საქმე №ას-1157-2018 5 აპრილი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.მ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი აპელანტი ან კასატორი) სსიპ გ.ა–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, ჰოსპიტალი ან მეორე აპელანტი) ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
2. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა საბიუჯეტო სახსრებიდან დარიცხულ 1250 ლარს (ხელზე ასაღები 1000 ლარი) და ასევე კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
3. დამსაქმებლის 2013 წლის 28 ივნისის №90/ო ბრძანებით ჰოსპიტალისათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისა და ერთგვაროვანი სამუშაოს ერთ სტრუქტურულ ერთეულში დაჯგუფების, აგრეთვე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებისა და ამ სტრუქტურული ერთეულების დასახელებების თანხვედრის მიზნით, განხორციელდა ჰოსპიტალის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია, ამასთან ლაბორატორიას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ,,ცენტრალური ლაბორატორია”.
4. მოპასუხის 2013 წლის 28 ივნისის №109/კ ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლი პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 20 ივნისის N4/440 წერილით წარდგენილი დამტკიცებული ჰოსპიტალის საშტატო ნუსხისა და ჰოსპიტალის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 28 ივნისის N90/ო ბრძანების საფუძველზე (იხ. ტ. 1, ს. ფ. 16).
5. მოსარჩელეს სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, 2013 წლის 1 ივლისის ბრძანებით ჰოსპიტალის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე გამოსაცხადებელი კონკურსის შედეგებამდე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ნ.რ–ი (შემდეგში: მესამე პირი) დაინიშნა.
6. დამსაქმებლის 2013 წლის 9 დეკემბრის №708/კ ბრძანების საფუძველზე მესამე პირს ჰოსპიტალში ვაკანტურ თანამდებობათა დაკავების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით გაუფორმდა შრომითი ხელშეკრულება ჰოსპიტალის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე 2013 წლის 9 დეკემბრიდან - 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
7. 2014 წლის 9 ივნისის ბრძანებით კი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის გათვალისწინებით მესამე პირი დაინიშნა ჰოსპიტალის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე 2014 წლის 9 ივნისიდან.
8. სარჩელის საფუძვლები
8.1. დასაქმებულმა 2016 წლის 18 ივლისს სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა:
8.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ჰოსპიტალის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 28 ივნისის №109/კ ბრძანება;
8.1.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს ჰოსპიტალში ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე;
8.1.3. მოპასუხეს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით ყოველთვიურად 1479,19 ლარი (ხელზე ხელფასის სახით მისაღები ფიქსირებული 1000 ლარისა და 479,19 ლარი დანამატის ჯამი).
8.2. მოსარჩელის განმარტებით, ჩატარებული რეორგანიზაცია, თავისი შინაარსით, არ შეიძლება ჩაითვალოს რეორგანიზაციის აქტად, ვინაიდან აღნიშნული სამსახურის უფლება-მოვალეობები არ შეცვლილა. ჰოსპიტალის ლაბორატორიას გადაერქვა სახელი და ეწოდა ,,ცენტრალური ლაბორატორია”, სხვა შინაარსობრივი და ფაქტობრივი ცვლილება არ მომხდარა.
9. მოპასუხის შესაგებელი
9.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 20 ივნისის საქართველოს თავდაცვის მინისტრის №4-440 წერილით დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს საფუძველზე ჰოსპიტალის დირექტორმა 2013 წლის 28 ივნისს გამოსცა N90/ო ბრძანება, რომლის შესაბამისად განხორციელდა ჰოსპიტალის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია, მათ შორის ჰოსპიტალის ლაბორატორია გადაკეთდა ცენტრალურ ლაბორატორიად. ამ რეორგანიზაციის შესახებ სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლები გაფრთხილებული იყვნენ და მათ 2013 წლის 28 ივნისს სამხედრო ჰოსპიტალთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების სურვილი წერილობითი განცხადებით გამოთქვეს, ხოლო პირებს, რომლებმაც არ ისურვეს შრომითი ურთიერთობის გაგრძელება, ასეთი თანხმობა არ წარუდგენიათ. დასაქმებულს სამხედრო ჰოსპიტალთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების სურვილი არ გამოუთქვამს, შესაბამისად, აღნიშნულ თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მესამე პირი; 2014 წლის 9 ივნისის ბრძანებით კი, გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის გათვალისწინებით, მესამე პირი დაინიშნა სამხედრო ჰოსპიტალის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე 2014 წლის 9 ივნისიდან, რის გამოც დღეისათვის მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია.
10. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
10.1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
10.1.1. ბათილად იქნა ცნობილი ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის N109/კ ბრძანება მოსარჩელის სამხედრო ჰოსპიტალის ლაბორატორიის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
10.1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ჯამში 7 839,6 (შვიდიათას რვაასოცდაცხრამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი;
10.1.3. სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი.
11. სააპელაციო საჩივრები
11.1. მოსარჩელემ (დასაქმებულმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
11.2. მოპასუხემ (დამსაქმებელმა) სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
12. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დასაქმებულის გამოუცხადებლობის გამო მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13. დასაქმებულის საჩივარი
13.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა დასაქმებულმა, მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით დასაქმებულის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
14.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვალს 13:00 საათზე, დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე, არ გამოცხადდა პირველი აპელანტი.
14.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
14.4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 241-ე, 233.1-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ წინასწარ აცნობოს სასამართლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.
14.5. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი ავადმყოფობით.
14.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად პირველი აპელანტი უთითებს მის ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
14.7. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილია მტკიცებულება - 2018 წლის 22 თებერვალს გაცემული ცნობა N100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც პირდაპირ არ მიუთითებს სასამართლო პროცესზე პირის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია წარმოდგენილი ცნობით დასტურდება ის გარემოება, რომ პირველი აპელანტის წარმომადგენელს 2018 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დაავადება, რის შედეგადაც უჩიოდა თავის ტკივილს, საერთო სისუსტეს, ყელის ტკივილს, ცხვირის სუნთქვის გაძნელებას... თუმცა ამ მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნულ დღეს წარმომადგენელი იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ დანიშნულ დროს (13.00 საათი) სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. კერძოდ, ცნობა არ შეიცავს მითითებას, რომ პაციენტს დაენიშნა წოლითი რეჟიმი, რაც უდავოდ დააბრკოლებდა სასამართლოში მის დროულ გამოცხადებას. ცნობაში ასევე არ არის მითითებული, თუ რომელ საათზე მიმართა პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას. შესაბამისად, გაურკვეველია მისი მდგომარეობა სხდომის ჩატარების დროისათვის. ასევე, არ არის მითითება ისეთ გარემოებაზე, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა წარმომადგენლისთვის, სხდომის დაწყებამდე, სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობებინა სასამართლოსთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ. ცნობის თანახმად, პაციენტს ჩაუტარდა კონსულტაციები, მიეცა რეკომენდაციები მედიკამენტური მკურნალობის სახით (ტაიქოლდი, ნიმესილი), რაც ნამდვილად არ ადასტურებს მის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
14.8. ამასთან, თვით მხარის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დასაქმებული 9.00 საათიდან 17.00 საათამდე იმყოფებოდა სამსახურში (კლინიკის ლაბორატორია) და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, თუმცა რამ შეუშალა ხელი გამოცხადებულიყო სასამართლოში, ან ეცნობებინა სასამართლოსთვის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შესახებ, გაურკვეველია.
14.9. რაც შეეხება პირველი აპელანტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას, რომ გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს ინფორმირებულობა ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ ვერ მოახერხა სასამართლოს საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირება, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში მხარის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს სსსკ-ის 102.3-ე მუხლით გათვალისწინებულ ისეთ მტკიცებულებას, რაც საფუძვლად დაედება სადავო ფაქტის დადგენილად ცნობას.
14.10. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 387-ე, 229.1-ე, 230-ე, 70-78-ე მუხლებით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომ საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები არ არსებობდა.
15. პირველი აპელანტის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1. პირველმა აპელანტმა (დასაქმებულმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
15.2. კასატორის განმარტებით მას და მის წარმომადგენელს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდათ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ის არ გაითვალისწინა. დასაქმებულს სამსახურებრივი პრობლემები ჰქონდა, წარმომადგენელი კი ავად იყო.
15.3. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც სადამსჯელო ღონისძიება მოსარჩელის მიმართ არ უნდა გამოეყენებინა, რადგან დასაქმებულს პროცესისადმი ინტერესი არ ჰქონდა დაკარგული, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებული იყო.
15.4. კასატორი აცხადებს, რომ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობაც სახეზეა, რადგან არ შეიძლება მოსარჩელეს სამუშაო ადგილზე აღდგენა იმის გამო ეთქვას, რომ მის თანამდებობაზე მესამე პირი დასაქმდა.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
16.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:
19.1. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
19.2. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
19.3. სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში.
19.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია პირველი აპელანტის და მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და ის, რომ მათ არ უცნობებიათ აღნიშნულის მიზეზი სასამართლოსათვის. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი გახდა. უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი აპელანტის მიერ მისი საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები (ცნობა მოსარჩელის სამსახურიდან, რომ ის 2018 წლის 21 თებერვალს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს და მოსარჩელის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა, იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატს მწვავე რესპირატორული დაავადება ჰქონდა. ცნობა გაცემულია 2018 წლის 21 თებერვალს) ვერ ადასტურებდა მოსარჩელის ან მისი წარმომადგენლის, უშუალოდ 2018 წლის 21 თებერვალს ობიექტური გარემოებების გამ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტს (იხ. ამ განჩინების 14.2-14.10 ქვეპუნტები);
19.5. კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისთვის სასამართლო სხდომის თარიღი და დრო ცნობილი იყო. იგი მიიჩნევს, რომ მისი წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ავადმყოფობა იყო, თუმცა საჩივარზე დართული ცნობით არ დასტურდება, რომ დასაქმებულის წარმომადგენელი ისე მძიმედ იყო, რომ სხდომაზე გამოცხადებას ან სასამართლოს წინასწარ ინფორმირებას ვერ შეძლებდა. აღნიშნული არც საკასაციო სასამართლოსათვის წარდგენილი ცნობით დასტურდება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 11:30 საათზე დასაქმებულის ადვოკატმა მიმართა კლინიკას დიაგნოზით - მწვავე რესპირატორული დაავადება (იხ. 2019 წლის 21 მარტს გაცემული ცნობა). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უარს ეტყვის დასაქმებულს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, უცვლელად დარჩება გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
22. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 28 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე