საქმე №ას-634-2019 5 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ნ-ე (მოპასუხე,აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ს-ე, რ. ხ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
თავდაპირველი მოპასუხე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „კ.“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. ს-ემ (შემდეგში: პირველი მოსარჩელე) და რ. ხ-ემ (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „კ.“ (შემდეგში - ბმა) და მ. ნ-ეს (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 01 აგვისტოს გარიგება ბმა-ს კრების ოქმის N30, ბმა-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების ფარგლებში უნებართვო მშენებლობის ლეგალიზების თანხმობაზე 9.89 კვ.მ. მიშენებასთან მიმართებით.
2. მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია, რომ ბმა-ს 2016 წლის 01 აგვისტოს კრების ოქმით, მოპასუხეს მიეცა 2006 წლამდე უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზების უფლება. რეალურად, მოპასუხეს მითითებული ფართი 2007 წლამდე არ აუშენებია, იმავდროულად არ მოწვეულა კრება კანონით დადგენილი წესების დაცვით. ამხანაგობის წევრებს არ ჩაბარებიათ შეტყობინება კრების ჩატარების თაობაზე. ამასთან, კრება არ ჩატარებულა ამხანაგობის თავმჯდომარის მეშვეობით, იმ მოცემულობაში, როდესაც არავის მიუმართავს თავმჯდომარისათვის კრების მოწვევის თაობაზე და გაურკვეველია რა გარემოების გათვალისწინებით ჩატარდა კრება ამხანაგობის სხვა წევრის თავმჯდომარეობით. კრების ოქმით განიკარგა ამხანაგობის საერთო ქონება, რის გათვალისწინებითაც სახეზეა გარიგების ბათილად აღიარების იურიდიული ინტერესი.
3. ბმა-ს თავმჯდომარემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ გარიგების ბათილობის მიმართ იურიდიული ინტერესი. ამხანაგობის წევრების მიერ დადასტურებულია მიშენებული ფართის ფლობის ფაქტობრივი გარემოება და რეალურად, ნება გამოხატულია, რასაც პირველი მოსარჩელეც ადასტურებს ხელმოწერით. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 01 აგვისტოს გარიგება ბმა-ს კრების ოქმი, N30, ბმა-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების ფარგლებში უნებართვო მშენებლობის ლეგალიზების თანხმობაზე 9.89კვ.მ. მიშენებასთან მიმართებით.
6. გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.
8. იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგანს წარმოადგენდა ბმა-ს კრების ოქმის ბათილად ცნობა, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სადავო ოქმის ბათილად ცნობის შედეგისადმი დაინტერესებულ პირების - მოსარჩელეების იურიდიულ ინტერესზე. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ დროს, სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა.
9. მოცემულ საქმეზე დადგენილი იქნა, რომ მოპასუხის მხრიდან ვერ დადასტურდა სადავო ფართის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონი) ძალაში შესვლის დროისათვის ფაქტობრივი მდგომარეობით ფლობის ფაქტი და შესაბამისად, არ დგინდებოდა ქონებაზე მისი ინდივიდუალური სადავო ფართზე საკუთრების უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კრების ოქმით განკარგული ქონება მიიჩნევა ამხანაგობის საერთო საკუთრებას მიკუთვნებულ ქონებად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საერთო საკუთრების განკარგვა, რომელიც ეხებოდა ამხანაგობის ყველა წევრის, მათ შორის, მოსარჩელეთა საკუთრებას, რის შესაბამისადაც მოსარჩელეს გააჩნდა აღძრული სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი.
10. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა კრების ჩატარების პროცედურულ საკითხებზეც და აღნიშნა, რომ სპეციალური კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით ბმა-ს საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, ხოლო 27-ე მუხლით დადგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მოწვევის წესი. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების მოწვევასა და ჩატარებაზე დადგენილი წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. აღნიშნული ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს ნებისმიერმა მესაკუთრემ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. აღნიშნული ნორმის მეოთხე ნაწილის მიხედვით კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით. ამდენად, კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ. ინფორმირების მიზანია მხარეთა სათანადო მომზადება ამხანაგობის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთი ინფორმირება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით. სპეციალური კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ბმა-ს წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3. თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ხელმეორედ იწვევს კრებას იმავე დღის წესრიგით. ეს კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, რომლის შესახებაც უნდა აღინიშნოს კრების მოწვევისას.
11. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის ,,ე’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტები იძლევიან მრავალბინიან სახლებში ინდივიდუალური საკუთრების და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სამართლებრივ განმარტებებს, აღნიშნული პუნქტების თანახმად, ინდივიდუალური საკუთრებაა – ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე, ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა.შ.). ზემოაღნიშნული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე.
12. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 131-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს, რომ მხარე თავისუფლდება ისეთი არსებითი გარემოების (ფაქტის) მტკიცებისაგან, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ იქნა აღიარებული და რაზედაც დაფუძნებული იყო მისი მოთხოვნა თუ შესაგებელი. ამგვარი აღიარებისას კი, სასამართლო უფლებამოსილია მასზე დააყრდნოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს ან უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. კრების ჩატარების თარიღის, ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ წინასწარ ინფორმირება, ამხანაგობის წევრების კრებაზე მოწვევის, კრების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღებაში მათი მონაწილეობის მტკიცების ტვირთი ეკისრებათ მოპასუხეებს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხემ აღიარა კრების მოწვევის წესის დარღვევა, რაც საკმარისი საფუძველია იმისა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ. ინფორმირების მიზანია მხარეთა სათანადო მომზადება ამხანაგობის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთი ინფორმირება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით.
14. სადავო შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2016 წლის 01 აგვისტოს ბმა-ს კრების თაობაზე ამხანაგობის წევრები კანონით გათვალისწინებული წესით ინფორმირებული არ ყოფილან.
15. იმავდროულად, მოპასუხემ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა კონკრეტული ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა შესაბამისადაც კრება ჩატარდა ამხანაგობის სხვა წევრის თავმჯდომარეობით და არა უშუალოდ უფლებამოსილი პირის - ამხანაგობის თავმჯდომარის მოწვევით. აპელანტმა თავადვე განმარტა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარისათვის და მეორე მოსარჩელისათვის არ უცნობებია კრების მოწვევის თაობაზე. ვინაიდან ისინი მაინც წინააღმდეგნი იქნებოდნენ მხარი დაეჭირათ დღის წესრიგისათვის, ხოლო ამხანაგობის სხვა წევრებს კრების ოქმზე ხელი მოაწერინა ზოგს კრების ჩატარებამდე, ზოგს კრების ჩატარებისას და ზოგსაც მის შემდეგ.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა მოსარჩელეთა უფლება მონაწილეობა მიეღოთ კრებაში, დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი და მიეღოთ მონაწილეობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 50-ე და 54-ე მუხლებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული კრების ოქმი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და სახეზეა მისი ბათილად ცნობის საფუძველი სპეციალური კანონის 26-ე, 27-ე მუხლებისა და სსკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლებით.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა.
18. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია იმის შესახებ, მიადგა თუ არა პირდაპირი და უშუალო ზიანი მოწინააღმდეგე მხარეს. მას არ დაუსაბუთებია, რა სახის ზიანი ადგება მას ან მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და რატომ უნდა მოხდეს კრების ოქმის ბათილად ცნობა. კასატორის მითითებით, აღიარებითი სარჩელი სსსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისად უნდა შეესაბამებოდეს სსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, უნდა არსებობდეს იურიდიული ინტერესი. კასატორის მოსაზრებით, კრების ოქმის ბათილად ცნობის წინაპირობის არსებობის შემთხვევაშიც კი, კრების ოქმის ბათილად ცნობა მაინც ვერ გახდება საზიარო საგნის თანამესაკუთრის უფლების დაცვის საკმარისი საშუალება. შესაბამისად, მხოლოდ განსახილველი სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში საკითხის გადაწყვეტა არაფერს მატებს მოსარჩელეს; არ წარმოადგენს მოარჩელის უფლების დაცვის საკმარის და ამომწურავ საშუალებას. ამასთან, კასატორის განმარტებით მოწინააღმდეგე მხარე თავად მიუთითებდა, რომ ის თანახმა იყო კასატორს განეხორციელებინა მიშენების ლეგალიზება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ (საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას) და „ე“ (სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) ქვეპუნქტების საპროცესოსამართლებრივი საფუძვლებით.
