Facebook Twitter

№ ას-1096-1053-2016 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს." (მოსარჩელე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2015 წლის 15 სექტემბერს, ერთი მხრივ, შპს „ს.“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“, „მენარდე“ ან „პირველი კასატორი“) და, მეორე მხრივ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემდგომში - „მოპასუხე“, „შემსყიდველი“, „შემკვეთი“ ან „მეორე კასატორი“) შორის გაფორმდა №218 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მოძრაობის მაკონტროლებელი კამერების მიწოდება, მონტაჟი და მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით. მიწოდების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 ოქტომბრამდე.

2. მოსარჩელემ მოპასუხეს შესყიდული ტექნიკა დაგვიანებით, 2015 წლის 27 ნოემბერს, მიაწოდა, და მოითხოვა მიეთითებინა კამერების სამონტაჟო ადგილები.

3. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მიწოდებული მოძრაობის მაკონტროლებელი კამერები სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში გადააგზავნა, ხოლო 2015 წლის 24 დეკემბრის წერილით მოსარჩელეს სამონტაჟო კოორდინატები აცნობა.

4. 2016 წლის 8 იანვრის წერილით, რომელიც მოსარჩელეს 2016 წლის 12 იანვარს ჩაბარდა, მოპასუხემ სამეთვალყურეო კამერების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა დაადასტურა, ამასთან, მოსთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება და ოპტიკური სვიჩების, უწყვეტი კვების წყაროს და სამონტაჟო ყუთების დამონტაჟება, ასევე ერთმანეთთან და ქუთაისში მონიტორინგის ცენტრთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით დაკავშირება.

5. 2016 წლის 15 იანვარს მენარდემ სამონტაჟო სამუშაოები დაასრულა, მაგრამ არ განახორციელა კამერების ერთმანეთთან და მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირება.

6. 2016 წლის 16 იანვრის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ მათი მხრიდან კამერების დამონტაჟება განხორციელდა და არაუგვიანეს სამი დღისა თანხის ანაზღაურება მოითხოვა.

7. 2016 წლის 27 იანვრის წერილით შემკვეთმა უარი განუცხადა მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ კამერები ერთმანეთთან, ასევე ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით დაკავშირებული არ იყო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნიშნული სამუშაოს შესრულება მოითხოვა.

8. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბით საკომუნიკაციო მომსახურეობას შპს „დ. კ.“ უწევს, რომლისთვისაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული კამერების ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელში ჩართვისა და შემდგომ, მათი ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირებისათვის განსახორციელებელი სამუშაოს ღირებულება 8874 ლარს შეადგენს.

9. ხელშეკრულების 4.2. მუხლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები მყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

10. ამავე ხელშეკრულების №1 დანართის მიხედვით, 6 ცალი სამონტაჟო ყუთის შეძენა, მასთან ერთად ოპტიკური სვიჩების, უწყვეტი კვების წყაროს და სამონტაჟო ყუთების დამონტაჟება, ასევე ერთმანეთთან და ქუთაისში მონიტორინგის ცენტრთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით დაკავშირება შეფასებულია 8880 ლარით.

11. მენარდემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შემკვეთის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების საფუძველზე 78 989 ლარის, 2015 წლის 12 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით, 86 505 ლარისა და, მიუღებელი შემოსავლის სახით, 16 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

12. მოსარჩელის განმარტებით:

12.1. კამერებთან საერთოდ არ არის მიყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი და შეუძლებელია მათი ერთმანეთთან და მონიტორინგის ქსელთან დაკავშირება, ხოლო ზესტაფონიდან ქუთაისამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გაყვანის სამუშაოების განხორციელებას (35 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას) მინიმუმ 300 000 აშშ დოლარი სჭირდება. შესაბამისად, აბსურდულია მოსარჩელისთვის ამ სამუშაოების შესრულების დაკისრება;

12.2. ვინაიდან პროდუქციის მიწოდება 2015 წლის 27 იანვარს განხორციელდა, ხოლო მონტაჟისათვის 2 დღე იყო საჭირო, მოსარჩელე ვალდებულებას სრულად შეასრულებდა 2015 წლის 29 ნოემბერს. მოპასუხეს თანხის ასანაზღაურებლად 10 საბანკო დღე ჰქონდა, რომელიც 11 დეკემბერს ამოიწურა. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაკისრებოდა 2015 წლის 12 დეკემბრიდან, რაც სამ წელზე დაანგარიშებით 86 505 ლარს შეადგენს;

12.3. მოსარჩელემ მისაწოდებელი კამერების შესყიდვის მიზნით ბანკიდან აიღო სესხი, 80 000 ლარის ოდენობით, 20%-იანი სარგებლით, რაც 16000 ლარს შეადგენს, ხოლო, ვინაიდან მოპასუხემ დროულად არ აანაზღაურა შესყიდული საქონლის ღირებულება, მოსარჩელემ დროულად ვერ დაფარა სესხი და მიადგა 16 000 ლარის ოდენობით ზიანი.

13. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:

13.1. მართალია, მოსარჩელემ მოძრაობის მაკონტროლებელი კამერები დაამონტაჟა, მაგრამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მათი ერთმანეთთან და ქუთაისში მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირება არ განახორციელა, რის გარეშეც კამერები თავის ფუნქციურ დანიშნულებას კარგავს. შესაბამისად, არ შემდგარა მიღება-ჩაბარების აქტი და არც ღირებულება არ აუნაზღაურებია მოსარჩელისთვის;

13.2. ხელშეკრულების მე-13 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეს ერიცხება (ეკისრება) პირგასამტეხლო - 11 374 ლარი (144 დღე, დღეში ჯამური ღირებულების 0,1% - 78,98 ლარი).

14. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესყიდვების ობიექტის საერთო ღირებულების - 78 989 ლარის გადახდა; ასევე, - პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (78 989 ლარი) 0,05% 2015 წლის 12 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის - 16 000 ლარის დაკისრებაზე.

15. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა განეხორციელებინა კამერების მონტაჟი და შეექმნა ტექნიკური პირობები ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელთან კავშირის დასამყარებლად კამერების მონტაჟის ადგილზე, რაც მან შეასრულა. ყოველგვარი გონივრული განსჯის შესაძლებლობას სცილდებოდა იმ ალბათობის დაშვება, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გაბმას ქუთაისის მონიტორინგის ცენტრამდე, ვინაიდან ამგვარი სამუშაოების ღირებულება დიდად აღემატებოდა შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებას.

16. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ხელშეკრულების პირობების ჯეროვანი შესრულებისა და ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან კამერების დაკავშირების ვალდებულების, ასევე 2015 წლის 15 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1%) მოსარჩელისთვის დაკისრება.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ჯეროვანი შესრულების დავალდებულების, ასევე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 2015 წლის 15 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დღემდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დარჩა განუხილველი; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესყიდვების ობიექტის საერთო ღირებულების ნაწილის - 70 115 ლარის გადახდა; ასევე, - 2016 წლის 27 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს, 35,05 ლარის, გადახდა.

18. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოცემული სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად პასუხი უნდა გასცემოდა შემდეგ კითხვებს: 1) ვალდებული იყო თუ არა მოსარჩელე სათვალთვალო კამერები, გარდა ადგილზე დამონტაჟებისა, ასევე დაეკავშირებინა ერთმანეთთან და ქუთაისში მონიტორინგის ცენტრთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით; 2) ასეთი ვალდებულების არსებობისას, მისი განუხორციელებლობის შემთხვევაში, სრულად უნდა მიეღო თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება.

19. სააპელაციო პალატამ შეაფასა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიცემული განმარტებები გამოსაკვლევ საკითხებთან დაკავშირებით (1. კამერების ერთმანეთთან, ასევე ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირებისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მოწყობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს არ წარმოადგენდა; 2. ექვსი სამონტაჟო ადგილიდან 4-ზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი და დენის წყარო მიყვანილი არ ყოფილა; 3. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, 2017 წლის 15 იანვრისათვის ვეღარ განახორციელებდნენ კამერების ერთმანეთთან და ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირებას, რამეთუ ამ სამუშაოს შესრულების უფლება შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ შპს „დ. კ.“ გააჩნდა, რაც მოგვიანებით გახდა ცნობილი და რომლისთვისაც საჭირო იყო დამატებითი ხარჯები. დამატებითი ხარჯების ანაზღაურების გარეშე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით სათვალთვალო კამერების ერთმანეთთან, ასევე ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირებაზე უარი განაცხადეს, რის შესახებაც 2016 წლის 27 იანვრის წერილის პასუხად აცნობეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას), იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით და ხელშეკრულებაში გამოხატული ნების გონივრული განსჯის შედეგად დაასკვნა შემდეგი: ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ 78989 ლარის ფარგლებში მოსარჩელე მოპასუხეს მიაწვდიდა, როგორც მოძრაობის მაკონტროლებელ კამერებს, ასევე უზრუნველყოფდა მყარი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში ოპტიკური სვიჩების, უწყვეტი კვების წყაროს და სამონტაჟო ყუთების ადგილზე დამონტაჟებასა და სამონტაჟო ტერიტორიაზე უკვე მიყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით, აღნიშნული კამერების ერთმანეთთან, ასევე ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამონტაჟო და დამაკავშირებელი სამუშაოები არ გულისხმობდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გაყვანას, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებდა.

20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო ჯეროვნად შეესრულებინა, თუნდაც მესამე პირის, შპს „დ. კ.“ მეშვეობით და ამ მოქმედების განხორციელებისათვის ზედმეტი ხარჯის გაწევა დასჭირვებოდა, რადგან მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა აეღო მისი შეუსრულებლობის რისკი, მით უფრო, როდესაც არ არსებობდა სსკ-ის 632-ე მუხლით გათვალისწინებული, სამუშაოს პირადად შესრულების ვალდებულება. შესაბამისად, ვერ გაიზიარებდა მოსარჩელის მითითებას, რომ დამატებითი ხარჯების ანაზღაურების გარეშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით სათვალთვალო კამერების ერთმანეთთან, ასევე ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირების ვალდებულება არ გააჩნდა.

21. სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 629-ე, 645-ე, 648-649-ე მუხლებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ შემკვეთმა 2016 წლის 16 იანვრის წერილით, ასევე 2016 წლის 27 იანვრის წერილზე მენარდის პასუხით შეიტყო, რომ მენარდე დამატებითი ხარჯების ანაზღაურების გარეშე სამუშაოს ნაკლის გამოსწორებას არ აპირებდა, თუმცა, შემკვეთს, თავის მხრივ, ხელშეკრულებაზე უარი არ განუცხადებია. ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოპასუხემ ნაკლიანი შესრულება მიიღო, რის გამოც 2016 წლის 27 იანვრიდან მას ვალდებულება წარმოეშვა მენარდისთვის აენაზღაურებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება იმ თანხის გამოკლებით, რაც აუცილებელი იყო ნაკლის გამოსწორებისათვის და რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენდა 8 874 ლარს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დასაბუთებულად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში და მოპასუხეს 70 115 ლარის გადახდა დააკისრა.

23. სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მიიჩნია, რომ მოპასუხეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა 2016 წლის 27 იანვრიდან, ნაცვლად სარჩელში მითითებული 2015 წლის 12 დეკემბრისა.

24. რაც შეეხება მოპასუხის მოთხოვნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ჯეროვანი შესრულების ვალდებულების, ასევე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 2015 წლის 15 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე პირგასამტეხლოს მოსარჩელისათვის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ მოთხოვნით შეგებებული სარჩელი არ წარუდგენია. გამომდინარე აქედან, სსსკ-ის 381-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული მოთხოვნა დაუშვებელი იყო, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

25. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

26. პირველმა კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

27. მეორე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ჯეროვანი შესრულების ვალდებულებისა და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 2015 წლის 15 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.

28. პირველმა კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

28.1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №9 ბრძანების მე-9 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს; ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე, მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში). აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას (მოწვევა ოფერტზე) და იგი ვალდებულია სრულად აღწეროს მასში მოთხოვნები. აღნიშნული პროცედურა ემსახურება მიმწოდებლის მხრიდან სწორი და შემსყიდველისთვის მისაღები პროდუქტის შეთავაზებას;

28.2. სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა ის გარემოება, რომ კამერების ერთმანეთთან დაკავშირება უნდა მოხდეს ადგილზე არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით, თუმცა ამ განმარტების შემდეგ, გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო ჯეროვნად შეესრულებინა, თუნდაც მესამე პირის მეშვეობით და მოსარჩელის მითითება დამატებითი ხარჯების ანაზღაურების გარეშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით სათვალთვალო კამერების ერთმანეთთან, ასევე ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირების ვალდებულების არარსებობის თაობაზე გაზიარებული ვერ იქნებოდა;

28.3. სასამართლო, ერთი მხრივ, უდავოდ მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სამუშაოები უნდა ეწარმოებინა ადგილზე არსებული ქსელის მეშვეობით და, მეორე მხრივ, საერთოდ არ საუბრობს იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველმა არ მიაწოდა მიმწოდებელს მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ადგილზე არსებული ოპტიკური კაბელი არ წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას, იგი მესამე პირის, შპს „დ. კ.“ საკუთრებაა და მისი გამოყენება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. შემსყიდველი ვალდებული იყო აღნიშნული გარემოების შესახებ თავიდანვე მიეთითებინა სატენდერო დოკუმენტაციაში, ვინაიდან იგი არსებითად ცვლის სატენდერო/სახელშეკრულებო პირობებს, ამასთან, შემსყიდველი ვალდებული იყო წარმოედგინა მესაკუთრის შესაბამისი წერილობითი ნებართვა დაერთების სამუშაოების წარმოებასა და შესაბამისი „პაროლების“ გაცემის დადასტურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული „პაროლების“ გარეშე კამერების ერთმანეთთან და მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირება შეუძლებელია. ამდენად, მოსარჩელისთვის თავიდანვე უცნობი იყო რაიმე სახის დამატებითი ხარჯების გაწევის ალბათობის შესახებ და, ბუნებრივია, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემსყიდველის ქმედებით/უმოქმედობით გამოწვეული დამატებითი ხარჯები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულებულია, დარჩენილია მხოლოდ შესაბამისი „პაროლების“ (IP მისამართები) გაწერის პროცედურა. აღნიშნული პაროლები კი შემსყიდველმა მიმწოდებელს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. გამომდინარე აქედან, მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 78 989 ლარის გადახდა;

28.4. აღნიშნული საქმე უდავოდ მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სასამართლომ ცალსახად უპირატესობა შემსყიდველს მიანიჭა და ამ უკანასკნელს დაუტოვა უფლება, არ მიაწოდოს შემსრულებელს (არ ასახოს ტექნიკურ დავალებაში, ხელშეკრულებაში) ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებული არსებითი ინფორმაცია/პირობები (მათ შორის, ხარჯებთან დაკავშირებით), ხოლო შეფერხების წარმოშობის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა არაკეთილსინდისიერად დააკისროს შემსრულებელს. ცხადია, მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრებით შემსყიდველს უფლება ეძლევა, ჩაიდინოს არაკეთილსინდისიერი ქმედება, ხელშეკრულებაში არ ასახოს არსებითი პირობები და ინფორმაცია და შედეგად, მისი ბრალით გაუთვალისწინებელი შეფერხების შემთხვევაში ხარჯის გაწევა შემსრულებელს მოსთხოვოს, რითიც ამ უკანასკნელს ზიანი მიადგება;

28.5. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს დარიცხვის ათვლის თარიღთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლო საერთოდ არ ასაბუთებს, რატომ უნდა დაიწყოს ვადის ათვლა 2016 წლის 27 იანვრიდან და არა - 2015 წლის 12 დეკემბრიდან. ვინაიდან მოსარჩელემ მოპასუხეს პროდუქცია 27 ნოემბერს მიაწოდა და მის დამონტაჟებას 2 დღე დასჭირდებოდა, მოსარჩელე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებდა 29 ნოემბერს. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს 10 საბანკო დღე ჰქონდა თანხის ასანაზღაურებლად, რაც 11 დეკემბერს ამოიწურა. გამომდინარე აქედან, პირგასამტეხლოს დარიცხვის ვადის ათვლა 12 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს.

29. მეორე კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

29.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და ჩათვალა, რომ შემკვეთს ნაკლიანი შესრულება მიღებული აქვს. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 648-ე-649-ე მუხლები, რადგან არ არსებობს რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი (ამ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი), რაც დაადასტურებდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა არსებითი პირობის შესრულებას;

29.2. ვინაიდან ობიექტის მოწოდება და მისი ყველა კომპონენტის შესრულება დღემდე არ განხორციელებულა, მოპასუხეს, როგორც შემსყიდველ მხარეს, ობიექტის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობია;

29.3. სააპელაციო სასამართლომ არ დაავალდებულა მოსარჩელე სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

29.4. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სსკ-ის 417-ე მუხლი და არ დაავალდებულა მოსარჩელე მოპასუხისთვის გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო მიწოდების ვადის გადაცილებისათვის. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ ხელშეკრულების მე-13 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს პირგასამტეხლო 11 374 ლარის ოდენობით ერიცხებოდა.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მეორე კასატორის, ხოლო 2017 წლის 6 იანვრის განჩინებით პირველი კასატორის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

31. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

34. კასატორების პრეტენზიების განხილვამდე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებულია შერეული ხელშეკრულება. სსკ-ის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. ამას გარდა, ხელშეკრულების განმარტებისას უნდა გაირკვეს საქმე გვაქვს რამდენიმე ხელშეკრულების კომბინაციასთან, თუ დამატებით ვალდებულებებთან.

35. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტია მოძრაობის მაკონტროლებელი კამერების შესყიდვა დანართი №1-ის შესაბამისად. დანართი №1-ის თანახმად, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, მიმწოდებელმა ასევე იკისრა 6 ცალი სამონტაჟო ყუთის მიწოდების, მასთან ერთად ოპტიკური სვიჩების, უწყვეტი კვების წყაროს და სამონტაჟო ყუთების დამონტაჟების, ასევე მათი ერთმანეთთან და ქუთაისში მონიტორინგის ცენტრთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით დაკავშირების ვალდებულება, რომელიც შეფასებულია 8880 ლარით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 17-24).

36. ამდენად, ხელშეკრულების №1 დანართის თანახმად, სამონტაჟო სამუშაოებისთვის დადგენილია ცალკე საზღაური. ამასთან, მხარეთა შორის სადავოა სწორედ სამონტაჟო სამუშაოების - კამერების ერთმანეთთან და ქუთაისში მონიტორინგის ცენტრთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით დაკავშირების ვალდებულების შეუსრულებლობა, რის გამოც მოპასუხე უარს ამბობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის ანაზღაურებაზე. გამომდინარე აქედან, სადავო საკითხი მოწესრიგდება ნარდობის ხელშეკრულების შესახებ ნორმებით.

37. პირველი კასატორი (მენარდე) სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მას ეკისრებოდა დამატებითი ხარჯების ანაზღაურების გარეშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით სათვალთვალო კამერების ერთმანეთთან, ასევე ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირების ვალდებულება.

38. როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების №1 დანართის თანახმად, მოსარჩელის ვალდებულება იყო კამერების ერთმანეთთან და ასევე ქუთაისში მონიტორინგის ცენტრთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით დაკავშირება.

39. პირველი კასატორი მიუთითებს, რომ ადგილზე არსებული ოპტიკური კაბელი არ წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას, იგი მესამე პირის, „დ. კ.“, საკუთრებაა და მისი გამოყენება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბით საკომუნიკაციო მომსახურებას შპს „დ. კ.“ უწევს, რომლისთვისაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული კამერების ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელში ჩართვისა და შემდგომ, მათი ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირებისათვის განსახორციელებელი სამუშაოს ღირებულება 8874 ლარს შეადგენს.

40. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ხელშეკრულების 4.2. მუხლზე, რომლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები მყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

41. ამდენად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ მყარი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში ოპტიკური სვიჩების, უწყვეტი კვების წყაროს და სამონტაჟო ყუთების დამონტაჟებასა და ასევე კამერების ერთმანეთთან და ქუთაისში მონიტორინგის ცენტრთან ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელით დაკავშირებაზე.

42. მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევაში მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლს [631.1 მუხლი: თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო], ვინაიდან ეს ნორმა განსაზღვრავს მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. სუსგ №ას-888-834-2012, 30 დეკემბერი, 2013 წელი; №ას-397-381-2016, 1 ივლისი, 2016 წელი).

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები (იხ. სუსგ №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი). შესრულება უნდა მოხდეს იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია და დამოუკიდებელია იმ სიძნელეებისაგან, რომლებიც შეიძლება წარმოეშვას შემსრულებელ მხარეს. მხარე მოგების ნაცვლად კიდეც რომ აგებდეს ვალდებულების შესრულებით, მისი პირობები მაინც უნდა იქნეს დაცული (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, გამომცემლობა „სამართალი“, 2001, გვ. 399).

44. ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს რა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი), მოვალე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს ამ ვალდებულების შესრულებისაგან.

45. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი (იხ. სუსგ №ას-888-834-2012, 30 დეკემბერი, 2013 წელი; №ას-397-381-2016, 1 ივლისი, 2016 წელი).

46. პირველი კასატორის განმარტებით, მისთვის თავიდანვე უცნობი იყო რაიმე სახის დამატებითი ხარჯების გაწევის ალბათობის შესახებ. შემსყიდველი ვალდებული იყო ზემოაღნიშნული გარემოების შესახებ თავიდანვე მიეთითებინა სატენდერო დოკუმენტაციაში, ვინაიდან იგი არსებითად ცვლის სატენდერო/სახელშეკრულებო პირობებს.

47. სსკ-ის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.

48. სსკ-ის 398-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. „ამ შემთხვევაში გარემოებათა შეცვლას კი არა აქვს ადგილი, არამედ ცდომილებას. ხელშეკრულების დადების დროს მხარეები ცდომილების მდგომარეობაში იმყოფებოდნენ“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, გამომცემლობა „სამართალი“, 2001, გვ. 404).

49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა შეცვლას ან არასწორ წარმოდგენას ადგილი არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა მხარემ გამოიჩინა დაუდევრობა ან გაუფრთხილებლობა და ხელშეკრულების დადების დროს მას წინასწარ შეეძლო დაბრკოლების წარმოშობა ევარაუდა.

50. განსახილველ შემთხვევაში მენარდე, რომელიც დათანხმდა ოპტიკური სვიჩების, უწყვეტი კვების წყაროს და სამონტაჟო ყუთების დამონტაჟებასთან ერთად, ასევე კამერების ერთმანეთთან და ქუთაისში მონიტორინგის ცენტრთან ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელით დაკავშირებას, ვალდებული იყო გამოეჩინა წინდახედულება და აუცილებელი გულისხმიერება მის მიერ აღებული ვალდებულებების შინაარსის გარკვევის მიზნით, გამოეკვლია ყველა არსებითი გარემოება, რაც აუცილებელი იყო მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად. სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალში აღიარებულ კეთილსინდისიერების პრინციპს.

51. კეთილსინდისიერების ფარგლებში ხელშეკრულების ორივე მხარე თანაბარწილად ვალდებულია, ხელი შეუწყოს ხელშეკრულების შესრულებას, ამასთან, სამოქალაქო კოდექსი ამავე პრინციპზე დაყრდნობით მხარეს ზოგ შემთხვევაში უფრო მეტს აკისრებს, ვიდრე ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. მართალია, ნორმათა უმრავლესობა მასზე პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ მაინც მას ემყარება, ვინაიდან სამოქალაქო მართლწესრიგი სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ. სუსგ №ას-7-6-2010, 6 ივლისი, 2010 წელი).

52. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო ჯეროვნად შეესრულებინა, თუნდაც მესამე პირის, შპს „დ. კ.“ მეშვეობით და ამ მოქმედების განხორციელებისათვის ზედმეტი ხარჯის გაწევა დასჭირვებოდა.

53. რაც შეეხება მეორე კასატორის (მოპასუხის) საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 648-ე-649-ე მუხლები, რადგან არ არსებობს რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი (ამ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი), რაც დაადასტურებდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა არსებითი პირობის შესრულებას, ასევე უსაფუძვლოა.

54. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ №ას-323-307-2011, 1 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-770-737-2014, 29 მაისი, 2015 წელი; №ას-746-714-2016, 8 მაისი, 2017 წელი).

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა a priori არ ადასტურებს ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში პრობლემურია არა მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, არამედ - მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. ვინაიდან მენარდემ ვერ დაამტკიცა მის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობა, მოსარჩელის მიერ კამერების ერთმანეთთან და ქუთაისში მონიტორინგის ცენტრთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით დაკავშირების ვალდებულების შეუსრულებლობით სახეზეა ნაკლიანი შესრულება. მენარდემ ისე უნდა შეასრულოს შეპირებული სამუშაო, რომ შემკვეთისათვის დადგეს სწორედ ის განსაზღვრული შედეგი, რაზედაც შეუთანხმდა მენარდეს, ანუ შესრულება უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებულ პირობებს (იხ. სუსგ №ას-1294-1214-2015, 27 ივნისი, 2016 წელი). სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს.

56. დადგენილია, რომ 2016 წლის 8 იანვრის წერილით მოპასუხემ სამეთვალყურეო კამერების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა დაადასტურა, ამასთან, მოსთხოვა ოპტიკური სვიჩების, უწყვეტი კვების წყაროს და სამონტაჟო ყუთების დამონტაჟება, ასევე მათი ერთმანეთთან და ქუთაისში მონიტორინგის ცენტრთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით დაკავშირება (იხ. ტ. 1. ს. ფ. 34, 35). 2016 წლის 16 იანვრის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ მათი მხრიდან კამერების მონტაჟი განხორციელდა და არაუგვიანეს სამი დღისა თანხის ანაზღაურება მოითხოვა. ამასთან, წერილში აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მითითებულ ადგილებზე არ იყო მიყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერები და დენის წყარო. შესაბამისად, არც მოპასუხის მიერ გამოყოფილ სპეციალისტს არ მიუთითებია რომელიმე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ან დენის წყარო, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო კამერების ერთმანეთთან და მათი ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირება (იხ. ტ. 1. ს. ფ. 36). 2016 წლის 27 იანვრის წერილით შემკვეთმა დაადასტურა, რომ მენარდემ განახორციელა მოძრაობის მაკონტროლებელი კამერების მონტაჟი, მაგრამ უარი განუცხადა მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ კამერები ერთმანეთთან, ასევე ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით დაკავშირებული არ იყო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული აღნიშნული სამუშაოს შესრულება მოითხოვა (იხ. ტ. 1. ს. ფ. 37).

57. დადგენილია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბით საკომუნიკაციო მომსახურებას შპს „დელტა კომი“ უწევს, რომლისთვისაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული კამერების ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელში ჩართვისა და შემდგომ, მათი ქუთაისის მონიტორინგის ცენტრთან დაკავშირებისათვის განსახორციელებელი სამუშაოს ღირებულება 8874 ლარს შეადგენს.

58. ამდენად, 2016 წლის 27 იანვრის წერილით შემკვეთმა უარი განუცხადა მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე ნაკლიანი შესრულების საფუძვლით, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მითითებული ნაკლი არ გამოასწორა, ხელშეკრულებაზე უარი არ განუცხადებია, რითიც ფაქტობრივად მიიღო ნაკლიანი შესრულებული სამუშაო.

59. შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას [სსკ-ის 648-ე მუხლი]. თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში [სსკ-ის 649-ე მუხლი].

60. სსკ-ის 645-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელია, ნაკლის გამო, შესრულებული სამუშაოს ღირებულების შემცირება. შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას გამოაკლო ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯი (8874 ლარი).

62. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა პირველი კასატორის (მენარდის) პრეტენზია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელდეს 2015 წლის 12 დეკემბრიდან (იხ. წინამდებარე განჩინების 28.5. ქვეპუნქტი), რადგან სწორედ 2016 წლის 27 იანვრიდან წარმოეშვა მოპასუხეს ვალდებულება აენაზღაურებინა მოსარჩელისთვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო.

63. რაც შეეხება მეორე კასატორის (მოპასუხის) პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაავალდებულა მოსარჩელე სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ასევე გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო მიწოდების ვადის გადაცილებისათვის, რის შესახებაც მან შესაგებელში მიუთითა, დაუსაბუთებელია.

64. ზემოაღნიშნული მოთხოვნები მოპასუხეს შეეძლო ჩამოეყალიბებინა მხოლოდ შეგებებულ სარჩელში, რაც მას არ განუხორციელებია. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე კი აღნიშნული მოთხოვნების დაყენება, სსსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად [დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია], დაუშვებელია.

65. ამასთან, მოპასუხეს შეეძლო შესაგებელში მიეთითებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლებაზე, ვინაიდან გაქვითვა წარმოადგენს პირის მატერიალურ-სამართლებრივ აღმჭურველ უფლებას და ამ უფლების რეალიზაციას ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისათვის შეტყობინებით ახდენს. შესაბამისად, მხარეს ამ უფლების განსახორციელებლად არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა ან დაწყებულ პროცესში შეგებებული სარჩელის აღძვრა და ზედმეტი სასამართლო ხარჯების გაწევა. პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მას შეუძლია, წარადგინოს მოთხოვნის მომსპობი შესაგებელი (იხ. სუსგ №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი).

66. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე აღნიშნავდა, რომ ხელშეკრულების მე-13 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ერიცხება (ეკისრება) პირგასამტეხლო - 11 374 ლარი (144 დღე, დღეში ჯამური ღირებულების 0,1% - 78,98 ლარი). თუმცა, მას აღნიშნული არ ჰქონია ჩამოყალიბებული ისე, რომ აღქმული ყოფილიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე გამოხატულ ნებად. შესაბამისად, შესაგებელში პირგასამტეხლოს ოდენობაზე მოპასუხის მითითებას სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

67. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

68. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

69. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

70. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

71. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 684 ლარის 70% – 478.8 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს.“ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ შპს „ს.“ (ს/კ: 204436...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 3 იანვარს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 684 (ექვსას ოთხმოცდაოთხი) ლარის 70% – 478.8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. კასატორი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი