსთან განცხადების წარდგენის ან სამკვიდროს ნაწილის დაუფლების გზით. სამკვიდროს მიღება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, ცალმხრივი გარიგებაა. იგი გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის - მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე.

12.4 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრეს (აპელანტს) ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით. ასევე, არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია სამკვიდრო ქონებას ან მის ნაწილს. სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, მემკვიდრემ ნოტარიუსს, სამკვიდროს გახნიდან მხოლოდ 14 წლის შემდეგ, მიმართა.

12.5 სსკ-ის 1426-ე მუხლის საფუძველზე სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთიანი პრაქტიკის მიხედვით, სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს: ა. თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე; ბ. თუ მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა (სუსგ, საქმე Nას-851-800-2010);

12.6 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მემკვიდრის უფლება სამკვიდრო ქონებაზე შეზღუდულია ნების გამოხატვის ფორმით, წესით და ვადით. აღნიშნული შეზღუდვა განაპირობებს სხვა მემკვიდრეთა ინტერესის დაცვას, გონივრულ ვადაში უზრუნველყონ სამკვიდროდან კუთვნილი უფლების დადგენა და რეალიზაცია. თუმცა, ყველა მემკვიდრის ინტერესის თანაბარზომიერი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე შეზღუდვა არ არის აბსოლუტური ხასიათის და კანონი უშვებს სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენას სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების მიზეზი საპატიოდ იქნება ცნობილი. საპატიოობის კრიტერიუმი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასების საგანია და მასთან დაკავშირებული დასკვნა უნდა იყოს მოტივირებული თითოეული მემკვიდრის მართლზომიერი ინტერესის დაცვის აუცილებლობით, ვადის გაშვების სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამოკვლევითა და იმგვარი მოსაზრებით, რომ ვადის გაშვება განპირობებულია არა სამკვიდროს მიღების ნების არარსებობით, არამედ ასეთი ნების სათანადო წესით გამოხატვის შეუძლებლობით. კონკრეტული ფორმით ნების გამოხატვის შეუძლებლობა, შეიძლება განპირობებულ იქნეს როგორც ობიექტური ფაქტორებით, ასევე - პირის სუბიექტური დამოკიდებულებით სამკვიდრო ქონებისადმი, თუ სამკვიდრო მასის მახასიათებლებისადმი.

12.7 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის შუამდგომლობა, საქართველოში არყოფნის გამო, საპატიოდ იქნეს მიჩნეული სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან, აპელანტისათვის, მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამკვიდროს გახსნის ფაქტი 2001 წელსვე გახდა ცნობილი, რის გამოც მხოლოდ საქართველოში არყოფნის გამო სამკვიდროს გახსნის შეუძლებლობა, საპატიოდ ვერ მიიჩნევა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს შეეძლო თუნდაც წარმომადგენლის მეშვეობით ემოქმედა (იხ. სსსკ-ის 1423-ე მუხლი).

12.8 სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, პირველი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი უნდა გამხდარიყო და განმარტა, რომ წარდგენილი შესაგებლით მოსარჩელის დამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. ამასთან, მხარემ მიუთითა, რომ ფაქტობრივი ფლობით მიიღო და ფლობს დედის სამკვიდრო (სადავო) ქონებას, როგორც პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე და არ დაეთანხმა მოსარჩელის მტკიცებას, რომ ვადის გაშვება გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით. მართალია, ამავე შესაგებელში პირველმა მოპასუხემ აღნიშნა, რომ თანახმა იყო გაშვებული ვადის გაგრძელებაზე, თუ მოსარჩელე გაუფორმებდა სავალდებულო წილს, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ეს უფრო მორიგების პირობა იყო, ვიდრე - სარჩელის ცნობა; მოპასუხე სადავოდ ხდიდა სარჩელის საფუძვლებს, რომ ვადის გაშვება მოხდა ავადმყოფობის მოტივით. ამასთან, პირველმა მოპასუხემ თავისი პოზიცია დააზუსტა და დააკონკრეტა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში საქმის არსებითად განხილვისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარჩელს არ ცნობდა, თუმცა, თანახმაა მორიგებაზე.

12.9 ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეთაგან არც ნოტარიუსსა და არც მოსარჩელის დას სარჩელი არ უცვნიათ და არ არსებობდა ამ საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.

13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელის უფლებამონაცვლეებმა: გ.გ–მა (შემდეგში: მოსარჩელის უფლებამონაცვლე ან კასატორი), ო. გ–მა, ვ.გ–მა, ქ.მ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

13.2. საკასაციო საჩივარი ამ განჩინების 11.2 ქვეპუნქტში ასახულ პრეტენზიებს იმეორებს.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით მოსარჩელის მეუღლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

14.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით მოსარჩელის დანარჩენი უფლებამონაცვლეების საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, საკასაციო საჩივარზე მათ ნაწილში დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო (იხ. ამ განჩინების 13.1 ქვეპუნქტი).

14.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი დასაშვებდა იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ამავე განჩინებით საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით, 2018 წლის 16 ნოემბერს.

14.4. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა და ყურადღება გაამახვილა პირველი მოპასუხის წინადადებაზე, რაც მან მის მიერ წერილობით წარდგენილ შესაგებელში განაცხადა (იხ. ამ განჩინების 8.1 ქვეპუნქტი).

14.4.1. პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსარჩელის დამ პირველივე ინსტანციის სასამართლოში, მოსამზადებელ სხდომაზე, განაცხადა უარი მორიგებაზე და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14.4.2. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, პირველმა მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, რაც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში უნდა ასახულიყო. მორიგების პირობად არ უნდა იქნეს განხილული სარჩელის ნაწილობრივ ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

19. საკასაციო სასამართლომ შეაფასა შესაგებელში (ტ. 1, ს.ფ. 36, 38, 39) მითითებული გარემოებები და სარჩელის ცნობად არ მიიჩნია პირველი მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თანახმაა მოსარჩელეს გაშვებული ვადა გაუგრძელდეს, თუ იგი თავის დას სავალდებულო წილს გაუფორმებს. აღნიშნულს ამყარებს, მოსარჩელის დის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის 2015 წლის 15 ნოემბერს წარდგენილი განცხადება (ტ. 1, ს.ფ. 59), სადაც პირველი მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სამკვიდროს მიღების ვადა გაუშვა და მას ეს ვადა არ უნდა აღუდგეს, საერთო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო კი მის სასარჩელო მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას.

20. პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარი სხდომის, 2015 წლის 25 ნოემბერს, დანიშვნის თაობაზე სასამართლომ 2015 წლის 20 ნოემბერს მიიღო განჩინება (ტ. 1, ს.ფ. 77), რაც იმავე დღეს ეცნობა ორივე მხარეს (ტ. 1, ს.ფ. 78-79).

21. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რაც მიანიშნებს მხარის უფლებაზე, თავად გადაწყვიტოს დავის სასამართლოში დაწყების საკითხი, ისევე, როგორც მის უფლებაზე, განკარგოს კანონით გარანტირებული შესაძლებლობანი (სარჩელის ცნობა, სარჩელზე უარის თქმა, მორიგება და სხვა). მხარის პროცესუალურ უფლებათა ძირითად ჩამონათვალს სსსკ-ის 83-ე მუხლი ადგენს, თუმცა, ეს ნორმა არ არის ამომწურავი. ფუნდამენტურ პროცესუალურ უფლებათა შორის არის ამავე კოდექსის 831 მუხლით რეგლამენტირებული მოსარჩელის შესაძლებლობა, გამოიხმოს სარჩელი, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე (იხ. სუსგ # ას-431-431-2018 (ბ), 22.06.2018წ.).

22. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც სარჩელის ცნობისა და მისი თანმდევი შედეგების განმარტების საკითხს ეხებოდა, საკასაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულ საპროცესო სამართლის ამოსავალ პრინციპზე - დისპოზიციურობაზე და განმარტა შემდეგი: „დასახელებული ნორმა განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელშიც ვლინდება მხარის უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას: პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების დაცვით; თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისაკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას“ (იხ. სუსგ №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი, შდრ. # ას-276-262-2016, 27.05.2016 წ.).

23. საკასაციო სასამართლომ სავსებით გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (იხ. ამ განჩინების 12.2-12.9 ქვეპუნქტები), კერძოდ:

23.1. პირველ მოპასუხეს არ უცვნია სარჩელი და მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოება მხოლოდ შესაძლო მორიგების კონტექსტში უნდა განხილულიყო, თუმცა, მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანია სამკვიდროს მიღებისათვის გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევა და მისი აღდგენა, შესაბამისად, არაგონივრულია კასატორის მითითება პირველი მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობასთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ მოსარჩელის დამ სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღებაზე მიუთითა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველმა მოპასუხემ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსამზადებელი სხდომის დამთავრებადე, განაცხადა, რომ სარჩელს არ ეთანხმება და მორიგების შესაძლებლობაც გამორიცხა. კასატორი კანონით დადგენილ შესაგებლის ფორმაზე მიუთითებს, რომელშიც პირველმა მოპასუხემ შეკითხვაზე - „ცნობთ თუ არა სარჩელს?“ აღნიშვნა გააკეთა გრაფაში „ნაწილობრივ“. პირველი მოპასუხის მიერ წერილობით წარდგენილი შესაგებლის, განცხადებისა (იხ. ამ განჩინების მე-19 პუნქტი) და ახსნა-განმარტების შინაარსიდან ნათლად ირკვევა, რომ მოპასუხეს სარჩელის ნაწილობრივ ცნობის ნება არ გამოუვლენია.

23.2. რაც შეეხება, გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ მიჩნევასა და მის აღდგენას, სააპელაციო სასამართლოს უდავოდ აქვს დადგენილი, რომ მოსარჩელისათვის 2001 წლის 6 თებერვლიდან ცნობილი იყო დედის ქ.გ–ის გარდაცვალებისა და, შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა, სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის 2015 წლამდე არ მიუმართავს (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ. 2, ს.ფ. 205, 4.3 ქვეპუნქტი). მოსარჩელემ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს მიმართა 2015 წლის 31 ივლისს, 14 წლის შემდეგ, სადავო არაა, რომ ის ფაქტობრივად არ დაუფლებია სამკვიდროს, მემკვიდრეობის მიღების უფლება განსაზღვრულია კანონით, თუმცა, მემკვიდრეობის მიღების ნების გამოვლენა უნდა მოხდეს სამკვიდროს მიღებიდან 6 თვის ვადაში, ამ ვადას კანონმდებლობა აწესებს სწორედ იმისათვის, რომ შესაძლო მემკვიდრეებმა შეძლონ საკუთარი მატერიალური უფლების რეალიზება და გამოავლინონ ნება სამკვიდრო მიღებაზე.

23.3. სსკ-ის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღებას. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

23.4. სსკ-ის 1424-ე მუხლი სამკვიდროს მიღების ვადად ადგენს 6 თვეს სამკვიდროს მიღების დღიდან, ხოლო 1426.1-ე მუხლი განსაზღვრავს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ- სამართლებრივ მსჯელობას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სამართლებრივად სარწმუნო და წონადი არგუმენტები ვერ წარადგინა იმის დასამტკიცებლად, რომ არსებობდა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადის გაშვების საპატიო გარემოებები და ეს იყო მოსარჩელის საქართველოში არყოფნა და მისი ავადმყოფობა. მართებულია, სააპელაციო სასამართლოს მითითება სსკ-ის 1423-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით (იხ. ამ განჩინების 12.7 ქვეპუნქტი).

25. საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამკვიდროს მიღებისათვის გაშვებული ვადა საპატიოდ მიეჩნია, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

26. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ–ის უფლებამონაცვლე გ.გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე