საქმე №ას-522-499-2016 5 აპრილი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს-ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის უფლებამონაცვლე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურმა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან სააგენტო) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-იის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) მიმართ, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 500 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 1 მაისს გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსმა მოპასუხე კომპანიის მიერ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 512 მუხლის საფუძველზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები გადაეგზავნა შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს, ვინაიდან ზიანი შეადგენდა 7 500 ლარს. შსს-ს ოზურგეთის რაიონულმა სამმართველომ მასალები დაუბრუნა მოსარჩელეს ადმინისტრაციული წარმოებისათვის, რის შემდეგაც ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაიგზავნა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის დადგენილებით შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ამავე კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ვადის გასვლის გამო.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია სარჩელში მითთებული ფაქტები ადმინისტრაციული წარმოებისა და შემდგომ სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არამედ მან უარყო ზიანის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ განსაზღვრულ ვადაში კომპანია ასრულებდა სამუშაოს, რომელსაც ზედამხედველობდა გარემოს დაცვის სამსახური. სამუშაოს შესრულებისას არ დაფიქსირებულა გარემოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი. სარჩელს არ ერთვის მტკიცებულება, რომლითაც განისაზღვრებოდა ზიანის დადგომის მიახლოებითი დრო მაინც. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ეტაპზე მოსარჩელე კომპანიისათვის სახდელის დადებასთან ერთად მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებასაც 7 500 ლარის ოდენობით, თუმცა სარჩელზე დართული განჩინებით დგინდება, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნაზე. საქმის განხილვისას სააგენტომ განმარტა, რომ მიწის ჰუმუსოვანი ფენა მოპასუხემ აიღო იმ ადგილას, სადაც აშენდა კორპუსი, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სადავო კორპუსის მშენებლობა სხვა კომპანიის მიერ არის დაწყებული, მოპასუხემ გააგრძელა იგი და დაასრულა მესამე კომპანიამ, მოპასუხე სამუშაოებს დამტკიცებული პროექტის შესაბამისად აწარმოებდა. დღეისათვის შენობა ჩაბარებულია და რაიმე პრეტენზია პროექტის გადაცდომასთან დაკავშირებით არავის გამოუთქვამს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის _ 7 500 ლარის ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი, ასევე, სარჩელის განუხილველად დატოვებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპლანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს კანონისმიერი ვალდებულების, კერძოდ _ დელიქტური ქმედებიდან გამომდინარე მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ: კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის წინაპირობების დადგენის მიზნით, სააპელაციო პალატა დაეყრდნო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტია და ამ ოქმის საფუძველზე სასამართლოს მოპასუხისათვის სანქცია არ დაუკისრებია ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალულ ქმედებას, ამ ქმედების შედეგად სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენებას და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირს დაადასტურებდა, ასევე, საქმეში არ მოიპოვება ზიანის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გარდა ამისა, სასამართლომ იხელმძღვანელა ცალმხრივად შედგენილი აზომვითი ნახაზებითა და სპეციალისტის მიერ მიცემული განმარტებით, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც არ დგინდება დაზიანებული მიწის ადგილმდებარეობა, მისი ზუსტი მოცულობა და მიყენებული ზიანის ოდენობა. სპეციალისტის განმარტებით, გამოანგარიშებული თანხა წარმოადგენს სავარაუდო ზიანს. გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა დამტკიცებული პროექტის შესაბამისად და არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.
1.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. 2011 წლის 31 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და დაგეგმარების სამსახურმა გასცა #61 მშენებლობის სანებართვო მოწმობა შპს „ბ-ის“ სახელზე;
1.2.2. სამშენებლო სამუშაოები შეასრულა მოპასუხემ, კერძოდ, 2011-2012 წლებში მან 3 ჰესის სამშენებლო სამუშაოები აწარმოა;
1.2.3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს #002545 ოქმის თანახმად, მოპასუხე მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. ოქმში აღნიშნულია, რომ: „გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის მთისპირის სატყეოს #3 და #7 კვარტალში, ბახვი 3-ის მშენებლობისათვის ტყის ფონდის მიწებზე უკანონოდ მითვისებული 500 კვ.მ ფართობზე მოხსნილი იქნა ჰუმუსოვანი ფენა. ფენა სისქით 5სმ (საშუალოდ) და მდინარის საშუალებით მოხდა გატანა (რელიეფიდან გამომდინარე), რაც დაკავშირებული არ იყო დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან“;
1.2.4. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის დადგენილებით, კომპანიას არ დაედო სახდელი ხანდაზმულობის გამო და შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;
1.2.5. ტყის ფონდში ნიადაგის ნაყოფიერი ფენის თვითნებურად მოხსნის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების უწყისი შეიცავს შემდეგ მითითებებს: სატყეო უბანი - ოზურგეთი; სატყეო - მთისპირი; კვარტალი #-3; 7; გარემოზე მიყენებული ზიანის ფართობი მ2-ში - 500; ჰუმუსოვანი ფენის საშუალო სისქე - 0.05; თვითნებურად მოხსნილი ჰუმუსოვანი ფენის მოცულობა სულ მ3 – 25; 1 კბ.მ-ზე თვითნებურად მოხსნილი ჰუმუსოვანი ფენის ღირებულება - 300 ლარი; სულ გარემოზე მიყენებული ზიანი - 7 500 ლარი; უწყისზე შენიშვნა შემდეგი შინაარსისაა: 1მ2-ზე თვითნებურად მოხსნილია 0.05მ3 ჰუმუსოვანი ფენა; 500მ2-ზე იქნება 25მ3; 25მ3 X 300ლ=7 500 ლარს;
1.2.6. სასამართლო სდომაზე დაკითხული სპეციალისტის განმარტებით, „ჰ-იამ“, ტყის ფონდს მოსთხოვა სამუშაოების შესრულებისას აუთვისებელი ფართობის უკან დაბრუნება. მითითებული მიწის ნაკვეთი შესწავლილ იქნა ადგილზე და დარღვევები დაფიქსირდა. გაიზომა ჰუმუსოვანი ფენის სისქე, ერთ კვადრატულ მეტრზე მოხსნილი ფენიდან დაანგარიშებულ იქნა რამდენ კუბს იძლეოდა ის. მოხსნილი ფენა იყო 5 სანტიმეტრის სისქის, ის ერთობლიობაში იძლეოდა 25 კუბურ მეტრს. ერთი კუბური მეტრის ღირებულება შეადგენს 300 ლარს, ნამრავლით _ 7 500 ლარს. გაანგარიშება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #54 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტით, გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის მიხედვით. სადავო ტერიტორია არხის პირას მდებარეობს, სიგრძივად მიჰყვება მას, წყალი შედის წნევით. სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციას მიწაში უნდა ჩაეყარა მილები. 500მ2 ფართობზე მილები ჩაყარეს ოდნავ აცდენით (რაზედაც აქვთ პროექტის შესწორებაც), რაც შემდგომ სხვა ადგილას განახორციელეს, ამით დაზიანდა მიწის ჰუმუსოვანი ფენა, მიახლოებით 500 კვადრატულ მეტრზე. დაზიანებული ნაკვეთის რელიეფი იყო კლდოვანი, კლდეზე ხალიჩასავით დევს 5სმ-იანი სისქის ნიადაგი, რომელიც არის ჩამოთხრილი. დაზიანებული ფართობი შეადგენდა 25 კუბურ მეტრს, ერთ კუბურ მეტრზე ზიანის ოდენობა შეადგენს 300 ლარს, აღნიშნული გაანგარიშებით კი, საბოლოოდ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრა 7 500 ლარით. ოზურგეთის უბანში შედის 5 სატყეო, ერთ-ერთი უბანია მთისპირი, უბანი დაყოფილია კვარტლებად, ზიანი დაფიქსირდა მხოლოდ მე-3 და მე-7 კვარტალში. დაწყებული იყო მესამე კვარტალში, რომელიც გადადიოდა მე-7 კვარტალში.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევითაა გამოტანილი, შესაბამისად, იურიდიულად არ არის დასაბუთებული. ხსენებული გარემოებები კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.
1.3.1. როგორც უკვე ითქვა, სასარჩელო მოთხოვნა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან, კერძოდ _ დელიქტიდან გამომდინარეობს და მოსარჩელე მოპასუხეს ედავება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ფულად ანაზღაურებას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 409-ე და 412-ე მუხლებია. დასახელებულ ნორმათა დანაწესებიდან გამომდინარე, პირისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება დაიშვება, თუ დადგინდება, რომ მისი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული, ამ ქმედებას შედეგად მოჰყვა ზიანი და არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და პირის ქმედებას შორის. გარდა ამისა, როდესაც ზიანის ფულადი ანაზღაურება წარმოადგენს დავის საგანს, თავად ზიანის ფაქტიდან გამომდინარე, უნდა გამოირიცხებოდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა (408.1), ამასთან, ზიანი წინასწარ სავარაუდო უნდა იყოს ნებისმიერი საშუალო წინდახედული ადამიანისათვის.
1.3.2. სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პრეტენზიების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მითითების დონეზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, მასში გადმოცემულია დელიქტური ქმედების ფაქტობრივი აღწერილობა (სკ-ის 992-ე მუხლი), მოპასუხე კი, შესაგებლით არ ეთანხმება სარჩელში გადმოცემულ ფაქტებს და კვალიფიციურ შედავებას სთავაზობს სასამართლოს, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მშენებლობა მან სხვა კომპანიებთან აწარმოა, პროცესი ადმინისტრაციული ორგანოს ნებართვის ფარგლებში მიმდინარეობდა და მას პროექტი არ დაურღვევია, რაც შეეხება ზიანის მიყენების ფაქტს, მის წინააღმდეგ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმზე საქმის წარმოება შეწყვეტილია ხანდაზმულობის გამო, ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.
1.3.3. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ნაწილდება შემდეგნაირად: მოთხოვნის განმაპირობებელი წინაპირობების მტკიცება, მით უფრო, როდესაც ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევიდან გამომდინარე ქმედებაა, ეკისრება მოსარჩელეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებული თავს გაართმევს კანონით დაკისრებულ მტკიცების სტანდარტს, ზიანის მიმყენებელს ევალება მოთხოვნის გამომრიცხველი წინაპირობების დადასტურება (მაგ: მისი ქმედება წარმოადგენდა მართლზომიერს).
1.3.4. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას მოსარჩელე ამყარებს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს #002545 სამართალდარღვევის ოქმზე, ხოლო, ზიანის ოდენობის განსასაზღვრად იშველიებს ზიანის გაანგარიშების უწყისს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის შედავებიდან გამომდინარე, მიწის ჰუმუსოვანი ფენის მოხსნისა და ამ გზით გარემოსათვის ზიანის მიყენება არ შეიძლება დადგინდეს სამართალდარღვევის ოქმზე დაყრდნობით, რადგანაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე და 239-ე მუხლების თანახმად, ამავე კოდექსის 512 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა) შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის კანონიერება სასამართლოს კონტროლს ექვემდებარება. საქმეში წარმოდგენილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის დადგენილებით ირკვევა, რომ ქმედების ჩადენიდან გასული იყო ადმინისტრაციული სახდელის დადების 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა და სასამართლომ გარემოებათა ყოველგვარი შეფასება-დადგენის გარეშე შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წარმოება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს ხსენებული დადგენილება საფუძველს აცლის სამართალდარღვევის ოქმში გადმოცემულ გარემოებებს, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ გარემოს ზიანი მიაყენა უშუალოდ მოპასუხემ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამგვარად ვერ იქნება განხილული ვერც ზიანის გაანგარიშების უწყისი და ვერც სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკითხული სპეციალისტის განმარტება, რომლებიც დამდგარი შედეგის მხოლოდ კონსტანტაციაა და არ ასახავს უტყუარ ინფორმაციას ქმედების მოპასუხის მიერ განხორციელებასა და ამ ქმედებასა და გარემოსათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივ კავშირზე.
1.3.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას სათანადო მოსარჩელის საკითხზე და ყურადღებას გაამახვილებს სამართალდარღვევის ოქმის გამომცემ სუბიექტზე. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მიწის ჰუმუსოვანი ფენის დაზიანების ფაქტზე სამართალდარღვევის ოქმი გამოსცა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიულმა ერთეულმა _ გურიის სატყეო სამსახურმა. ამ უკანასკნელმა მიმართა სასამართლოს კომპანიის დაჯარიმებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნითაც, თუმცა, როგორც ითქვა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის დადგენილებით, ხანდაზმულობის გამო, შეწყდა საქმის წარმოება, თეორიული თვალსაზრისით, სსიპ-ის ტერიტორიულ სამსახურს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს, არ დაუკარგავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, გარემოსათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო სამართალწარმოებით მოთხოვნის თაობაზე, შესაბამისად, ქვემდგომ სასამართლოებს არ დაურღვევიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნები.
1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), თავად იღებს ახალ გადაწყვეტილებას: ვინაიდან მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიერ გარემოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მისი სარჩელი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. საპროცესო უფლებამონაცვლეობა:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
2.2. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი სასამართლოში აღძრულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის მიერ. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (მუხლი 14.) განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლებურად განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის #112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტის თანახმად, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია ეროვნული სატყეო სააგენტო, რაც წინამდებარე დავაში მისი უფლებამონაცვლედ დაშვების საფუძველია.
3. პროცესის ხარჯები:
3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
3.2. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად იქნა უარყოფილი სარჩელი, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯის _ 675 ლარის გადახდა. რაც შეეხება სარჩელზე გადასახდელ სახელმწიოფო ბაჟს, ვინაიდან რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელე გაათავისუფლა ამ ვალდებულებისაგან, ხსენებულ ხარჯს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 92-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.
2. შპს „ს-იის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
3.1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის უფლებამონაცვლე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი შპს „ს-იის“ მიმართ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის უფლებამონაცვლე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (ს/კ 204578581) შპს „ს-იის“ (ს/კ 4-...) სასარგებლოდ პროცესის ხარჯის სახით დაეკისროს 675 ლარის გადახდა.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე