საქმე №ას-1142-1062-2017 23 აპრილი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „თ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ო–ე“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ო–ესა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან შემსრულებელი) და შპს „თ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამკვეთი ან კასატორი) შორის 2015 წლის 11 ივნისს დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მისი კუთვნილი ავტომობილით ვალდებული იყო მოპასუხისათვის გაეწია მომსახურება, კერძოდ, განეხორციელებინა ტვირთის ტრანსპორტირება-გადაზიდვა - არა უმეტეს 5 ტონა ცოცხალი თევზის, ერთი გზით, შემდეგი მიმართულებით: სომხეთი, არარატის რაიონი, სოფელი ..... - საქართველო, წყალტუბოს რაიონი, სოფელი ..... აღნიშნული მომსახურების ღირებულება შეადგენდა - 2500 ლარს (იხ. ს.ფ. 15-19).
2. შემსრულებელმა შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რაზეც შესაბამისი ინვოისი გამოწერა. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, დამკვეთი ვალდებული იყო მომსახურების ღირებულება გადაეხადა შემსრულებლისათვის ინვოისის წარდგენიდან - 10 საბანკო დღის ვადაში, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია.
3. სარჩელის საფუძვლები
3.1. მოსარჩელემ 2015 წლის 27 ნოემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და ამ განჩინების 1-2 პუნქტებში მოცემულ გარემოებებზე დაყრდნობით დამკვეთისათვის შემსრულებლის სასარგებლოდ 2 500 ლარის დაკისრება მოითხოვა.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
5. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 500 ლარის გადახდა დაეკისრა.
5.2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2016 წლის 17 მარტს 11:30 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხეს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა 2016 წლის 26 თებერვალს, კერძოდ, სატელეფონო საუბარი შედგა მოპასუხე მხარის დირექტორთან ს.პ–თან. ასევე, მისამართზე გაგზავნილი უწყება ჩაჰბარდა 2016 წლის 2 მარტს ორგანიზაციის წარმომადგენელს - კანცელარიის სპეციალისტს ე.ი–ოს. 2016 წლის 17 მარტს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა ადვოკატი მ.ყ., თუმცა მას არ წარმოუდგენია მის სახელზე გაცემული (სათანადოდ დამოწმებული) მინდობილობა.
5.3. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
5.4. საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 70-78-ე, 207.1-ე, 201.3-ე, 230.1-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოპასუხეს სასამართლო მოსამზადებელი სხდომის შესახებ ეუწყა 2016 წლის 26 თებერვალს და, ასევე, 2016 წლის 2 მარტს და მას ჰქონდა საკმარისი დრო საქმის მომზადებისათვის. ვინაიდან სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელს არ გააჩნდა სათანადოდ დამოწმებული მინდობილობა, მიიჩნევა, რომ მოპასუხე მხარე სხდომაზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
5.5. საქალაქო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია ამ განჩინების 1-2 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლებზე მიუთითა და სარჩელი დააკმაყოფილა.
6. მოპასუხის საჩივარი
6.1. მოპასუხემ (დამკვეთმა) საჩივარი წარადგინა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მისი გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა მოითხოვა.
6.2. საჩივრის ავტორის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო, ვინაიდან 2016 წლის მარტის თვეში მოპასუხეს ჩაჰბარდა სასამართლო უწყება, სადაც მოსარჩელე მხარედ მითითებული იყო შპს ''ი.“, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია სსსკ-ის მოთხოვნათა დაცვით. მხარე საჩივარში ყურადღებას ამახვილებდა შესაგებელზე, სადაც მითითებულია, რომ მოცემულ საქმეზე მოპასუხეს წარმოადგენენ მ.ყ–ი და გ.ი–ძე, რითაც ორგანიზაციის ხელძღვანელი ადასტურებს თავის ნებას, რომ სურს საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით. გ.ი–ძის განმარტებით, ვინაიდან მინდობილობა ჰქონდა მას, 2016 წლის 17 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა მ.ყ–მა ვერ შეძლო მისი წარმოდგენა. ხოლო პროცესზე უშუალოდ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. საჩივრის ავტორმა საჩივარს დაურთო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 17 მარტს გაცემული ცნობა, სასამართლო უწყება და მინდობილობა.
7. საქალაქო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
7.2. საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 240-ე, 70-78-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორი ს.პ–ო გაფრთხილებულ იქნა ტელეფონის საშუალებით, რაც დასტურდება საქმეში არსებული აქტით ტელეფონით სასამართლოში მხარის დაბარების შესახებ (იხ. ს.ფ. 72). რამდენადაც, მოპასუხის წარმომადგენელი - მ.ყ–ი სადავოდ ხდიდა კანონით დადგენილი წესით უწყების ჩაბარების საკითხს და მიუთითებდა სასამართლო უწყებაზე და სატელეფონო შეტყობინებაზე, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა 2016 წლის 26 თებერვლის სატელეფონო აქტის აუდიო-ჩანაწერი, რომლის თანახმად, 2016 წლის 26 თებერვალს დამკვეთი კომპანიის დირექტორი ს.პ–ო გაფრთხილებულ იქნა სხდომის დანიშვნის თაობაზე, მას კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის გამართვის დრო, ადგილი და სხდომის დარბაზი, ასევე გაფრთხილებულ იქნა სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მოსალოდნელ შედეგებზე. გამოქვეყნებული სატელეფონო აქტით ცალსახად დადგინდა, რომ მოპასუხეს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების თანახმად, ეცნობა პროცესის თარიღის, საათისა და ადგილის თაობაზე.
7.3. საჩივრის ავტორი - მხარის წარმომადგენელი - გ.ი–ძე საჩივარში ყურადღებას ამახვილებდა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელზე და მიუთითებდა, რომ საქმეზე მოპასუხეს წარმოადგენენ მ.ყ–ი და გ.ი–ძე, რითაც ორგანიზაციის ხელძღვანელი ადასტურებდა თავის ნებას, რომ სურდა საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით, ამდენად, დამატებით მხოლოდ მინდობილობის წარმოუდგენლობა არ უნდა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა შემდეგზე: საპროცესო დოკუმენტებში, მათ შორის შესაგებლის გრაფაში წარმომადგენლის სახელის და გვარის მითითება არ არის იმის საკმარისი მტკიცებულება, რომ მხარემ ნება გამოავლინა მისი უფლებების დამცველად კონკრეტული პირის მიერ წარმომადგენლობის გაწევის შესახებ, ამისათვის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სათანადო წესით დამოწმებულ დოკუმენტს, სადაც წერილობითაა დაფიქსირებული მარწმუნებლის ნება და მითითებულია ის უფლებამოსილება, რასაც მარწმუნებელი ანიჭებს თავის წარმომადგენელს. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 98-ე მუხლზე და განმარტა, რომ წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. ამდენად, შესაგებელში წარმომადგენლად პირის მითითება საკმარისი არ არის, რათა პირმა კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და სასამართლომ დაასკვნა, რომ სწორედ ის გახლავთ მხარის უფლებების დამცველი და წარმომადგენელი სასამართლოში.
7.4. საჩივრის ავტორი საჩივარში ასევე აღნიშნავდა, რომ პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, აღნიშნულის დასადასტურებლად წარდგენილია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 17 მარტს გაცემული ცნობა. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 17 მარტს გაცემული ცნობა, მართალია, ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, მაგრამ ცნობაში აღნიშნული ავადმყოფობა პირდაპირ არ მიუთითებს სასამართლო პროცესზე პირის გამოცხადების შეუძლებლობაზე.
7.5. ამასთან, სსსკ-ის 93-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წარმომადგენლის მეშვეობით საქმის წარმოების სავალდებულოობას. კანონმდებლობა ისევე, როგორც არ ითვალისწინებს წარმომადგენლის მეშვეობით საქმის წარმოების სავალდებულოობას, ასევე არ ზღუდავს მხარეს, ჰყავდეს რამდენიმე წარმომადგენელი. ამდენად, მოპასუხე კომპანიის დირექტორს - ს.პ–ოს შეეძლო, თავად გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე და მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, ან ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სხდომის გადადების თაობაზე.
7.6. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ გამოვლენილა სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან, არც საჩივრის ავტორის და არც მისი წარმომადგენლის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის შუამდგომლობა ან განცხადება საპატიო მიზეზით მხარის (მისი წარმომადგენლის) სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე.
7.7. საქალაქო სასამართლომ 233.1-ე, 233.3-ე, 241-ე, მე-4, 102-ე, 215.3-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სასამართლო სხდომის დროისათვის მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები, შესაბამისად, არ გამოკვეთილა გარემოებათა წრე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და საქმის განხილვა განახლებულიყო.
8. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
8.1. მოპასუხემ (დამკვეთმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება, მათი გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
9.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს 2016 წლის 26 თებერვალს გაეგზავნა უწყება, სადაც დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, უწყებაში მითითებულია, რომ 2016 წლის 17 მარტს 11:30 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა შპს „ი–ის“ სარჩელი. დადგენილია, რომ უწყება ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს 2016 წლის 2 მარტს (ს.ფ. 87, 73). აპელანტი მიუთითებდა, რომ აღნიშნული უსწორობის გამო შეცდომაში იქნა შეყვანილი დამკვეთი კომპანიის თანამშრომელი. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მითითებული გარემოება არ წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვინაიდან საქმის მასალებით ცალსახად დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თაობაზე.
9.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 241-ე, 233.1-ე, 215.3-ე მუხლებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ს.პ–ო არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე არ მიუთითებია. აპელანტმაგანმარტა, რომ ის სხდომის დღეს არ იმყოფებოდა საქართველოში, რაც არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებით.
9.4. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 93.1-ე, 93.2-ე, 96.1-ე, 96.2-ე, 216.1-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მ.ყ–ისა და გ.ი–ძის მიმართ გაცემული მინდობილობა არ ყოფილა საქმეში წარდგენილი არც საქმის განხილვამდე და არც სასამართლო სხდომაზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარე ვერ მიუთითებდა იმ ობიექტურ ფაქტორებზე, რაც გახდა მინდობილობის წარუდგენლობის საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქმის განხილვის გადადების კანონით გათვალისწინებული შემთხვევა. აპელანტის მითითება სხდომაზე გ.ი–ძის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ იმავე დღეს გ.ი–ძეს მონაწილეობა უნდა მიეღო ადმინისტრაციული საქმის განხილვაში წარმომადგენლის სტატუსით და შესაბამისად, მოცემული საქმის განხილვაზე გამოცხადებას წარმომადგენელი არ აპირებდა, ავადმყოფობის მიუხედავად.
10. დამკვეთის საკასაციო საჩივარი
10.1. დამკვეთმა (აპელანტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საქალაქო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მათი გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად, საქალაქო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
10.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ გამოიყენა სსსკ-ის 230-ე მუხლი, რადგან პროცესზე გამოცხადებული იყო მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც თან არ ჰქონდა მინდობილობა. მ.ყ–ი წარმომადგენლის სტატუსით მითითებული იყო შესაგებელში, რაც მოპასუხის ნებას გამოხატავდა.
10.3. კასატორმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ შესაგებელში პირის მითითება პროცესზე მხარის წარმომადგენლობისათვის საკმარისი საფუძველია.
10.4. კასატორმა სადავოდ გახადა სარჩელის იურიდიული გამართულობაც და აღნიშნა, რომ სარჩელს მოსარჩელის მიერ შესრულებული ვალდებულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ ერთვოდა.
10.5. კასატორის განმარტებით, მას არც სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოუჩენია და არც საქმის გაჭიანურება დაუსახავს მიზნად.
10.6. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ პროცესზე გამოცხადება გ.ი–ძემაც ვერ შეძლო, რადგან ის ავად იყო, ახველებდა და ინფექციის მატარებელი იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო პირველი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 230.1-ე მუხლით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის არაუფლებამოსილი წარმომადგენელი გამოცხადდა საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, რაც მოპასუხის არასაპატიოდ გამოუცხადებლობად მიიჩნია სასამართლომ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.
13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნას, რომ მოპასუხის არაუფლებამოსილი წარმომადგენლის გამოცხადება მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად უნდა იქნეს მიჩნეული (იხ. ამ განჩინების 9.2-9.4 ქვეპუნქტები) და განმარტავს, რომ სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: „მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში“ (იხ. სუსგ # ას -849-799-2015, 24.06.2016წ).
14. „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე“ (იხ.სუსგ - #ას-1666-1654-2011, 08.12.2011 წ.).
15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).
16. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
17. ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო სხდომის დანიშვნის შესახებ. სხდომაზე კი მოპასუხის სახელით საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდა მ.ყ–ი, რომელსაც სსსკ-ის 96.1-ე მუხლით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა არ ჰქონდა წარდგენილი. ქვემდგომმა სასამართლოებმა არაუფლებამოსილი წარმომადგენლის გამოცხადება მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად მიიჩნიეს და მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანეს.
19. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომმა სასამართლოებმა სსსკ-ის 216.1-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით ისარგებლონ და საქმის განხილვა გადადონ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოპასუხის არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენება მეორე მხარესთან შედარებით. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებიდან. ასეთ ვითარებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით შეილახა მოპასუხის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფრო ფართო ცნების ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ აყენებს არსებითად არამომგებიან პოზიციაში ოპონენტთან შედარებით (Nideröst-Huber v. Switzerland; Kress v. France; Gorraiz Lizarraga and Others v. Spain). ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ სწრაფ და ეფექტურ საქმისწარმოებას, გადაწყვეტილებების დაუსწრებლად გამოტანის შესაძლებლობის ჩათვლით (Aždajić v. Slovenia), თუმცა, არა - სხვა სამართლებრივი გარანტიების, განსაკუთრებით მხარის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების საზიანოდ.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება მოპასუხესთან მიმართებით არაპროპორციულად შეიზღუდა. ამის თავიდან ასაცილებლად სასამართლოს სხდომა სხვა დროისათვის უნდა გადაედო, შესაბამისად, იმავე სხდომაზე მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო (შდრ. სუსგ #ას-1033-953-2017, 30.01.2018 წ.).
21. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მინდობილობის არარსებობის შემთხვევაში მხარეს არ უნდა წაერთვას საქმის არსებითად განხილვის უფლება, რადგან სხდომაზე წარმომადგენლის მივლინებით მხარემ გამოხატა ინტერესი საქმისადმი და თუ წარმომადგენლობის უფლებამოსილების შემოწმებისას ხარვეზი დაფიქსირდა, საკითხი მოპასუხის საწინააღმდეგოდ არ უნდა იქნეს გადაწყვეტილი. მხარეს ერთხელ მაინც უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ თუ მისი წარმომადგენლის უფლებამოსილება კანონით დადგენილი წესით არ არის გაფორმებული, მან ეს უზუსტობა გამოასწოროს.
23. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
24. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "თ–ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩვრის ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე