საქმე №ას-1388-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ტ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.ვ–ი (შემდეგში: მამკვიდრებელი, პაციენტი ან პედაგოგი) ვიოლინოს პედაგოგი, ხოლო ბ.ტ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, მოსწავლე, მეურვე), მისი მოსწავლე იყო. მოსწავლე ხშირად სტუმრობდა პედაგოგს სახლში, მართავდნენ შეხვედრებს, კონცერტებს, ამ უკანასკნელმა ჩამოაყლიბა საზოგადოება „რელიქვია“, რომელთა წევრებსაც აერთიანებდათ მუსიკა, ამ საზოგადოების წევრი იყო მოსარჩელეც (ტ. 1, ს.ფ. 218-219).
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრი (შემდეგში: სააგენტო, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) 2015 წლის 2 ოქტომბრის მიმართვის პასუხად, შპს „ნ.ჰ–ში“ (შემდეგში: ჰოსპიტალი) მოთავსებული მამკვიდრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სს „უ.ს.ც–ს“ (შემდეგში: სამედიცინო ცენტრი) აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას: საქმის შესწავლის მსვლელობისას გამოვლენილი იქნა ავადმყოფის ახლობელი, მაგრამ არანათესაურ კავშირში მყოფი პირი, ბ.ტ–ძე. გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ ის თანახმაა მოუაროს ავადმყოფს 24 საათის განმავლობაში, რაზედაც ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრი, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანო, არ არის წინააღმდეგი. პალიატური ზრუნვის დაწესებულების ფორმატიდან გამომდინარე, გამოიკვეთა აუცილებლობა ავადმყოფზე 24 საათიანი მეთვალყურეობის გაწევის და პაციენტთან მომვლელი პირის ყოფნისა. მოძიებული ინფორმაციით იმ პერიოდისათვის, ე.ვ–ს არ ჰყავდა ნათესაურ კავშირში მყოფი პირი ან/და კანონიერი წარმომადგენელი (ტ.1, ს.ფ. 26, მხარეთა ახსნა-განმარტება).
3. სამედიცინო ცენტრსა და პაციენტს შორის, 2015 წლის 2 ოქტომბერს სამედიცინო მომსახურების შესახებ დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც პაციენტის მეურვე აწერდა ხელს. ამავე დღეს, ჰოსპიტალსა და მეურვეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რომელსაც აგრეთვე მეურვე აწერდა ხელს (ტ.1,ს.ფ.24-25).
4. პაციენტი გარდაიცვალა 2015 წლის 11 ოქტომბერს. მას კანონისმიერი მემკვიდრე არ დარჩა (ტ.1,ს.ფ. 23).
4.1. გარდაცვლილის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ….. ფართი 52.54 კვ.მ., ს/კ: N…... დასახელებული უძრავი ქონება რეგისტრირებულია გარდაცვლილის სახელზე.
4.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მამკვიდრებლის (გარდაცვალების აქტი N01157012688, 11.10.2015 წელი) ქორწინების, განქორწინების და შვილის (შვილების) დაბადების აქტის ჩანაწერი არ მოიძებნა (ტ.1, ს.ფ. 166).
5. გარდაცვლილის მეურვემ, 2016 წლის 23 მარტს, როგორც პედაგოგის მემკვიდრემ, განცხადებით მიმართა ნოტარიუს ნ.ბ–ძეს და ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემა და ანდერძის ნამდვილობის დადგენამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემის აკრძალვა მოითხოვა. 2016 წლის 23 მარტს ნოტარიუსის დადგენილებით უარი ეთქვა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ანდერძის ნამდვილობის დადგენამდე. მემკვიდრის მიერ წარდგენილი ანდერძი ხელით იყო შედგენილი და მისი ნამდვილობის ფაქტი არ იყო დადგენილი (ტ.1, ს.ფ. 41-42).
6. სსიპ ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, სააგენტო ან კასატორი), 2016 წლის 17 თებერვალს მიმართა ნოტარიუს ნ.ბ–ძეს და გარდაცვლილი პედაგოგის უმკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვა. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან აღნიშნულ ქონებასთან მიმართებით მამკვიდრებლის მოსწავლემ (მეურვემ) წარადგინა გარდაცვლილის შინაურული ანდერძი, რომლითაც მთელ ქონებას მოსწავლეს უტოვებდა. სამკვიდრო მოწმობა არ გაიცემოდა იქამდე, სანამ სასამართლოს მიერ არ მოხდებოდა ანდერძის ნამდვილობის დადგენა (ტ.1, ს.ფ. 76).
7. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში ჩანაწერი მამკვიდრებლის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე არ არის რეგისტრირებული. ასევე, არ მოიძებნა ინფორმაცია 2015 წლის 11 ოქტომბერს გარდაცვლილი მასწავლებლის დანაშთი ქონების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 77, 79).
8. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს მომზადებული ხელნაწერის ექსპერტიზის მიხედვით დადგინდა, რომ ხელნაწერი ტექსტი და ხელმოწერა ტექსტის სახით, განლაგებული, რუსულ ენაზე შედგენილ, უთარიღო დახსიათება-ანდერძზე, შესრულებული იყო მამკვიდრებლის მიერ.
9. სარჩელის საფუძვლები
9.1. მეურვემ სარჩელი აღძრა სააგენტოს წინააღმდეგ, მოითხოვა:
9.1.1. 2015 წლის 11 ოქტომბერს გარდაცვლილი პედაგოგის ანდერძისმიერ მემკვიდრედ აღიარება;
9.1.2. უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ….. ფართი 52.54 კვ.მ., ს/კ: N ….., მესაკუთრედ აღიარება;
9.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ პედაგოგს შვილივით უყვარდა და ამის მტკიცებულებას მისივე ნების გამოხატვა, ანდერძის მოსწავლის სახელზე შედგენა მოწმობს, რომლის მიხედვითაც მთელი ქონება საყვარელ მოსწავლეს დაუტოვა.
10. მოპასუხის პოზიცია
10.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა წინამდებარე განჩინების 6-7 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე და დამატებით განმარტა, რომ არ დასტურდებოდა ანდერძზე მამკვიდრებლის ხელმოწერის ნამდვილობა. ამასთან, მასზე არ იყო დატანილი შედგენის თარიღი, დარღვეული იყო ანდერძის შედგენის სანოტარო ფორმა.
10.2. მოპასუხის განმარტებით იმ შემთხვევაში, თუ ანდერძი შინაურულად შედგენილად მიიჩნეოდა, ნამდვილობისათვის საჭირო იყო მოანდერძეს თავად შეედგინა ანდერძი და ხელი მოეწერა მასზე, რაც განსახილველ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენდა.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით მეურვის სარჩელი დაკმაყოფილდა;
11.1.1. მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის ანდერძიესმიერ მემკვიდრედ;
11.1.2. მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ….., ფართი 52.54 კვ.მ., ს/კ: N ….., მესაკუთრედ;
11.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1343-ე, 1344-ე, 1345-ე, 1346-ე, 1357-ე, 1364-ე, 1365-ე, 1368-ე, 1499-ე და 1500-ე მუხლებით.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ,390.-3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი), მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე და დამატებით განმარტა, რომ მამკვიდრებლის მიერ შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობდა.
12.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1345-ე მუხლის, მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება, 1346-ე მუხლის, ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება, 1357-ე მუხლის, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე, 1364-ე მუხლის მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას, 1365-ე მუხლის, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით, საფუძველზე განმარტა, რომ გარანტირებულია პირის უფლება, საკუთარი სურვილისა და შეხედულების შესაბამისად, განკარგოს ქონება და საამისოდ გამოავლინოს ნება.
12.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ანდერძი, რომელიც თავისი ხელით დაწერა მოანდერძემ და ხელი მოაწერა, სრული იურიდიული ძალის მქონეა მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსის მიერ დადასტურებული არ არის. სსკ-ის 1365-ე მუხლის თანახმად, შინაურული ანდერძი, როგორც წესი, ინახება მოანდერძესთან და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მის გარდაცვალებას. მოანდერძეს შეუძლია და არ არის ვალდებული, რომ ანდერძი შესანახად გადასცეს ნოტარიუსს, რომლის მიზანია იმ საფრთხეების თავიდან აცილება, რაც უკავშირდება ანდერძის დაკარგვას, დოკუმენტის გაფუჭებას და ა.შ.
12.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით შინაურული ანდერძის ნამდვილობის სადავოობისას სასამართლოს კვლევის საგანს ანდერძის მამკვიდრებლის მიერ შედგენა, მის მიერ ანდერძზე ხელმოწერა და დათარიღება წარმოადგენს.
12.6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე მიუთითა, რომლის თანახმად ანდერძის ფორმასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ არის იმპერატიული, ანუ კანონმდებელი ყოველთვის არ მიიჩნევს ანდერძის შედგენისათვის კანონით დადგენილი წესების დარღვევას ანდერძის ბათილობის საფუძვლად. ამ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს თუ რა ზეგავლენას ახდენს ხსენებული დარღვევა მოანდერძის ნების გამოვლენაზე ან აღნიშნული კანონდარღვევა ხომ არ იწვევს ისეთი შედეგის დადგომას, რომელიც მოანდერძის ნებას ეწინააღმდეგება. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ ბათილად არ ცნო შინაურული ანდერძი, რომელიც მესამე პირის მიერ იყო შედგენილი, თუმცა, ხელს მამკვიდრებელი აწერდა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ანდერძის ნამდვილობის დადგენისას ამოსავალი მამკვიდრებლის ნების გათვალისწინებაა.
12.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ წარდგენილ ანდერძზე განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობა სადავოა, რადგან ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა, რომ როგორც ანდერძის ტექსტი, ასევე მასზე განხორციელებული ხელმოწერა მამკვიდრებელის მიერ იყო შესრულებული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული დასკვნა კატეგორიული ხასიათის იყო და ეყრდნობოდა არა ექსპერტის ვარაუდს, არამედ - კვალიფიციური კვლევის შედეგად დადგენილ ფაქტებს.
12.8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით აპელანტის მხრიდან აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი მის ავთენტურობას ან/და სისწორეში ეჭვი შეეტანა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება და განმარტა, რომ საქმეში წარდგენილი შინაურული ანდერძი დაწერილი იყო მამკვიდრებლის მიერ, იგი მის ნამდვილ ნებას გამოხატავდა, რაც ხელმოწერითაც დადასტურდა.
12.9. სააპელაციო სასამართლომ ანდერძზე, მისი შედგენის თარიღის არარსებობაზე განმარტა, რომ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მისი ბათილად ცნობის უცილო საფუძველი (სსკ-ის 1368-ე მუხლი). კანონმდებელი ანდერძზე თარიღის არსებობას სავალდებულოდ მხოლოდ მაშინ მიიჩნევს, როდესაც ნორმის დისპოზიციაში დასახელებული დამატებითი გარემოებებია სახეზე. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ სხვა შინაურული თუ ნოტარიულად დამოწმებული ანდერძი არ არსებობდა, ასევე, არ არსებობდა ობიექტური და ლეგიტიმური ეჭვი მამკვიდრებლის ქმედუნარიანობის ეჭვქვეშ დასაყენებლად. შესაბამისად, ამ პირობებში იმ ფაქტს, თუ როდის გამოავლინა მამკვიდრებელმა ნება, თავისი ქონება მეურვისთვის დაეტოვებინა, გადამწყვეტი მნიშვნელობის ვერ ექნებოდა, რადგან საქმეში არსებული მასალების ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ანდერძში გამოხატული ნება მამკვიდრებლის ნამდვილ ნებას შეესაბამებოდა, კერძოდ მას სურდა თავისი ქონება სწორედ მოსარჩელისთვის ეანდერძა.
12.10. სააპელაციო სასამართლომ, ექსპერტიზის დასკვნის გარდა, ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს შორის არსებულ განსაკუთრებულ თბილ და სიყვარულზე დაფუძნებულ ურთიერთობას ადასტურებდნენ, ასევე, საქმეში არსებულ ფოტომასალაზე, რომლის მიხედვითაც მამკვიდრებელი და მოსარჩელე არიან აღბეჭდილნი. საქმის გარემოებების მიხედვით ირკვეოდა, რომ მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს საერთო იდეალები და ღირებულებები გააჩნდათ, ისინი მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში.
12.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო ემტკიცებინა, რომ იგი პედაგოგის ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა, ხოლო მოპასუხე მხარეს აღნიშნული მტკიცება შესაბამის მტკიცებულებათა წარდგენით უნდა გაექარწყლებინა. მოსარჩელემ მის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების დასადასტურებლად, წარადგინა შინაურული ფორმით შედგენილი ანდერძი, მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება, რომელმაც ანდერძისა და მასზე დასმული ხელმოწერის მამკვიდრებლისადმი კუთვნილება დაადასტურა, მოწმედ მოიწვია პირები, რომლებმაც მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს შორის განსაკუთრებული თბილი ურთიერთობის შესახებ გარემოება დაადასტურეს, ასევე, წარადგინა ცნობა, რომლითაც დადასტურდა, რომ ავადმყოფობის პერიოდში გარდაცვლილს სწორედ ის უვლიდა.
12.12. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, მოპასუხემ სასამართლოს არასწორ სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითა და ისეთი მოწმეების დაკითხვა მოითხოვა, რომელთაგან ნაწილი საქმის შედეგით იყო დაინტერესებული, ხოლო დანარჩენ მოწმეთა ჩვენებები არათანმიმდევრული და, ზოგიერთ შემთხვევაში, წინააღმდეგობრივიც კი იყო.
12.13. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია და სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის მართლაც მამკვიდრებლის ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრე იყო და შინაურულ ანდერძში ასახული ნება ნამდვილად შეესაბამებოდა მამკვიდრებლის სურვილს, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის საპირისპიროს დამტკიცება.
13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1. სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება, ამ განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
13.2. კასატორმა სსკ-ის 1366-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ დარღვეული იყო ანდერძის შედგენის წესი, რის გამოც ანდერძი ბათილი იყო. ასევე, სადავო იყო მოანდერძის ხელმოწერის ნამდვილობა ანდერძზე.
13.3. კასატორის განმარტებით, სადავო იყო, რამდენად წარმოადგენდა მამკვიდრებელი პირს, რომელსაც შეეძლო საკუთარი მოქმედების გონივრულად განსჯა და ნების ნათლად გამოხატვა, ვინაიდან, მამკვიდრებელს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას (იხ. წინამდებარე განჩინების 12.2-12.13 ქვეპუნქტები), ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს, სადავო უძრავ ქონებაზე მემკვიდრის საკუთრების უფლების გამომრიცხავი ან ანდერძის ბათილობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსთვის.
20. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“, განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
21. წინამდებარე შემთხვევაში კასატორი შესაგებელშიც და სააპელაციო საჩივარშიც მოთხოვნას ანდერძის ბათილობის შესახებ სსკ-ის 1366-ე მუხლზე „ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღბული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასსწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“ აფუძნებს, რომლის მიხედვითაც ანდერძი ტექნიკური საშუალებით და ორი მოწმის თანდასწრებით უნდა შედგეს. დასახელებული ნორმა ადგენს სავალდებულო მოთხოვნებს მხოლოდ ტექნიკური საშუალებებით შედგენილი ანდერძისათვის და არა - შინაურული ანდერძისათვის.
22. განსახილველ შემთხვევაში ანდერძში მამკვიდრებლის ნებისა და მისი ხელმოწერის ნამდვილობა დასტურდება, როგორც ექსპერტიზის დასკვნით, აგრეთვე საქმეში არსებული სხვა გარემოებებით (იხ. სსკ-ის 1346-ე მუხლი), რის საპირისპიროდაც კასატორს ვარგისი მტკიცებულებები არ წარუდგენია. კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ „შინაურული ანდერძის“ შედგენის შესაძლებლობას, რა დროსაც უმთავრეს პრინციპს ანდერძის ნამდვილობის დადგენისათვის წარმოადგენს, მამკვიდრებლის ნების თავისუფალი გამოვლენა და აღნიშნული ანდერძის მისივე ხელმოწერით დადასტურება (მეტიც, სსკ-ის 1360-ე მუხლი ითვალისწინებს გარკვეული მიზეზით ანდერძის სხვა პირის მიერ ხელმოწერას, აღნიშნული მიზეზის მითითებით), რაც წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია. ამდენად, სასამართლოს გამოკვლეული და დადგენილი აქვს სსკ-ის 1344-ე, 1345-ე, 1346-ე, 1357.1-ე, 1360-ე, 1364-ე, 1368-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრები, რის გამოც მართებულად დაკმაყოფილდა მეურვის სარჩელი.
23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კასატორს საქმეში არსებული ანდერძის გარდა სხვა ფორმით შედგენილ ანდერძზე არ მიუთითებია, რომელსაც შესაძლოა უპირატესობა მინიჭებოდა (იხ. სსკ-ის 1400-ე-1401-ე მუხლები).
24. საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები, რაც სააგენტოს საკასაციო განაცხადის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
25. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე