Facebook Twitter

საქმე №ას-1522-2018 20 მაისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი- ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „პ.კ–ი“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ა.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე.პ.ჯ–ა“ (მოპასუხე)

წარმომადგენლები - თ.კ–ი, ც.ჩ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. თბილისში, ..... ტერიტორიაზე არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგური და ელექტროგადამცემი ქსელი, კერძოდ, №17 ფიდერი და ელექტროგადამცემი ხაზები შემდეგი საკადასტრო კოდებით: №..., №....., №...., №...., №... (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება) შპს „პ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი, კომპანია ან მესაკუთრე) საკუთრებას წარმოადგენს.

2. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი სს „ე.პ.ჯ–ა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) 2008 წლიდან დღემდე, სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, არალიცენზიატი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურითა და ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობს.

3. მოსარჩელე კომპანიის კუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელით მოპასუხემ ისარგებლა და გაატარა: 2011 წელს - 6011640 კვტ.სთ, 2012 წელს - 5563332 კვტ.სთ, 2013 წელს - 6401052 კვტ.სთ, 2014 წელს - 6245856 კვტ.სთ, ხოლო 2015 წელს - 5108796 კვტ.სთ ელექტროენერგია (იხ. ტ. І, ს.ფ. 116-118; 308).

4. მოსარჩელის აქტივების საბალანსო ღირებულება შეადგენს 67112.48 ლარს (იხ. ტ. ІІ, ს.ფ. 307), ხოლო ელექტროგამანაწილებელი ქსელის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობა არის 47471040 კვტ.სთ (იხ. ტ. І, ს.ფ. 309).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენისათვის დადგინდა გონივრული ტარიფი - 0.0035 ლარი 1 კვტ.სთ-ზე (იხ. ტ. І, ს.ფ. 96-115).

6. მოპასუხე მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ უკანასკნელს მისი ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის საფასურს არ უხდის.

7. 2016 წლის 9 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობისათვის 2011 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე კომპენსაციის სახით - 1285312 ლარისა და 73 თეთრის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელე წინამდებარე გადაწყვეტილების 1-6 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ 2007 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს იჯარით გადასცა საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ქსელი, თუმცა, 2008 წლის 1 იანვრიდან მოპასუხემ უსაფუძვლოდ, ცალმხრივად შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება და ქსელით სარგებლობა და შემოსავლის მიღება განაგრძო. ლიცენზიატი მფლობელისათვის ტარიფს ადგენს სემეკი, ხოლო არალიცენზიატის საკუთრებაში არსებული ელ.ქსელით სხვა პირის სარგებლობის შემთხვევაში, წარმოიშობა საკომპენსაციო თანხის მოთხოვნა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, ნორმებით რეგულირდება. მოსარჩელე იძულებულია ჩაატაროს ამ ელექტროგადამცემი ქსელის მიმდინარე და ავარიული სარემონტო სამუშაოები, ვინაიდან როგორც ქსელის მფლობელს, სსკ-ისა და ასევე, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის # 20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის სიმძლავრის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ თანახმად, ეკისრება სამეზობლო თმენის ვალდებულება. გამართულ მდგომარეობაში მყოფი გამანაწილებელი ქსელების გარეშე კი, შეუძლებელია მომხმარებლისათვის სტაბილური ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს, საკუთრებით სარგებლობის თმენის ვალდებულების შესაბამისად, კომპენსაციის გადახდა უნდა დაჰკისრებოდა.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მისი განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი და განმარტა, რომ კომპენსაციის განსაზღვრა უნდა განხორციელებულიყო სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით დამტკიცებული საფასურის გაანგარიშების წესების შესაბამისად. მოპასუხე ნამდვილად ფლობს განაწილების ლიცენზიას, რომელიც ძალაშია 2007 წლის 30 ივნისიდან და სადავო პერიოდში მის მიერ წარმოდგენილი ამონაწერებით რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობით ელექტროენერგიის გატარებისათვის მოპასუხეს, მოსარჩელისათვის საკომპენსაციო თანხა არ გადაუხდია და არც რაიმე ფორმით დაჰპირებია გადახდას. ამასთან, მოსარჩელეს არც წინამდებარე სარჩელის წარდგენამდე მოუთხოვია კომპენსაციის გადახდა. ენერგოკომპანია უარს აცხადებს სსკ-ის 144-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ხანდაზმულ პერიოდზე რაიმე სახის კომპენსაციის გადახდაზე, ხოლო თუ მოსარჩელე წარმოადგენდა სემეკის №15 დადგენილებით განსაზღვრულ სავალდებულო დოკუმენტაციას, ბუნებრივია ამის შემდეგ განხორციელდებოდა გატარების კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრაც. მოსარჩელეს შესაბამისი დოკუმენტაცია მისთვის დღემდე არ წარუდგენია. ქონების მოვლა-პატრონობა მესაკუთრის ვალდებულებაა, თუმცა, მეორე მხრივ სარჩელზე თანდართული დოკუმენტაციით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ გაწეული კონკრეტული ხარჯები, ის სათანადო წესით არ არის შესრულებული და დადასტურებული. ამასთან, მოთხოვნა 2011-2012 წლებში ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენის კომპენსაციის დაკისრების შესახებ ხანდაზმულია.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 25582 ლარისა და 98 თეთრის გადახდა დაეკისრა. სარჩელი 1259729 ლარისა და 75 თეთრის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 175-ე მუხლი, ასევე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები; „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილება გამოიყენა.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 22 403.68 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

11.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ მიუთითებია იმ ფაქტობრივ მონაცემებზე (გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებასა და მათ გამტარუნარიანობაზე), რომლებიც აუცილებელი იყო „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით შემოღებული ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულის გამოსათვლელად, შესაბამისად, პალატის დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს (სსსკ-ის მე-3-4 მუხლი), როდესაც თავისი ინიციატივით გამოიკვლია ხსენებული გარემოებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თავად მოსარჩელის პოზიციაზეც, რომლის მიხედვითაც, მან უარი განაცხადა №15 დადგენილების მიხედვით გამოთვლილი ელექტროენერგიის გატარების საფასურის მიღებაზე, ვინაიდან ის მოითხოვდა თმენის კომპენსაციას, ხოლო სადავო ფორმულით გამოსაანგარიშებელი გატარების საფასურის მიღება მის ინტერესს არ წარმოადგენდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმები);

11.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება სარჩელის ნაწილობრივ ხანდაზმულად ცნობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობასთან დაკავშირებით და აღნიშნა შემდეგი: „ელ.ენერგიის გატარების საფასური გამოიანგარიშება ელ.ქსელში გატარებული ელ.ენერგიის ოდენობის გათვალისწინებით და გადაიხდება ყოველთვიურად, შესაბამისად, ელ.ენერგიის გატარების საფასურის გადახდა პერიოდულად, ყოველთვიურად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა კი, სამი წელია (სსკ-ის 129.3 მუხლი), რაც, მოცემულ შემთხვევაში, 2011-2012 წლებში ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობის თმენის კომპენსაციის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გასულია;

11.3. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა 2013 წელს ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობის თმენის საკომპენსაციო თანხის გამოთვლისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებულ მეთოდიკას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე კომპანიის ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით 2013 წელს გატარებულ იქნა 6401052 კვტ.სთ ელექტრო ენერგია.

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის 266-ე მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა გონივრული ტარიფი 1 კვტ.სთ - 0.0035 ლარი. შესაბამისად, „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ ამოქმედებამდე არსებულ პერიოდზე, კერძოდ, ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენისათვის 2013 წლის კომპენსაცია უნდა განსაზღვრულიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გონივრული ტარიფის - 1 კვტ.სთ - 0.0035 ლარის გამრავლებით 2013 წელს ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე - 6401052 კვტ.სთ, რაც 22403 ლარსა და 68 თეთრს შეადგენს;

11.4. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა მეორე აპელანტის პოზიცია, რომ ელ.ენერგიის გატარებისა და ელ.ქსელით სარგებლობის თმენის საკომპენსაციო თანხის გამოანგარიშება 2014 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისთვის უნდა განხორციელებულიყო „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების საფუძველზე.

პალატის მოსაზრებით, მითითებული დადგენილებით განსაზღვრული ფორმულის გამოსათვლელად შესაბამისი ფაქტობრივი მონაცემების მითითების საპროცესო ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრებოდა, ვინაიდან, მის საკუთრებაში არსებული ელექტროქსელის მონაცემები უპირატესად მისთვისაა ხელმისაწვდომი. უდავო იყო, რომ ფორმულის გამოთვლის კომპონენტებზე მოსარჩელეს სასამართლოსთვის არც მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგენია. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მას არ გააჩნია ინტერესი მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის თმენისთვის ხსენებული ფორმულით დაანგარიშებული კომპენსაცია მიიღოს.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

12.1. სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის 2008-2011 წლებში გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისთვის დადგენილი ტარიფი (ფასი) გაავრცელა მომდევნო პერიოდზე. არცერთ საქონელსა და არცერთ მომსახურებზე არ არსებულა და არ იარსებებს მუდმივი ფასი ან ტარიფი, მიუხედავად იმისა, რეგულირებადია ის თუ არა. ამასთან, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია და ამდენად, შეუძლებელია რომ 2012 წელს განსაზღვრულიყო, თუ რა ფასი ექნებოდა ამა თუ იმ საქონელს ან მომსახურებას მომდევნო პერიოდში.

12.2 სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, თმენის ვალდებულებისთვის საკომპენსაციო თანხა უნდა განისაზღვროს სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით.

12.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილი და არასწორად გაავრცელა სასარჩელო მოთხოვნაზე 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. კასატორს მიაჩნია, რომ ვალდებულებების პერიოდულად წარმოშობისათვის აუცილებელია გარკვეული პერიოდების სამართლებრივი გამოკვეთა, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმადაც, ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს.

12.4. კასატორის განმარტებით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ალტერნატიული მოთხოვნებიდან: თმენის კომპენსაციის ან გატარების საფასურის გადახდევინების არჩევის უფლება კასატორს აქვს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ 2011-2012, 2014-2015 წლებში საკუთარი ელექტრო გამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის მოპასუხის მიმართ კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნის უარყოფის ნაწილში ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა. აღნიშნულ ნაწილში კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დასაბუთებულია.

15. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის თმენის კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია), „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტიდან (თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ანდა წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლიდან (პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია; თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად) და „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების (ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან) მე-5 მუხლის პირველი პუნქტიდან (ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური („R“) გაიანგარიშება გატარების ფასის („P“) გამრავლებით ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე („W“) (ფორმულა: R = P * W). გატარების საფასურის(„P“) გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების გამრავლებით მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე - 0.2 (20%) და გაყოფით ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიური (საპროექტო) გამტარუნარიანობაზე (კვტ.სთ) (ფორმულა: P = (A * K) / (S)) გამომდინარეობს.

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენისათვის, ყოველ გატარებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე დადგინდა ტარიფი (კომპენსაცია) - 0.0035 ლარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მისთვის ლიცენზიატი კომპანიის მსგავსი ტარიფი უნდა დაედგინა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. ამდენად, მითითებული წესის მიხედვით, ამ ურთიერთობისათვის განაწილების ლიცენზიატს შეუძლია, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იგივე ან იმაზე ნაკლები ტარიფი, რაც დადგენილია სემეკის მიერ ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეეძლოთ, მოსარჩელისათვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა (1 კვტ/სთ-ზე 0.0035 ლარი) უფრო ნაკლები ოდენობითაც განესაზღვრათ, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება საკომპენსაციო თანხის გაზრდის თაობაზე არალიცენზიატი მფლობელისათვის განსაზღვრული ტარიფის ოდენობამდე. გარდა ამისა, საქმის მასალებით ელექტროენერგიის განაწილების ბაზარზე არ დასტურდება ელექტროენერგიის გატარების მომსახურების ფასის ზრდა 2012 წლის 19 აპრილიდან (იხ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.

17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას 2011-2012 წლებში კასატორის ელექტროგამანაწილებელი ქსელით სარგებლობისათვის მოპასუხის მიმართ კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და კასატორის ყურადღებას ამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, სახელდობრ, მოსარჩელის მოთხოვნა არა ხელშეკრულებიდან, არამედ კანონიდან კერძოდ კი, სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს. ამ დასკვნის საფუძველია 2008 წლიდან მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობა და მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, ელ.ენერგიის გატარებისა და ელ.ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ხანდაზმულობის საერთო ვადას - 10 წელს უნდა დაექვემდებაროს (ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას.

17.1. უდავოა, რომ მოსარჩელე კომპანიის ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით გატარებულ იქნა 2011 წელს - 6011640 კვტ.სთ, ხოლო 2012 წელს - 5563332 კვტ.სთ ელექტროენერგია, შესაბამისად, 2011-2012 წლებში მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენის კომპენსაცია უნდა განისაზღვროს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გონივრული ტარიფის - 1 კვტ.სთ-ზე 0.0035 ლარის გამრავლებით 2011 და 2012 წლებში ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, რაც შეადგენს: 2011 წლისთვის - 21040.74 ლარს (6011640 კვტ.სთ * 0.0035 ლარი), ხოლო 2012 წლისთვის - 19471.66 ლარს (5563332 კვტ.სთ * 0.0035 ლარი).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 2011-2012 წლებში მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენის კომპენსაციის ანაზღაურება - 40512.4 ლარის (21040.74 ლარს + 19471.66 ლარი) ოდენობით.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ელ.ენერგიის გატარებისა და ელ.ქსელით სარგებლობის თმენის საკომპენსაციო თანხის გამოანგარიშება 2014 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისთვის უნდა განხორციელდეს „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების საფუძველზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, სსკ-ის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმების დებულებით გათანაბრებულია „ელექტროენერგიის გატარებისა“ და „თმენის“ კომპენსაცია და დადგენილია შემდეგი ქცევის წესი: თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო, ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ მიხედვით (შდრ. სუსგ №ას-1174-1104-2015, 11.03.2016).

„მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით, დადგინდა ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი). სახელდობრ, დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური („R“) გაიანგარიშება გატარების ფასის („P“) გამრავლებით ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე („W“) (ფორმულა: R = P * W). გატარების საფასურის („P“) გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების გამრავლებით მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე - 0.2 (20%) და გაყოფით ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიურ (საპროექტო) გამტარუნარიანობაზე (კვტ.სთ) (ფორმულა: P = (A * K) / (S)).

ამდენად, 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა წესი (ფორმულა), რომლის მიხედვითაც, უნდა განხორციელდეს ქსელის მფლობელის კომპენსირება მისი ქსელით სარგებლობის თმენისათვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პოზიცია, რომ 2014 წლის 1 იანვრის შემდეგაც კომპენსაციის გამოთვლა არა მითითებული ფორმულით, არამედ მანამდე არსებული ზოგადი წესის მიხედვით უნდა განხორციელდეს.

19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო სარჩელი 2014-2015 წლების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს, „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების შესაბამისად არ მოუთხოვია კომპენსაციის გამოანგარიშება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განსაზღვრა, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და სადავო სამართალურთიერთობისადმი მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა და ის შეზღუდული არ არის მხოლოდ მხარის მიერ მითითებული სამართლის ნორმებით.

განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე არ მიუთითებია, აღნიშნული არ აბრკოლებდა სასამართლოს ხსენებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით სარჩელი დაეკმაყოფილებინა შესაბამისი ფაქტობრივი საფუძვლებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის აქტივების საბალანსო ღირებულება 67112.48 ლარს შეადგენდა (იხ. ტ. ІІ, ს.ფ. 307), ხოლო ელექტროგამანაწილებელი ქსელის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობა 47471040 კვტ.სთ იყო (იხ. ტ. І, ს.ფ. 309).

სემეკის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქსელის მფლობელის მიმართ გადასახდელი გატარების მომსახურების საფასური (თმენის კომპენსაცია) 2014 წლისათვის შეადგენს 1748.84 ლარს (გატარების ფასი განისაზღვრება 0.00028 ლარით (67112.48 ლარი (აქტივების ღირებულება) * 0.2 / 47471040 (წლიური გამტარუნარიანობა), რომელიც მრავლდება 2014 წელს ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე - 6245856 კვტ.სთ-ზე); 2015 წლისთვის კი, შეადგენს 1430.46 ლარს (0.00028 * 2015 წელს ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე - 5108796 კვტ.სთ-ზე).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 2014-2015 წლებში მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ქსელით სარგებლობის თმენის კომპენსაციის ანაზღაურება - 3179.3 ლარის (1748.84 ლარს + 1430.46 ლარი) ოდენობით.

20. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2011-2015 წლებში ამ უკანასკნელის საკუთრებით სარგებლობისათვის უნდა დაეკისროს კომპენსაცია, მთლიანობაში - 66 095.38 ლარი (21 040.74 + 19 471.66 + 22 403.68 + 1748.84 + 1430.46).

21. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

22. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოპასუხეს, კასატორის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით ანაზღაურება 1050 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 257.1, 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს "პ.კ–ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს "პ.კ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ სს "ე.პ.ჯ–ას" დაეკისროს 66 095.38 ლარის გადახდა;

4. სს "ე.პ.ჯ–ას" დაეკისროს შპს "პ.კ–ის" სასარგებლოდ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1050 ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი