Facebook Twitter

საქმე №ას-402-2019 6 ივნისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ თვითმმართველი თემი ბოლნისის მუნიციპალიტეტი (სსიპ ბოლნისის მრავალდაგროვანი კოლეჯის უფლებამონაცვლე) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლებამონაცვლის დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, განმცხადებელი) სარჩელი ბოლნისის მრავალდარგოვანი კოლეჯის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი ან კოლეჯი).

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა:

3.1. ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის დირექტორის 2007 წლის 17 სექტემბრის #40 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე;

3.2. დასაქმებული აღდგენილ იქნა კოლეჯის ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე და დამსაქმებელს დაევალა აენაზღაურებინა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 2007 წლის 17 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე.

4. 2009 წლის 17 ნოემბერს მოხდა კოლეჯის ლიკვიდაცია, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ეცნობა, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალე ლიკვიდირებულია, რის გამოც განაცდურის ანაზღაურება ვერ მოხერხდება. მოსარჩელისვე განმარტებით, ქონების ეროვნული სააგენტოსგან, ბოლნისის მუნიციპალიტეტს უძრავი ქონების სახით გადაეცა ქ. ბოლნისში, .... მდებარე შენობა მიწის ნაკვეთით, რომელიც წარმოადგენდა ლიკვიდირებულ კოლეჯს თავისი ქონებით (ტ.2,ს.ფ.114-117).

5. დასაქმებულმა, 2018 წლის 29 მარტს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში დასახელებული მოვალის (მოპასუხე კოლეჯის) უფლებამონაცვლედ ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სსიპ თვითმმართველი თემი ბოლნისის მუნიციპალიტეტის (შემდეგში: მოპასუხის უფლებამონაცვლე, მუნიციპალიტეტი ან კერძო საჩივრის ავტორი) ცნობა.

6. განმცხადებლის განმარტებით მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონება მუნიციპალიტეტს გადაეცა, რაც უფლებამონაცვლედ ცნობის წინაპირობას წარმოადგენს (ტ.2,ს.ფ. 120; 133-136).

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დასაქმებულის განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაში და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარედ აღნიშნული კოლეჯის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ თვითმმართველი თემი ბოლნისის მუნიციპალიტეტი.

8. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მუნიციპალიტეტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ კოლეჯი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე იყო. მხოლოდ ერთჯერადად, 2007 წლის 21 თებერვალს მიმართა კოლეჯის დირექტორმა ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, რისთვისაც მიიღო სუბსიდია. სასამართლომ აგრეთვე არასწორად დაადგინა, რომ ლიკვიდირებული კოლეჯის საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძველს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 28 მარტის განჩინებით მუნიციპალიტეტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 92-ე „სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლების „სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს“ საფუძველზე, არსებობდა მოვალის უფლებამონაცვლის დადგენის ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები.

13. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტის განცხადება უფლებამონაცვლეობის თაობაზე გაეგზავნა და ჩაბარდა მუნიციპალიტეტის შესაბამის წარმომადგენელს, რაზეც მუნიციპალიტეტს პრეტენზია არ წარუდგენია (ტ.2,ს.ფ.138-141).

14. დადგენილია, რომ კოლეჯი ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რასაც მოწმობს კოლეჯის დირექტორის მიმართვა ადგილობრივი თვითმმართველობისადმი, რომლითაც ფინანსური საჭიროების გამო ითხოვდა სუბსიდიის ნაწილის გადარიცხვას, ასევე, ამავე დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, რომლითაც დამნაშავედ იქნა ცნობილი დირექტორი, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კოლეჯის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვაში. დასახელებული განაჩენით დადგენილია, რომ მითვისებული თანხები წარმოადგენდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან კოლეჯისათვის გამოყოფილ თანხებს (ტ.1,ს.ფ. 93; 30; 53-64).

15. დადგენილია, რომ კოლეჯის ლიკვიდაციის პროცესში დასაქმებულის მიმართ გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება შესრულებული არ ყოფილა, ხოლო ლიკვიდაციის შემდეგ, კოლეჯის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთი, შენობასთან ერთად მუნიციპალიტეტს გადაეცა (ტ.2,ს.ფ. 81-82; 88; ტ.3,ს.ფ. 13-14; 20;).

16. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ თვითმმართველი თემი ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე