Facebook Twitter

საქმე №ას-861-827-2016 5 აპრილი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ც.მ–ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი ან აპელანტი) სარჩელი დაკმაყოფილდა და ც.მ–იას (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე ან კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ 13 756 ლარის გადახდა დაეკისრა (იხ. ტ. 2, ს. ფ. 13-14).

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. მოსარჩელემ 2015 წლის 24 დეკემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოვალისათვის კრედიტორის სასარგებლოდ 2013 წლის 31 მაისიდან, ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 14 ლარის დაკისრება მოითხოვა.

2.2. მოსარჩელის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო მას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. კრედიტორმა აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოება დაწყებულია, თუმცა, მას თანხა მიღებული არ აქვს.

3. მოპასუხის შესაგებელი

3.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

4.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

5. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

5.1. მოსარჩელემ (კრედიტორმა) სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 31 მაისიდან ყოველწლიურად, ძირითადი თანხის - 13 756 ლარის სრულად გადახდამდე, აღნიშნული თანხის 10 %-ის - 1 375,60 ლარის ანაზღაურება.

6.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მომზადების ეტაპზე, სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების მიზნით, მოსარჩელემ დამატებით გარემოებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ფულადი თანხის სამოქალაქო ბრუნვაში ჩაშვებისა და წლიური 36%-ის შემოსავლის მიღების გარდა, მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ გამოიწვია ის ზიანიც, რომ ვერ შეძლო მისი სტუდენტი შვილისათვის საცხოვრებელი ბინის ”დაგირავება”, იძულებული გახდა დაექირავებინა ბინა და ქირის თანხის გადახდის გამო წარმოეშვა ზიანი.

6.3. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა ორი საფუძვლით, ერთი - საბანკო ანაბარზე თანხის განთავსებით მიღებული შემოსავლის სახით, რასაც სამოქალაქო ბრუნვაში ჩაშვება უწოდა, მეორე კი - საცხოვრებელი ბინის ქირის სახით გადახდილი თანხების გამო.

6.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა, სახელშეკრულებო ვალდებულებიდან, რადგან დავის საგანს წარმოადგენს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მიყენებული ზიანის (სსკ-ის 394.1-ე მუხლი) ანაზღაურება.

6.5. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლოდ გამდიდრება.

6.6. იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ჩვეულებრივ პირობებში ფულის გამოყენებით მიუღებელი შემოსავალი ესაა ანაცდენი მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული.

6.7. განსახილველ შემთხვევაში გონივრული, სამართლიანი ანაზღაურების სახით და მოვალისათვის სავარაუდო ზიანად, ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი 36 %-ისა, უნდა განისაზღვროს გადაუხდელი ძირითადი თანხის - 13 756 ლარის წლიური 10 %-ით - 1 375,60 ლარით.

6.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება ზიანის სახით საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის გადახდილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

7. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

7.1. მოპასუხემ (მოვალემ) საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვით.

7.2. კასატორმა აღნიშნა, რომ თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში დასახელებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაწყებულია იძულებითი აღსრულება და დაყადაღებულია მოვალის კუთვნილი აქტივები, თუმცა, აუქციონის დანიშვნა და ქონების რეალიზაცია ჭიანურდება. ასეთ შემთხვევაში კი მოვალეს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, რადგან სააღსრულებო წარმოებას აღმასრულებელი ახორციელებს და პრეტენზიებიც მის მიმართ უნდა გამოითქვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოვალეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.

9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის, ამ გადაწყვეტილების 7.1 ქვეპუნქტში ასახულ, პრეტენზიას და განმარტავს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოვალეს მოსარჩელის სასარგებლოდ 13 756 ლარის გადახდა დაეკისრა. სსსკ-ის 267-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებით დადასტურებულია, რომ ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებაზე აღსრულება დაწყებულია. კრედიტორს თანხა ჯერ არ მიუღია და ამის გამო მოვალისათვის კრედიტორის სასარგებლოდ 2013 წლის 31 მაისიდან, ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 14 ლარის დაკისრებას ითხოვს. მოსარჩელის ამგვარი მოთხოვნა ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებულია.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ამ გადაწყვეტილების 6.2-6.8 ქვეპუნქტებში ასახულ, მსჯელობას და განმარტავს, რომ მოსარჩელეს თავდაპირველი სარჩელის წარდგენის დროს შეეძლო მოეთხოვა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე და არა მას შემდეგ, რაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის ახალი სარჩელი, არამედ აპელანტმა ფაქტობრივად თავდაპირველი მოთხოვნა გაზარდა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის მოითხოვა, რაც დაუშვებელია. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების ან გაზრდის უფლებას სსსკ-ის 83.2-ე მუხლი ითვალისწინებს და ამგვარი შესაძლებლობა მოსარჩელეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე აქვს და ამის შესახებ სასამართლო მოპასუხეს ატყობინებს, რათა არ დაირღვეს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (264-ე მუხლი) და მატერიალური (266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც, პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ - მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მითითებული ნორმის ანალიზი შემდეგი დასკვნის საფუძველს იძლევა: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს (შდრ. სუსგ №ას-355-337-2015, 20.07.2015, #ას-832-832-2018, 25.07.2018 წ.).

13. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღრულების წესი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული და გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში უნდა გატარდეს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის (მოვალის) მოთხოვნა დასაბუთებულია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს შეფასება და დასკვნა, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კრედიტორის სარჩელის უარყოფის თაობაზე, არამართებულია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

15. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მოხმობილი ნორმის საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ც.მ–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;

3. ნ.მ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ნ.მ–ძეს ც.მ–იას სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე