Facebook Twitter

საქმე №ას-1340-2018 14 დეკემბერი, 2018 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჯ–ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, სააგენტო, მერია, მეიჯარე ან კასატორი) 2011 წლის 19 სექტემბრის ბრძანების თანახმად, გ.ჯ–ას (შემდეგში: მოპასუხე, მოიჯარე) განცხადება დაკმაყოფილდა და პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 19 წლის ვადით გადაეცა ქ. თბილისში, ….. მდებარე 8 კვ. (ს/კ ……) მიწის ნაკვეთი, კიბის მოწყობის მიზნით. აღნიშნული ბრძანება მოპასუხის განცხადებასთან ერთად გაუთანაბრდა ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა თანდართული საიჯარო პირობები. აღნიშნული პირობების შესაბამისად, იჯარის ყოველწლიური ღირებულება შეადგენდა 16 ლარს, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა თანაბარწილად, ყოველ 6 თვეში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი ექვსთვიანი პერიოდის გასვლის უკანასკნელი დღისა (ტ.1,ს.ფ. 16-22).

2. საიჯარო პირობების მე-4 მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო პირველივე მოთხოვნისთანავე გაეთავისუფლებინა იჯარით გადაცემული ქონება 1 თვის ვადაში. საიჯარო პირობების 12.1 მუხლის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრა ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის ბრძანების თანახმად, მოიჯარეს შეუწყდა იჯარით სარგებლობის უფლება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა დასახელებული უფლების რეგისტრაციის გაუქმება (ტ.1,ს.ფ. 24).

4. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე 2017 წლის 17 თებერვალს ეცნობა მოიჯარეს, ამავე წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მან დაარღვია სააგენტოს ბრძანებით განსაზღვრული საიჯარო პირობების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, მოიჯარეს 21.03.2014 წლიდან 16.02.2017 წლამდე არ გადაუხდია საიჯარო ქირა (იჯარის ფორმით სარგებლობის უფლების შეწყვეტის დღის მდგომარეობით) გადასახდელი ქირა ჯამში შეადგენდა 45.92 ლარს. ამასთან, მოპასუხეს ეცნობა, რომ 2014 წლის 21 მარტიდან 2016 წლის 21 სექტემბრამდე გადასახდელი ჰქონდა პირგასამტეხლო - 879 ლარი.

5. წარდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ საიჯარო დავალიანება შეადგენს 45.92 ლარს, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 1 143 ლარს.

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. სააგენტომ 2017 წლის 20 ნოემბერს სარჩელი აღძრა მოიჯარის წინააღმდეგ, მოითხოვა მერიის სასარგებლოდ:

6.1.1. საიჯარო ქირის - 45.92 ლარის გადახდა;

6.1.2. პირგასამტეხლოს - 1 143 ლარის გადახდა, 2014 წლის 21 სექტემბრიდან 2017 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით;

6.1.3. პირგასამტეხლოს დაკისრება 2017 წლის 8 ნოემბრიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარი, საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე.

6.2. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა მოსამზადებელ სხდომაზე მერიის სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ ძირითადი თანხის - 45.92 ლარის ნაწილში ცნო, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არ უსარგებლია შეთანხმებით გათვალისწინებული საიჯარო ქონებით, ვინაიდან ვერ მოაწყო კიბის უჯრედი და გადახურვა, რაც მისი ინტერესის და ხელშეკრულების საგანი იყო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მერიის სასარგებლოდ დაეკისრა:

8.1.1. საიჯარო ქირის - 45.92 ლარის გადახდა;

8.1.2. პირგასამტეხლოს -16 ლარის გადახდა.

8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე და 581-ე მუხლებით.

8.3. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო დავალიანების ძირითადი თანხის 45.92 ლარის ნაწილში, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილდა.

8.4. საქალაქო სასამართლომ, სსკ-ის 417-420-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 1 143 ლარი, დავალიანების ძირითადი თანხის 45.92 ლარის გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მერიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2. აპელანტის განმარტებით სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო. ასევე, საერთოდ არ იმსჯელა მზარდი პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე, რომელიც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთი ლარის ოდენობით.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

10.1.1. მოიჯარეს მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 21 სექტემბრიდან 2017 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით - 11.43 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 8 ნოემბრიდან საიჯარო დავალიანების სრულად დაფარვამდე - საიჯარო ქირის დავალიანების 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

10.2. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სააპელაციო პრეტენზიაზე მითითებით განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმება მოხდებოდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებასთან დაკავშირებით.

10.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საიჯარო ქირის ოდენობასა და პირგასამტეხლოს თანაფარდობაზე და საიჯარო ქირის ძირითადი თანხის დავალიანებასთან მიმართებით მერიის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თაობაზე განმარტა, რომ აღნიშნული თანხა თითქმის 24-ჯერ აღემატებოდა მოიჯარის მიერ გადასახდელ ქირას, რაც შეუძლებელი იყო გონივრულად მიჩნეულიყო.

10.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლოს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში ასახულ გარემოებაზე მითითებით განმარტა, რომ აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო, რის გამოც საიჯარო ქირის დავალიანებაზე 2017 წლის 8 ნოემბრიდან მის სრულ გადახდამდე უნდა დარიცხულიყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,01%-ის ოდენობით.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მერიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 9.2 ქვეპუნქტი), დამატებით კასატორმა საიჯარო ხელშეკრულების პირობებზე მიუთითა და განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე არ იყო საკმარისად დასაბუთებული.

11.3. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მოხდა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე, შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს შეეძლო განესაზღვრა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო არის გარანტია კრედიტორისთვის, რომ მოვალემ კეთილსინდისიერად შეასრულოს სახელშეკრულებო პირობები.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. წინამდებარე შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ არაგონივრულ, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევას.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 10.2-10.4 ქვეპუნქტები) და დამატებით განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 581-ე „იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც“ და 417-ე-418-ე „პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას“ მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

21. პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი).

22. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ პირგასამტეხლო „წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“, „პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

23. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის გათვალისწინებით უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014).

24. საკასაციო სასამართლო კვლავ გაამახვილებს ყურადღებას წინამდებარე საქმეზე დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ არსებული საიჯარო ქირის ძირითადი დავალიანების ოდენობის, მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების გამოუყენებლობის და მხარეთა მიერ განსაზღვრული, ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი საშუალების - პირგასამტეხლოს ოდენობის (მინიმალური ოდენობის დადგენის, რომელიც 1 ლარს შეადგენდა) გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით მართებულად შეამცირა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა გონივრულ ოდენობამდე.

25. საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები, მსესხებელმა ვერ გააქარწყლა კრედიტორის მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთებლობა, რაც საკასაციო განაცხადის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე