საქმე №ას-1301-1221-2017 27 მარტი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ც.მ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ჯ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ც.მ–ასა (შემდეგში: მოსარჩელე, რწმუნებული, ადვოკატი, მეორე აპელანტი ან კასატორი) და ზ.ჯ–ას (შემდეგში: მოპასუხე, მარწმუნებელი, კლიენტი ან პირველი აპელანტი) შორის, 2012 წლის 10 სექტემბერს, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხისთვის იურიდიული/სამართლებრივი მომსახურება შესაბამისი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ უნდა გაეწია (იხ. ხელშეკრულება, ტ. 2, ს. ფ. 98-102).
2. ხელშეკრულების საგანი იყო ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში განსახილველ საქმეზე (მოსარჩელე - ე.ვ–ნი, მოსამართლე - მარინე კიკნაძე) მარწმუნებლის ინტერესების დაცვა და საქმის სრულყოფილი განხილვის მიზნით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 7 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ვალდებულების შესრულება უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით, რწმუნებულის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის გზით. 4 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდილი უნდა ყოფილიყო არა უგვიანეს 14.09.2012 წელს, ხოლო დარჩენილი თანხა 3 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში - ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დავის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში. გადახდის ვადის გადაცილებისთვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს დარიცხვა - ვადაგადაცილებული თანხის 0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. მოსარჩელის გაანგარიშებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა აღემატება 6 974 აშშ დოლარს, თუმცა, ის თავად მოსარჩელის მიერ 500 აშშ დოლარამდე შემცირდა.
4. მარწმუნებლის წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე (მოსარჩელე - ე.ვ–ნი), რომელზეც შეთანხმებული იყო წარმომადგენლობა, დავის საგნის ღირებულება აღემატებოდა 700 000 აშშ დოლარს. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა 29.03.2013 წ. რწმუნებულმა შეასრულა შეთანხმებული მომსახურება. თავდაპირველი განხილვისას დავა არ გადაწყვეტილა მოპასუხის სასარგებლოდ. გადაწყვეტილება გასაჩივრდა. საჩივრის შეტანის შემდეგ საქმეში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ჩაერთო სხვა წარმომადგენელიც. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება, საქმე ამავე სასამართლოს დაბრუნდა ხელახალი განხილვისთვის.
5. რწმუნებულს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას არ დაუყენებია შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისათვის მარწმუნებლის მიერ გაღებული ხარჯების დაკისრების თაობაზე. აღნიშნულის შემდგომ კი, მოსარჩელის მითითებით, ის ვეღარ დაუკავშირდა თავის მარწმუნებელს.
6. მოპასუხემ მოსარჩელეს 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი (კურსით 1 აშშ დოლარი - 1.65 ლარი) ეროვნულ ვალუტაში გადაუხადა (იხ. ქვითარი, ტ. 2, ს. ფ. 11).
7. სარჩელის საფუძვლები
7.1. მოსარჩელემ (რწმუნებულმა) 2015 წლის 1 დეკემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის (მარწმუნებლის) წინააღმდეგ და მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების - 7 500 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 500 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
7.2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს.
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1. მოპასუხემ (მარწმუნებელმა) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის ხანდაზმულობაზე მიუთითა.
9. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ადვოკატის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მის სასარგებლოდ ყოფილ კლიენტს (მოპასუხეს)1 500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
9.2. საქალაქო სასამართლომ 4 500 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია, დარჩენილ თანხას კი მოპასუხის მიერ გადახდილი 2 000 აშშ დოლარი გამოაკლო.
10. სააპელაციო საჩივრები
10.1. მოპასუხემ (მარწმუნებელმა) სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10.2. მოსარჩელემ (რწმუნებულმა) სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის (კლიენტის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მეორე აპელანტის (ადვოკატის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და რწმუნებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ გადაწყვეტილების 1-6 ქვეპუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებულია მხარეთა ნების ავტონომიურობისა და თავისუფლების პრინციპები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ასევე ვრცელდება იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაზე. თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რეალურად ამ ტიპის სარჩელის დაკმაყოფილება დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად და პირნათლად იქნა შესრულებული წარმომადგენლის მიერ ის ვალდებულებები, რასაც მას იურიდიული დახმარების შესახებ ხელშეკრულება ავალდებულებდა. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის რეალური მოლოდინები და ბოჭვა, რომლებსაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯების მეორე მხარისათვის გადახდევინების შემთხვევისათვის აწესებს.
11.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 53-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რაც შეიძლება საადვოკატო მომსახურების სახით განისაზღვროს. ამასთან, თავად თანხის ოდენობა უნდა იყოს გონივრული, რომლის დადგენაც სასამართლოს პრეროგატივაა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს, ხელყოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი ხელყოფის, შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არა უმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა.
11.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იმ სამოქალაქო დავაში, სადაც ადვოკატი იურიდიულ მომსახურებას უწევდა კლიენტს (მოპასუხეს) (საქმეზე ვ–ის წინააღმდეგ), რწმუნებულს არ დაუყენებია მისი მარწმუნებლის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხი.
11.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დავის გადაწყვეტისას მხარის მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმა მხარეს ართმევს უფლებას აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სხვა დავაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. რწმუნებულს არ დაუყენებია საკითხი (ამგვარი რამ დადასტურებულია საქმის მასალებით) მარწმუნებლის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მეორე მხარისათვის დაკისრების მოთხოვნით, რაც უზენაესი სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარე იმას ნიშნავს, რომ მხარეს, მოპასუხეს წაერთვა უფლება და საშუალება სხვა პროცესით, სხვა სამართალწარმოებაში იდავოს მის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.
11.6. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ (ადვოკატმა) განახორციელა მოპასუხის (კლიენტის) ინტერესების დაცვა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში კი, მასთან ერთად, მარწმუნებლის ინტერესებსსხვა ადვოკატიც იცავდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, აღნიშნულის შემდეგკლიენტისათვის იურიდიული მომსახურება ადვოკატს აღარ განუხორციელებია, ანუ დადგენილია, რომ კლიენტის (მოპასუხის) ინტერესების დაცვა, დავის ხელახალი განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოდან მოყოლებული განახორციელა სხვა წარმომადგენელმა.
11.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).
11.8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მარწმუნებელს რწმუნებულისათვის იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი აქვს თანხა 2 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც სასამართლოს შეფასებით, იმ ვითარებაში, რა სახის მომსახურებაც გასწია მოსარჩელემ (ადვოკატმა) - გონივრულია.
12. მეორე აპელანტის (რწმუნებულის) საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. მეორე აპელანტმა (რწმუნებულმა) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის საოქმო განჩინებაც გაასაჩივრა, რომლითაც ძალაში დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინება, ურეკის რაიონული პოლიციიდან შესაბამისი სისხლის სამართლის მასალების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ.
12.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფარგლებს გასცდა, ვინაიდან მოპასუხე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ასაჩივრებდა, რაზეც სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც (150 ლარი) მიუთითებს;
12.3. კასატორის განმარტებით, წინამდებარე შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია არა მხოლოდ ისეთი გარემოება, რაც ობიექტურად ეწინააღმდეგება არსებულ ვითარებას, არამედ მისი სამართლებრივი შეფასების საგნად იქცა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც არ არსებულა დღიდან ამ დავის დაწყებისა. თავის მხრივ, კი სასამართლო შეზღუდულია იმ ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებიც ქვემდგომი სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არაა წამოყენებული. სააპელაციო საჩივარში კი ასეთი პრეტენზია არ იყო ასახული;
12.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოებაც, რომ ადვოკატს კლიენტის ინტერესები სააპელაციო სასამართლოს მიღმა არ დაუცავს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ადვოკატი კლიენტის ინტერესებს საკასაციო სასამართლოშიც კი იცავდა. აღნიშნულს სადავოდ არ ხდიდა თავად კლიენტი (მოპასუხე),შესაბამისად ეს სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანი არ უნდა გამხდარიყო.
12.5. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანია საადვოკატო მომსახურებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, როგორც კრედიტორის პირველადი ფუძემდებლური მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, ევროპის პრეცედენტულ სამართალზე მითითება სამართლებრივად მიზანშეუწონელია, რადგან დავა ორ კერძო პირს შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას შეეხება.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით რწმუნებულის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
13.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის (ადვოკატის) საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, რწმუნებულს ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უპირველესად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ტიპი უნდა განისაზღვროს და ამის შემდეგ შეფასდეს მხარეთა უფლება-მოვალეობები.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივად შეფასდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი, რაც განსხვავებულად განიმარტა და შესაბამისად, მხარეთათვის განსხვავებული სამართლებრივი შედეგი დადგა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში საქმისწარმოების ეტაპზე.
18. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას 15-29-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
19. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საადვოკატო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) და 710.1 (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) მუხლები.
20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ამ გადაწყვეტილების 11.3, 11.4, 11.5 და 11.8 ქვეპუნქტებში ასახულ, სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება და შედეგები საქმეში მოდავე მხარეთა შორის იურიდიული მომსახურების ხარჯების განაწილებისაგან განსხვავდება. ამ უკანასკნელს სსსკ-ის 53-ე მუხლი აწესრიგებს, ხოლო დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა სსკ-ის 709-723-ე მუხლებითაა მოწესრიგებული. საქმის განხილვისას იურიდიული მომსახურების საფასურის პროცესუალურად მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას და მის ოდენობას სასამართლო წყვეტს, ხოლო დავალების ხელშეკრულების მიმართ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი მოქმედებს (სსკ-ის 319.1-ე მუხლი, 327-ე მუხლი). დავის დასრულების შემდეგ იურიდიული მომსახურების ხარჯების მოთხოვნის აკრძალვაც, სწორედ სასამართლოს პრეროგატივაში შემავალ ხარჯებს ეხება და არა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხას, რაც ცალკე, დამოუკიდებელი სამართალურთიერთობაა.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი (რწმუნებული) მის მიერ წარდგენილი სარჩელით მოპასუხისათვის (მარწმუნებლისათვის) 8 000 აშშ დოლარის დაკისრებას ითხოვდა, 7 500 აშშ დოლარი - დავალიანება და 500 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კლიენტს (მოპასუხეს) ადვოკატისათვის (მოსარჩელისათვის) 4 500 აშშ დოლარი 2012 წლის 14 სექტემბრამდე უნდა გადაეხადა, ხოლო დარჩენილი - 3 000 აშშ დოლარი რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 საბანკო დღის ვადაში (სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელე - ე.ვ–ნი). კლიენტმა ადვოკატს 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 2012 წლის 18 ოქტომბერს გადაუხადა (იხ. ტ. 2, ს. ფ. 11). აღნიშნული თანხა, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ეტაპის საადვოკატო მომსახურების საფასურის - 4 500 აშშ დოლარის ანგარიშში უნდა ჩაითვალოს, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი), რადგან 2012 წლის 18 ოქტომბერს რაიონულ სასამართლოს მოსარჩელე ვ–ის საქმეზე, სადაც მოპასუხე ადვოკატის კლიენტი იყო, გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. რაც შეეხება, პირველი ეტაპის დარჩენილ 2 500 აშშ დოლარს (4 000 აშშ დოლარი - 2 000 აშშ დოლარი), როგორც მოპასუხემ მის მიერ წერილობით წარდგენილ შესაგებლში აღნიშნა, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს 2012 წლის 15 სექტემბრიდან წარმოეშვა, სარჩელი კი 3-წლიანი ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ - 2015 წლის 1 დეკემბერსაა შეტანილი (სსკ-ის 129-ე მუხლი).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მეორე ეტაპის - 3 000 აშშ დოლარის ადვოკატისათვის (მოსარჩელისათვის) გადახდის ვალდებულება მოპასუხეს (კლიენტს) რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან - 2013 წლის 29 მარტიდან (პარასკევი) 5 საბანკო დღეში, ანუ 2013 წლის 5 აპრილამდე უნდა შეესრულებინა. ამ ვადიდან აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა და პირგასამტეხლოს შესახებ მოთხოვა ხანდაზმული არ არის, რაც 3 500 აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველია.
23. რაც შეეხება, კასატორის (ადვოკატის) პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პირველი აპელანტის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლების გაცდენას, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრების ფარგლები არ დაურღვევია. მოპასუხე (მარწმუნებელი) რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის დაკისრებული 1 500 აშშ დოლარის ნაწილში ასაჩივრებდა. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე 1 500 აშშ დოლარის 4 % - 60 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადა, პირველმა აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი გადაიხადა (სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
24. კასატორი სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის საოქმო განჩინებას ასაჩივრებს, რომლითაც უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინება, თუმცა არ უთითებს გასაჩივრების საფუძვლებს.
25. ზემოხსენებული მოტივაციით, რწმუნებულის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, რწმუნებულის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 3 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 500 აშშ დოლარი უნდა დაეკისროს. დანარჩენ ნაწილში კი რწმუნებულის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს (სსსკ-ის 411-ე მუხლი).
26. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მისთვის დაკისრებული თანხის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც.მ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ც.მ–ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ც.მ–ას სასარგებლოდ ზ.ჯ–ას დაეკისროს 3500 (სამი ათას ხუთასი ) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში ც.მ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. ც.მ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის საოქმო განჩინების გასაჩივრების ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინება
7. ც.მ–ას სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ნაწილში, ზ.ჯ–ას დაეკისროს 420 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე