საქმე №ას-744-2019 5 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. ტ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ტ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და უძრავი ქონების გამოთხოვა, ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი. ტ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ტუღუშისა (შემდგომ – მოპასუხე) და ი. ჯ-ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2008 წლის 12 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ნაჩუქარი უძრავი ქონების დაბრუნება, ასევე, მოპასუხეთა შორის 2010 წლის 22 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2011 წლის 19 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2002 წელს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება. 2008 წლის 12 მარტს აღნიშნული უძრავი ქონება აჩუქა თავის შვილს – მოპასუხეს. ჩუქების ხელშეკრულების წინაპირობა იყო ის, რომ დასაჩუქრებულს გადაეცემოდა საკუთრებაში უძრავი ქონება, ხოლო ის ვალდებულებას იკისრებდა, უძრავი ქონება დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა, კერძოდ, მაღაზია კვლავ გააგრძელებდა მუშაობას და მოსარჩელეს, მის ოჯახთან ერთად, შეუქმნიდა ისეთ პირობებს, რომელიც ჩვეულებრივ ნორმალური ცხოვრების საშუალებას მისცემდა. მოპასუხე ვალდებული იყო, გაძღოლოდა მაღაზიის მუშაობასთან დაკავშირებულ საქმეებს და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ერჩინა ოჯახი. შეთანხმების თანახმად, ოჯახის წევრებში როლები შემდეგნაირად უნდა გადანაწილებულიყო: მაღაზიის მუშაობისთვის საჭირო ძირითად საქმიანობას უნდა გაძღოლოდა მოპასუხე, მოსარჩელის მეუღლეს უნდა ემუშავა გამყიდველად, ხოლო მეორე შვილს, რომელსაც მოსარჩელეც დაეხმარებოდა, უნდა უზრუნველეყო მაღაზიის მომარაგება.
3. 2014 წლის თებერვალში, მოსარჩელისთვის მოულოდნელად გამოჩნდნენ აღნიშნული უძრავი ქონებით დაინტერესებული მესამე პირები, რომელთა განმარტებითაც, განცხადება უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით ნახეს გაზეთ „ს. და ს.“. აღმოჩნდა, რომ მოპასუხე აპირებს უძრავი ქონების გაყიდვას. არადა ეს უძრავი ქონება არა მხოლოდ მოსარჩელისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის საარსებოდ ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. როგორც მოსარჩელისთვის გახდა ცნობილი, უძრავი ქონებით დაინტერესებულია მოპასუხის მეუღლე, რომელსაც არ გასჭირვებია მოპასუხის დარწმუნება, რომ უძრავი ქონების გაყიდვით კარგ სარგებელს მიიღებდნენ.
4. კომუნალურ ქვითარში აბონენტად მითითებულია კვლავ მოსარჩელე, როგორც ინდივიდუალური მეწარმე და კომუნალურ გადასახადებს იხდის მოსარჩელის მეუღლე. საგულისხმოა, რომ მოპასუხე დასაქმებულია საქართველოს შსს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „...-ში“ და გააჩნია შემოსავლის წყარო.
5. მოსარჩელემ ცალკე აღძრულ სარჩელში მიუთითა, რომ მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება – 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართი, მასზე განთავსებული 105 კვ.მ სამსართულიანი შენობა. მოსარჩელეს, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს აღნიშნულ შენობაში გახსნილი ჰქონდა მაღაზია, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს.
6. 2008 წლის 12 მარტს მოსარჩელემ სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მითითებული უძრავი ქონება აჩუქა შვილს – მოპასუხეს. მაღაზიიდან მიღებული შემოსავლის უმეტეს ნაწილს ახმარდა მოპასუხეს და მისი შვილის აღზრდა-განათლებას. გათხოვების შემდეგ მოპასუხემ მოინდომა მაღაზიის ერთპიროვნულად დაუფლება. მეორე მოპასუხისათვის უძრავი ქონების გადაფორმების მომენტიდან მოპასუხემ მაღაზიის ფუნქციონირება შეაჩერა. მოსარჩელის ოჯახს შეუწყდა შემოსავლის წყარო. ამასთან, მოპასუხემ მაღაზიის შენობაში აწარმოა უნებართვო სამუშაო. ამის გამო, იგი გაფრთხილებულ იქნა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმების თაობაზე. ამიტომ მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება მოჩვენებითად გადააფორმა მეორე მოპასუხის სახელზე. საბოლოოდ, ზემოაღნიშნული უნებართვო სამუშაოებისათვის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 6 ივლისის დადგენილებით მეორე მოპასუხე დაჯარიმდა 3210 ლარით, ხოლო ჯარიმა მისი სახელით გადაიხადა მოპასუხემ. ამის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურმა 2010 წლის 6 ოქტომბრის დადგენილებით ძალადაკარგულად გამოაცხადა 2011 წლის 6 ივლისის დადგენილება.
7. 2010 წლის 22 აპრილს მოპასუხემ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება მიჰყიდა მის ნაცნობს – მეორე მოპასუხეს, ხოლო 2011 წლის 19 ოქტომბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მოპასუხემ აღნიშნული ქონება აჩუქა კვლავ მოპასუხეს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებები არის მოჩვენებითი გარიგებები და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით აღნიშნულ ორ სარჩელთან დაკავშირებული წარმოება გაერთიანდა ერთ საქმედ.
მოპასუხის პოზიცია:
9. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო გარიგებები დაიდო კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ჯარიმა გადაიხადა, რადგან მშენებლობა, რომლის გამოც ჯარიმა გამოიწერა, თავად აწარმოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. 2008 წლის 12 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ უძრავი ქონება სამშენებლო დოკუმენტაციასთან ერთად (მშენებლობის ნებართვა) აჩუქა მოპასუხეს. უძრავი ქონება აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე.
13. 2010 წლის 22 აპრილს მოპასუხეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ 10 000 ლარად მეორე მოპასუხეს მიჰყიდა კუთვნილი უძრავი ქონება. ნივთი აღირიცხა მყიდველის სახელზე.
14. 2011 წლის 19 ოქტომბერს მეორე მოპასუხე, მოპასუხეს აჩუქა სადავო უძრავი ქონება. ნივთი აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე.
15. სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია. ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი მის ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს.
16. იურიდიული თვალსაზრისით უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ჩუქების დანიშნულებას წარმოადგენს დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა და, შესაბამისად, მჩუქებლის ქონების შემცირება (სუსგ №ას-750-718-2014, 22.04.2015წ.).
17. მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას რაიმე პირობაზე ან მიზანზე, რომლის შესრულებაზე, მიღწევაზე იქნება დამოკიდებული ჩუქების ნამდვილობა. შესაბამისად, არ არსებობს პირობის დარღვევის საფუძვლით შედავების წინაპირობა.
18. ამასთან, ჩუქების გაუქმება არამარტო მაშინაა შესაძლებელი, როდესაც იგი პირობითია და პირობა არ სრულდება, არამედ მაშინაც, როცა ჩუქების ხელშეკრულება რაიმე პირობას არ ითვალისწინებს. ერთ-ერთი სპეციფიკური საფუძველი ჩუქების გასაუქმებლად შეიძლება იყოს დასაჩუქრებულის უმადურობა, რომელიც ყოველ კონკრეტულ ვითარებაში მხარეთა მტკიცებისა და სასამართლოს შეფასების საგანია (იხ.: სუსგ №ას-1067-1006-2015, 29.12.2015წ.).
19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დასაჩუქრებული მოპასუხის მხრიდან მჩუქებლის – მოსარჩელისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან დიდი უმადურობის გამოჩენის ფაქტი, არც გარემოება იმის შესახებ, რომ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი – მოსარჩელე აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში.
20. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
21. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესაბამისად, მჩუქებელისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან დიდი უმადურობის გამოჩენის ფაქტის, ან/და იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მჩუქებელი ჩუქების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, აწევს მჩუქებელს, მოცემულ შემთხვევაში – მოსარჩელეს.
22. სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. აღნიშნული ნორმა უფლებას ანიჭებს მჩუქებელს ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ასეთად კი, კანონმდებელი აწესებს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილ შეურაცხყოფას ან დიდ უმადურობას. სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას მჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ.: სუსგ №ას-1235-1176-2014, 24.02.2015წ.).
23. მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ჩუქების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობა უძრავი ნივთის დანიშნულებისამებ გამოყენების და მიღებული შემოსავლით მშობლების რჩენის თაობაზე. აღნიშნული გამოიხატა მის მიერ სადავო უძრავი ნივთის გაყიდვის სურვილში, რამაც განაპირობა მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლის გარეშე, ფინანსურად უმწეო მდგომარეობაში დატოვება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ ფართში განთავსებული იყო მაღაზია, რომელიც მოსარჩელის ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ზემოაღნიშულ გარემოებებზე, როგორც უმადურობის გამოჩენის ფაქტებზე, ამახვილებს ყურადღებას მოსარჩელის წარმომადგენელი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც.
24. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 524-ე მუხლის საფუძველზე დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად არის მითითებული, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ ნაჩუქარი ქონება გაასხვისა და სადავო ფართში მაღაზია არ ამუშავა, არ ადასტურებს მის მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული უმადურობის ფაქტს. პირის სურვილი თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ქონება, ვერ იქნება განხილული სხვა პირისათვის გამოვლენილ უმადურობად. სააპელაციო პალატამ ასევე სსკ-ის 170-ე მუხლის გათვალისწინებით მიუთითა, რომ სადავო ქონებით სარგებლობის აკრძალვა არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობრივად გასაკიცხ მოქმედებად და დიდ უმადურობად (იხ.: სუსგ №ას-1067-1006-2015, 29.12.2015წ.).
25. საქმეში არ მოიპოვება მჩუქებლისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან დიდი უმადურობას გამოჩენის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
26. სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ამდენად, კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევასაც, როცა ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს, არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ გააჩნია, იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას. გაჩუქების შემდეგ, განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუ მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა არ შეუძლია საკუთარი თავის, ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
27. მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იგი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა.
28. ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელე უზრუნველყოფილია საცხოვრებლით და მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება (I სართული – ფართით 49 კვ.მ, II სართული – ფართით 37.50. კვ.მ), რომელშიც იგი ცხოვრობს, მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დასტურდება. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელე არის პენსიონერი და მისი პენსიის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 200 ლარს.
29. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხემ/დასაჩუქრებულმა განმარტა, რომ მოსარჩელეს საცხოვრებელ სახლში არსებული ფართი გაქირავებული აქვს და იღებს ქირას, რომელიც მის ყოველთვიურ, სტაბილურ შემოსავალს წარმოადგენს. მოსარჩელის წარმომადგენლმა საპაექრო სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა აღნიშნული გარემოება და მიუთითა, რომ ქირის ოდენობა 600 ლარია, რომელიც ოჯახის საჭიროებებს და მოსარჩელის მკურნალობას სჭირდება. სააპელაციო საჩივარში აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი შეცდა და მოსარჩელეს საცხოვრებელ ფართში არსებული ოთახები ე.წ „გირაოთი“ ჰქონდა დატვირთული. 2019 წლის 29 იანვრის სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ფართი „დაგირავებული“ ჰქონდა შინაურული შეთანხმებით, აიღო თანხა ერთჯერადად, რომელიც დაიხარჯა და დღეის მდგომარეობით ფართი არც დაგირავებულია და არც გაქირავებული.
30. ამდენად, მოსარჩელის საკუთრებაში კვლავაც ირიცხება უძრავი ქონება, რომლის სარგებლობის, სრულად თუ ნაწილობრივ გაქირავების თუ სხვა უფლებით დატვირთვის ნებაც მისი კერძო ავტონომიის ფარგლებშია.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ჩუქების შემდეგ მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში ყოფნა. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას მოსარჩელისა და მისი ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესების თაობაზე, აღნიშნული ვერ გახდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, რადგან ჩუქების დანიშნულებას წარმოადგენს დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა და შესაბამისად, მჩუქებლის ქონების შემცირება, რაც მჩუქებლის ნების გამოვლენითა და დასაჩუქრებულის თანხმობით ხორციელდება. ამიტომ, აღნიშნული შედეგი იმთავითვე ნათელია მჩუქებლისათვის, რომელიც ნივთს საკუთრებაში გადასცემს სხვა პირს უსასყიდლოდ. ამდენად, მოსარჩელის ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებაზე, როგორც ჩუქების გაუქმების სამართლებრივ საფუძველზე მითითება არ ცვლის მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას (იხ.: სუსგ №ას-1235-1176-2014, 24.02.2015წ.).
32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების/ბათილად ცნობის წანამძღვრების არსებობა საქმის მასალებით არ დადასტურდა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი 2008 წლის 12 მარტის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
33. სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
34. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიმართულია იქით, რომ ხელშეკრულებების ბათილობის გზით საკუთრებაში დაიბრუნოს სადავო უძრავი ქონება. იქიდან გამომდინარე, რომ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 2008 წლის 12 მარტის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, მოსარჩელეს არა აქვს შემდეგი გარიგებების – მოპასუხეთა შორის 2010 წლის 22 აპრილს გაფორმებული ნასყიდობისა და 2011 წლის 19 ოქტომბერს მოპასუხეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების – ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
35. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დკამაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
36. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ემსჯელა სსკ-ის 530-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანხმად თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
37. ასევე მნიშვნელოვანია ამავე კოდექსის 529-ე მუხლის წინაპირობებიც, რომელთა პირობა სრულად შეესაბამება მოსარჩელის ამჟამინდელ მდგომარეობას. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ შვილს უძრავი ქონება აჩუქა პირობით, რომ ის ქონებას დანიშნულებისამებრ გამოიყენებდა, აღნიშნულ ფართში არსებული მაღაზიის ფუნქციონირებას გააგრძელებდა და დაემხარებოდა მშობლებს, ვინაიდან აღნიშნული მაღაზია მათი და ოჯახის არსებობის ერთადერთი მატერიალური წყარო იყო, ხოლო, თავად მოსარჩელის ასაკისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, აღარ შეეძლო, გაძღოლოდა მაღაზიის საქმეებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არის პენსიონერი, შშმ პირი.
38. დასაჩუქრებულმა შვილმა მამისაგან დაუკითხავად და შეუთანხმებლად გადაწყვიტა უძრავი ქონების გასხვისება, რითაც წაართვა მშობლებს ერთადერთი შემოსავლის წყარო და საკასაციო საჩივრის ავტორი, ოჯახთან ერთად, ჩააგდო მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
39. კასატორის მოსაზრებით, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად მჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა მჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.
40. სსკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება.
41. სასამართლო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს. კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის.
42. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს- ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას მჩუქებლისადმი, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი.
43. სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
44. სსკ-ის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
45. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და მას ბათილობის სამართლებრივი შედეგები უკავშირდება.
46. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქობრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
47. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად,სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერადგანახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ.
48. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობამხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუგარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარესამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა.
49. სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. გამოსავალი ამ შემთხვევაში სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კეთისინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას, ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა – დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები. კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნას ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი თავად გარიგების მიმართ და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ სწრაფვისას არ უნდა იქნას დავიწყებული სუსტი მხარის ინტერესების დაცვა.უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაჰენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს. რადგანაც, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საჯარო წესრიგის დაცვა.
50. „საჯარო წესრიგის“ ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები. ეს იმიტომ, რომ საჯარო წესრიგით დაცული სიკეთე საზოგადო ფასეულობისაა და მისი დარღვევა ძირს უთხრის საზოგადოების არსებობის საფუძვლებს. სსკ-ის 54-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს ამ წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებას. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული. მაშასადამე, ყოფილა ურთიერობანი, რაც არ შეიძლება იყოს მხოლოდ „კერძო ავტონომიის საქმე”.
51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ ყოველი მხარე იმ ტვირთის მატარებელი შეიძლება იყოს, რომლის ზიდვაც მას შეუძლია. როცა დასტურდება, რომ იგი უძლურია ზიდოს ეს ტვირთი, პასუხისმგებლობის საკითხიც იხსნება. სწორედ სახელმწიფოს ეკისრება იმისი მტკიცების ვალდებულება, რომ მასსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული უსასყიდლო გარიგება არ ეწინააღმდეგება მორალურ იმპერატივებს და სუსტი მხარის ინტერესებს (იხ. სუს 2016 წლის 1 მარტის განჩინება, საქმე №ას-15-15-2016).
52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებულ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად მოცემულ დავაში სააპელაციო პალატის მიერ პასუხგაუცემელია კითხვები სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის გაფორმებული ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, ეწინააღმდეგება თუ არა მორალურ იმპერატივებსა და სუსტი მხარის ინტერესებს იმ პირობებში, როდესაც თავად სუსტი მხარე (ფიზიკური პირი) ხდის სადავოდ ხელშეკრულებას საკუთარი ნების ნამდვილობის გამო; სადავო ხელშეკრულების დადებისას სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყო თუ არა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპები, რომელთა ხარისხი ყველა სამართალურთიერთობაში, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს, განსაკუთრებით მაღალი უნდა იყოს. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ასევე მტკიცების სტანდარტი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას ამტკიცოს მასსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული უსასყიდლო გარიგების მოტივი და მორალურ პრინციპებთან და საჯარო წესრიგთან მისი შესაბამისობა. (სუსგ №ას-501-475-2015).
53. სასამართლო საქმეზე №ას-1067-1006-2015 განმარტავს, რომ ჩუქების გაუქმება არამარტო მაშინაა შესაძლებელი, როდესაც იგი პირობითია და პირობა არ სრულდება, არამედ მაშინაც, როცა ჩუქების ხელშეკრულება რაიმე პირობას არ ითვალისწინებს. ერთ-ერთი სპეციფიკური საფუძველი ჩუქების გასაუქმებლად შეიძლება იყოს დასაჩუქრებულის უმადურობა, რომელიც ყოველკონკრეტულ ვითარებაში მხარეთა მტკიცებისა და სასამართლოს შეფასების საგანია.გამოიხატება. კანონმდებელი ხაზგასმით უთითებს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფისმიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებზე. მჩუქებლის გარდა,მისი ახლო ნათესავების მიმართ გამოჩენილი უმადურობაც იწვევს სამართლებრივ შედეგებს.კანონი არ განმარტავს უმადურობის ცნებას, რაც თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში,სასამართლოს კვლევისა და მსჯელობის საგანია. სასამართლომ უნდა შეაფასოსდასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი, მჩუქებლის ქცევის გათვალისწინებით, მანვე უნდაგადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ქმედება უმადურობისგამოჩენას და ამის შემდეგ, განსაზღვროს, უმადურობა, რომელიც თავისი ხასიათითა დაშინაარსით, წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს.
54. კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევასაც, როცა ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს, არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ გააჩნია, იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას. გაჩუქების შემდეგ, განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუ მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა არ შეუძლია საკუთარი თავის, ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გამჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სასამართლომ.
55. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს პირობადადებული, ზოგადად ასეთი ხელშეკრულება ყოველთვის პირობადადებულია, რადგან დასაჩუქრებულს წარმოეშობა განსაკუთრებული მორალური პირობა დამსაჩუქებლის მიმართ, რაც განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
56. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
57. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
58. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
59. 2008 წლის 12 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ უძრავი ქონება სამშენებლო დოკუმენტაციასთან ერთად (მშენებლობის ნებართვა) აჩუქა მოპასუხეს. უძრავი ქონება აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე.
60. 2010 წლის 22 აპრილს მოპასუხეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ 10 000 ლარად მეორე მოპასუხეს მიჰყიდა კუთვნილი უძრავი ქონება. ნივთი აღირიცხა მყიდველის სახელზე.
61. 2011 წლის 19 ოქტომბერს მეორე მოპასუხე, მოპასუხეს აჩუქა სადავო უძრავი ქონება. ნივთი აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე.
62. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
63. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
64. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს კერძო სამართლის ისეთ ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, როგორიცაა მხარეთა კერძო ავტონომია, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის საფუძველი ხდება. უპირველესად, ეს გამოიხატება ხელშეკრულების თავისუფლებით, რომელსაც სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს.
65. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩუქების ხელშეკრულებას. იგი განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს (შდრ. სუსგ №ას-221-213-2012, 24 ივლისი, 2012).
66. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა. „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007, 29).
67. ნაჩუქრობა არის სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინება. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია, არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/155, 01 აპრილი, 2003).
68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში. გაჩუქების შემდეგ თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება.
69. სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. საკუთრების უფლება სუბსტანციურად შეზღუდული უფლებაა. კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, შეზღუდვა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის ერთი მონაწილის (დასაჩუქრებულის) შეზღუდვას მეორე მონაწილის (მჩუქებლის) სასარგებლოდ. დიდი უმადურობით გამოწვეული ვნების სუბიექტი მჩუქებელია, რაც განპირობებულია ჩუქების განსაკუთრებული ზნეობრივ-სამართლებრივი ხასიათით. ჩუქების გაუქმების ნებადართულობით, სამართალი იცავს საზოგადო ინტერესებსაც, რადგან საზოგადო ინტერესი გულისხმობს სტაბილურ, უსაფრთხო და გაწონასწორებულ სამოქალაქო ბრუნვას, როცა ბრუნვის მონაწილეების ქცევები კეთილსინდისიერებაზეა დამყარებული. სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კიდევ უფრო ძლიერია ამ ინტერესის გამოხატულება, ვინაიდან დასაჩუქრებულის არაზნეობრივი მოქმედება ძირს უთხრის ნაჩუქრობის, როგორც მორალურ სამართლებრივი ხასიათის ინსტიტუტის არსებობას (იხ. თ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში (ავტორთა კოლექტივი), თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი, 2017, 250.).
70. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას.
71. სსკ-ის 529-ე I მუხლი ადგენს მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელ პირობებს, ნორმის შემადგენლობას: მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ ხორციელდება „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“. აღნიშნული წინაპირობების არსებობისას მჩუქებელი სსკ-ის 529-ე II მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია, ნამდვილი და, შესაბამისად, უკვე მოქმედი ხელშეკრულება „გააუქმოს“ დასაჩუქრებულისათვის შესაბამისი შეტყობინებით. სსკ-ის 529-ე I მუხლით გათვალისწინებული დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“, როგორც ხელშეკრულების „გაუქმების“ საფუძვლები, ჩამოყალიბებულია ალტერნატიული წინაპირობების სახით.
72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ი არ განმარტავს, თუ რას მოიაზრებს უმადურობის ცნება ან ვინ არის მჩუქებლის ახლო ნათესავი. დიდი უმადურობა და მძიმე შეურაცხოფა შეფასებითი კატეგორიაა. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც მჩუქებლის მიერ გარემოებების აღქმა, ე.წ. სუბიექტური თვალსაწიერი, ასევე, მოსამართლის მიერ იმის შეფასება, თუ როგორ აღიქვამდა ამ გარემოებებს იმავე პირობებში მყოფი სხვა ადამიანი. „მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.
73. სასამართლო პრაქტიკაში მიღებულია, რომ მოსარჩელის (მჩუქებლის) განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (შდრ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი). „საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა იმგვარი ნათესაური კავშირი- მამაშვილობა, რამაც შესაძლოა, წარმოშვას ჩუქების ხელშეკრულების დადებისათვის დამახასიათებელი მორალური მოტივები. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდებოდა, რომ ხელშეკრულება სხვა მოტივებით, გამჩუქებლის რჩენის ვალდებულებით იყო განპირობებული და რომ მხარეთა ნება მიმართული იყო რეალურად სხვა, ორმხრივად სარგებლიანი შედეგების დადგომისაკენ, რაც გამჩუქებლისთვისაც გარკვეული მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად, ხოლო დასაჩუქრებულისთვის გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობს“ (შდრ. სუსგ №ას-984-924-2012, 16 ივლისი, 2012).
74. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 529 I მუხლის მიხედვით, ჩუქების გაუქმების საფუძვლად განსაზღვრულია, როგორც მჩუქებლის, ისე მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოჩენილი დიდი უმადურობა ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება. ამ დანაწესის ანალიზი ცხადყოფს, რომ ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის არაზნეობრივი საქციელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს ჩუქების გაუქმებას, თუკი ასეთი მჩუქებლის მიერ იქნება მოთხოვნილი, ანუ მჩუქებელი მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებას იმდენად უნდა ითავისებდეს, რომ თვითონვე უნდა ხდიდეს სადავოდ მასა და დასაჩუქრებულს შორის არსებულ ვალდებულებით სამართალურთიერთობას.
75. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ ჩუქება გაუქმებული იქნება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დასაჩუქრებულის უმადურობის ან მძიმე შეურაცხყოფის მოტივით, მჩუქებელი უფლებამოსილია მოითხოვოს გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნება. გერმანული სამართლის მსგავსად, რომელიც გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვას უსაფუძვლო გამდიდრების სამართლით მოწესრიგებული მოთხოვნის საფუძველზე ამყარებს, (შდრ. Koch in MüKo, BGB, Band 3., 5.Aufl. §531, Rn.2. Gehrlein in Bamberger, Roth (Hrsg.), BGB Komm. 3. Aufl. §531, Rn.2. Hoppenz in Prutting/Wegen/Weinreich (Hrsg.), BGB Komm. 2006, §531, Rn.2.), ქართულ სინამდვილეშიც გაჩუქებული ქონების დაბრუნება ხდება უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-1011-954-2015, 18 მარტი, 2016; შდრ. №ას-710-676-2015, 22 სექტემბერი, 2015.).
76. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში. გაჩუქების შემდეგ განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომლის პირობებშიც არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გამჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სასამართლომ.
77. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, კასატორმა ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და ვერ წარუდგინა სასამართლოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსკ-ის არც 529-ე მუხლით და არც 530-ე მუხლით გათვალისწინებული ჩუქების გაუქმების საფუძველები.
78. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომლის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელის იურიდიული ინტერესი მიმართულია ხელშეკრულებების ბათილობის გზით სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების დაბრუნებისაკენ, შესაბამისად, 2008 წლის 12 მარტის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა აქარწყლებს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს მოპასუხეთა შორის 2010 წლის 22 აპრილს დადებული ნასყიდობისა და 2011 წლის 19 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
79. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
80. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
81. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
82. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
83. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური