Facebook Twitter

საქმე №ას-1030-2018 19 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – კ. და მ. გ-ები (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ნ. ც-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – ი. გ-ი, ხ. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი/მ ნ. ც-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. გ-ის (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“), მ. გ-ის (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“), ხ. ქ-ის (შემდგომში − „მესამე მოპასუხე“) და ი. გ-ის (შემდგომში − „მეოთხე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) მიმართ მემკვიდრედ ცნობის, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მეორე მოპასუხე ცნობილი იქნა აწ გარდაცვლილი კუკური გრიგალაშვილის კანონიერ მემკვიდრედ და დანაშთი ქონების (თბილისი, ზ. ჩ. ქუჩა №...., საკადასტრო კოდი: 01.19.36.....) 1/4 ნაწილის მესაკუთრედ. მეოთხე მოპასუხე ცნობილი იქნა აწ გარდაცვლილი კ. გ-ის კანონიერ მემკვიდრედ და დანაშთი ქონების (თბილისი, ზ. ჩ. ქუჩა №..., საკადასტრო კოდი: 01.19.36....) 1/4 ნაწილის მესაკუთრედ. პირველი მოპასუხე ცნობილი იქნა აწ გარდაცვლილი კ. გ-ის კანონიერ მემკვიდრედ და დანაშთი ქონების (თბილისი, ზ. ჩ. ქუჩა №..., საკადასტრო კოდი: 01.19.36...) 2/4 ნაწილის მესაკუთრედ. პირველ, მეორე და მეოთხე მოპასუხეებს მიღებული სამკვიდროს წილის პროპორციულად დაეკისრათ 2015 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა 17 000 აშშ დოლარი, პროცენტი − 5 100 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო − 100 აშშ დოლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ზ. ჩ. ქუჩა №..., საკადასტრო კოდი: 01.19.36...., სარეალიზაციოდ მიქცევა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეებისთვის 2017 წლის 24 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 425 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე მიუღებელი შემოსავლის შედეგად გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 2017 წლის 22 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 3,4 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს სახით 1147,8 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სასარჩელო მოთხოვნები მესამე მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამასთან, პირველ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით 444 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. მეორე მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე ასევე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: ა) სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით 222 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა; ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ერთობლივად დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) სააპელაციო საჩივრის წარდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა მისი შემტანი პირების რეკვიზიტები; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. აპელანტებს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრათ 7- დღიანი ვადა.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით აპელანტებს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდათ 7 დღით. განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტებმა ხარვეზი შეავსეს ნაწილობრივ, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით. პირველ მოპასუხეს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით 444 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად, უკვე გადახდილი 346,97 ლარის გამოკლებით და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. მეორე მოპასუხეს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: ა) სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით 222 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად, უკვე გადახდილი 150 ლარის გამოკლებით და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა; ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აპელანტებს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) სააპელაციო საჩივრის წარდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა მისი შემტანი პირების რეკვიზიტები; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ გაეგზავნათ აპელანტებს მათ მიერ მითითებულ მისამართზე, სადაც 2018 წლის 10 აპრილს პირველ მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა პირადად და მანვე, როგორც მეორე მოპასუხის შვილმა, ჩაიბარა მისი გზავნილი. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა აპელანტებს დაეწყოთ 2018 წლის 11 აპრილს და ამოეწურათ 2018 წლის 17 აპრილს.

9. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა ზ. ბ-ემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, სადაც აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ჰქონდათ საკმარისი სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვა მისი წარმოებაში მიღება, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტებს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.

10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შედეგების შესახებ აპელანტები გაფრთხილებულნი იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის, 2018 წლის 10 იანვრისა და 5 მარტის განჩინებებით. ამრიგად, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7-დღიან საპროცესო ვადაში არ შეავსეს ხარვეზი და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიუმართავთ სასამართლოსთვის, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობდა წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა და მეორე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

12. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

12.1. აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს განცხადება, რომლითაც შეამცირეს თავიანთი მოთხოვნა. ვინაიდან მხარეს სრულად აუნაზღაურდა იპოთეკის თანხა, ამასთან, აპელანტებს ნოტარიულად მიღებული აქვთ მემკვიდრეობა, ისინი გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ მხოლოდ სამკვიდროს განაწილების ნაწილში და ითხოვენ წილების, სამკვიდრო მოწმობაში მითითებული სახით, დარეგისტრირებას;

12.2. აპელანტებმა გადაიხადეს შესაბამისი ბაჟი და არა სადავო თანხის 4%, რადგან თანხა უკვე გასტუმრებული ჰქონდათ და ამ საკითხზე არ დავობდნენ.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

16. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიუმართავთ სასამართლოსათვის, რის გამოც არსებობდა წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.

17. აღნიშნული დასაბუთების საპირისპიროდ, კერძო საჩივრის ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ გადახდილი ჰქონდათ თავიანთი შემცირებული მოთხოვნის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი და სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ დარჩა განუხილველი.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მითითებას მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ 2018 წლის 12 თებერვალს აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს განცხადება, რომლითაც შეამცირეს მოთხოვნა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო გახადეს მხოლოდ სამკვიდროს წილების განსაზღვრისა და პროცენტის სახით 2 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში (იხ. ტ. 2. ს. ფ. 94). 2018 წლის 17 აპრილს წარდგენილი განცხადებით პირველმა მოპასუხემ ხელახლა შეამცირა მოთხოვნა და სასამართლო გადაწყვეტილება სადავო გახადა მხოლოდ სამკვიდროს წილების განსაზღვრის ნაწილში (იხ. ტ. 2. ს. ფ. 129). ამავე დროს, კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ მათ ზემოაღნიშნული განცხადებებით შეამცირეს მოთხოვნა და გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ მხოლოდ სამკვიდროს წილების განაწილების ნაწილში (იხ. ტ. 2. ს. ფ. 140). ამგვარად, აპელანტებმა უარი თქვეს იმ მოთხოვნებზე, რომლებზე დაყრდნობითაც სააპელაციო პალატამ თავდაპირველად იანგარიშა სახელმწიფო ბაჟი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატას მათთვის შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად არ განუსაზღვრავს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტების მიერ მოთხოვნის შემცირების შემდეგ ამ უკანასკნელთათვის სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა გამოეთვალა შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად. კერძოდ, სამკვიდრო ქონების (ქ. თბილისი, ზ. ჩ. ქუჩა №....-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 01.19.36....) ½ ნაწილი) ღირებულებიდან, აპელანტების მიერ სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 12 თებერვალს განცხადებასთან ერთად წარდგენილი 2017 წლის 6 დეკემბრის სანოტარო აქტით დადგენილი წილების პროპორციულად.

20. სააპელაციო პალატამ 2018 წლის 5 მარტის განჩინებაში აღნიშნა, რომ აპელანტების მიერ განცხადებაში მითითებული და მასზე დართული ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე შეფასებული ვერ იქნებოდა, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატას აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებითა და მტკიცებულებებით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე უნდა ეხელმძღვანელა მხოლოდ იმ კუთხითა და მოცულობით, რაც საჭირო იყო მხარის მოთხოვნის დადგენისათვის, კერძოდ, იმის გარკვევისათვის თუ საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული წილების რა ნაწილში ითხოვდნენ აპელანტები ცვლილებების შეტანას.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ გაითვალისწინა აპელანტების მიერ მოთხოვნის შემცირების ფაქტი და შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად არ განუსაზღვრა მხარეს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ. და მ. გ-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება და საქმე კ. და მ. გ-ების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე