საქმე №ას-50-2019 7 ივნისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ფ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ლ–ძე, ა.ო–ძე, შ.გ–ძე, მ.ა–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, გადახდილი თანხის დაბრუნება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ფ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი თ.ლ–ძის, ა.ო–ძის, შ.გ–ძისა და მ.ა–ძის (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველი. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე, 187-ე, 229-ე, 275-ე, 276-ე, 372-ე, 387-ე, 390-ე, 414-416-ე, 284-ე მუხლებით.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2018 წლის 16 ნოემბერს 12:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი - ვ.ნ–ა, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
5. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ დანიშნული სხდომის თაობაზე მხარეებს ეცნობათ სატელეფონო შეტყობინების საშუალებით, რის თაობაზეც 2018 წლის 5 ოქტომბერს შედგენილია შესაბამისი აქტი, ამასთან, აპელანტს სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე ან სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის არ უცნობებია.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არც მას პირადად და არც მის წარმომადგენელს არ მიუღია შეტყობინება სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე, მათ შორის, არც სატელეფონო შეტყობინების საშუალებით. უშუალოდ სხდომის დღეს წარმომადგენელი საქართველოში არ იმყოფებოდა, რასაც კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტიც ადასტურებს.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე, ფოსტის მეშვეობით მისთვის გაგზავნილი განჩინებით შეიტყო, რაც მოწმობს, რომ სხდომის დანიშვნის თაობაზე შეტყობინება შესაძლებელი იყო, რომ ფოსტის მეშვეობით მიეღო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 15 მარტის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული საოქმო განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საჩივრის განუხილველად დატოვება (იხ. სსსკ-ის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
13. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე და მსჯელობაზე მიუთითებს და დამატებით კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ საქმის მასალებით, კერძოდ სასამართლო შეტყობინების შესახებ აქტით (იხ. ტ.3,ს.ფ.86) დასტურდება, რომ მხარის წარმომადგენელს სათანადო წესით ეცნობა სასამართლო სხდომის თაობაზე, რომელიც დანიშნული იყო 2018 წლის 16 ნოემბერს, 12:00 საათზე. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტს ან მის წარმომადგენელს რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის სხდომის გადადების ან გამოუცხადებლობის მიზეზების საპატიოობის შესახებ არ მიუმართავთ.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სასამართლოში შესაძლებელია დაიბარონ, როგორც ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი უწყებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებით - ტელეფონით, ფაქსით, ან სხვა საშუალებით. ამასთან, სასამართლო თვითონ ირჩევს კომუნიკაციის რომელი ფორმა გამოიყენოს მხარესთან ურთიერთობისას (იხ. სსსკ-ის 70-ე, 73-ე მუხლები).
15. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატელეფონო მეშვეობით შეტყობინება საერთოდ არ მიუღია არც მას და არც მის წარმომადგენელს, თუმცა საქმეში არსებული სატელეფონო შეტყობინების აქტის საპირისპიროდ (რომელიც შედგენილია 2018 წლის 5 ოქტომბერს) მხარე სასამართლოს, მისი წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 6 ნოემბერს საზღვრის კვეთის დოკუმენტზე უთითებს, რომელიც ვერ ქმნის კერძო საჩივრის ავტორის პოზიციის მიმართ ობიექტურ რწმენას და არ წარმოადგენს სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებას გასაჩივრებული განჩინების მოტივების გასაბათილებლად.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ფ–ი კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის16 ნოემბრის, განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე