გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-222-83-კს-03 29 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
კერძო საჩივრის თხოვნა: განათლების მინისტრის 2003წ. 7 მაისის ¹78 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული «საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროცესში 2003/2004 სასწავლოწ.ათვის დაშვებულ სახელმძღვანელოთა ნუსხის» მოქმედების შეჩერების შესახებ დროებითი განჩინების მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 30 ივლისს რ. ბ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების სამმართველოს მიმართ და მოითხოვა განათლების მინისტრის 2003წ. 7 მაისის ¹78 ბრძანების, აგრეთვე, მის საფუძველზე გამოცემული «საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროცესში 2003/2004 სასწავლოწ.ათვის დაშვებულ სახელმძღვანელოთა ნუსხის» ბათილად ცნობა; რ. ბ-ის სახელმძღვანელოებისათვის _ «ფიზიკა» (თეორია, პირველი ნაწილი) და «ამოცანებისა და კითხვების კრებული ფიზიკაში» _ იმ გრიფის მინიჭება, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა შედგენილი რეცენზიების ტექსტებთან; განათლების სამინისტროს მიერ სადავო ბრძანების შემცვლელი ახალი ბრძანების გამოცემა და მის საფუძველზე დამტკიცებულ «საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროცესში 2003/2004 სასწავლოწ.ათვის დაშვებულ სახელმძღვანელოთა ნუსხაში» რ. ბ-ის ნაშრომების შეტანა და დაფიქსირება.
მოსარჩელის განმარტებით, განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების სამმართველოს პასუხისმგებელი მუშაკები, ამავე სტრუქტურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, 1998 წლიდან პერმანენტულად და უხეშად არღვევდნენ ნორმატიული აქტების მიღება-გამოცემისა და პერიოდულ პრესაში გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებულ პროცესუალურ ნორმებს, რითაც ხელყოფდნენ მოსარჩელის, როგორც ავტორ-გამომცემლის, ინტელექტუალურ საკუთრებას და ბლოკირებას უკეთებდნენ მისი ავტორობით შედგენილ ფიზიკის სასწავლო სახელმძღვანელოების გრიფირების, სახელმწიფო დაკვეთის «საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროცესში 2003/2004 სასწავლოწ.ათვის დაშვებულ სახელმძღვანელოთა ნუსხაში» სათანადო პოზიციებზე დროულად და მიზნობრივად დაფიქსირების და დისტრიბუციის კანონით გათვალისწინებულ ლოგიკურ პროცესებს.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების სამმართველომ «განათლების შესახებ» საქართველოს კანონისა და «სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების» სრული იგნორირების საფუძველზე, რ. ბ-ის ავტორობით შედგენილ ფიზიკის სახელმძღვანელოებზე გასცა გრიფები მეცნიერული რეცენზიების ტექსტებთან სრულ შეუსაბამობაში. ამ გზით სახელმძღვანელოების სამმართველომ მისი სახელმძღვანელოები ხელოვნურად გადაიყვანა ძირითადი სახელმძღვანელოების სტატუსიდან დამხმარე სახელმძღვანელოთა სტატუსზე. 2002წ. 4 აპრილს სახელმძღვანელოების სამმართველოს მუშაკებმა გაიმეორეს უკანონო ქმედება და კანონის დარღვევით გამოქვეყნებულ «საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროცესში 2003/2004 სასწავლოწ.ათვის დაშვებულ სახელმძღვანელოთა ნუსხაში» რ. ბ-ის არც ერთი სახელმძღვანელო არ დაფიქსირებულა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2003წ. 7 მაისს განათლების მინისტრმა გამოსცა ¹78 ბრძანება, ხოლო მის საფუძველზე _ «საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროცესში 2003/2004 სასწავლოწ.ათვის დაშვებულ საგანთა ნუსხა». აღნიშნული აქტები არ გატარებულა რეგისტრაციაში იუსტიციის სამინისტროში და მას ხელს აწერდა არაუფლებამოსილი პირი ვ. ს-ე, რომელიც აღნიშნული ბრძანების გამოცემამდე ორი კვირით ადრე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 აგვისტოს განჩინებით რ. ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რადგან მისი სარჩელი არ იყო ამ სასამართლოს განსჯადი და განსჯადობის წესების დაცვით, იგი წარდგენილი უნდა ყოფილიყო თბილისის საოლქო სასამართლოში.
2003წ. 7 აგვისტოს რ. ბ-ემ იმავე საფუძვლით სასარჩელო განცხადებითY მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად დამატებით მოითხოვა მოპასუხის მიერ გამოცემული სადავო აქტის მოქმედების შეჩერება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე რ. ბ-ის განცხადება ჩაითვალა ხარვეზიანად, რადგან იგი არ პასუხობდა სსკ-ს 178-ე და 179-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ: მოსარჩელეს არ ჰქონდა დაკონკრეტებული მოპასუხის სახელწოდება, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და უფლებრივი მდგომარეობა; მას არ ჰქონდა სრულყოფილად ჩამოყალიბებული თავისი მოთხოვნა ერთ სასარჩელო განცხადებაში; მოსარჩელე ვერ მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომლებზედაც იგი დაამყარებდა თავის მოთხოვნებს, ანუ იმას, თუ რით ლახავდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის აღნიშნული განჩინებით მოსარჩელე რ. ბ-ეს ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიეცა ვადა 2003წ. 6 სექტემბრამდე, აგრეთვე, მას უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფაზე _ მოპასუხის მიერ გამოცემული სადავო აქტის შეჩერებაზე.
რ. ბ-ემ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 აგვისტოს განჩინებაზე თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანა კერძო საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა მის მიერ 2003წ. 7 აგვისტოს იმავე სასამართლოში შეტანილ სასარჩელო განცხადებაზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე დროებითი განჩინების მიღება გასაჩივრებული ნორმატიული აქტის _ განათლების მინისტრის 2003წ. 7 მაისის ¹78 ბრძანების _ მოქმედების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 აგვისტოს განჩინებით რ. ბ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ «საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროცესში 2003-2004 სასწავლოწ.ათვის დაშვებულ სახელმძღვანელოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ» განათლების მინისტრის 2003წ. 7 მაისის ¹78 ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული «საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროცესში 2003/2004 სასწავლოწ.ათვის დაშვებულ სახელმძღვანელოთა ნუსხა» წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს _ განათლების სამინისტროს _ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტია, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე მუხლები ითვალისწინებენ მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტების _ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების _ მოქმედების შეჩერებას, ხოლო ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების საკითხს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ არეგულირებს. ამიტომ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ს 198-ე მუხლის «ვ» პუნქტი, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება. «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირი) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) შესასრულებლად სავალდებულო აქტი, რომელიც ორი სახისაა _ ნორმატიული და ინდივიდუალური. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია სარჩელის უზრუნველყოფის სახით სადავო სამართლებრივი აქტის, როგორც ინდივიდუალურ-სამართლებრივის (ადმინისტრაციული), ასევე ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობა, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველმა ნაწილმა დამატებით დააწესა სპეციალური ნორმა, რომლის თანახმად, სარჩელის წარდგენა სასამართლოში ავტომატურად აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული (ინდივიდუალურ-სამართლებრივი) აქტის მოქმედებას. აღნიშნული ნორმა აკონკრეტებს იმ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტებს, რომელთა მოქმედება თავისთავად ჩერდება სარჩელის აღძვრით, მაგრამ არ კრძალავს სარჩელის უზრუნველყოფის სახით დავის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს და შესაბამისად, საზოგადოების დიდ ნაწილს ეხება, ამიტომ, სსკ-ს 191-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის სახით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა არსებობდეს ამ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, აგრეთვე, დასაბუთებული ეჭვი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, უზრუნველყოფის გამოუყენებლობა არსებით ზიანს უნდა აყენებდეს მხარეს, შეუძლებელს ხდიდეს მისი კანონიერი უფლებების დაცვას ან გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რადგანაც კერძო საჩივრის ავტორი რ. ბ-ე განათლების სამინისტროს 2003წ. 7 მაისის ¹78 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული «საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროცესში 2003/2004 სასწავლოწ.ათვის დაშვებულ სახელმძღვანელოთა ნუსხის» მოქმედების შეჩერების დასასაბუთებლად არ უთითებს ზემოთ აღნიშნულ არც ერთ გარემოებაზე, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სარჩელის უზრუნველყოფის სახით დავის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს რ. ბ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 აგვისტოსა და 19 აგვისტოს განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.