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სარჩელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე გამოვლენილი ნების _ მრავალხმრივი გარიგების კანონთან შესაბამისობას შეეხება. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:
1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, ხომ არ ვლინდება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.
1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ისე - მისი უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ, მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის - იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:
ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;
ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
1.2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი რამ სასამართლომ გადაწყვეტილებით აღიაროს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ები: #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-937-887-2015, 10.11.2015; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; #ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
1.3. განსახილველ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სურს პირველი მოპასუხის მხრიდან ინდივიდუალური საკუთრების საგნის არსებითი განვითარებისას ხელყოფისაგან დაიცვას საზიარო საგანი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით აღიარებულია საერთო საკუთრების დაცვა და მართვა (იხ. ამავე კანონის მე-7, მე-8 და მომდევნო მუხლები), რომელიც თანამესაკუთრეთა დადასტურებული უფლებაა და ამ უფლებიდან ნაწარმოებ მოთხოვნებში ამხანაგობის წევრები გვევლიანებიან სოლიდარულ კრედიტორებად ან მოვალეებად, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 455-ე, 955-ე და 957-ე მუხლების საფძველზე, თანამესაკუთრეთა სასარგებლოდ ერთ-ერთი პირის მიერ სარჩელის აღძვრა დასაშვებია, თუმცა, მხოლოდ სარჩელის უფლება განსახილველი საკითხის გადაწყვეტისათვის არასაკმარისია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება სადავო კრების ოქმების ბათილობა, მხოლოდ აღნიშნული ვერ გახდება საზიარო საგნის თანამესაკუთრეთა უფლებების დაცვის საკმარისი საშუალება, ვინაიდან იმის მიხედვით, თუ რას განიხილავს მოსარჩელე უფლების დარღვევად, მან უნდა აღძრას შესაბამისი სარჩელი (ხელშეშლის აღკვეთა, უკანონო მფლობელობიდან საზიარო საგნის/მისი ნაწილის გამოთხოვა, უკანონო ნაგებობის დემონტაჟი და სხვა), რომლის მტკიცების საგანს და არა სასარჩელო მოთხოვნას შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეულ დოკუმენტთა ნამდვილობა. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ამხანაგობის წევრთა დარღვეული უფლების აღდგენის საუკეთესო საშუალება, განსახილველ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელი არ არის, ამასთანავე, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით კი, დგინდება, რომ აღიარებითი სარჩელი, განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.
1.4. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
1.5. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და, მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვლინდება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
2. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების დასაბუთება:
2.1. აღიარებითი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მარინე ნებიერიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს მდებარე ... N7, საკადასტრო კოდებზე: N01.13.08.004... სართული პირველი, ბინა N9, ფართი 15.45 დან მხოლოდ უკანონო კრების ოქმით დარეგისტრირებულ 3.29 კვ.მ ფართს და N01.13.08.004.... საკადასტრო კოდზე სართული პირველი, ბინა N10,88.22კვ.მ-დან 6.6 კვ.მ. სულ ორივე ამონაწერის თანახმად 9.89 კვ.მ.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით მ.ნებიერიძის სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მისი უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაც.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 1991, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და ი. ს-ისა და რ. ხ-ის სარჩელი 2016 წლის 01 აგვისტოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „კ.“ კრების ოქმის, N30, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „კ.“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების ფარგლებში უნებართვო მშენებლობის ლეგალიზების თანხმობაზე 9.89კვ.მ. მიშენებასთან მიმართებით, დარჩეს განუხილველად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ. ნ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს მდებარე ... N7, საკადასტრო კოდებზე: N01.13.08.004.... სართული პირველი, ბინა N9, ფართი 15.45 დან მხოლოდ უკანონო კრების ოქმით დარეგისტრირებულ 3.29 კვ.მ ფართს და N01.13.08.004.... საკადასტრო კოდზე სართული პირველი, ბინა N10,88.22კვ.მ-დან 6.6 კვ.მ. სულ ორივე ამონაწერის თანახმად 9.89 კვ.მ.
4. მ. ნ-ეს (პ/ნ 010300...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 15.05.2019წ. #79394... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან 105 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ.ალავიძე