Facebook Twitter

საქმე №ას-1471-1391-2017 22 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – გ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.ბ–სა“ (შემდეგში: ბანკი) და ლ.მ–ძეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოსარჩელის ძმა ან მოვალე) შორის 2011 წლის 27 მაისს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #1090915-1351417 დაიდო, რომლის თანახმად პირველ მოპასუხეს 290 000 აშშ დოლარი გადაეცა. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, კრედიტორი ან აპელანტი) სახელზე რიცხული ქ. თბილისი, .... მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში: უძრავი ქონება) (იხ. ს/ფ 17-30).

2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბანკმა მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა.

3. ლ.ბ–მა (შემდეგში: მოვალის ქვისლი, პირველი თავდები ან მეორე მოპასუხე) 2012 წლის 18 იანვრის ხელწერილით (შემდეგში: ვალის აღიარების ხელწერილი; იხ. ს/ფ 90) მესაკუთრის მიმართ დავალიანება - 78 000 აშშ დოლარი აღიარა, რაც მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის და შემდეგ მისი რეალიზაციიდან გამომდინარეობდა (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).

4. ვალის აღიარების ხელწერილში თავდებებად აღნიშნული არიან: მეორე მოპასუხე და გ.ბ–ი (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მეორე თავდები, მეორე მოპასუხის ბიძაშვილი ან კასატორი). მეორე მოპასუხემ აღიარა, რომ ვალის აღიარების ხელწერილში გაკეთებული ხელმოწერა მას ეკუთვნის (იხ. ს/ფ 134).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1. მოსარჩელემ (კრედიტორმა) 2015 წლის 13 იანვარს სარჩელი აღძრა პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეების წინააღმდეგ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 78 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

5.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-4 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.

6. მესამე მოპასუხის შესაგებელი

6.1. მესამე მოპასუხემ (მეორე თავდებმა) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძვლებს არ ემყარებოდა, რადგან მან ვალის აღიარების დოკუმენტის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდა.

6.2. მოვალესა და მის ქვისლს მესაკუთრის სარჩელთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუთქვამთ.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

7.1.1. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 78 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;

7.1.2. მოსარჩელეს უარი ეთქვა მეორე და მესამე მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;

7.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 59-ე, 316-ე, 317-ე, 341-ე, 891-ე, 892-ე, 893-ე მუხლებით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომ თავდებობის ხელშეკრულება შედგენილია ფორმის დაუცველად - არ აქვს წერილობითი ფორმა და მითითებული არ არის მაქსიმალური თანხა, რის ფარგლებშიც თავდები პასუხისმგებლობას კისრულობს.

8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელემ (მესაკუთრემ) სააპელაციო წესით, ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღების, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით გაასაჩივრა.

9. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, აპელანტის (კრედიტორის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა; მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა და სამივე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 78 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ.

10. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მესამე მოპასუხის საჩივარი

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის ბიძაშვილმა (მეორე თავდებმა) საჩივრით გაასაჩივრა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

10.2. საჩივრის ავტორის განმარტებით, უწყების ჩაბარება მისი სრულწლოვანი შვილისათვის არ უნდა ჩაითვალოს მისთვის უწყების ჩაბარებად, რადგან ის უწყების ჩაბარების დროისათვის პატიმრობაში იმყოფებოდა, რის გამოც შვილთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მეორე თავდების საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და აპელანტის სააპელაციო საჩივარზე მესამე მოპასუხის მიმართ საქმის წარმოება განახლდა.

12. სააპელაციო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მესამე მოპასუხეს, პირველ და მეორე მოპასუხეებთან ერთად, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად 78 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

12.2. სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინების 9.1 და 11.1 ქვეპუნქტებში დასახელებულ საპროცესო აქტებზე მიუთითა და დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი ზეპირ სხდომაზე, 2017 წლის 31 ოქტომბერს 17:00 საათზე უნდა განხილულიყო. მხარეები სხდომის თარიღის შესახებ ხელწერილით იქნენ გაფრთხილებული (ს.ფ. 404). 2017 წლის 31 ოქტომბერს 17:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მესამე მოპასუხე არ გამოცხადდა. აპელანტის წარმომადგენელმა კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე იშუამდგომლა.

12.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა მეორე თავდებისათვის (პირველ და მეორე მოპასუხეებთან ერთად) სოლიდარულად, მოსარჩელის სასარგებლოდ, 78 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გზით შემდეგ გარემოებათა გამო, უნდა დაკმაყოფილებულიყო:

12.3.1. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 230-ე მუხლის, 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამ განჩინების 12.2 ქვეპუნტში დასახელებული გარემოების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მესამე მოპასუხის უფლებამოსილ წარმომადგენელს, გ.მ–ძეს საქმის განხილვის თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა (იხ. ს.ფ 402-404). აღნიშნული კი მესამე მოპასუხისათვის უწყების ჩაბარებად მიიჩნევა;

12.3.2. დადგენილია, რომ მეორე თავდები და არც მისი წარმომადგენელი 2017 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადებულა და სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზეც არ უცნობებია;

12.3.3. მეორე თავდების სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების მე-3 და მე-4 პუნქტებში ასახული გარემოებები და განმარტა, რომ ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი, სსკ-ის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ხელშეკრულების ვალის არსებობის აღიარებად შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას; განსაზღვრული უნდა იყოს აღიარებული ვალის მოცულობა, მისი შესრულების ვადა და სხვა... წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეების მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება (ხელწერილი, განმარტება, შეთანხმება...), სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ იქნება მიჩნეული.

12.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 891-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 893-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეზე არსებითი მსჯელობის შედეგად სასამართლოს განხილვის საგანი იქნებოდა ვალდებულების სოლიდარული ხასიათი ვალის აღიარების დოკუმენტზე დაყრდნობით, თუმცა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად ითვლება, შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის გარეშე სასამართლო დამტკიცებულად თვლის, მესამე მოპასუხის (პირველ და მეორე მოპასუხეებთან ერთად) სოლიდარულ ვალდებულებას მოსარჩელის წინაშე.

13. მეორე თავდების საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. მეორე თავდებმა (მესამე მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განმეორებითი დაუწრებელი გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისა და საქმის არსებითად განსახილველად სასამართლოს იმავე შემადგენლობისათვის დაბრუნების მოთხოვნით;

13.2. კასატორის (მეორე მოპასუხის ბიძაშვილის) განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა ხელშეკრულების ნამდვილობის ფაქტი, რომ ის ფორმის დაცვით არ იყო დადებული, რის გარეშეც მოთხოვნის იურიდიული გამართლებულობის შეფასება შეუძლებელია და სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებს მოთხოვნას.

13.3. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო კასატორის წარმომადგენელის ავადმყოფობით. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მესამე მოპასუხის წარმომადგენელი გ.მ–ძე საავადმყოფოში გამწვავებული მდგომარეობითა და ძლიერი ტკივილით 2017 წლის 31 ოქტომბრის 16:40 წუთზე შევიდა და საავადმყოფოდან იმავე დღეს, 18:00 საათზე გამოვიდა (იხ. ს/ფ 422, 447).

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით მესამე მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

14.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მესამე მოპასუხის (მეორე თავდების) საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 387-ე მუხლით, რომელიც განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს, განსახილველ შემთხვევაში მესამე მოპასუხე არ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რაც არასაპატიოდ მიიჩნია სასამართლომ და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან იმავე მხარის მიმართ იმავე საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთხელ გამოტანილი იყო (იხ. ამ განჩინების 9.1 და 12.1 ქვეპუნქტები).

17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნას მესამე მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის არასაპატიოობაზე (იხ. ამ განჩინების 12.3.3 ქვეპუნქტი), ეთანხმება კასატორის პრეტენზიას (იხ. ამ განჩინების 13.3 ქვეპუნქტი) და განმარტავს, რომ სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: „მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში“ (იხ. სუსგ # ას -849-799-2015, 24.06.2016წ).

18. „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე“ (იხ.სუსგ - #ას-1666-1654-2011, 08.12.2011 წ.).

19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).

20. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

21. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

22. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მესამე მოპასუხე (მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო სხდომის დანიშვნის შესახებ, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს მესამე მოპასუხის წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, რაც კასატორს სადავოდ არ გაუხდია.

23. მეორე თავდების (მეორე მოპასუხის ბიძაშვილის) წარმომადგენელმა, გ.მ–ძემ, 2017 წლის 1 ნოემბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ 2017 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, ადვოკატის მითითებით იგი საავადმყოფოში იმყოფებოდა მწვავე ტკივილებით (ე.წ. კენჭის გავლა) და ვერც პირად და ვერც სატელეფონო კომუნიკაციას ვერ ამყარებდა ადამიანებთან, რის გამოც სასამართლოს ინფორმირება ვერ შეძლო. საკასაციო საჩივარს ერთვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელმა სამედიცინო დაწესებულებას 2017 წლის 31 ოქტომბერს, 16:40 საათზე მიმართა. ცნობის მიხედვით პაციენტის დიაგნოზია შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ჭვალი #20.9. მოკლე ანამნეზში ვკითხულობთ, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას ძლიერი ტკივილის გამო მიმართა, წელის მარჯვენა ნახევარში ირადიაციით წინ მუცელში შარდის ბუშტის მიმართულებით, გახშირებული შარდვის ჩივილით, წვისა და ტკივილის შეგრძნებით შარდვის დროს. აღნიშნული ჩივილები, პაციენტის გადმოცემით, რამდენიმე საათის წინ დაეწყო. ცნობას ხელს აწერს მკურნალი ექიმი და დაწესებულების ხელმძღვანელი. ცნობა გაცემულია 2017 წლის 1 ნოემბერს (იხ. ს.ფ 447).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

25. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

26. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ #ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; #ას-1410-1330-2017; 30.01.2018 წ).

27. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს, 17:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ მთავარ სხდომაზე, მესამე მოპასუხის წარმომადგენელი არ გამოცხადდა. ასევე დადგენილია, რომ გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა მისი ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება. მხარის წარმომადგენელმა ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვერ შეძლო აღნიშნულის თაობაზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 215.3-ე მუხლზე დაყრდნობით ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოხმობილი ნორმა საპატიო მიზეზად განიხილავს არა მხოლოდ ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შეუძლებლობას, არამედ იმ შემთხვევასაც, როდესაც პირი საერთოდ ვერ აცნობებს სასამართლოს გამოცხადების შეუძლებლობას და ამას მოგვიანებით დაადასტურებს კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დოკუმენტით. ამ მხრივ, სასამართლო ითვალისწინებს 2017 წლის 1 ნოემბერს გაცემულ, სააპელაციო სასამართლოს სხდომის დღეს წარმომადგენლის ჯანმრთელობის ამსახველ, საკასაციო საჩივარზე დართულ სამედიცინო ცნობას. ცნობა დამოწმებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მკურნალი ექიმის ხელმოწერებით, ასევე, დაწესებულების ბეჭდით, ამასთანავე, ცნობის შინაარსით ირკვევა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე ტკივილი (ე. წ. კენჭის გავლა), პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, მან უარი განაცხადა პოსპიტალიზაციაზე, დატოვა კლინიკა ახლობლების თანხლებით 18:00 საათზე (იხ. ცნობა, ს.ფ. 447). ამდენად, გასაზიარებელია საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მის წარმომადგენელს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდა, რაც სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია (სსსკ-ის 242-ე მუხლი).

28. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე მესამე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც მან სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე