საქმე №ას-924-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ხ.თ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ს–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ.ს–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი) ხ.თ–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, მოვალე ან კასატორი) 2014 წლის 13 ოქტომბრიდან 2015 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული საბანკო გადარიცხვებით, მთლიანობაში 7 163.1 ლარი გადაურიცხა. გადარიცხვების დანიშნულებაში მითითებული იყო პირადი გადარიცხვა (ტ.1,ს.ფ. 12-13).
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. მოსარჩელემ, 2016 წლის 22 ივნისს სარჩელი აღძრა მოვალის წინააღმდეგ, მოითხოვა მისთვის 7 162 ლარის დაკისრება.
2.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში ასახულ გარემოებაზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მოპასუხე მისი თანასოფლელია და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2014 წლის სექტემბერში მხარეები შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მოპასუხემ თანხის სესხის სახით მიცემა სთხოვა მოსარჩელეს, რაც ამ უკანასკნელმა მეორე დღესვე გადასცა.
2.3. მოსარჩელის განმარტებით ზემოაღნიშნულის შემდეგ მოპასუხემ არაერთხელ სთხოვა თანხის სესხად მიცემა, თან ეუბნებოდა, რომ ქმარს სცილდებოდა, რის შემდეგაც სახლს გაყიდდა და აღებულ სესხს სრულად დაუბრუნებდა.
2.4. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხისათვის მთლიანად 9 172 ლარი აქვს სესხად მიცემული, საიდანაც 7 162 ლარი ბანკის საშუალებით გადარიცხა, რაც მოვალეს არ დაუბრუნებია.
3. მოპასუხის შესაგებელი
3.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს მისთვის თანხა არ უსესხებია. მოპასუხის განმარტებით, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის სოლიდური ნაწილით მოსარჩელის ნათესავებს ავიაბილეთები შეუძინა.
3.2. მოპასუხემ, დაზუსტებულ შესაგებელში მიუთითა, რომ 2014 წლის 19 მარტს განქორწინდა მეუღლესთან და თანასაკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაციიდან მიღებული 42 000 აშშ დოლარიდან 28 000 აშშ დოლარი მას ხვდა წილად. დასახელებული თანხიდან კი 25 500 აშშ დოლარი სხვა ბინის შესაძენად გამოიყენა, რომლის გასარემონტებლად დამატებით 7 500 აშშ დოლარი ისესხა ბანკიდან. აღებული სესხიდან 7 000 ლარი მოსარჩელეს ასესხა, რასაც ეს უკანასკნელი ეტაპობრივად უბრუნებდა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერით სწორედ დასახელებული სესხის უკან დაბრუნება დასტურდებოდა.
3.3. მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ 2015 წლის 23 აპრილს მისთვის მოსარჩელის მიერ ჩარიცხული 960 ლარით, ამ უკანასკნელის ნათესავებს ორი ავიაბილეთი შეუძინა.
3.4. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ სესხად გადაცემული 7 000 ლარიდან მხოლოდ 6 203 ლარი დაუბრუნა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დარჩენილი თანხა აღარ მოუთხოვია.
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
4.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 7 162 ლარის გადახდა დაეკისრა.
4.2. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 319-ე, 623-ე, 624-ე, 976-ე, 991-ე მუხლებით.
4.3. რაიონული სასამართლოს განმარტებით, იმის გამო, რომ მხარეებმა ვერ დაადასტურეს სესხის ხელშეკრულების არსებობა, განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველი მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება იყო, რადგან ამ უკანასკნელს იურიდიული საფუძვლის გარეშე ჰქონდა თანხა მიღებული.
5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.2. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია ორი ფაქტობრივი გარემოება - ერთი ის, რომ მხარეები კარგ ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან და მეორე ის, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს საბანკო გადარიცხვებით 7 162.1 ლარი გადაურიცხა.
5.3. აპელანტის მტკიცებით, გაურკვეველია პირველი ფაქტობრივი გარემოების მნიშვნელობა განსახილველ საქმესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხების ჩარიცხვა, არ ადასტურებდა, რომ მოპასუხე მოსარჩელის წინაშე ვალდებული პირიიყო.
5.4. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლომ არ დაადგინა სწორად ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა სესხი გაცემული მოსარჩელეზე, ხოლო საბანკო ამონაწერით დადასტურებული და გადარიცხული თანხები წარმოადგენს სწორედ მოსარჩელის მიერ მოპასუხისაგან სესხად მიღებულ თანხას.
5.5. სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია სადავო ფაქტობრივ გარემოებად ის ფაქტი, რომ მოპასუხემ საკუთარ ანგარიშზე 2015 წლის 23 აპრილს ჩარიცხული 960 ლარით, მოსარჩელის დავალებით, მისი ბიძის და ბიძაშვილისათვის ავიაბილეთები შეიძინა. მართალია, თანხის ჩარიცხვა მოპასუხის პირად ანგარიშზე გახორციელდა, მაგრამ ეს ყოველივე გამოწვეული იყო იმით, რომ ბილეთები წინასწარ დაჯავშნილი ჰქონდა მოპასუხეს, ხოლო თანხის გადარიცხვა დააგვიანა მოსარჩელემ მოპასუხის კომპანიის ანგარიშზე, რის გამოც ბილეთებზე ჯავშანი რომ არ გაუქმებულიყო, მოპასუხემ გამონაკლისი დაუშვა და პირად ანგარიშზე ჩაარიცხინა თანხა, როგორც ახლობელს.
5.6. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ნაცვლად მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული მოთხოვნისა, სარჩელი სხვა საფუძვლით დააკმაყოფილა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინებით მოვალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტსა და 4.3 ქვეპუნქტში ასახული გარემოებები და განმარტა, რომ მხარეებმა ვერ დაადასტურეს სესხის ხელშეკრულების არსებობა, აგრეთვე მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელისთვის სესხის სახით 7000 ლარის გადაცემა და იმ გარემოების საფუძვლიანობა, რომ ხსენებული საბანკო გადარიცხვებით მოსარჩელე მოპასუხის მიმართ არსებულ ვალდებულებებს ასრულებდა.
6.3. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება იმის შესახებ, რომ მხოლოდ თანხების გადარიცხვის შესახებ ამონაწერით ვერ მოხდებოდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება, რადგან თანხების გადარიცხვის შესახებ ამონაწერში დანიშნულებად ,,პირადი გადარიცხვა“ იყო მითითებული.
6.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც გამოირიცხა მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის სახელშეკრულებო საფუძველი, რაიონულმა სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, მართებულად იმსჯელა ვალდებულების წარმოშობის ისეთ კანონისმიერ საფუძველზე, როგორიც არის უსაფუძვლო გამდიდრება.
6.4.1. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშვა ან შეწყდა შემდგომში“.
6.5. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზიის პასუხად, რაიონული სასამართლომ მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა - „პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარის ვალდებულება, სასამართლოს მოახსენოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, თუ მოსარჩელე მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზე - ნორმაზე მიუთითებს, რომელსაც მისი მოთხოვნა ემყარება (178-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი: სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს), თუმცა, პალატა განმარტავს, რომ ეს არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციებს ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (სუსგ #ას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი).“
6.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აპელანტმა ვერც ის გარემოება დაადასტურა, რომ სადავო გადარიცხვებით მისთვის მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხებით ეს უკანასკნელი რაიმე ვალდებულებას ასრულებდა. ამ თვალსაზრისით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მის ანგარიშზე გადარიცხული თანხიდან 960 ლარი, ავიაბილეთების შესაძენი თანხა იყო, რომელიც მოვალემ მოსარჩელის თხოვნით შეიძინა.
6.7. მოპასუხე მხარის მითითებით, ავიაბილეთების შემძენი პირები (რ.ს–ძე და თ.ს–ძე) მოსარჩელის ნათესავები არიან, თუმცა, მოპასუხის წარმომადგენელმა კონკრეტულად ვერ მიუთითა, რა ნათესაური კავშირი არსებობს მათ შორის. აპელანტსარც ის განუმარტავს, თუ როდის, რა ვითარებაში და როგორი პირობებით მოხდა მხარეთა შორის შეთანხმების დადება. მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მისი განმარტების სისწორეში. უფრო მეტიც, თავდაპირველ შესაგებელში იგი უთითებდა, რომ მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხიდან სოლიდური ნაწილით მოხდა ავიაბილეთების შეძენა, თუმცა, საბოლოოდ მხოლოდ 960 ლარზე მითითებით შემოიფარგლა, რაც ვერ შეფასდება გადარიცხული თანხის სოლიდურ ნაწილად. მოპასუხემ შპს ,,დ–ის“ წერილი წარადგინა, რაც ვერ გახდება მის მიერ მითითებული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან, მოსარჩელის მიერ მითითებული 960 ლარი არა შპს ,,W. T”-ის, არამედ უშუალოდ მოპასუხის პირად ანგარიშზეა ჩარიცხული. ამასთან, არც მითითებული წერილით და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის რაიმე შეთანხმება ავიაბილეთების შეძენასთან დაკავშირებით არ დასტურდება.
7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 5.2.-5.6. ქვეპუნქტები).
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე განჩინებაში ასახულ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი და 6.2-6.7 ქვეპუნქტები).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია საბანკო გადარიცხვების ცნობა, დანიშნულების მითითებით „პირადი გადარიცხვა“, რომლითაც დასტურდება გარკვეული თანხების მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ჩარიცხვა (ტ.1,ს.ფ. 13).
17. ზემოაღნიშნული გარემოება, სხვა ვარგისი მტკიცებულებების გარეშე, ცალსახად არ ადასტურებს მხარეთა შორის სესხის ურთიერთობას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლომ სწორად გაიზირა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მართებულად ეთქვა უარი აპელანტს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 979-ე მუხლის პირველი ნაწილი, შესაბამისად, მითითებული ნორმებით დადგენილი სამართლებრივი წინაპირობების სარჩელში მითითებული ფაქტებისა და მასზე თანდართული მტკიცებულებების მიხედვით, განხორციელებულია, რის გამოც კრედიტორის სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა. მოპასუხემ სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებისა და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გაბათილება, მეტიც, მოპასუხის მიერ სასამართლოსათვის შეთავაზებული განმარტების ვერსია არადამაჯერებელი და არათანმიმდევრულია.
18. საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები, მსესხებელმა ვერ გააქარწყლა კრედიტორის მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთებლობა, რაც საკასაციო განაცხადის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.თ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ხ.თ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.დ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 358 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 14 აგვისტო), 70% – 250,6 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე