გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-228-84-კს-03 25 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: განჩინების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 23 აგვისტოს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს სასარჩლო განცხადებით მიმართა ა. გ-მ მოპასუხეების – საგადასახადო შემოსავლების სამინისტოს და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000წ. 25 აგვისტოს ¹649 ბრძანების უკანონოდ ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, აგრეთვე მიყენებული მორალური ზიანისათვის კომპენსაცია 50000 ლარის და მატერიალური ზიანის 5000 ლარის ოდენობით გადახდა.
სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელემ გაითვალისწინა რა ქვეყნის მძიმე საფინანსო-ეკონომიური მდგომარეობა მოითხოვა მოპასუხეს მასზე მიყენებული მორალური ზიანისათვის ნაცვლად 50000 ლარისა დაეკისროს 30000 ლარი, მატერიალური ზიანისათვის 5000 ლარი, მთლიანად 35000 ლარი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს მოსარჩელე ა. გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის 5000 ლარისა და მორალური ზიანის 20000 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებით უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ა. გ-მ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სსკ-ს 387-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოპასუხისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომებზე გამოწვეული იყო საქმის გაჭიანურებისათვის.
სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ივლისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის ა. გ-ას შუამდგომლობა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ იქნა დაკმაყოფილებული და მას განემარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის, რომლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაუშვებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩართულ იქნა ფინანსთა სამინისტრო.
მოსარჩელე ა. გ-მ 2003წ. 10 აგვისტოს კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მოსამართლეებმა მისი შუამდგომლობის უარსაყოფად მხედველობაში მიიღეს ის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ცნობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესს. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის ანალოგიით, რასაც ითვალისწინებს სკ-ს მე-5 მუხლი და უნდა გამოეყენებინათ სსკ-ს შესაბამისი მუხლები (მოცემულ შემთხვევაში 387-ე მუხლის პირველი პუნქტი).
ანალოგიის გამოყენებით პალატას შეეძლო ეხელმძღვანელა სსკ-ს 230-ე მუხლის პირველი პუნქტითაც და უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაგრამ პალატამ კანონის არცერთი მოთხოვნა არ შეასრულა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის განჩინებით ა. გ-ს კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ივლისის საოქმო განჩინებაზე, რომელიც ეხება საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას, დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატამ სწორად მიუთითა სსკ-ს 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოსარჩელე ა. გ-ს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებული იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ივლისის საოქმო განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შუამდომლობაზე უარის თქმის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი არ ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ივლისის საოქმო განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.