Facebook Twitter

საქმე №ას-726-2019 5 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „კ. ბ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დავით დეკანოიძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „კ. ბ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ლ-ის (შემდგომ – მსესხებელი მოპასუხე), დ. დ-ის (შემდგომ –მოპასუხე), ვ. ლ-ისა და გ. ს-ის (შემდგომ – თავდები მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 3604,47 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 2303,56 აშშ დოლარი, პროცენტი – 909,82 აშშ დოლარი, საკომისიო – 36,94 აშშ დოლარი, ჯარიმა – 178,9 აშშ დოლარი და სიცოცხლის დაზღვევა – 175,25 აშშ დოლარი.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 11 თებერვალს შპს „მ. ო. კ.“ და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა სესხის სახით მიიღო 2900 აშშ დოლარი 36 თვით, ყოველთვიურად 1,65% საპროცენტო სარგებლით.

3. აღნიშნული ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იქნებოდა გამსესხებელი.

4. ხელშეკრულების 3.9. პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული ძირი თანხის 5% (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). სესხის ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი იხდის მომსახურების ყოველწლიურ გადასახადს – სესხის მიღებისას მთლიანი სესხის მოცულობის 3,5%-ს, ხოლო ყოველ მეთორმეტე თვეს, კი დარჩენილი ძირი თანხის 1%-ს.

5. 2010 წლის 10 და 11 თებერვალს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც დანარჩენმა მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად დაეფარათ კრედიტორის მიმართ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როდესაც კრედიტორი არ შეეცდებოდა იძულებითი აღსრულებას ძირითადი მოვალის მიმართ. თავდებობის ხელშეკრულებით ზუსტად იქნა განსაზღვრული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რამაც ჯამში შეადგინა მაქსიმუმ - 4900 აშშ დოლარი.

6. მსესხებელმა 2017 წლის მარტიდან შეწყვიტა გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა. მოპასუხეებს არაერთხელ გაეგზავნათ წერილები ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

7. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 3604,47 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2303,56 აშშ დოლარი, პროცენტი – 909,82 აშშ დოლარი, საკომისიო – 36,94 აშშ დოლარი, ჯარიმა – 178,9 აშშ დოლარი და სიცოცხლის დაზღვევა – 175,25 აშშ დოლარი.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე თვით ადრე გახდა 18 წლის. მისთვის უცნობი იყო იმ ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ, რაც შესაძლოა, მოჰყოლოდა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებას. მისთვის არ ყოფილა სათანადო წესით განმარტებული ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შედეგები.

9. მსესხებელსა და თავდებ მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელ და თავდებ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3604,47 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2303,56 აშშ დოლარი, პროცენტი – 909,82 აშშ დოლარი, საკომისიო – 36,94 აშშ დოლარი, ჯარიმა – 178,9 აშშ დოლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა – 175,25 აშშ დოლარი, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხის მიმართ, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობა უნდა შემოწმდეს, მხოლოდ მოპასუხესა და შორის 2014 წლის 11 თებერვალს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების კანონიერების თვალსაზრისით, კერძოდ, არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 54-ე მუხლის საფუძველზე ამ გარიგების ბათილობის წინაპირობები.

13. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ 2016 წლის 11 თებერვალს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხემებლმა სესხის სახით მიიღო 2900 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, ყოველთვიურად 1,65% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით.

14. 2016 წლის 10 და 11 თებერვალს, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და, მეორე მხრივ, თავდებ მოპასუხეებს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ 2016 წლის 11 თებერვლის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ. თავდებობის თანხის ზღვრული ოდენობა მოპასუხის შემთხვევაში – 4890,78 აშშ დოლარით, ხოლო ორი თავდები მოპასუხის შემთხვევაში 4900 აშშ დოლარით განისაზღვრა.

15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 11 თებერვალს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება უცილოდ ბათილ გარიგებას წარმოადგენს.

16. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. ამდენად, გარიგების ბათილობისას უნდა არსებობდეს ამ ნორმის რომელიმე კომპონენტის დარღვევით დადებული ხელშეკრულება. გარიგება ამორალურია, თუ ის სოციალური სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება და ხელშეკრულების მხარეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს. ამგვარი კატეგორიის დავებში, შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებით, არამედ გარიგების, მისი შინაარსის მიმართება ზნეობასთან.

17. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, ერთი მხრივ, მოპასუხეს და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს შორის თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროს მოპასუხე 18 წლის იყო. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მართალია, გარიგების გაფორმების ეტაპზე მოპასუხე უკვე სრულწლოვან პირს წარმოადგენდა, თუმცა მასა და საკრედიტო დაწესებულებას შორის გაფორმებული სადავო ხელშეკრულების მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისთვის პალატამ საკმარისად არ ჩათვალა გარიგების გაფორმების დროს ხელშეკმკვრელი მხარის, ამ შემთხვევაში მოპასუხის სრულწლოვანების ფაქტი. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხესთან გაფორმებული გარიგების ბუნებაზე, რომელიც თავისი შინაარსით ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას ისეთ მნიშვნელოვან ვალდებულებას უკავშირდება, როგორიც ამ უკანასკნელის მაგივრად ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა, რაც, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია თავდები პირისთვის რაიმე სახის, მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მომტანი იყოს. განსახილველ შემთხვევაში, მართლია, თავდებობის განცხადებაში და თავდებობის ხელშეკრულებაში მოპასუხე სამუშაო ადგილად „ელიავას ბაზრობას“ უთითებს, პროფესიად კი – „მანქანის ხელოსნობას“ ასახელებს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კონტრაჰენტმა რამდენიმე თვით ადრე თვრამეტი წლის ასაკს მიღწეულ პირთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებამდე მის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები გადაამოწმა, კერძოდ, თვრამეტი წლის ასაკს მიღწეულ პირს, რომელიც სოლიდარულ თავდებობას კისრულებდა (რაც როგორც უკვე აღინიშნა ვერ იქნებოდა მისთვის მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მომტანი), ნამდვილად გააჩნდა თუ არა დადასტურებული შემოსავალი, რომლის საფუძველზეც ის გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას შეძლებდა და ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა.

18. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გარიგების დადებამდე რამდენიმე თვით ადრე სრულწლოვანების ასაკს მიღწეულ პირს სადავო ხელშეკრულება გადამეტებულ პასუხისმგებლობას აკისრებს, რაც მისი შემდგომი სტაბილური განვითარებისთვის და ეკონომიური მდგომარეობისთვის ცალსახა უარყოფით შედეგს იწვევს. გარიგების დადებამდე სრულწლოვანების ასაკს მიღწეული პირისთვის, მისი გადახდისუნარიანობის დადასტურების გარეშე, ისეთი ვალდებულების დაკისრება, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ვერ იქნება მისთვის რაიმე სახის მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მომტანი, ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება და სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილ გარიგებას წარმოადგენს.

19. გარდა იმისა, რომ სადავოდ ქცეული გარიგება საზოგადოებაში მოქმედ ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება, იგი, ასევე, კეთილსინდისიერების პრინციპის სრული იგნორირებითაა დადებული, რაც მას საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ დადებულ გარიგებადაც აქცევს. გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას სამი ფუნქცია გააჩნია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში კრედიტორს არ შეუძლია, უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვისაა საჭირო. შესაბამისად, ასეთი პირობის შემცველი გარიგების ბათილად ცნობას იწვევს. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საჯარო წესრიგის დარღვევაში სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპების, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლება და სხვ. იგულისხმება. საჯარო წესრიგის დარღვევით არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლება ილახება, არამედ იგი ზიანს აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

20. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სსსკ-ის 105-ე მუხლისა.

22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოქმედებს მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს. აღნიშნული წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

23. განსახილველი დავის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების განხორციელების შედეგად გადასაწყვეტ დავის კატეგორიას მიეკუთვნება, ასეთ დროს მოპასუხეს, სულ მცირე, იმ ფაქტებისა და გარემოებების მითითების ვალდებულება ეკისრებოდა, რომელიც სასამართლოს სამართლებრივი შეფასების განხორციელების საშუალებას მისცემდა, რაც მოცემულ შემთხვევაში, განხორციელდა კიდეც. მოსარჩელემ სადავო თავდებობის გარიგება წარმოადგინა, მოპასუხემ მიუთითა გარიგების დადების პერიოდში გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი შემოსავლების არარსებობის ფაქტზე. მოსარჩელემ ვერ წარადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რაც გარიგების გაფორმების ეტაპზე მისი მხრიდან თავდები პირის გადახდისუუნარობის შემოწმების ფაქტს დაადასტურებდა. მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების პირობებში, მოსარჩელეს გარიგებების მართლზომიერების საფუძვლების მტკიცება ევალებოდა, რაც ვერ განახორციელა.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, რადგან სადავო გარიგება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, მაშასადამე საჯარო წესრიგის დარღვევითაა დადებული.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

26. კასატორმა მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობაში ნებისმიერი ორმხრივი გარიგების დადება თავისთავად გულისხმობს როგორც უფლებების შეძენას, ასევე ვალდებულებების დაკისრებას. საქართველოს კანონმდებლობა სწორედ რომ ითვალისწინებს ასაკს, თუ როდის არის შესაძლებელი პირმა დამოუკიდებლად განსაზღვროს ვალდებულებების აღება, თავად აირჩიოს და განაგოს მისი ცხოვრება, იმოქმედოს ისე როგორც მას სურს, დადოს მისთვის სასურველი გარიგება და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგორც ამას თვითონ გადაწყვეტს.

27. სსკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე, ხოლო, ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმებამდე 7 თვით ადრე გახდა სრულწლოვანი და მას ჰქონდა უნარი განესაზღვრა, თუ რა ტიპის ურთიერთობას ამყარებდა ბანკთან თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.

28. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხისა და მსესხებლის შვილის მეგობრობაზე, რაც ცალსახად გაუგებარია, რადგან, სწორედ ახლობლები და მეგობრები აფორმებენ მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულებებს და არა უცნობი ადამიანები. არ შეიძლება სასამართლომ უგულებელყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ქმედუნარიანობის ასაკი და დაადგინოს, რომ ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ბანკსა და სრულწლოვან პირს შორის, არის ამორალური მხოლოდ იმიტომ, რომ მხოლოდ ნახევარი წელი არის გასული იმ დროიდან, როცა მხარე გახდა სრულწლოვანი და შეიძინა ხელშეკრულების გაფორმების დამოუკიდებელი უნარი. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევისთვის აუცილებელია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა, რაც ბანკს არცერთ ეტაპზე არ გამოუვლენია.

29. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხესთან თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის – 2016 წლის 11 თებერვალს მოპასუხეს არ გააჩნდა არანაირი დადასტურებული შემოსავალი. კასატორმა სასამართლოში წარადგინა თავდების – მოპასუხის განცხადება, სადაც მას მითითებული ჰქონდა მისი სამუშაო ადგილის შესახებ. იგი მუშაობდა ხელოსნად, თბილისში „.. ....“, საიდანაც იღებდა შემოსავალს. აღნიშნული გარემოება მოპასუხემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სასამართლო სხდომაზეც პირველ და მეორე ინსტანციებში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მითითებული აქვს მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაშიც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მხარემ თავად აღნიშნა, რომ მას ჰქონდა შემოსავალი, მიიჩნია, რომ ბანკს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გარიგების გაფორმების ეტაპზე პირის გადახდისუუნარობის ფაქტს. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ 2016 წლის თებერვალში, ამ გარიგების დადების მომენტში, არცერთი სამართლებრივი ნორმა ბანკს არ აკისრებდა თავდების გადახდისუუნარობის იმგვარად შესწავლის ვალდებულებას, რომ მისთვის მოეთხოვა შემოსავლის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია, რაც, ფაქტობრივად, მოითხოვა სასამართლომ.

30. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ბანკს უნდა ჰქონოდა დამატებითი მტკიცებულება ზემოაღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად. არც პირველ და არც მეორე ინსტანციაში საქმის განხილვის დროს მოპასუხე არ უარყოფდა მუშაობის და შემოსავლის არსებობის ფაქტს, პირიქით მან კითხვების დასმის ეტაპზე გარკვევით დაადასტურა, რომ მუშაობდა და ჰქონდა კონკრეტული შემოსავალი. სააპელაციო პალატა ამ გარემოებას არ დაეყრდნო, მოპასუხის განმარტება საკმარისად არ მიიჩნია და მოითხოვა დამატებითი მტკიცებულებები, რასაც, ცხადია, ბანკი ვერ წარადგენდა, რადგან თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ბანკს არ ჰქონდა რაიმე დამატებითი მტკიცებულების მოპოვების ვალდებულება.

31. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, აფერხებს სამოქალაქო ბრუნვას, ბათილად აცხადებს სრულწლოვან, დასაქმებულ პირთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. უგულებელყოფს და არ ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ასაკს, თუ როდის არის შესაძლებელი პირმა დამოუკიდებლად განსაზღვროს ვალდებულებების აღება, თავად აირჩიოს და განაგოს მისი ცხოვრება, იმოქმედოს ისე, როგორც მას სურს, დადოს მისთვის სასურველი გარიგება და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგორც ამას თვითონ გადაწყვეტს.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

35. 2016 წლის 11 თებერვალს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხემებლმა სესხის სახით მიიღო 2900 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, ყოველთვიურად 1,65% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით.

36. 2016 წლის 10 და 11 თებერვალს, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და, მეორე მხრივ, თავდებ მოპასუხეებს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ 2016 წლის 11 თებერვლის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ. თავდებობის თანხის ზღვრული ოდენობა მოპასუხის შემთხვევაში – 4890,78 აშშ დოლარით, ხოლო ორი თავდები მოპასუხის შემთხვევაში 4900 აშშ დოლარით განისაზღვრა.

37. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 11 თებერვალს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება უცილოდ ბათილ გარიგებას წარმოადგენს.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავდებობა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სამოქალაქო ბრუნვაში. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თავდებობის თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას, პასუხის აგოს კრედიტორის წინაშე, მესამე პირის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავებით, თავდებობა კრედიტორს თავდების რაიმე კონკრეტულ ქონებაზე, რაიმე უპირატესი დაკმაყოფილების უფლებას კი არ ანიჭებს, არამედ თავდებობის ძალით კრედიტორი მოვალესთან მიმართებით არსებულ ძირითად მოთხოვნასთან ერთად, ასევე, დამატებით ვალდებულებით-სამართლებრივ მოთხოვნას იძენს თავდების მიმართ. შესაბამისად, სანივთო უზრუნველყოფისაგან განსხვავებით, თავდებობა პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებად გვევლინება, რომლის დროსაც კრედიტორის შესრულების ინტერესის უზუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშნველობა თავდების გადახდისუნარიანობას ენიჭება. (იხ. დამატებით: ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბ., 2012, გვ.182; ირ.რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი (თანაავტორობით), თბ., 2014, 546.)

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თავდებობის წარმოშობისათვის აუცილებელია კრედიტორსა და თავდებს შორის თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება. სწორედ კრედიტორი და თავდები გვევლინებიან თავდებობის ურთიერთობის მონაწილეებად. მოვალის მონაწილეობა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებაში არ არის აუცილებელი, თუმცა შესაძლებელია, სამმხრივი ხელშეკრულება დაიდოს ერთდროულად მოვალის, კრედიტორისა და თავდების მონაწილეობით. თავდების როლში შესაძლოა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები გამოვიდნენ. კანონი ამ კუთხით რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თავდებობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით ცალმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რომლიდანაც ვალდებულებები მხოლოდ თავდებს წარმოეშობა, კრედიტორის ვალდებულებებს სსკ-ის 891-ე მუხლი არ ითვალიწინებს. თავდებობის ხელშეკრულება არ არის ძირითადი ვალდებულება, არამედ მხოლოდ დამატებითი ვალდებულებაა. საბანკო გარანტიისაგან განსხვავებით, იგი აქცესორული ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა, არსებობა, შინაარსი და განხორციელება ძირითადი ხელშეკრულების არსებობაზეა დამოკიდებული. თავდებობის აქცესორული ბუნება იმპერატიული ხასიათისაა და მხარეთა შეთანხმებით მისი შეზღუდვა, ანდა გამორიცხვა უზრუნველყოფის სახის ცვლილებას განაპირობებს. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, იგი სსკ-ის 891-ე და 892-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებს აკმაყოფილებდეს.

43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, პასუხის აგოს მოვალის მაგივრად კრედიტორის წინაშე, თუმცა კანონმდებელი თავდებს კრედიტორის მოთხოვნისაგან თავდაცვის საშუალებებსაც ანიჭებს. ასეთ საშუალებად გვევლინება შესაგებლის წარდგენის უფლება. შესაგებელი, მატერიალური სამართლის თვალსაზრისით, მოვალის შემხვედრი უფლებაა, რომელიც შესრულებაზე დროებით, ანდა ხანგრძლივად უარის თქმის უფლებას იძლევა. თავდები უფლებამოსილია, კრედიტორს წარუდგინოს ყველა ის შესაგებელი, რომელიც მასა და კრედიტორს შორის არსებული თავდებობის ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ასე მაგალითად, თავდებს შეუძლია კრედიტორს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ფორმის ნაკლს ეფუძნება. გარდა ამისა, თავდებს შეუძლია უარი განაცხადოს კრედიტორის დაკმაყოფილებაზე და წარუდგინოს მას შესაგებელი სსკ-ის 894-ე მუხლიდან გამომდინარე. კანონმდებელი თავდებს, სსკ-ის 899-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასევე ყველა იმ შესაგებლის წარდგენის უფლებას ანიჭებს, რომელიც ძირითად მოვალეს ეკუთვნის. აღნიშნული რეგულირების საფუძვლად თავდებობის აქცესორული ბუნება გვევლინება. კანონმდებელი აღნიშნული რეგულირებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თავდებობა სხვისი ვალის შესრულების უზრუნველყოფას ემსახურება და, შესაბამისად, კრედიტორს თავდების მიმართ უფლების განხორციელების თვალსაზრისით იმაზე კარგი უფლებები არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე მას მოვალის მიმართ აქვს. ნორმა მოვალის ყველა არსებულ შესაგებელს მოიცავს.

44. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას, უცხო ქვეყნის სასამართლო პრაქტიკასა და საკანონმდებლო გამოცდილებას მოცემულ საქმეზე გავლენა ვერ ექნება და მასზე სასამართლოს მიერ მიღებული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის – სახელმწიფოს სახელით მიღებული გადაწყვეტილების დაფუძნება უმართებულოა. თუმცა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის ყურადასაღებია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 765-ე მუხლის დანაწესი, კერძოდ, თავდებს, თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აქვს სამართლებრივი დაცვის ისეთი საშუალება, როგორიცაა თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზოგადი შესაგებლები, მაგალითად, ზნეობრივი ნორმების დარღვევისა და გარიგების საფუძვლის დარღვევის გამო, თავდებობის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნა. (იხ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი – სასწავლო კომენტარი, თბილისი, 2014 წელი, §765, ველი 3, გვ.566;) გერმანიის სასამართლო პრაქტიკა ზნეობრივი ნორმების დარღვევად მიიჩნევს ქონების არმქონე ოჯახის წევრების თავდებობის ხელშეკრულებებს (ან მსგავსი ვალდებულებების ერთობლივად კისრება), როდესაც თავდები კისრულობს ვალდებულებას იმ ფარგლებში, რაც აღემატება მის მიმდინარე და მომავალ შემოსავლებს და ქონებრივ მდგომარეობას (ამ საკითხზე იხ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი – სასწავლო კომენტარი, თბილისი, 2014 წელი, §138, ველი 6. BGHZ, 132,328. Schimansky WM, 2002, 2437; Tonner JuS, 2003, 325.).

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.

46. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავისი შინაარსიდან გამომდინარე, თავდებობის ხელშეკრულება წარმოუდგენელია თავდებისათვის რაიმე სახის, მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მომტანი იყოს. იგი ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას ისეთ მნიშვნელოვან ვალდებულებას უკავშირდება, როგორიც მის მაგივრად ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დაცვითი მექანიზმების ამოქმედება ხდება. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ მექანიზმს, თავდების საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღება და შემდეგ მისი სარეალიზაციოდ მიქცევა წარმოადგენდა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღნიშნული ტიპის ხელშეკრულება თავდებს გადამეტებულ პასუხისმგებლობას აკისრებს, რაც მისი სტაბილური განვითარებისთვის, ფსიქოემოციური და ეკონომიური მდგომარეობისთვის ცალსახა უარყოფით შედეგს იწვევს. თავდებისათვის, რომელიც თავდებობის ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე თვით ადრე გახდა სრულწლოვანი, ასეთი ვალდებულების დაკისრება ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება და სსკ-ის 54-ე მუხლისა და 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უცილოდ ბათილ გარიგებას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ სადავოდ ქცეული გარიგება საზოგადოებაში მოქმედ ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება, იგი, ასევე, კეთილსინდისიერების პრინციპის სრული იგნორირებითაა დადებული, რაც მას საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ დადებულ გარიგებადაც აქცევს.

47. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამართლის სუბიექტთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპზე, რომელსაც ყველა მართლწესრიგი ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს და წარმოაჩენს მას თანამედროვე სამართლისა და ბიზნესის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპად. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ-სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.

48. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.

49. კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ხდება უფლების ბოროტად გამოყენება. იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართლად და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა (იხ. სუსგ №ას-1338-1376-2015, 29 ივნისი, 2015; №ას-221-213-2012; №ას-23-18-2011, 24 მაისი, 2011.). კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა. შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ.სუსგ №ას- 862-828-2016, 24 თებერვალი, 2017; №ას-528-501-2015, 04 ნოემბერი, 2015; №ას-549-521-2015, 18 ნოემბერი, 2015).

50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ (კასატორმა) ვერ წარადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რაც თავდებობის გაფორმების ეტაპზე მისი მხრიდან თავდები პირის გადახდისუუნარობის შემოწმების ფაქტს დაადასტურებდა. მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების პირობებში, მოსარჩელეს გარიგებების მართლზომიერების საფუძვლების მტკიცება ევალებოდა, რაც მან ვერ განახორციელა.

51. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

52. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

54. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

56. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019-05-03 №641930 საგადახდო დავალებით გადახდილი 520 ლარის 70% – 364 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „კ. ბ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „კ. ბ.“ (საიდენტიფიკაციო კოდი №20523...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019-05-03 №641930 საგადახდო დავალებით გადახდილი 520 ლარის 70% – 364 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური